"გრაფი მონტე-კრისტო" - მარადიული წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებასა და დიდსულოვნებაზე...
29-07-2013
"გრაფი მონტე-კრისტო" - მარადიული წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებასა და დიდსულოვნებაზე...
"ვისაც დიუმა ჯერ არ "გიგემიათ", ნება მომეცით, მოგილოცოთ, რადგან  წინ კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიამოვნება გელით!"

როგორ უნდა აუხსნა კაცს, რისი გემო აქვს შოკოლადს, თუკი შოკოლადი არასოდეს გაუსინჯავს? როგორ და, უნდა აიღო შოკოლადი, მისცე და უთხრა, - "გასინჯე!" სიტყვით, ანუ მოყოლით, ამის გაკეთება შეუძლებელია.

ზუსტად ასევე შეუძლებელია აუხსნა კაცს, რომელსაც დიუმა არ წაუკითხავს, რა "გემრიელი" მწერალია დიუმა! წინასიტყვაობებით, ანოტაციებითა თუ პრომორეცენზიებით ამას ვერავინ მოახერხებს, - თავად დიუმას რომც დააწერინო!

დიუმას რომანების
კითხვის მთელი სიამოვნება მათი კითხვის პროცესშია - მის წიგნებში მთავარი, ჩემი აზრით, დახლართული სიუჟეტი, ინტრიგა და კეთილშობილ გმირთა თავგადასავლები კი არ არის, არამედ ის, თუ როგორაა ყოველივე მოთხრობილი. კითხულობ და გიხარია!  ბავშვობაში, როდესაც დიუმას ვკითხულობდი და მართლა მიხაროდა (დიუმას ეშხით სკოლაც კი გამიცდენია რამდენჯერმე -
სიცხეს ავიწევდი ხოლმე, თავს მოვიავადმყოფებდი, ლოგინში წოლისა და წიგნის კითხვის საშუალება რომ მომცემოდა)! ერთი სიტყვით, ვისაც დიუმა ჯერ არ "გიგემიათ", ნება მომეცით, მოგილოცოთ (ახლა უკვე გურამ დოჩანაშვილი გამახსენდა), რადგან კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიამოვნება, ნამდვილი სიხარული გელით წინ!

ასეთი შესავლის შემდეგ უპრიანი იქნება, თუკი დიუმას ცხოვრებაზე ვიტყვით რამდენიმე სიტყვას, - როდესაც მკითხველს მწერლის ბიოგრაფიას მეტ-ნაკლებად მწყობრად გავაცნობ ხოლმე, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მის ხსოვნას სულ მცირედი პატივი მაინც მივაგე. არადა, ისეთი საინტერესო პიროვნება გახლდათ, ისეთი სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა, მისი ბიოგრაფია სულაც მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტად შეიძლება გამოდგეს.

ალექსანდრე დიუმა 1803 წელს პიკარდიის პატარა ქალაქ ვილიე-კოტრეში დაიბადა. წარმოშობით არისტოკრატი გახლდათ: ბაბუა მარკიზი ჰყოლია, თუმცა ბებია - ზანგი მონა ქალი. ბაბუამ ბებია კუნძულ ჰაიტიზე გაიცნო, ვაჟი შეეძინათ - თომა-ალექსანდრი, რომელიც მამამ მოგვიანებით საფრანგეთში წაიყვანა (მაშინ ეს წესად ყოფილა, კოლონიაში დაბადებულ ქალიშვილებს იქვე ტოვებდნენ, ვაჟები კი მეტროპოლიაში მიჰყავდათ). მულატმა დიუმამ სამხედრო კარიერა გაიკეთა, - ნაპოლეონის არმიაში გენერალი გახდა. ცოლად შეირთო პატარა ქალაქის სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი - მარია-ლუიზა ლაბურე. ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა. მომავალი მწერალი ოთხი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ალექსანდრე დიუმა გაჭირვებაში გაიზარდა, რიგიანი განათლებაც არ მიუღია ვილიე-კოტრეში, გადაწყვიტა, დრამატურგი გამხდარიყო და ოცი წლისა პარიზში ჩავიდა, თუმცა მისი ერთადერთი ღირსება ლამაზი ხელწერა გახლდათ, რისი წყალობითაც ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში გადამწერის ადგილი მიიღო. მაგრამ დრამატურგობას განათლება სჭირდებოდა, ამიტომ დიუმამ ინტენსიურად დაიწყო კითხვა, თან ხშირ-ხშირად თეატრს სტუმრობდა. 1829 წელს დამწყები დრამატურგის პიესას "ანრი III და მისი კარი" დიდი წარმატება ხვდა წილად. მოგვიანებით, დიუმამ ისტორიული რომანების წერაც დაიწყო.

