"მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი..." (თემის გაგრძელება)
12-08-2013
"მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი..." (თემის გაგრძელება)
20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება

"ბიჭი დაფლეთილი ეგდო და ნუგზარ წერეთელი აქეთ გვეჩხუბებოდა"

"სიზმარში ბექას მანქანა დაეჯახა და ორ დღეში ეს სიზმარი ახდა"

"ბოლო დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა, უჩვეულოდ უციმციმებდა თვალები, მეხუტებოდა და მეუბნებოდა, თეო, მენატრებიო..."


თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიას 20 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატ გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ოქროყანიდან ვერცხლისფერი "ემელის" ჯიპით ბრუნდებოდა, როცა ბაიკერს შეეჯახა. წერეთელი ავტომანქანას ნასვამი მართავდა, თუმცა არც იმას
უარყოფენ, რომ მოძრაობის წესები ბაიკერმაც დაარღვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ნუგზარ წერეთელი არ დაუკავებიათ... ტრაგედიის დეტალებზე "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვიუწყებოდით. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ბექა სეხნიაშვილის შეყვარებულთან. თეონა საჯაია თავადაც ბაიკერია, თავიანთი სიყვარულის ამბავს და ტრაგედიის დეტალებს თვალცრემლიანი იხსენებს.

- იმ საბედისწერო დღეს ძალიან კარგი ამინდი
იყო. შაბათი თენდებოდა, ჩვენი მეგობრებიც მეორე დღეს არ მუშაობდნენ და გადავწყვიტეთ ღამე მოტოციკლებით გვესეირნა. ბექამ აიკვიატა მთაწმინდაზე ასვლა. ის გზა ყველას გვიყვარდა, კარგი სავარჯიშო მოსახვევებია. 12 საათზე, 12 ბაიკერი რუსთაველიდან მთაწმინდისკენ დავიძარით. ღამით იმიტომ გამოვდივართ, ნაკლები მანქანა მოძრაობს და გზა თავისუფალია. კოლონა ნელა მიდიოდა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი "ემელის" ჯიპი ისე შემოვარდა, ვერც კი დავინახე. ბექა ჩემ უკან მოდიოდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რეაგირებაც ვერ მოასწრო. წამიერად დავინახე შეჯახება და ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, მოტიციკლზე კონტროლი დავკარგე, ხელი გავუშვი და არც გამომირთავს ძრავა, ისე გადმოვხტი... ხეს შემსკდარი ბექას მოტოციკლი რომ დავინახე, ისტერიკაში ჩავვარდი.

ვკიოდი, ბექა, ბექა, ხან ერთ მხარეს გავიქეცი, ხან მეორე მხარეს. იქვე კლდეც იყო და გავიფიქრე, ხომ არ გადავარდა-მეთქი. ამ დროს შევნიშნე, ბიჭები თავში ხელებს იშენდნენ... მივვარდი, შორიდან ბექას მოტეხილი ფეხი დავინახე, მთლიანად ამოტრიალებული ჰქონდა... მასთან არ მიმიშვეს, ბიჭებმა გამომათრიეს, მითხრეს, სუნთქავს, ნუ გეშინიაო. მეც ცოცხალი მეგონა... დღეს ვფიქრობ, ბექას რომ არ მიმაკარეს, ალბათ, ასე სჯობდა, ამდენს ვერ გადავიტანდი. ცოცხალი მეგონა, ვიდექი და ვლოცულობდი. ამ დროს მესმოდა ნუგზარ წერეთელი საქმეს როგორ არჩევდა, ბიჭებს აქეთ ეჩხუბებოდა... იმდენად შემძრა მისმა ქცევამ, ორჯერ შევეპასუხე, ვუყვიროდი, მაშინ ბექა ცოცხალი მეგონა... მალე სასწრაფო ამოვიდა და ბექას ლენტები მოახვიეს, მაშინ მივხვდი, ბექა აღარ მყავდა, მერე აღარაფერი მაინტერესებდა... წერეთელს იმ დღეს სხვა ტონი რომ აერჩია, დღეს ალბათ, სხვა განწყობა მექნებოდა. მამა-შვილი თავის მართლებას ცდილობს. იმდენად უნამუსოდ სწამებენ ცილს გარდაცვლილს, რომ გაჩუმება არ შეიძლება.

გიგი წერეთელი ამბობს, ჩემი შვილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდაო, ეს სიცრუეა! მოტოციკლს გვერდულად დაეჯახა მისი შვილის მანქანა, ბექა არ შესკდომია მათ.

