"ყველა სიახლის" სიახლე - კვირის პალიტრა

"ყველა სიახლის" სიახლე

მთელი კვირის ყველაზე საინტერესო ინტერნეტმოვლენები და კომენტარები გაზეთის ფურცლებზე

მთელი კვირის ყველაზე პოპულარული, რეიტინგული, კითხვადი და მრავალფეროვანი ამბები ინტერნეტიდან ამიერიდან გაზეთ "ყველა სიახლის" გვერდებზე მოიყრის თავს.

ეს იქნება ფაქტობრივად ინტერნეტსივრცე გაზეთში, სადაც ყველაზე საინტერესო ამბები ერთად განთავსდება. ამასთან ერთად, მკითხველი გაზეთში გაეცნობა აქტუალურ და ექსკლუზიურ პუბლიკაციებს, რომლებიც უკვე გამოქვეყნების შემდეგ ხვდება ინტერნეტში. ასე რომ, გაზეთი "ყველა სიახლე" გაძლევთ შესაძლებლობას, ერთდროულად ინტერნეტისა და ბეჭდური მედიის მაჯისცემაზე გეჭიროთ ხელი და ყველაზე აქტუალური, პოპულარული და რეიტინგული ამბების საქმის კურსში იყოთ.

გიორგი კვიტაშვილი, გაზეთ "ყველა სიახლის" მთავარი რედაქტორი: "პუბლიკაციების დიდი ნაწილი, რომელსაც საინფორმაციო პორტალები და საიტები  თავის გვერდებზე ათავსებენ, ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებია. უცვლიან სათაურს, შესაძლოა, ზოგჯერ შეამცირონ კიდეც, საიტის სპეციფიკას არგებენ და აქვეყნებენ. მოკლედ, გვინდა თუ არა, ინტერნეტსივრცეში ბეჭდური მედიის ინტეგრაცია მოხდა. გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და გაზეთში ინტერნეტის ინტეგრაცია მოგვეხდინა. ექსპერიმენტმა გაამართლა და დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

- რაში მდგომარეობს ექსპერიმენტის არსი?

- გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხი გვერდი კვირის ყველაზე რეიტინგულ ინტერნეტამბებს ეთმობა. ეს იქნება ამბები ყველა სფეროდან, მათ შორის შოუბიზნესიდან, კრიმინალის სფეროდან, პოლიტიკიდან. ხშირად ყველაზე საინტერესო ამბები გაბნეულია ინტერნეტში და მომხმარებელი ვერ ახერხებს ბოლომდე მიადევნოს თვალი მოვლენას, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, მოიძიოს სხვადასხვა საიტზე და სხვ. ჩვენს გაზეთში კი ერთად გაეცნობა გასული კვირის ყველაზე რეიტინგულ ინტერნეტამბებს. სხვათა შორის, ინტერნეტამბების საგაზეთო გვერდის დიზაინი ძალიან ჰგავს ვებგვერდის დიზაინს, რაც ვიზუალურად მის აღქმას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ინტერნეტამბებს თან ახლავს მკითხველის საინტერესო კომენტარებიც.

ზოგჯერ ინტერნეტმომხმარებლის კომენტარი უფრო საინტერესოა, ვიდრე თვითონ ამბავი. ასე რომ, ამიერიდან მკითხველს შეუძლია "ყველა სიახლეში" ნახოს ინტერნეტის ყველაზე რეიტინგული ამბები ყველაზე საინტერესო კომენტარებითურთ. იმ ინტერნეტმომხმარებელს, რომელიც აქამდე გაზეთს არ კითხულობდა, ახლა შეუძლია "ყველა სიახლის" ფურცლებზე გაეცნოს ამბებს, რომელთაც თვალი ვერ მიადევნა.

- ამ გვერდებზე იქნება ამბები სოციალური ქსელებიდანაც?

- "ფეისბუკი" სოციალური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად, სანამ ჟურნალისტი დაურეკავს რესპონდენტს და მის კომენტარს მოისმენს, ამ ადამიანს თავისი ემოცია "ფეისბუკზე" უკვე აქვს დაწერილი. თანაც, თუ ჟურნალისტთან ის შედარებით მოზომილად საუბრობს, სოციალურ ქსელში მისი ემოცია და განწყობა მეტად მძაფრია. გარდა ამისა, "ფეისბუკზე" ხშირად ვხდებით ცნობილი ადამიანების პოლემიკის, კამათისა და დაპირისპირების მოწმე და ეს მიმოწერაც ძალზე საინტერესოა. ამიტომ "ყველა სიახლის" ახალ განყოფილებაში "ამბები ინტერნეტიდან" აუცილებლად მოხვდება სოციალური ქსელების ყველაზე საინტერესო მოვლენები, კომენტარები და საჯარო მიმოწერები.

- ვინ მუშაობს ინტერნეტიდან ცხელ-ცხელი ამბების შეგროვებაზე და როგორ განსაზღვრავთ, თუ რომელი ამბავია ყველაზე რეიტინგული?

- ინტერნეტამბების მოძიებაში "ყველა სიახლის" ჟურნალისტები არიან ჩართული.

ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონაცემები, თუ რომელი პუბლიკაციაა ყველაზე რეიტინგული ინტერნეტში. შემდეგ კი კვირის განმავლობაში ვაჯამებთ მონაცემებს და ვარჩევთ საგაზეთო ვერსიისთვის ყველაზე საინტერესო ამბებსა და კომენტარებს.

- პირიქითაც ხდება, "ყველა სიახლის" სტატიები ყველაზე კითხვადი და რეიტინგულია ინტერნეტსივრცეში.

- ვამაყობთ, რომ "ყველა სიახლის" სტატიები, როდესაც ინტერნეტში ხვდება,  ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია. შესაბამისად, "ყველა სიახლის" მკითხველს შეუძლია დაასწროს დროს და გაზეთში წაიკითხოს ის პუბლიკაციები, რომლებიც შემდეგ ინტერნეტში ხდება ყველაზე რეიტინგული და იმავდროულად, ყველაზე რეიტინგულ ინტერნეტამბებს გაეცნოს.

ვცდილობთ, ყოველთვის გამორჩეული, განსხვავებული და ექსკლუზიური ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს და არ გადავღალოთ ამბებით, რომელთაც მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე ისმენდა.

ჩვენ ვთავაზობთ ისეთ ამბებს, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის, თუნდაც ეს იყოს დღემდე უცნობი ადამიანების საინტერესო ისტორია, ცხოვრება, გამორჩეული პროფესია. შესაბამისად, ყველაზე საინტერესო ამბები, როგორც რეალური, ისე ვირტუალური სამყაროდან თავს "ყველა სიახლეში" იყრის".