ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს... - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს...

"მინდა ვიცოდე, ის კახელი კაცი ვინ იყო, იმას ვუმადლი, რომ დედამიწაზე ჩემი გასეირნება შედგა"

სტატისტიკის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ მალე საკუთარ ქვეყანაში ქართველები უმცირესობა აღმოვჩნდებით. სოციოლოგებისთვის საგანგაშოდ თვალში საცემია, რომ ქართველები, სხვა ეთნოსებთან შედარებით, თითქმის არ ვმრავლდებით. ქალებსაც და კაცებსაც უჭირთ დაქორწინება და შემდეგ შვილების გაჩენა. დემოგრაფიულ პრობლემებთან ბრძოლის პროგრამებს ნებისმიერ სახელმწიფოში ადგენს და ახორციელებს ხელისუფლება, იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოძრაობები. ცოტა ხნის წინ ჩვენთანაც წამოიწყო ასეთი მოძრაობა, შეიქმნა დემოგრაფიული ფონდი, რომელთანაც საქმიანი წინადადება აქვს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლეს - ნათია ფანჯიკიძეს. მას სურს, ფონდის მესვეურებს შესთავაზოს კლუბების გახსნა, სადაც მხოლოდ მარტოხელები, დასაქორწინებლები დაიშვებიან და შეეცდებიან, შეარჩიონ მეწყვილე, რომელთან ცხოვრების და შვილის გაჩენის სურვილი გაუჩნდებათ.

თუმცა, სანამ ბიზნესმენები ნათიას იდეას აიტაცებენ, ის უკვე აპირებს მაჭანკლობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც განაცხადა. "რომ იკითხო, ნახევარი საქართველოს ქალები გასათხოვრები არიან და თუ დაგჭირდა, ქალს ვერ იპოვი. 50 წლის კაცისთვის (კარგი და გადასარევი კაცია, ცოლ-შვილი არ ჰყოლია) ვეძებ თეთრ, საყვარელ, ოდნავ ფუმფულა, 30-40 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც აქვს სურვილი, ჰყავდეს შვილები, ან ერთი შვილი მაინც. თუ დალანდოთ ვინმე ასეთი, მომიკაკუნეთ, რა..." - ამბობდა ნათია "ფეისბუკის" თავის გვერდზე. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ქალები შერჩეულია, სასიძოსთან მხიარულ გარემოში შეხვედრა იგეგმება. "მაჭანკალს" იმედი აქვს, რომ მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის. შემდეგ კი სხვებს მიხედავს, რიგში უკვე დგანან. ნათიას დახმარებას მაღალი, შავგვრემანი, ჭკვიანი, პერსპექტიული, ოღონდ ახალგაზრდა აჩიკოც ითხოვს და 20-დან 30 წლამდე ასაკის გოგონას მოძებნას სთხოვს ახალმოვლენილ "ხანუმას". ერთსაც 49 წლის ძმისთვის უნდა საცოლის შერჩევა.

ნათია ფანჯიკიძე: - საოცარი რამ ხდება. უამრავი მარტოხელა ადამიანი დადის ამ ქვეყანაში და ერთმანეთს ვერ ხვდებიან, სალაპარაკოს ვერ პოულობენ, რომ ურთიერთობა დაიწყონ. ამიტომაც ნახევრად ხუმრობით გადავწყვიტე, ერთ ახლობელს დავეხმარო. სერიოზული ხუმრობა კი გამომივიდა, რადგან ეს ამბავი დაემთხვა ინიციატივას, შეიქმნას ფონდი დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად და გამახსენდა, რომ ამერიკაში არის გაცნობის ბარები, სადაც მხოლოდ მარტოხელებს უშვებენ. იქნებ მსგავსი იდეა ფონდსაც გაუჩნდეს და ასეთი ბარი გახსნას ჩვენებური მარტოხელებისთვის.

- ესე იგი, სერიოზულად ფიქრობთ დემოგრაფიულ პრობლემებზე...

- დემოგრაფიისთვის მთავარ მებრძოლად, სამწუხაროდ, ვერ გამოვდგები, მხოლოდ ორი შვილი მყავს. თუმცა, მე თვითონ სწორედ დემოგრაფიული პრობლემების აქტუალურობის გამო გამაჩინეს მშობლებმა ერთი კახელი კაცის წაქეზებით. მამაჩემი ახალგაზრდა რომ იყო, განსაკუთრებით მოუწოდებდა თურმე საზოგადოებას, ბევრი შვილი გააჩინეთო. ერთხელაც კახეთში ყოფილა ხალხმრავალ შეხვედრაზე და იქ დაუწყია ლაპარაკი მრავალშვილიანობაზე. ძალიან შაუღონებია კახელები და თურმე ერთმა ბიძამ ამოსძახა, შენ რამდენი გყააავო? ორიო, უთქვამს მამას. ხოოდა, დასტოვე ტრიბუნა, ხმა არა გაქ ამოსაღებიო. შემცბარ მამას დარცხვენით უთქვამს, კარგი, ახლა დაგტოვებთ, მაგრამ გაის ამ დროს სამი მეყოლებაო. აი, ასე გავჩნდი მე. ძალიან მინდა ვიცოდე, ის კახელი კაცი ვინ იყო, იმას ვუმადლი, რომ დედამიწაზე ჩემი გასეირნება შედგა.