1830 წელს საფრანგეთში ე. წ. ივლისის რევოლუცია მოხდა, - კარლოს  X  ჩამოაგდეს და გამეფდა ჰერცოგი ორლეანელი, რომელმაც ლუი-ფილიპის სახელი მიიღო. რევოლუციურ მოვლენებში დიუმაც მონაწილეობდა. საერთოდ, მეტად აქტიური კაცი გახლდათ, - უყვარდა მოგზაურობა (საქართველოშიც კი არის ნამყოფი), მონაწილეობდა ბრძოლაში იტალიის გაერთიანებისათვის, იყო გურმანი, თვითონ ამზადებდა გემრიელ კერძებს (კულინარიული წიგნიც კი დაწერა), უყვარდა ქალები... 1840 წელს მსახიობი იდა ფერიერი შეირთო ცოლად. თუმცა სხვა ქალებთანაც აგრძელებდა ურთიერთობას, - სამი უკანონო შვილი შეეძინა (ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე დიუმა-შვილი, მოგვიანებით ასევე ცნობილი მწერალი გახდა).

დიუმა წარმოუდგენელი პროდუქტიულობით გამოირჩეოდა, მისი წიგნები ხუთასზე მეტ ტომს ითვლის! როგორც ცნობილია, წერის პროცესში დიუმა "ლიტერატურულ ზანგებს" იყენებდა, ანუ შავ სამუშაოს უსახელო ლიტერატორებს აკეთებინებდა (მათ შორის მთავარი ოგიუსტ მაკე იყო) - და კარგადაც უხდიდა. საზოგადოდ, ბევრ ფულს შოულობდა, მაგრამ ყველაფერს ხარჯავდა, რადგან ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა. წერის გარდა, გამოსცემდა ჟურნალს, შექმნა თავისი თეატრი, თუმცა ორივე წამოწყება მარცხით დასრულდა. გარდაიცვალა 1870 წელს, ვალებში ჩავარდნილი, გაღარიბებული. 2002 წელს მადლიერმა ფრანგებმა დიუმას ნეშტი პანთეონში გადაასვენეს.

"გრაფი მონტე-კრისტო" დიუმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. რა შეიძლება გითხრათ ამ წიგნზე ისეთი, რომ ვისაც წაკითხული არა გაქვთ (ეკრანიზაციაც არ გინახავთ), წაკითხვა მოგინდეთ?
"გრაფი მონტე-კრისტო" მარადიულ თემებზეა შექმნილი - სიყვარული, ღალატი, ვერაგობა, შურისძიება, დიდსულოვნება... წიგნი ეფუძნება რეალურ შემთხვევას, რომელიც ავტორმა ამოიკითხა ჟან პეშეს დოკუმენტურ ნაშრომში "პარიზის პოლიციის ჩანაწერები". დიუმამ ამ, შეიძლება ითქვას, ერთობ ბანალურსა და, იმავდროულად, სასტიკ ამბავში დაინახა სიუჟეტი, რომელიც საშუალებას მისცემდა, დაეწერა რომანტიკული თავგადასავალი კეთილშობილი გმირისა, ვისაც ცილი დასწამეს, ცხოვრება დაუნგრიეს, ციხეში ჩაამწყვდიეს, მაგრამ სასწაულებრივად მოახერხა ყველა დაბრკოლების გადალახვა და თავის მტრებს მოევლინა როგორც ბედისწერა, სამართლიანად რომ მიუზღავს ბოროტის წილ ბოროტს და კეთილის წილ - კეთილს.

