"რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო..." – გიორგი ანწუხელიძის მეუღლის სულისშემძვრელი მოგონება - კვირის პალიტრა

"რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო..." – გიორგი ანწუხელიძის მეუღლის სულისშემძვრელი მოგონება

"გიორგის წამების კადრებს კარგა ხანი არ მაჩვენებდნენ"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამთავრებიდან სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში, ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალის გიორგი ანწუხელიძს წამების ამსახველი, შემზარავი ვიდეომასალა გავრცელდა... ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი მტერმა წამებით მოკლა. უთანასწორო ომიდან 5 წლის თავზე, საქართველოს პრეზიდენტმა წამების ამსახველი ვიდეო მასალა თავის ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა. ანწუხელიძეების ოჯახთან სტუმრობისას კი განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე გაუტეხელი საქართველოს სიმბოლო იყო... იმავე დღეს გავრცელდა კადრები, თითქოს გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის მიერ ამ ვიდეოს გავრცელებას აპროტესტებდნენ.

"კვირის პალიტრასთან” საუბარში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე, აცხადებს, რომ მას მსგავსი პრეტენზია არც გამოუთქვამს, "პირიქით, სწორედ იმ კადრებიდან გაიცნო გიორგი ქართულმა საზოგადოებამ და ნახა, თუ რატომ იყო ჩემი ქმარი გმირი...” - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

პოლიტიკოსებისგან თითქმის ყველანაირი თემით სპეკულირებას, ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია, მაგრამ ტელევიზიისგან, რომელსაც ობიექტურობის ამბიცია აქვს, ამის მიღება რბილად რომ ვთქვათ, ძნელია...

მაკა ჩიქვილაძეს გმირი მეუღლის გახსენებაც ვთხოვეთ...

- გიორგი 2005 წელს გავიცანი. შემდეგ ის ერაყში წავიდა და ერთმანეთს იქიდან დაბრუნების შემდეგ დავუახლოვდით. ერთმანეთის შეგვიყვარდა და მერე გავიპარეთ... ერთად სულ ორი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება. პირველი შვილი, ვაჟი შეგვეძინა, ლევანი... ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომის დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა. 6 აგვისტოს მე და ლევანი, სოფელში გაგვაცილა. იმავე ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო... სასწრაფოდ დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გეხვეწები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე არც გვილაპარაკია.

- მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა?

- დიახ, ცეცხლი რომ შეწყდა და ყველამ თავის ნაწილში მოიყარა თავი, გიორგის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. ძალიან ვნერვიულობდით. იმედი ბოლო წუთამდე გვქონდა, მაგრამ დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დაღუპული სამხედროები გადმოასვენეს, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი იყო.

- ის შემზარავი კადრები პირველად ინტერნეტში ნახეთ?..

- იცით, რაღაც წამების ვიდეო რომ არსებობდა, ვიცოდი, ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ გიორგი ტყვედ ჩავარდა და აწამეს, მაგრამ კარგა ხანი არ მაჩვენებდნენ, რადგან მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. მაგრამ შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, კადრები უნდა განახოთ, რათა ამოიცნოთ, ნამდვილად გიორგი არის თუ არაო. მხოლოდ დასაწყისის ყურება შევძელი. იქ უკვე კარგად ჩანს მისი სახე. რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო... მეტის ნახვას ვერ შევძლებდი.

- მაკა, რუსეთის-საქართველოს ომის დაწყების 5 წლისთავთან დაკავშირებით, ეს ვიდეო პრეზიდენტმა თავისი ფეისბუქის გვერდზე ატვირთა...

- დიახ და ამის გარშემო ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს მე გავაპროტესტე. სინამდვილეში, არანაირი პრეტენზია და პროტესტი არ მქონია. 5 წელია, ეს ვიდეო ინტერნეტსივრცეში ტრიალებს და არავითარი პრეტენზია არ გამომითქვამს, ან რატომ უნდა გამომეთქვა?.. პირიქით, პრეზიდენტის გვერდიდან გავაზიარე კიდევაც, უბრალოდ ის ვთქვი, რომ მე არ ვუყურებ და ვერც ჩემი დედამთილი უყურებს-მეთქი. პროტესტი რატომ უნდა გამომეთქვა, საზოგადოებამ სწორედ ამ კადრებით გაიგო, ვინ არის გიორგი და რატომ არის გმირი... მას იმდენად უყვარდა სამშობლო, ისეთი პრინციპული ადამიანი იყო, რომ სხვანაირად ვერც წარმომედგინა. არ ვიცი, უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა ვყოფილიყავი უკმაყოფილო. არც ერთ სიუჟეტში არ მითქვამს ვაპროტესტებ-მეთქი. უბრალოდ ვთქვი, მე არ შემიძლია ყურება და ვერც ჩემი დედამთილი უყურებს, რადგან ისედაც ცუდადაა, მუდმივად მკურნალობის ქვეშ არის-მეთქი. გული მტკივა, როდესაც ვხედავ როგორ იყენებენ ამ თემას ვიღაც-ვიღაცეები საკუთარი ინტერესებისთვის, გიორგის ამისთვის არ გაუღია საკუთარი სიცოცხლე...

- ვიცი, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეთ სარჩელი...

- დიახ, ამ საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კურირებდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ საქმის განხილვა არ დაწყებულა. ძალიან მინდა, მკვლელები დაისაჯონ, მაგრამ მაშინვე გვითხრეს, რომ ამ საქმის დაძვრას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)