"ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

"პალიტრა TV"-ს ეთერში გადაცემა "ემას შოუ"  Hard Talk-შოუს ფორმატისაა. გადაცემის სტუმრები ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.

"ემას შოუს" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილია. "ემას შოუ" "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ შაბათს, 19:30-ზე გადის.

ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი პარლამენტის წევრი და მოქმედი პრეზიდენტობის კანდიდატი, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე გასულ კვირას "ემას შოუს" სტუმარი იყო.

- წინასწარი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 4-5% გიჭერთ მხარს და როგორც ვიცი, ამ შედეგით უკმაყოფილო სულაც არა ხართ...

- უპირატესობა, რომელიც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა იმ ნაწილის, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია და საკმაოდ დიდი სეგმენტია საერთო ამომრჩევლებისა, განწყობა ჩემი კანდიდატურის მიმართ საკმაოდ პოზიტიურია.

- ამ თქვენს წინასაარჩევნო კვლევასა და ანალიზში, რომელიც იმედს გაძლევთ, როგორ ეწერება თქვენი დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში?

- ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო შედეგი, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დინამიკით ვითარდებოდა ჩვენი პარტია და რა შედეგებს ვაღწევდით,  საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინა ჩვენი პოზიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა. ივანიშვილის განაცხადმა სექტემბერში ბევრი რამ დააყენა თავდაყირა.

- დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო - ამ დაპირებებით მოდიოდით პარლამენტში. არ გეჩვენებათ ამ გადასახედიდან, რომ ასეთი დაპირებები პოპულიზმი და უტოპია იყო?

- არათუ არ მეჩვენება, პირიქით, ვრწმუნდები,  რომ ყველა ეს მოთხოვნა ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა. რაც შეეხება პოპულიზმს, ის, რომ საქართველოში ელექტროენერგიისა და არა მხოლოდ დენის ტარიფის მნიშვნელოვნად შემცირება არის და იყო შესაძლებელი, ამაზე მკაფიოდ მეტყველებდა არა მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატების" ეკონომიკურ-სატარიფო პროგრამა, არამედ "ქართული ოცნების" დაპირებებიც. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი, "თელასის" შეძენის სურვილზე  ლაპარაკობდა. ბოლო  9 თვის განმავლობაში გაგიგიათ ამ თემაზე საუბარი? წინასაარჩევნოდ მის მიერ წამოწეული ეს თემა თურმე არ იყო პოპულიზმი და ჩვენ როცა კონკრეტულ სქემას ვდებდით, ეს პოპულიზმია?

- ნაწყენი ხართ ივანიშვილზე იმის გამო, რომ არ შეგხვდათ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს?

- გაუგებარია, როცა ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც დემოკრატიული სისტემის მშენებლობაზე აქვს პრეტენზია, 9 თვის განმავლობაში ვერ ნახულობდეს დროს, რომ მოისმინოს პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხედულებები, საზოგადოდ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

- წლების განმავლობაში თქვენს პოლიტიკურ ძალას ფსევდოოპოზიციას უწოდებდნენ.

- იმიტომ, რომ ასე სჭირდებოდათ.  თუ დღეს ვინმეა აქტიურ პოლიტიკაში, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატთაგან, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც თავიდანვე ძალიან მწვავე, დაუნდობელი კრიტიკით გამოირჩეოდა სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მიმართ, ჩვენ ვიყავით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი ჩემთან ერთად იყო პარლამენტში და მაშინდელი "აღორძინების" 99%-მა ხმა მისცა მას იუსტიციის მინისტრის პოსტზე (რაშიც ჩემს თანაპარტიელებს არ ვეთანხმებოდი), ვამბობდი, რომ ეს ადამიანი ძალიან არაჯანსაღი მეთოდებით მიიკვლევს გზას ხელისუფლების სრული უზურპაციისკენ.

- წლებია უკვე გიწევთ თავის მართლება ისეთ თემებზე, როგორიც არის ტელეკომპანია "იმედის" დახურვა, ბადრი პატარკაციშვილის ღალატი, ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა.

- ასლან აბაშიძით დავიწყოთ. თუკი ვინმეს შეუძლია დღეს თქვას, რომ არის პირნათელი ამ ურთიერთობებში, მე ვარ.  ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკით არ დაწყებულა და არც პოლიტიკით დამთავრებულა. ამ ოჯახსა და პირადად ბატონ ასლანთან მაკავშირებდა და მაკავშირებს ძალიან თბილი გრძნობები, ვართ ერთმანეთის ნათლიები, დღემდე მის შვილებთან ლამის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.

- ჩამოდის ასლან აბაშიძე საქართველოში?

- ჯერჯერობით მსგავსი რამ მისი ოჯახის წევრებისგან არ მომისმენია, თუმცა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?

- "იმედის" დახურვის გადაწყვეტილება მიიღეთ და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ სააკაშვილს თავისი აგენტები ჰყავდა ამ ტელეკომპანიაში. კონკრეტული გვარ-სახელები სახელდებოდა...

- ეს რომ ასე ყოფილიყო, 7 ნოემბერს რატომ დაგვხურავდნენ და მე რატომ გამომიყვანდნენ ავტომატებით?

- შეგიძლიათ მითხრათ, თქვენ როგორ გამოხვედით "იმედიდან"?

- დამაპატიმრეს, გამომიყვანეს "იმედის" ეზოში და იმის გამო, რომ "ტელეიმედის" ორივე შემოსასვლელთან უამრავი ხალხი იდგა, ვერ გადაწყვიტეს, რა ექნათ ჩემთვის. ჩემი მანქანის საჭესთან სპეცრაზმელი დაჯდა და ჩემს მეუღლესთან, თათია თოფურიასა და ჩემი შვილის ნათლიასთან, გია გულიაშვილთან ერთად  ჩამსვეს მანქანაში. წაგვიყვანეს სანაპიროზე, იქ კი სპეცრაზმელი გადაჯდა მეორე მანქანაში, რომელიც უკან მოგვყვებოდა და გვიბრძანეს, უკან არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნებულიყავით.

- ამაზეა სწორედ საუბარი, რომ მაშინ, როცა თქვენს კოლეგებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, თქვენ ძალიან მშვიდად, უსაფრთხოდ, მანქანით გამოგიშვეს. რატომ?

- ნუთუ გაუგებარია, რომ ჩემი ხალხთან მისვლა მათთვის ძალიან საშიში იყო.  შემდეგ მე უკან მივბრუნდი, მაგრამ სპეცრაზმმა აღარ შემიშვა. რაც შეეხება ტელევიზიის დახურვას, ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი ერთი მარტივი მიზეზის გამო - მე არ ვიყავი პირი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას ტელევიზიის დახურვაზე, ჩართვაზე ან რამე სხვა საკითხზე.

- არჩილ კბილაშვილის უწყებაში თუ იყავით, ისაუბრეთ ამ თემაზე?

- დღევანდელი პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას. მეტსაც გეტყვით, ერთადერთი საქმე, რომელიც ამ თემასთან კავშირშია,  აღძრულია სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის დამხობისა და გადატრიალების მუხლით სამი პირის წინააღმდეგ: ბადრი პატარკაციშვილის, ვალერი გელბახიანისა და კიდევ ერთის მიმართ, რომლის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. საქმე შეწყვეტილი არ არის და მეტიც,  დაახლოებით ორი თვის წინ პროკურატურამ იმავე ბრალდებით საქმე წარმართა სასამართლოში.