"არის რაღაც, რაც არ უნდა მექნა" - კვირის პალიტრა

"არის რაღაც, რაც არ უნდა მექნა"

"წამების კადრები  უმწეობის განცდას იწვევს,  ეს ხდებოდა და ბაიბურში არ ვიყავით..."

"დაგაბრალებენ და მერე იწვალე და იყავი..."

მას მერე, რაც თემურ ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარს ბრწყინვალე სპექტაკლი შეემატა - თანამედროვე კატალონიელი დრამატურგის ჟორდი გალსერანის პიესის მიხედვით დადგმული "გრონჰოლმის მეთოდი". რა აღარ გაგახსენდება კაცს ამ სპექტაკლის ყურებისას, დავით კლდიაშვილის აზნაურების გულგამოხრული იმედები და ჭაბუა ამირეჯიბის ადამიანებით მოთამაშე უწინ არქიფო, ახლა - აბელი, ან თუნდაც კასრი, რომელშიც კაციჭამია ვირთხა გამოჰყავთ... გოგი ალექსი-მესხიშვილის შესანიშნავი დეკორაცია მაყურებელსაც ლითონის კარკასში ამყოფებს, კედლებს მიღმა აივანია და მოჩანს მწვანე ბაღი... რა შორს არიან ადამიანები ამ ჟანგბადის წყაროდან, იხრჩობიან ნაჭუჭებში, სამსახურები რომ ჰქვია, რომელიც ადამიანური ბუნების უარყოფის ხარჯზე აქვთ მოპოვებული... მდგომარეობა გამოუვალია, მთავარი გმირი ჩაკეტილ კარში რჩება...

რეჟისორს სწორედ ამ ჩაკეტილ კარზე ჩამოვუგდე სიტყვა. თემურ ჩხეიძემ ხელი საფეთქელთან მიიტანა და ჩვეული სიმშვიდით მომიგო, მთავარი ის არის, რომ აქ გვაქვს ჩაკეტილი, ტვინში! ეს ბადებს ყველა გამოუვალ მდგომარეობას. სასაუბროდ ეზოშივე ჩამოვსხდეთო, შემომთავაზა. მერე ღიმილით დასძინა: აქ სტუმარი ვარ, ჩემი ოთახი არ მაქვს, სხვისი შეწუხება კი არ მიყვარსო...

- ხელშეკრულებით 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყავით სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად...

-  ორ წელიწადზე მეტია, სხვა სცენაზე ვთამაშობდით - რემონტი გაჭიანურდა. ნელ-ნელა შევაგუე ყველა, რომ მოვდიოდი.  არაჩვეულებრივად მექცეოდნენ, თორემ ამდენ ხანს რა გამაჩერებდა.

- ცოტა ხნის წინ ბრძანეთ, ამ თეატრში სტუმარი ვარო... რთულია ალბათ თქვენთვის ეს შეგრძნება...

- პირიქით, დიდებულია! მე არაფრის ხელმძღვანელი აღარ ვიქნები. ხანდახან დადგმის საშუალებას მომცემენ, ვნახოთ... თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფი მყავს.

- თქვენი სპექტაკლები ყოველთვის იყო ორიენტირებული "ადამიანის შიგნით და შიგნით" დაფარული სამყაროსადმი... ასეთი დიდი ინტერესი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყაროს მიმართ განხიბვლით ხომ არ დამთავრდა?

- კაცის ცხოვრების პირველი პერიოდი იმის აღქმაა, გარშემო რა ხდება, მერე იწყებ სხვათა შინაგან სამყაროზე ფიქრს, ბოლოს კი საკუთარი თავის შეცნობას. ამ პროცესში იმდენ უცნაურ რამეს აღმოაჩენ, გაგიკვირდება... ყველაზე რთულია, საკუთარი შეცდომის პოვნა. ყოველთვის ვიცით, რა არ უნდა გაეკეთებინა სხვას, მაგრამ არ ვიცით, თავად რა უნდა გაგვეკეთებინა...