ეს ზოგადი მსჯელობა მაინცდამაინც დამაინტრიგებლად შეიძლება არც მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, წიგნს ვეღარ მოსწყდებით, თუკი კითხვას დაიწყებთ.
"გრაფი მონტე-კრისტოს" კითხვისას გიჩნდება განცდა, რომ საქმე გაქვს ნამდვილ საიდუმლოებასთან, გამოცანასთან, რომელსაც მისტიკური ელფერიც კი დაჰკრავს. მოვლენები ვითარდება მოულოდნელად, სიუჟეტური ხაზები საოცარი ოსტატობითაა ერთმანეთში გადახლართული, მოქმედება გითრევს, მუდმივად დაძაბული ხარ, ცდილობ, მიხვდე, როგორ განვითარდება ამბავი, რა ბედი ეწევა გმირებს...
გმირები კი მართლაც შთამბეჭდავად არიან დახატული. დიუმას არა ჰყავს ცალსახად "ცუდი" ან "კარგი" პერსონაჟები, ყოველი ხასიათი განუმეორებელია. მთავარი გმირი, ედმონ დანტესი, კეთილშობილებით, ვაჟკაცობით, სულიერი სიმტკიცით, შესანიშნავი გარეგნობით, შეიძლება ითქვას, მამაკაცის იდეალს წარმოადგენს. მისი მოქმედება, მისი თავგადასავალი დღესაც, XXI საუკუნეში, ისევე იწვევს მკითხველის შეუნელებელ ინტერესს, როგორც დაწერის დროს, XIX საუკუნეში.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს სათავგადასავლო რომანი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული. "გრაფ მონტე-კრისტოს" ყველა თაობის მკითხველი სიამოვნებით წაიკითხავს!

ირაკლი ლომოური
ანა
29 ივლისი 2015 20:55
საოცარი წიგნია. ასე არც ერთ წიგნის არ მოვუხიბლივარ და ჩავუთრევივარ. ედმონ დანტესის პერსონაჟი თავიდანვე ძალიან შემიყვარდა და შემძულდა ფერნანი, ვილფორი და დანგლარი ზუსტად ისე, როგორც თავად ედმონს.
თუმცა, ვიცი, რომ ამ წიგნს მეორედ აღარ წავიკითხავ, რადგან ამბებია ისეა ჩახლართული, რომ ნამდვილი დეტექტივია. ხოლო დეტექტივის წაკითვხა/ყურება მეორედ უაზრობაა. როცა ყველაფერი იცი წინასწარ, აზრი იკარგება...
ვისაც არ წაგიკითხავთ, დაიწყეთ, პირველი 40 გვერდი წაიკითხეთ და მერე ვეღარც მოსწყდებით.
lalo
12 დეკემბერი 2013 13:19
კაატინგა, როდესაც შენი კომენტარი წავიკითხე, თითქოს მეც ზუსტად იგივე უნდა მეთქვა, მართალი ხარ და გეთანხმები)
არმენ არუთინოვი
29 ივლისი 2013 15:05
კაატინგა, დოჩანაშვილი იცით რატომ გაახსენდა ამ წერილის ავტორ უნიჭიერეს მწერალს? - ,,პირველად წაკითხვის ბედნიერება"-ეს ფრაზა რომ გაახსენდა დოჩანაშვილის შემოქმედებიდან და არა იმიტომ, რომ დოჩანაშვილს დიუმამდე აკნინებს. უბრალოდ ვერ მიუხვდით. :)
სრულიად გეთანხმებით, რომ ეს წიგნი სასკოლო ასაკში წასაკითხ წიგნების კატეგორიაში უფრო გადის, მაგრამ მთლად ნუ გაასწორებთ მიწასთან მაინც, უხერხულია, შეიძლება ვინმე ზრდასრულიც კითხულობს ახლა განტვირთვის მიზნით (ვთქვათ დოსტოევსკის მერე) :)
რაც შეეხება ფამუქს, არც ისე ხელწამოსაკრავი მწერალია, თქვენ რომ გგონიათ. ალბათ არ გაგიმართლათ და ფამუქი მისი მსუბუქი რომანებით გაიცანით. აზრი რომ შეიცვალოთ, მისი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" და ,,თოვლი" წაიკითხეთ, ჭეშმარიტად დიდი რომანები, რომლებიც მეოცე საუკუნის თურქეთის საუკეთესო მატიანეებად შეიძლება მივიჩნიოთ. ეპოქალურ სურათს ქმნის ავტორი ძალიან შთამბეჭდავად ამ რომანებში.
კოელიო კი კოელიოა რა :)
საკმაოდ მშრალი სტატიაა, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით და ცოოოტაოდენი ფაქტებით-ფაქტებში რას გულისხმობთ, ,,მონტე-კრისტოს" მოკლე შინაარსი უნდა მოეყოლა? :)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები