გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს" (ექსკლუზივი)
05-08-2013
გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს" (ექსკლუზივი)
20 წლის ბაიკერი გიგი წერეთლის ვაჟის მანქანასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა

20 წლის ბექა სეხნიაშვილი ბაიკერი" იყო, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაწმინდისკენ მიქროდა, ავტოვარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საპარლამენტო უმცირესობის, გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ავტომობილით დაეჯახა. ამბობენ იმასაც, რომ დეპუტატის ვაჟი ნასვამი იყო. ტრაგედიის დეტალებზე ბექას ოჯახის წევრი გვიამბობს:

- ბექა თინეიჯერობის ასაკში რომ შევიდა, ცოტა შეიცვალა, გულჩათხრობილი გახდა. ერთხელ დედამისმა შემომჩივლა, შეყვარებულია, "ბაიკერი" გოგონა უყვარს,
მის გარდა არავის გაგონება არ უნდაო... მშობლებმა გული არ დასწყვიტეს და მასაც უყიდეს მოტოციკლი... მერე აიჩემა, ამ მოტოციკლს პატარა სიჩქარე აქვს, უფრო მძლავრსიჩქარიანი უნდა ვიყიდოო და მამამ გერმანიიდან ჩამოუყვანა. თუმცა დედა სულ ნერვიულობდა, ეშინოდა, ხიფათს არ გადაჰყროდა. იმ საბედისწერო ღამესაც გათენებამდე ელოდა ბექას შინ დაბრუნებას...
შვილის ლოდინში თვალმოუხუჭავად გაათენა, მერე სამსახურში წავიდა და დაიბარა, ბექა მოვა თუ არა, დამირეკეთო. ბექა აღარ მოვიდა... საშინლად დასახიჩრებული მოასვენეს მისი უსიცოცხლო სხეული. საბრალო ბიჭი, ულამაზესი იყო, საოცრად თბილი ღიმილი ჰქონდა...

- მის შეყვარებულს თუ იცნობდით?
- არა, თუმცა გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი გოგოა და ბექას უსაზღვროდ უყვარდა. "ბაიკერიც" მის გამო გახდა. უნდოდა, სულ თეონას გვერდით ყოფილიყო. პირველად ბექას სამძიმარზე ვნახე. მართლაც ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა.

- ტრაგედიის დროს თეონაც ბექასთან ერთად იყო?
- კი, ერთად ყოფილან. თეონამ თქვა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, ოდნავ ვუსწრებდი და ყველაფერს სარკიდან ვუყურეო... რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილან, სულ თორმეტნი იყვნენ... მთაწმინდისკენ მიმავალ გზას რომ აუყვნენ, უკვე ღამე იყო. როგორც თეონა ამბობს, ბექას დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი თავიდანვე შეუნიშნავს და შეეცადა, არიდებოდა. ავტომობილიც, თავის მხრივ, შეეცადა არიდებას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორივე ერთი მიმართულებით გადავიდა... ბექა შეჯახების ტალღამ რამდენიმე მეტრზე ჰაერში აისროლა, თანაც, დაჯახებისას მუზარადი მოსძრობია და ხეს ამის მერე შესკდომია... ავტომობილში ოთხნი ისხდნენ, ისეთი მთვრალები ყოფილან, ამბობენ, ერთმანეთს ძლივს ცნობდნენო. ჯერ გინება დაუწყიათ - ამათი ბაიკერი დედა, ეს რა გვიყვესო. მერე ერთმანეთისთვის დაუწყიათ გადაბრალება, არა, შენ იჯექი საჭესთან, არა შენო. როგორც ამბობენ, საჭესთან პარლამენტარ გიგი წერეთლის შვილი იჯდა.

ამასობაში სასწრაფოც მოსულა... თეონას ჯერ კიდევ იმედი ჰქონია, რომ ბექა ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ექიმებს უნახავთ თუ არა, მაშინვე ლენტები გადაუკრავთ. საბრალო დედამისი და და გიჟებს ჰგვანან, შვილს როგორც ცოცხალს, ისე ეჩხუბებოდა, ეს რა გამიკეთე, როგორ დამღუპე, რატომ ამოიჩემე ეს დასაწვავი მოტოციკლიო... ახლა ლოგინად ჩავარდა, საბრალო მამამისს კი ცრემლი აქვს გამშრალი, მოკუნტული ზის და ხმას არ იღებს. არც კი ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი ამ ტრაგედიას.

გიგი წერეთელი:
- ეს ტრაგედია ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის. თქვენს საიტზე კომენტარებში ძალიან გულსატკენი ფრაზები ამოვიკითხე. საზოგადოების ნაწილი ნუგზარის განსაკუთრებულად დასჯას მხოლოდ იმიტომ მოითხოვს, რომ ჩემი შვილია. მე პოლიტიკოსი ვარ და სხვებთან შედარებით მართლაც მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, ალბათ ჩემს შვილსაც, მაგრამ არ იქნება სამართლიანი, მან პასუხი იმ დანაშაულზე აგოს, რაც არ ჩაუდენია. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ მოახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას... მე შემთხვევის ადგილზე ტრაგედიიდან 45 წუთში მივედი და ზუსტად ვიცი, რაც მოხდა... ბექა უკვე სასწრაფოს ჰყავდა წაყვანილი, ჩემი შვილი კი ექსპერტიზაზე იყო. მე ნუგზარის მეგობრებს და ბაიკერებს ვესაუბრე. როგორც გაირკვა, იქ არც ძალიან მთვრალი იყო ვინმე და არც არაადეკვატურად ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული.

