დღესაც, ამდენი წლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

დღესაც, ამდენი წლის შემდეგ...

წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" მწერალი ზაალ სამადაშვილი დათქმულ დროს გამოჩნდა და ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა, წიგნის თაროებისკენ გაექცა თვალი. წიგნის გურმანებმა იციან, რამხელა სიამოვნებაა თაროებთან დგომა და ახალი ლიტერატურის თვალიერება. მგონი ცოტა გული დასწყდა კიდეც, რომ ამ ფრიად სასიამოვნო საქმეს უნდა მოსწყვეტოდა და იმ პატარა სივრცეში, წიგნებითა და ხალხით რომ იყო სავსე, მოეყოლა, როგორ შემოვიდა მის ცხოვრებაში წიგნი...

შემოვიდა კი არა, თურმე სულ იყო, იმიტომ, რომ გარემოში, სადაც იზრდებოდა, ყველას წიგნი ეჭირა ხელში. დიდედაც კი, რომელსაც გაზრდილი შვილიშვილები ხშირად სამზარეულოში მოფუსფუსეს და ნუგბარით ხელდამშვენებულს გაიხსენებენ ხოლმე, ზაალს წიგნის კითხვით გართული უდგას თვალწინ. დრო-ჟამი ბევრ მოგონებას გადააკრავს ხოლმე დავიწყების ლიბრს. მასაც ვინ იცის, რამდენი რამ დაავიწყდა... დიდედას ცხვირზე წამოსკუპებული სათვალე კი ახსოვს, თავისი ფერით, ფორმით, დროის სვლაში თანდათან გასქელებული მინებით... მისი დიდედა რეზო ინანიშვილის მამიდა გახლდათ. მას მერე, რაც 1937 წელს რეზო ინანიშვილის მამა დაიჭირეს, სოფლიდან გამოსახლებული მისი ცოლ-შვილი სწორედ მამიდას შეეხიზნნენ.

მწერალი ყველგან მწერალია, მაშინაც კი, როცა სახელმწიფო სამსახურში უწევს მსახური, - ამბობს ბატონი ზაალი და გვიამბობს მის კაბინეტში წასაკითხად გამზადებულ წიგნებზე, იმაზე, თუ როგორ გადმოინაცვლებენ ხოლმე ისინი თაროებიდან მაგიდაზე და მერე როგორ წააკითხებენ ხოლმე თავს.

განსაკუთრებით საყვარელი ბევრი წიგნი ახსოვს ბავშვობიდან, მაგალითად ტოლსტოისეული "ბურატინოს თავგადასავალი", რომელსაც ყოველი ავადმყოფობის დროს დიდი სიამოვნებით აკითხებდა დედას, "ჩიპოლინოს თავგადასავალი", "ლურსმანას თავგადასავალი"... სათავგადასავლო წიგნებმა ხომ გეოგრაფია ასწავლეს! როგორ გინდა, "კაპიტან გრანტის შვილები" წაიკითხო და ის ადგილები არ დაგამახსოვრდეს, სადაც ფათერაკებით სავსე გზას წიგნის გმირები მიჰყავს... ან "განძთა კუნძულს" რა დაავიწყებს"! ეს ხომ ზაალ სამადაშვილის უსაყვარლესი წიგნი იყო. გიო ახვლედიანმა ინგლისურ ენაზე გამოცემული "განძთა კუნძული" ჩამოუტანა ევროპიდან და წარწერით აჩუქა: "იმისთვის კი არა, რომ ხელახლა წაიკითხო, იმისთვის რომ გაიხსენო და ჩაგესმას თუთიყუშის ხმა".

"ბიბლუსში" შეხვედრებს გასაოცარი ხიბლი აქვს. უკვე თვეებია, აქ სხვადასხვა ადამიანი მოდის - მწერლები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები. ფერადყდიანი  წიგნებით სავსე თაროების ფონზე ისინი საკუთარი ცხოვრების წიგნებზე საუბრობენ და სევდით იხსენებენ დროს, როცა სათავგადასავლო სიუჟეტებით შთაგონებულები ამა თუ იმ პერსონაჟთან აიგივებდნენ თავს. დღეს კი, ამდენი წლისა და ამდენი წაკითხული წიგნის შემდეგ, ხვდებიან რომ არაჩვეულებრივი იყო ყოველი წამი, რომელიც წიგნთან ერთად იცხოვრეს... ეს არაჩვეულებრივი განცდა, რომ თქვენთვისაც ახლობელი იყოს, ისინი ასახელებენ წიგნებსა და ავტორებს, ჰყვებიან ამბებს, რომლებიც წიგნებისაკენ წაიყვანს ყმაწვილს - ახლებურად თინეიჯერს...

"ბიბლუსი" ყოველ შაბათს 3 საათზე გზამკვლევად იქცევა ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ლიტერატურის უკიდეგანო სამყარო ჰქვია.