103 წლის ბებო და ომი, - იცოდეთ, დაბრუნდით!
12-08-2013
103 წლის ბებო და ომი, - იცოდეთ, დაბრუნდით!
2008 წლის 8 აგვისტოდან ხუთი წელიწადი გავიდა. ძალიან ძნელია დამარცხებულის სინდრომით ცხოვრება. თუმცაღა არსებობს ერთი ძლიერი ძარღვი, რომელიც ყველაფერ ამას გაუძლებს, გადაიტანს და გენეტიკურ ცნობიერებაში ჩატოვებს, რომ ეს მიწა ჩვენია და აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. საზღვრისპირა სოფელ დიცში 103 წლის დარო მძინარაშვილიც ამ ხალხის ნაწილია. 

ყოველ დილით, დარო ბებო ჭურვებით დაბზარული სახლიდან გამოდის, ჯოხს დაიბჯენს და დაჟინებით იყურება იქით, სადაც მისი მამაპაპეული სახლი იდგა. მერე პატარა შვილთაშვილებს იმ ადგილებისკენ ახედებს, -
მოვა დრო და თქვენ იქ გადახვალთ, მე კი ზეციდან დაგინახავთ და გავიხარებო. ისინიც თავს უქნევენ და ცარიელ წყლის კასრებზე ყირამალა გადადიან - დიცში სარწყავი და სასმელი წყალი ისევ ენატრებათ.

მძინარაშვილებს რომ ვესტუმრე, დარო ბებო საწოლზე იჯდა. შვილიშვილმა - ფილტვების ანთება ახალი გადატანილი აქვს, მაგრამ  არ
წვება, როცა დაიღლება, მაშინღა ჩამოჯდებაო.  დარო ბებომ ჯოხი აიღო და წაქცეულ კასრზე წამოსკუპული გოგოსაკენ გაიშვირა - ხმელა პურს მადიანად რომ ილუკმებოდა - ეგა ანანოა, ჩემი შვილთაშვილი. მაგან და მაგის ძმამ გადამატანინა ყველაფერი. სწორედ ანანო დაიბადა ომის შემდეგა.

- ისე ამბობთ, თითქოს მტრის ჯინაზე დაბადებულიყოს!
- რა ვიცი,  როგორა ვთქვი, მაგრამა ვიცი, მე ვერ მოვესწრები ჩემს ნაფუძარზე დაბრუნებას, ეგ კი უეჭველად დაბრუნდება.

- რომელ სოფელში დარჩა თქვენი ნაფუძარი?
- აწრის ხევში. იქ არის ჩემი დედ-მამის საფლავი. მე კი გამოვთხოვდი, მაგრამა თავი კი არ მქონდა იქაურობისთვის დანებებული. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ჩემი ქმარი წავიდა. მარტოკა დავრჩი, გავახვევდი ჩემს ერთადერთ შვილს და წავიდოდი მამასთან. განა იმიტომ, რომ ეპატრონა, უკვე ხნიერი იყო. მამაჩემმა მზითვად მარტო ლიახვის წყალი გამომატანა, მაგრამ შრომა მასწავლა და იმით დავირჩინე თავი-მეთქი.  იქიდან რომ წამოვიდოდი, გადავხედავდი ჩემს ნაფუძარს და ძალა მეძლეოდა. ამ ძალით ავაგე სახლი და კარი და შვილიც გამოვზარდე. თანაც რა წვალებით... ომის გადასახადიც გვქონდა - ერთი კვერცხი რომ დამეკლო, ვინ შემარჩენდა. ამას ხო ვიხდიდი, მეც არ ვიყავი მშიერი. ერთმა მოხუცმა დამარიგა, - შვილო, ზაფხულში ძროხა არ გამოილიო, ზამთარში - ღორი, მშიერი არასოდეს დარჩებიო. რძეს და ყველს ცხინვალის ბაზარზე ვყიდდი. იქ ვინ მეტყოდა, აქ რატო მოხვედიო. ახლა რა ჭირი დაგვემართა, რას დავერივნეთ ერთმანეთს ჩვენა და ოსები?! აგვისტოს ომი რომ იყო, ბალახებიდან ვუცქერდი როგორ შემოეხეტნენ ჩემს სახლში და ჩემი შვილიშვილის ტყავის ქურთუკი ჩამომიხსნეს. იღლიაში გამოჩრილი რო გაიტანეს, გული მომექცა, თითქოს შუაზე გაიპოო. მერე შვილიშვილი მეუბნებოდა, - ბებო, მაგის მეტი აღარაფერი დაგვკლებოდეს, კიდევ კარგი, სახლ-კარი არ გადაგვიწვესო!