როგორც ჩანს, ბექამ ბოლო მომენტში დაინახა და ვერ მოასწრო მანევრირება. იმდენად ჩქარა მოძრაობდა და ისე ძლიერ მოისროლა ბექა, რომ სამი მეტრის მოშორებით კლდეს მიენარცხა. ისე იყო დაზიანებული, ფაქტობრივად, ააწყვეს. დასახიჩრებული არ ერქვა ამას, როცა ექსპერტიზიდან შინ მიასვენეს, სხეულის თითქმის ყველა ნაწილი მიკერებული ჰქონდა...

იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, ასფალტიც კი ამოთხარა იმ მანქანამ, საბურავი მოსძვრა და ამის მერე კიდევ 70 მეტრით გახოხდა.  მისი ადვოკატი კი უსინდისოდ გაიძახის, მანქანა ნელა მოძრაობდაო...

- ამბობენ, ბექაც გადასული იყო თავისი სავალი ნაწილიდან...
- მე არ ვამბობ, რომ ბექა მართალია, მაგრამ ნუგზარ წერეთელი რომ ყოფილიყო ფხიზელი, რომ არ ემოძრავა არანორმალური სიჩქარით, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. მერწმუნეთ, ფეხით გამვლელიც რომ ყოფილიყო იმ ადგილას, მასაც ასევე მოკლავდა. ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. ნუგზარ წერეთელს ჰგონია, რომ მამიკო გადაარჩენს. სამწუხაროდ, უსამართლო ქვეყააში ვცხოვრობთ და დიდი კაცების შვილებს შეუძლიათ ის აკეთონ, რაც სურთ. ბექა სეხნიაშვილი რომ მჯდარიყო მანქანის საჭესთან და მოეკლა ნუგზარ წერეთელი, აქამდე ციხეში იქნებოდა. დღეს ნუგზარ წერეთელი გარეთ დადის, ამბობენ, ტვინის შერყევა აქვსო. იმის თავი ხომ ჰქონდა, ამ საშინელების ჩამდენს, საქმე გაერჩია?! გამაოგნა მისმა რეაქციამ, ძალიან ცივი იყო, თითქოს ყოველდღე ხდება ასეთი რამ. მახსოვს, მისი მანქანიდან გადმოსული გოგონები რა დღეში იყვნენ, ტიროდნენ, მანქანას ხელს ურტყამდნენ, ძალიან განიცდიდნენ. ნუგზარ წერეთელმა ერთ-ერთ გოგოს მიმართა, თუ ჩემთან ხარ, ჩემთან იყავი, თუ არადა წადი, სადაც გინდაო. მისგან თანაგრძნობა არ გვიგრძნია...

- ადვოკატის თქმით, სასწრაფოც წერეთელმა გამოიძახა, არც გაქცევა უცდია...

- ტყუილია, სასწრაფო ჩვენმა მეგობარმა გამოიძახა. სად უნდა მიმალულიყო, მის მანქანას საბურავი გასძვრა და როგორ გაიქცეოდა? თან 12 ბაიკერი იყო ამ ტრაგედიის თვითმხილველი. მას იქ ლანძღვის მეტი არაფერი უკეთებია...

- ბექას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს?
- სიმართლის დადგენას ითხოვს. გიგი წერეთელმა შეუთვალა, მოსვლა მინდაო, დათანხმდნენ, მაგრამ არ მივიდა, თავისი ხალხი გამოგზავნა... შვილის დაკრძალვის მერე მაინც მისულიყო ბექას მამასთან... არც ბექა იყო ბოლომდე მართალი, მაგრამ დამნაშავემაც ხომ უნდა აგოს პასუხი.

- თეონა, ამბობენ, ბექამ შენი სიყვარულის გამო გადაწყვიტა ბაიკერობა...
- ტყუილია, ბექა რომ გავიცანი ბაიკით უკვე გატაცებული იყო. სწორედ ამან დაგვაკავშირა ერთმანეთს. 9 თვის წინ "ფეისბუკით" გავიცანი. ბექა მოტოზე შეყვარებული და მოტოციკლების ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრატორიც იყო. პირველი შეხვედრისას აღმოვაჩინეთ, რომ უკვე ერთმანეთი გვიყვარდა. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ბექაც მეუბნებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი, ისეთი გოგო შემახვედრე, რომელიც არ მომბეზრდებაო. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩემთან ძალიან ბედნიერი იყო. მეც ასე ვიყავი... ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს, სულ ერთად ვიყავით.

