რომ არა უცხოური მედია, საქართველოში შეიძლება არაფერი გაგვეგო - კვირის პალიტრა

რომ არა უცხოური მედია, საქართველოში შეიძლება არაფერი გაგვეგო

პაატა ბურჭულაძეს წარმატებული პრემიერა ესპანეთის დედოფალმა პირადად მიულოცა

რამდენიმე დღის წინ ბარსელონის საოპერო თეატრ "ტეატრო დელ ლისეუში" ჯუზეპე ვერდის "ტრუბადურის" პრემიერა გაიმართა, რომელსაც 3000 კაცი დაესწრო. სპექტაკლში საოპერო ხელოვნების თანავარსკვლავედი მონაწილეობდა: მარკო ბერტი, ლუჩანა დინტინო, დირიჟორი მარკო არმილიატო. ფერანდოს პარტიას ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე ასრულებდა. პრემიერას ესპანეთის კულტურის მინისტრი ანხელეს გონსალეს სინდე, ბარსელონის მერი ჟორდი ერეუ, ესპანეთის სამეფო ოჯახი და მისი აღმატებულება დედოფალი სოფია ესწრებოდნენ. სპექტაკლის შემდეგ დედოფალმა პირადად მიულოცა წარმატებული გამოსვლა ქართველ ბანს, პაატა ბურჭულაძეს. ყოველივე ამის შესახებ საქართველოში შეიძლებოდა ვერაფერი გაგვეგო, რომ არა ესპანური და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ დავუკავშირდით პაატა ბურჭულაძეს, წარმატება მივულოცეთ და "კვირის პალიტრისათვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ბატონო პაატა, ესპანეთის დედოფალი მოხიბლული დარჩენილა "ტრუბადურით"...

- ესპანეთის სამეფო ოჯახი ძალზე დიდ პატივს სცემს საოპერო ხელოვნებას, დედოფალი სპექტაკლის შემდეგ კულისებში ამობრძანდა და მოგვილოცა, ეს დიდი პატივი იყო.  ეს ოპერა ესპანელებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. როგორც წესი, საოპერო თეატრები  სპექტაკლს თვეში 7-8-ჯერ ნიშნავენ ხოლმე, ესპანეთში კი იმდენად უყვართ "ტრუბადური", რომ ბარსელონის საოპერო თეატრმა დეკემბერში 19 სპექტაკლი დანიშნა.

- როგორც ამბობენ, თქვენ ესპანეთის პრინცესა ქრისტინასთან მეგობრობთ?

- დიახ, როცა ბარსელონის საოპერო თეატრი დაიწვა, მის აღსადგენად საქველმოქმედო კონცერტები იმართებოდა. პრინცესა ქრისტინა სწორედ "ლისეუსადმი" მიძღვნილი კონცერტის შემდეგ გავიცანი. ჩვენი ფონდი ბარსელონაში საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგმავს და პრინცესა ქრისტინამ კონცერტზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

- 2010 წელს 55 წელი გისრულდებათ და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში დაგეგმილია თქვენი საიუბილეო კონცერტები, მაგრამ პირველი გალა-კონცერტი საქართველოში გაიმართება.

- საქველმოქმედო კონცერტი 21 იანვარს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში "იავნანას" ეგიდით გაიმართება. ჩემთან ერთად მარჩელო ალვარესი, მიშელ კლაიდერი და ამბროჯო მაესტრი იმღერებენ.

მიშელი უკვე მეოთხედ ჩამოდის საქართველოში. პირველად, როდესაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს აქციაში, სულ რამდენიმე თვის ჰყავდა უმცროსი შვილი და უჭირდა მისი დატოვება, მაგრამ დათანხმდა და ჩვენი ოპერის სპექტაკლ "აიდაში" მაინც იმღერა. ამბროჯო მაესტრი მეორედ ჩამოდის საქართველოში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენორი კი   მარჩელო ალვარესი, არა მარტო გასაოცარი ხმის პატრონი, არამედ საოცრად კარგი პიროვნებაცაა. როგორც კი გამოვა სცენაზე, ისეთ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს, რომ მაყურებელს მაშინვე აჯადოებს.