მზე, ზღვა და "ბიბლუსი" - კვირის პალიტრა

მზე, ზღვა და "ბიბლუსი"

5 აგვისტოს ბათუმის სანაპიროზე "ბიბლუსის" ბიბლიოთეკა იხსნება

მზე, ზღვა, ტალღების ხმაური და საყვარელი წიგნი - საუკეთესო გარემოა სანუკვარი შვებულების გასატარებლად. ზაფხულში, არდადეგებზე თუ შვებულებისას წიგნის კითხვა განსაკუთრებული სიამოვნებაა, რადგან ამ დროს არსად გეჩქარება და მთლიანად წიგნს ეკუთვნი, ის კი შენ. მთავარია, შენთვის სასურველი წიგნი ყოველთვის ხელთ გქონდეს. ამაზე კი "ბიბლუსმა" უკვე იზრუნა...

5 აგვისტოს ბათუმის სანაპიროზე "ბიბლუსის" ბიბლიოთეკა იხსნება. არაფერი მოგჩვენებიათ, სწორედ ასეა - წიგნების ფართო არჩევანი, ყველა გემოვნებისა და ასაკის მკითხველისთვის, სრულიად უფასოდ და თანაც პირდაპირ ზღვის სანაპიროზე. წარმოიდგინეთ, რომ არ მოგიწევთ წინასწარ ზრუნვა იმაზე, რა წაიღოთ თან შვებულებაში წასაკითხად. არც შორს წასვლა მოგიწევთ, პირდაპირ სანაპიროზე თქვენთვის სასურველ წიგნს იმ დღის განწყობისა და ხასიათის შესაბამისად შეარჩევთ და გრძელ საზღვაო სამკითხველოს შეუერთდებით.

"ბიბლუსის" ბიბლიოთეკა ზღვის სანაპიროზე იმ სოციალური პროექტის ნაწილია, რომელიც წიგნების მაღაზიათა ქსელისა და "დავითიანთან" არსებული ინტელექტუალური კლუბის, "წიგნის მეგობრების" თაოსნობით ხორციელდება და მოსახლეობაში წიგნიერების ზრდას ემსახურება.

ეს ის შემთხვევაა, როცა წიგნის კითხვა კიდევ მეტი სიამოვნებაა, ზაფხული კი კიდევ უფრო დაუვიწყარი.

ისევე, როგორც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, სანაპიროზე მოწყობილ ბიბლიოთეკაშიც წარმოდგენილი იქნება წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის.

"ბიბლუსმა" გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ შავი ზღვის სანაპიროს ამ დროს ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, განსაკუთრებით კი მეზობელი სახელმწიფოებიდან, და სანაპიროს ბიბლიოთეკა რუსული წიგნების საკმაოდ ფართო არჩევანს შესთავაზებს. წიგნების გარდა, "ბიბლუსის" ბიბლიოთეკაში მკითხველს ასევე შესაძლებლობა ექნება პერიოდულ გამოცემებსაც გაეცნოს და ზღვის სანაპიროზე ისეთი პოპულარული ჟურნალები წაიკითხოს, როგორიცაა "და ქალი", "საბავშვო კარუსელი", "ბომონდი" და "ლიტერატურული პალიტრა".

ნებისმიერ მსურველს, 5 აგვისტოდან შეუძლია მივიდეს "ბიბლუსის" ბიბლიოთეკაში ბათუმის ზღვის სანაპიროზე, აირჩიოს სასურველი წიგნი და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს, რათა ახალი შეარჩიოს. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აქტიურად ჩაერთო წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის პროცესში და ეს სოციალური პროექტიც კიდევ ერთი შესანიშნავი წამოწყებაა წიგნის მოყვარულთათვის, ან მათთვის, ვინც ახლა უნდა ეზიარონ წიგნებს.

პირველი როდია, როცა წიგნების მაღაზიათა ქსელი მკითხველს წიგნს პირდაპირ ზღვის სანაპიროზე სთავაზობს. გასულ წელს "ბიბლუსმა" პროექტი "ბიბლუსი ზღვაზე" წამოიწყო. ამ პროექტის ფარგლებში წიგნის სამი ღია ბიბლიოთეკა - ბათუმის ბულვარში, სამიც ქობულეთის სანაპიროზე მოქმედებდა. ამ პროექტს წიგნის მოყვარულთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნის თაროებთან დილიდან საღამომდე ხალხმრავლობა იყო, დიდი თუ პატარა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით არჩევდა მისთვის საინტერესო საკითხავს. სწორედ ამიტომ, საზაფხულო ღია ბიბლიოთეკა ტრადიციად იქცა და "ბიბლუსი" წელსაც ელოდება დამსვენებელთა აქტიურობას.

ტრადიციაა ისიც, რომ "ბიბლუსი" ყოველთვის ანებივრებს სიახლეებით თავის მომხმარებელს და გამონაკლისი არც ეს ზაფხულია. თბილისში დარჩენილ წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი, არანაკლებ სასიამოვნო სიახლე ელით "ბიბლუსისგან". 5 აგვისტოს წიგნების მაღაზიათა ქსელს თბილისში მე-16 ფილიალი შეემატება და ეს უკვე "ბიბლუსის" 41-ე წიგნის მაღაზია იქნება საქართველოს მასშტაბით. "ბიბლუსის" ახალი ფილიალი ვაკეში, ფალიაშვილის #70-ში გაიხსნება. ბეჭდური პროდუქციის მრავალფეროვნების გარდა, ეს ფილიალი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ სამკითხველო სივრცე აქვს, რაც დამატებითი კომფორტია წიგნის მოყვარულთათვის.

"ბიბლუსის" ქსელში სწორედ ახლა მიმდინარეობს დიდი საზაფხულო 50%-მდე ფასდაკლება, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი კომპანიას, რომ კიდევ ერთი სიურპრიზი მოემზადებინა მომხმარებლისთვის.

5 აგვისტოს, "ბიბლუსის" ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი დღით, წიგნის მოყვარულებს შევთავაზებთ 25%-იან ფასდაკლებას ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად წიგნების სერიაზე "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და ასევე სერიაზე "49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ფასდაკლება ასევე გავრცელდება იმ მთავარ წიგნზე, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში უნდა იკითხოთ - "ბიბლიაზე".