- თავიდან ვირტუალურად შეგაყვარათ თავი?
- ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. პირველ შეხვედრაზე აღფრთოვანება ვერ დამალა, იმაზე უკეთესი ხარ, რასაც ველოდიო. მისმა ხასიათმა გამაკვირვა, ვაჟკაცური იყო. 20 წლის ბიჭი, ძალიან ჭკვიანი და მამაკაცური იყო... საოცრად  ბედნიერები ვიყავით. მთელ დღეს ერთად ვატარებდით და საღამოს შინ წასვლის დრო რომ მოდიოდა, ბექა წუწუნებდა, ვერ გტოვებ, წასვლა არ მინდაო. ორივესთვის პირველი წრფელი სიყვარული იყო... ისე ვიყავით, ერთმანეთის გარდა არაფერი გვახსოვდა. ბოლო დღესაც მთელი დღე ერთად გავატარეთ. 26 ივლისი იყო, ჩემი საყვარელი სალათა ჩამომიტანა რუსთავიდან.

- სალათა ვინ მოგიმზადათ?
- იცოდა სალათა "ცეზარი" რომ მიყვარდა და რუსთავიდან მოჰქონდა, ერთ-ერთი რესტორნიდან. დიდი მადლობა უფალს, რომ ის დღე ერთად გავატარეთ. 

- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონიათ?
- ტრაგედიამდე ორი დღით ადრე სიზმარში ვნახე, ბექა მანქანას დაეტაკა და ძირს ეგდო, იქვე ვიდექი და ვლოცულობდი. ამ საშინელი სიზმრის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ბექას სიზმარიც მოვუყევი და ვუთხარი, ფრთხილად იყავი-მეთქი. იმ დღეს პატარა ავარია მოგვიხდა, ოდნავ გამკრა ბექამ თავისი ბაიკით და ორივემ გავიცინეთ, ალბათ, სიზმარი ახდაო. თურმე ასე არ ყოფილა, ეს წინათგრძნობა იყო... ბოლო დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა, უჩვეულოდ უციმციმებდა თვალები, მეხუტებოდა და მეუბნებოდა, თეო, მენატრებიო. გამეცინა და ვუთხარი, ერთად ვართ და როგორ გენატრები-მეთქი. ისევ გამიმეორა, მენატრებიო. ბექას ცხოვრება უხაროდა. სტუდენტი იყო. გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ დაქორწინებას არ ვჩქარობდით, მოვილაპარაკეთ მხოლოდ ჯვარი დაგვეწერა, საერთო ბიზნესი დაგვეწყო, ცოტა ფეხზე დავმდგარიყავით და  მერე დავქორწინებულიყავით.

- თქვენს ოჯახს მოსწონს მოტიციკლით რომ გადაადგილდებით? - ეს ხომ სახიფათოა...

- პატარაობიდან მიტაცებდა ბაიკი, მაგრამ არ მქონდა შესაძლებლობა, მეყიდა. წელიწად-ნახევრის წინ ბანკიდან სესხი გამოვიტანე. მალევე ავარია მომივიდა და დედაჩემი გაგიჟდა. მაშინ სერიოზულად დავშავდი, სამი თვე შინიდან ვერ გავდიოდი. დედამ მაინც გამიგო, იცოდა, რომ მოტოციკლზე უარს ვერ ვიტყოდი. ახლა ასეთი ტრაგედია დამატყდა თავს და ბექას დაკრძალვის ღამეს პირველად ისევ დავჯექი...

თავიდან ვიფიქრე, აღარ მინდა ბაიკი-მეთქი, მაგრამ მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი... ამაყობდა ჩემით, ხშირად მეუბნებოდა, ჩემი ბაიკერი გოგო ხარო! ახლა ბექა აღარ მყავს... დავკრძალეთ ბექა და იმ საღამოს ბაიკით რუსთავის გზას დავადექი, ბექას საფლავზე მივდიოდი. ძმაკაცმა გაიგო და თურმე ამედევნა... გიჟივით ვიარე რუსთავამდე, სიკვდილის შიში არ მქონდა და ვუმატებდი და ვუმატებდი სიჩქარეს. თან ვფიქრობდი, თუ რამე მომივა არა უშავს, ბექასთან წავალ-მეთქი. მის საფლავთან ჩამოვჯექი, გვიანი იყო, მაგრამ არ შემშინებია, არადა, მიცვალებულის მეშინოდა. სანამ ჩაასვენებდნენ, თავზე ვეფერებოდი, ეს შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება, თმა რბილი ჰქონდა, ისეთივე, როგორიც ცხოვრებაში. როგორც ცოცხალს ისე ვეფერებოდი. ახლაც მარტო დავდივარ ბექას საფლავზე... მის მშობლებთან, მის სახლში კარგად ვგრძნობ თავს, იქ ბექას აურაა... ბაიკი და ეკლესია თუ მომეხმარება ამ ტკივილის დაძლევაში. ბექას დავპირდი, მის მშობლებს მივხედავდი. სულ ოცნებობდა ერთად ვყოფილიყავით და პირველი შვილი გოგო გვყოლოდა, ისიც ბაიკერად გაგვეზარდა. ახლა მარტო დავრჩი, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩემი ბიჭი არ მყავს, მე მყავს ბექა, ოღონდ სასუფეველში და ერთ დღეს შევხვდებით. ძალიან ვთხოვ ღმერთს, მაინცდამაინც ნუ დამაბერებს, ჩემს სიყვარულთან მალე წამიყვანოს...