- თქვენი შვილი და მისი მეგობრები საიდან მოდიოდნენ?

- წავკისიდან, მეგობრის წვეულებაზე იყვნენ.

- და ნასვამები არ იყვნენ?
- ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული, მაგრამ არა იმ დოზით, რომ რაიმე არაკორექტულად ეთქვათ, ან გაეკეთებინათ. ავარია ჩემი შვილის მიზეზით არ მომხდარა. ნუგზარს და მის გვერდით მჯდომს ღვედებიც ეკეთათ და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. მათაც რომ ჩქარა ევლოთ, აუცილებლად დაიღუპებოდნენ. შემთხვევის ადგილზე ნახაზი შეადგინეს და უამრავი ფოტოც გადაუღეს. იმედი მაქვს, გამოძიება ობიექტურად წარიმართება. როგორც გავიგე, ბექას მამა ყოფილი პოლიციელია, მჯერა, რომ ის ობიექტურად შეაფასებს მომხდარს.

- თქვენი ვერსიით, ავარია რა ვითარებაში მოხდა?

- ეს ჩემი ვერსია არ არის, მე ის ვიცი, რაც თვითმხილველებმა, მათ შორის ბექას მეგობარმა ბაიკერებმა მიამბეს. ბექა მოულოდნელად გამოეყო ბაიკერების ჯგუფს, დაწინაურდა, შეეცადა, რაღაც მანევრი გაეკეთებინა და ისე დასწეოდა წინ მიმავალ ბაიკერ გოგონას, რომელიც თურმე მისი შეყვარებული ყოფილა. სამწუხაროდ, მანევრი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ანუ ბექა საპირისპირო მხარეს, სავალ გზაზე გადავიდა... თავად ბაიკერებსაც უკვირდათ, რის გაკეთებას აპირებდა, ვერ მივხვდითო. ჩემი ვაჟი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ სინათლე უცებ დაინახეს და მერე ყველაფერი წამებში მოხდა... ძალიან მიმძიმს დეტალების მოყოლა... ბაიკერების მიმართ მტრულად მართლა არ ვარ განწყობილი, მესმის, რომ ეს სპორტია, მაგრამ ამას ხომ თავისებური სიფრთხილე სჭირდება?

მტერს არ ვუსურვებ ბექას მშობლების  ადგილზე ყოფნას. როგორც გავიგე, ჩემი მისამართით უთქვამთ, რა უსინდისო ყოფილა, არც კი მოგვისამძიმრაო...  ნამდვილად ვაპირებდი სამძიმარზე მისვლას,  მაგრამ მითხრეს, ჯობია იქ არც კი გამოჩნდეო. მეც თავი შევიკავე, რატომ უნდა გამეღიზიანებინა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები? 

ნუგზარი ძალიან მძიმედ განიცდის ამ ამბავს, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ამბობს, ყველაფერი გამოიძიონ და თუ რამეში დანაშაული მიმიძღვის, პასუხს ვაგებო. მეც მის აზრს ვიზიარებ, გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს რაიმე ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს...

ხათუნა ბახტურიძე
emigranti
15 აგვისტო 2013 03:07
ღმერთო შენ უშველე ამდენ გზა და ტვინ არეულ ადამიანს...
ორივე ოჯახს თანავუგრძნობ და არავის მტერსაც კი არ ვუსურვებ მათ დღეში ყოფნას.
anabana
12 აგვისტო 2013 06:18
საქართველოს ღუპავს ყოველთვის ჭორი,უზნეობა,შური...ასე როგორ შეიზლება მოვლენებს წინ გაუსწროთ..ძალიან მეცოდებიან ბექას მშობლები,ღმერთო ნათელი დაუმკვიდრე მას,მააგრამ გიგი ბიჭიც მეცოდება,მითუმეტეს თუ დამნაშავე არ აღმოჩნდა.ისიც ხომ ძალიან ახალგაზრდაა..ოჰ ღმერთო...
ramazi
09 აგვისტო 2013 22:48
არა ამ ხალხს არაფერი ეშველება! რა ცოდვებზე ლაპარაკობთ?
რა შუაშია მშობლის პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც ვიგაცას მოწონს ან არა? მასე რომ იყოს ზოგიერთი დღევანდელი ხელისუფლის ბედს მტერს არ ვუსურვებ! ჯობს ილოცოთ, თუ ეს შეგიძლიათ და სავარაუდოდ ნაკლებად მოგეკითხებათ!

რედაქტორის რჩევით