- ანუ თქვენ ომის დროს სამშვიდობოს არ გადმოხვედით?

- ჩემმა შვილმა არ დატოვა, ჩემი ნაწვალები ვის დავუტოვოო და მე წამოვიდოდი?!  სახლების დაწვა რო დაიწყეს, ვითომ მეზობლის სარდაფში გვინდოდა ყველაფრის ჩაზიდვა, მერე თავი მივანებეთ, ჩვენა ვკვდებოდით და ნივთებს რაღა ფასი ჰქონდა. ეს ჭურვია, თუ რაც არი, მაღლა ზეცას გვიბნელებდა და რას უნდა გამოვკიდებოდით?! მეზობელი არ გვანებებდა თავს, დაიწყებოდა დაბომბვა, გამოვარდებოდა ბალახებიდან და - დაწექითო, აყვირდებოდა! მერე გადაიფრენდნენ თვითმფრინავები - ადექითო! ჩვენ კიდევ ვეღარა ვდგებოდით, ერთმანეთს კი ვეშველებოდით, მაგრამა ერთს რო ავაყენებდით, მეორე წაიქცეოდა. ეგრე დავრჩით ერთი კვირა მეზობლის ბაღებში. იქ გვეძინა, მარტო ნიორს ვჭამდით... შიმშილი არ არის ძნელი გასაძლები. უწყლობაა სიკვდილი - ოსებმა მაშინვე ჩაგვიკეტეს წყალი და რაც კასრში დაგვრჩა, იმასღა ვსვამდით.

- თვალიც იმ დროს დაგიზიანდათ?
- ჭურვმა წამომთხარა. მეზობელმა - ომში რომ დავიჭრებოდით, მიწითა და ნაცრით ვირჩენდითო. მეც მიწა და ნაცარი ავურიე და დავიდე. მიწა დალოცვილია... ის გვარჩენს, ჩვენ კი არ ვპატრონობთ, აგე, ჩვენი მიწა, რაც ოსებმა წყალი წაგვართვეს, შრება და სკდება. ხე აღარ დარჩა. დავტირით იმასაც და საკუთარ თავსაც, რომ მოსავალი ვერ მოგვყავს. მთავრობები გამოიცვალნენ, მაგრამ ამ მიწას წყალი არც ერთმა არ მისცა, - მარტო გვპირდებიან... ამასაც გავუძლებთ, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მე ასე არ გავძელი?

- ამ სიძლიერით ალბათ ყველას იმედს აძლევთ.
- მე კიდევ იმედს შვილთაშვილები მაძლევენ. საწოლში რომ ჩამიხტებიან, ყველა სატკივარი და სიავე მავიწყდება. ცრემლი რო მომდის, - ბებო, რათა ტირიო, დამადგება ჩემი ანანო და თვითონვე პასუხობს თავის თავსა, - ალბათ კამფეტები გინდაო. მე კიდევ ამათი სიცოცხლე მინდა, რომ ჩემს სახლ-კარში მაგათი ხმები ისმოდეს და მერე თავად შეინახონ, რაც მე დავტოვე. აბა, რისთვინ ვიწვალე? ყველანი ამისთვის არ ვართ, რომ ჩვენი ნაწვალები შთამომავალს დავუტოვოთ? ჩვენი მიწაც მაგათ უნდა დარჩეთ და როცა იქ დაბრუნდებიან, აუცილებლად გავახსენდებით.
ჯავახელი
22 აგვისტო 2013 10:22
ბებო აუცილებლად დავბრუნდებით! გპირდები!!!
mzia
15 აგვისტო 2013 14:21
ძალიან ამაღელვა ამ ადამიანის ისტორიამ . . . დღეგრძელობას ვუსურვემ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს . . . ჯანდაცვის სამინისტროს კი ვთხოვ - როგორც ხანდაზმულს როგორმე ერთჯერადი დახმარება გაუწიოს მას . . . გთხოვთ გულთან მიიტანოთ მისი პრობლემები!
მე როგორ მოვახერხო მისი დახმარება არ ვიცი?!
ნია
14 აგვისტო 2013 10:08
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მოგცეს ბებო, ღმერთმა. დაბრუნებოდა ნაფუძარს ამ შვილთაშვილების შვილებიც გენახოს... ამეტირა, რომ წავიკითხე.

რედაქტორის რჩევით