თეა ხურცილავა
ივერიელი
11 აგვისტო 2015 02:35
გიყურებთ და თქვენზე გული მერევა, პოლიტიკით და სიბინძურით გაჟღენთილი კასრები ხართ მეტი არაფერი, პარლამენტარის შვილი არ იყო ის ბაიკერი რომელსაც მთვრალმა მძღოლმა ჩაუჭრა გზა? მარა ვინ გაამართლეს? მთვრალი მძღოლი, თურმე ბაიკერმა არ დაუთმო გზა (ვინც არ იცის ეს შემთხვევა ვაჟა-ფშაველას დასაწყისში მოხდა და იმ ადგილას სადაც ტაქსმა მოუხვია თქვენხელა ნიშანი ეკიდა იმისა, რომ მოხვევა ან გადაკვეთა არ შეიძლება) იქნება ვინმემ მითხრას ეს ნარწყევისფერი "ყვითელი მარშუტკის" მძღოლები საერთოდ რატომ სარგებლობენ ტარების უფლებით? მაგათ ჩემი ნება რომ იყოს ველოსიპედზეც კი არ დავსვამდი ისე საზიზღრად დადიან, გონკაობენ აქ ბიჭები. ისე ჩაგიჭრიან ვითომც არაფერი და არც არავინ აჯარიმებს, ან ის რა საქციელია პირდაპირ გადასასვლელ ზებრაზე რომ აჩერებენ და იქ აჰყავთ კლიენტები, მაგათ გამო მე ქუჩაზე გადასასვლელად ან უნდა შემოვუარო ან მეორე მწვანეს დაველოდო? მართლა აზრზე მოდით რა ბაიკის ტარებაზე ზრდით და ზრდით ამ ასაკობრივ ზღვარს, 30 წლისას ბაიკი არავის აღარ სჭირდება სანამ ახალგაზრდა და ხალისიანი ხარ მაშინ გინდა. აი მანქანის ტარებაზე სიამოვნებით ჩავამატებდი "სარკეში ჩაიხედე!" "ქუჩაში გახვალ და იქ ჩააბარებ პრაქტიკას" ""პავაროტნიკი" მოსახვევამდე ჩართე და არა მოხვევის შემდეგ" "თეორია სკოლის ლექსი არაა რომ ერთხელ ჩააბარო და მორჩა" აი მაშინ ცოტა ეშველებოდა საქართველოს მძღოლებს. რაც შეეხება ტაქსებს. ბოდიში და ყველა ჩამოსული რომ ტაქსაობს მაგის გამოა, რომ ამდენი ავარიები ხდება. ოღონდ კლიენტი აიყვანონ და ზედ გადაგივლიან! ხოდა ბოლოს. ამ გოგოს შეეშვით თქვენ იმდენად გამოტელევიზორებულები ხართ , რომ ამ გოგოს ტკივილის 1% საც ვერ გრძნობთ. პიარი არაფერ შუაშია თქვენ ხართ დაბრმავებულები და ვერ ხედავთ რა ხდება იქ რასაც იდეაში "სამშობლო" ქვია. თეო გულწრფელად ვიზიარებ შენს ტკივილს, გისურვებ გაძლიერებას და სიმტკიცეს სხვა რა მეთმის... მშვიდად განისვენე ბექა.
ნათიას
11 დეკემბერი 2013 18:16
ნათია შე უნამუსო ქალო ჩაიგდე ენა მუცელში შეგრცხვეს მაინც რეებ ბოდავ, შენ შვილს ან ძმას ნ ვინმეს დამემართოს ეგეთი რაგაც მერე როგორ იტლიკინებ ძაან მაინტერესებს
nini
14 ნოემბერი 2013 15:31
ძალიან მეწყინა რაც მოხდა.ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს.დამნაშავე ყოველთვის უნდა დაისაჯოს გეთანხმები თეო.ოჯახი აქ არაფერ შუაშია ნინა, მას ეს მოსწონს და აკეთებს.....

რედაქტორის რჩევით