- თქვენი ცხოვრების პირველი პერიოდიდან, ოჯახის წევრების გარდა, ვის დაასახელებთ, ვინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- შედარებით ადრეულ ასაკში ჩემი მშობლების მეგობრებში იყო რამდენიმე ასეთი ადამიანი, ცოტა მოგვიანებით და დღემდე - მიშა თუმანიშვილი.

- თუმანიშვილი იყო რეჟისორის მტკივნეული ბედის სიმბოლოც... როგორ განიცდიდით მის ტკივილს, გესმოდათ მისი?

- მაშინაც მესმოდა და ახლაც მესმის მისი. მე არ ვიცი რეჟისორი, რომელსაც ამა თუ იმ დოზით ტკივილი არ განუცდია, სხვაა, ვის რამდენად მოდრეკს ეს ტკივილი. მიუხედავად ტკივილისა, მიშას აღმოაჩნდა ძალა, შეექმნა ახალი თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ ლამის ვაღმერთებდი კაცს, ახლა რომ ვფიქრობ, ჩემგანაც სტკენია გული. რომ ვაანალიზებ, გაოგნებული ვარ! რანაირად მოხდა, რომ მე მივაყენე ტკივილი - ვის? მიშას?

-  რა აწყენინეთ?

- ეს რთული და გრძელი ამბავია. მე ჩემი ლოგიკა მქონდა, მას - თავისი. არის რაღაც, რაც არ უნდა მექნა, ალბათ.

- ეს ფაქტი შემოქმედებით პროცესს ეხებოდა თუ მსოფლმხედველობას?

- მსოფლმხედველობას. შემოქმედებას, ცხადია, არა. თუ რამეს ვაკეთებდი თეატრში, სულ მასთან ვამოწმებდი, ამის გამო ძნელი გამოდგა მისი წასვლა ჩემთვის. შემფასებელი როგორ არ მყავს, ვინც თავისუფლად მაკრიტიკებს, ვინც იცის, ამის გამო ურთიერთობა არ შეეცვლება ჩემთან... მაგრამ სულ უფრო ნაკლებია ისეთი კაცი, ვინც პირდაპირ მეტყვის მიშასავით: რა არის ახლა ეს, რა გააკეთეო...სულ რომ აზრად არ მომსვლია, ვინმეს ტკივილს მივაყენებ-მეთქი. პირიქით მინდოდა და სხვანაირად გამომივიდა. ეს უფრო ძნელი გადასატანია, ვიდრე ის, როცა შენ გტკენენ.

- როცა ორ ადამიანს შორის ასეთი რამ ხდება, არსებობს გამოსავალი - ბოდიშის მოხდა, დანაშაულის საქციელით გამოსყიდვა... სულ სხვაა, როცა პიროვნებას უპირისპირდება მასა...

- მსგავსი რამ მოხდა "ჯაყოს ხიზნების" შემდეგ. 2000-მდე წერილი მოვიდა, 80% უკიდურესად მძიმე იყო. დავიჩემე, - წავიკითხავ-მეთქი. ოთხი წერილი წავიკითხე და მეხუთეზე შევატყვე თავს - არ შემეძლო. დავაბრუნე ყველა წერილი... დადებითი წერილებიც არისო. არ მინდა-მეთქი აღარც ის მინდოდა, აღარც - ეს.

- მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?

- ქალბატონ ქეთევანთან დავდიოდი...  მისგან დიდი სითბო მახსოვს. უაღრესად ინტელიგენტი ადამიანი იყო... მიამბობდა ბავშვობის მოგონებებს...

- იწერდით?

- არა. ეტყობა, გათამამებული ვიყავი, კარგი მეხსიერება მაქვს-მეთქი. ახლა მწყდება გული... მამიდა (ცნობილი ლიტერატორი ციალა ჩხეიძე. - ლ.ჯ.) მეუბნებოდა, წერეო... აკაკი ბაქრაძეს რამეს რომ მოვუყვებოდი, მარიგებდა, აუცილებლად დაწერე, ჩაიწერეო...