- თვითონ რატომ არ გააჩინეთ ორზე მეტი?

- ალბათ, იმიტომ, რომ ირაკლი მუდმივად სარისკო თავგადასავლებში იყო გახვეული. სიმშვიდის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ პასუხისმგებლობის გამო, რასაც ირაკლი ყველა ასაკში გრძნობდა და ყველაფერში მონაწილეობდა, დაწყებული აფხაზეთის ომიდან დღემდე, მუდამ თან მდევდა დაძაბულობა, - სად გარბის ეს ბიჭი, რას აკეთებს, ჩამოვა თუ არა მშვიდობით... ალბათ ბევრი შვილის ყოლა ცხოვრების უფრო მშვიდი რიტმის მქონე წყვილებს უნდა გამოსდიოდეთ. მეზღვაურის, პოლიტიკოსის, ჯარისკაცის და მსგავსი პროფესიის ადამიანის გვერდით ცხოვრება კი თავისებურად მძიმეა. თავის მართლებასავით გამომივიდა და ყველაფერი ირაკლის დავაბრალე. სინამდვილეში, ალბათ, იმ მძიმე წლებმა ზოგადად, ბევრ ადამიანზე და ჩემზეც დატოვა ასეთი კვალი. რა იქნება ხვალ? ქართველებს ისედაც გვახასიათებს დავგეგმოთ შვილის მომავალი და დავასკვნათ, რომ ცხოვრება ისეთი ძვირი და ძნელია, ჯობს, გყავდეს ცოტა და კარგად მიხედო. არადა, არაჩვეულებრივი ბავშვები იზრდებიან მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც მათ შეუძლიათ მეტი წარმატებით ისწავლონ მთავარი, თუნდაც ის, რომ დაუტოვონ ლუკმა სხვას... რამდენ შვილს გააჩენს, ეს წყვილის გადასაწყვეტია, მაგრამ მთავარია დაწყვილდნენ. ყველა ადამიანი ცოდოა მარტოობისთვის. უმნიშვნელოვანეს პრობლემად დაახლოების, დაქორწინების საკითხი მიმაჩნია.

- ამჯერად პირველ სასიძოს მაჭანკლობთ? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?

- სასიძო იმ ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის ყოფილი პაციენტი და ამჟამად თანამშრომელია, სადაც მე ვმუშაობ. კარგა ხანია, გათავისუფლდა. ძალიან კარგი ადამიანია. შეაწუხა მარტოობამ. ნანობს, რომ ცოლი არ შეირთო. გადავწყვიტე, დავეხმარო. 5-6 ქალი გამოჩნდა მსურველი. სხვებმა უკან იმის გამო დაიხიეს, რომ სასიძო ყოფილი ნარკოდამოკიდებულია. არადა, თითქმის არ არსებობს ადამიანი, ჯანმრთელობის პრობლემას ოდესმე რომ არ შეეწუხებინოს. სულ მახსენდება მეორადი ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის პროფესორის სიტყვები, ვისთანაც გასაუბრებაზე მისულმა დასახიჩრებული ბავშვები ვნახე. ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს - ხელი... მძიმე სურათი დამხვდა და დავითრგუნე. პროფესორმა კი მითხრა, ეს ყველაფერი უბრალოდ დეტალებია, მალე მიეჩვევი და ისწავლი მხოლოდ სულის დანახვასო. მართლაც ასეა - თუ ვისწავლით სულის დანახვას, მივხვდებით, რომ საშიში არაფერია.

- არსებობს ცხოვრების დაგეგმვის რეცეპტი?

- უნივერსალური რეცეპტი არ შეიძლება არსებობდეს... ალბათ ყველაფერს მაინც ბიბლიური სიბრძნე სჯობს - ყოველი ახალი დღე მხოლოდ ერთხელ თენდება, სიხარულით შეხვდი მას. მხოლოდ ეს დღე არის რეალური, დღეს უნდა იყო ბედნიერი, ამ წამს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ გამორიცხავს მომავალზე ფიქრს და ზრუნვას. თუ ადამიანს მომავლის დაგეგმვა არ შეუძლია, ვერც თავს გამოადგება და ვერც სხვას. საქართველოს შესანიშნავი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ სიცოცხლის სიყვარულით იცხოვრო და იზრუნო მომავალზე.