- აკაკი ბაქრაძე დიდებული პიროვნება იყო. ცოტა ხნის წინ მომხვდა თვალში, მასზე დაწერეს, - კრემლის სამსახურისთვის საბჭოთა მანეთებს იღებდაო...

- კონსტანტინეს აქვს ნათქვამი, თუ გინდა კაცი მოკლა, ისეთი რამ უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძოდაო... ენას ძვალი არ აქვს. დაგაბრალებენ და მერე იწვალე და იყავი... ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში. მამას და მის მეგობარს სადღაც მივყავდი. ჩვენთან ერთად იყო ერთი კაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სხვას რაღაც დააბრალა. ჩამოუგდეს ამათ სიტყვა, - ეს რატომ თქვი, ხომ იცი, რომ სიცრუეაო. პასუხი იყო:

- მე ვთქვი და ახლა იმან ამტკიცოს, რომ ტყუილიაო.

- ეს ცნობილი საბჭოთა პოსტულატი იყო.

- ჩანს, მარტო საბჭოთა არა. მაშინ ბევრ წესიერ ადამიანს ვიცნობდი. მეც იმ პერიოდის ვარ, აკაკი ბაქრაძეც, მიშა თუმანიშვილიც... ბევრი რამ მას მერეც განიცდის დეგრადაციას, მაგალითად, ჩვენი ენა. თავზარდაცემული ვარ, რა ქართულით წერენ პრესაში, როგორ მეტყველებენ ტელევიზიით...

- ადამიანის ფსიქოლოგიური დევნა, ფიზიკური წამება - ესეც ჩვენი რეალობაა...

- წამების კადრები  ფსიქიკაზე მოქმედებს, იწვევს უმწეობის განცდას, რომ ეს ხდებოდა და ბაიბურში არ ვიყავით...  მაგრამ ის უფრო მაძრწუნებს, რომ ამ სიტუაციაში ჩვეულებრივ ვცხოვრობდით...

- დრო ყველაფრის მკურნალიაო...

- დრო ყველაფრის მკურნალია, ფეხს თუ მოიტეხ, ცოტა ხნის მერე აღარ გტკივა, მაგრამ - ხეიბარი დარჩი... დრო დამღასაც გასვამს. ხომ არის მოვლენები, შენს აზროვნებას რაკურსს რომ უცვლის, კვალს აჩენს შენს მსოფლმხედველობას...

- ამიტომაც უჭირთ ადამიანებს თანაცხოვრება...

- თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ბევრი რამ არ ვიცი... კაცმა რაც ცოტა იცის, მით უფრო ჰგონია, ბევრი ვიციო... პროფესიამ მიმაჩვია, რომ კომპრომისი სისუსტეს არ ნიშნავს, თუმცა სისუსტეს კომპრომისი არ უნდა დაარქვა.

არის რაღაც, რასაც ვერ დავთმობ... ვლაპარაკობ მაშინ, როცა დარწმუნებული ვარ. ყოველთვის ვუშვებ, ვაითუ, ისე  არ არის, როგორც ზედაპირზე მოჩანს-მეთქი. თავს ვაძალებ, რომ არ წამისწროს წინ რეაქციამ, ადამიანს უსამართლოდ არაფერი დავწამო...

ბატონმა თემურმა გაიღიმა, მე კი უეცრად გავიფიქრე, რომ ჩვენი დარდები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, ჩვენზე გაცილებით დიდხანსაც კი. როგორც  უნდა "ჯუნგლის კანონებით" ვცხოვრობდეთ, "არ ატკინო" - თავისი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელშეუხებელ ღირებულებად უნდა დარჩეს. "გრონჰოლმის მეთოდიც" ამაზეა...