შენი სანდო თანამგზავრი იუბილარია - რადიო "პალიტრა" 5 წლისაა - კვირის პალიტრა

შენი სანდო თანამგზავრი იუბილარია - რადიო "პალიტრა" 5 წლისაა

"ჩვენი დევიზია - "სიმართლე უმთავრესია"

5 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ჯერ კიდევ ქუხდნენ ქვემეხები, დაიბადა ახალი ქართული რადიო "პალიტრა". დაიბადა იმ იმედით, რომ ომით გახუნებულ და ძაძისფერ რეალობას მალე გამარჯვების მაუწყებელი და ხალისიანი ამბები შეცვლიდა. დამფუძნებლები ცოტა მოგვიანებით ვარაუდობდნენ რადიოს გახსნას, მაგრამ ფორსმაჟორულმა სიტუაციამ და იმის სურვილმა, რომ ხალხისთვის იმედიანი სიტყვა ეთქვათ, ახალი საინფორმაციო, ხმოვანი "პალიტრის" დაბადება დააჩქარა. ეთერში გასვლისთანვე ის ჩადგა თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის მოსურნე, თამამი და იმედიანი ხალხის სამსახურში. ყოველთვის, როდესაც ქვეყანას უჭირდა, რადიო "პალიტრა" ძალისხმევას არ იშურებდა, მსმენელს რეალურად შეეფასებინა რეალობა, დაენახათ, ვინ ვინ იყო, ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმიათ. ასე გახდა იგი უამრავი ადამიანის საიმედო თანამგზავრი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ რადიო "პალიტრა" ყველგან არის: "რადიო "პალიტრამ" შექმნა შესანიშნავი მედიაკლიმატი საქართველოში. რადიო "პალიტრა" არის ის, ვინც მოგდევს მანქანით მგზავრობისას, გხვდება კომპიუტერში, ანუ ყველგან შეგიძლია მოიძიო და ყველას შეუძლია მოიძიოს. ძალიან შინაურია და გიხარია, როდესაც შენს ოჯახში შემოდის. ამასთან, შეგიძლია მას არა მხოლოდ უსმინო, უყურო კიდეც."

რადიო "პალიტრა" ერთადერთია, რომელსაც ვუსმენთ და ვუყურებთ კიდეც, ესეც განაპირობებს მის თავისებურებას. ამიტომაც საქართველოში რადიოს სამი კატეგორია არსებობს: გასართობი, გასართობი-საინფორმაციო და რადიო "პალიტრა" - ყველაზე მდიდარი საავტორო გადაცემებითა და ტოქშოუებით, მედიასაშუალება რადიოსა და ტელევიზიის ზღვარზე. ყველა საავტორო რადიოგადაცემა "პალიტრა TV"-თ" გადაიცემა.

თამარ ცაგარეიშვილი, საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელი: "რადიო "პალიტრის" წარმატებას თავიდანვე განსაზღვრავდა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ შექმნილი საინფორმაციო ბაზა, მოგვიანებით კი ე.წ. ინტეგრირებული "ნიუსრუმი", საინფორმაციო ოთახი, რომელიც ქმნის ახალი ამბების ბაზას "ინტერპრესნიუსისთვის", რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-სათვის".

- "პალიტრა" ფმ 103.9 სიხშირით მთელ საქართველოს ვერ ფარავს, თუმცა ძალიან რეიტინგულია. რა განაპირობებს წარმატებას?

- ეს განაპირობა ნდობამ, ყველაზე რთულ მომენტში ჩვენ ავსახავდით სიმართლეს - ხალხი კი უცებ ამჩნევს ამას.

ჩვენი დევიზია "სიმართლე უმთავრესია". მსმენელს ოპერატიულად ვაწვდით სანდო ინფორმაციას. საინტერესო, აქტუალურ თემატიკაზე მუშაობს პროფესიონალ ავტორთა გუნდი, რომელიც ზრუნავს, რომ რადიო "პალიტრასთან" ერთად გატარებული თითოეული დღე საინტერესო იყოს, გაშუქდეს ყველა ის თემა, რომლებიც, შესაძლოა, აღელვებდეს მსმენელს. თითქმის ყველა გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი და მაყურებელი რეკავს პირდაპირ ეთერში. ეს საშუალებას გვაძლევს, გაირკვეს, როგორია მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემისა და მოვლენისადმი. რა სურს მსმენელს მუდმივი თანამგზავრისგან.

- რადიო "პალიტრა" უჩვენებს კიდეც...

- წინა 4 წლისგან განსხვავებით, უცნაური კონგლომერატი შეიქმნა. ტელე და რადიო "პალიტრები" ერთად არის. რადიო ტელევიზიის შემდეგ იქმნება ხოლმე, აქ კი პირიქით მოხდა, რადიოს ბაზაზე შეიქმნა ტელევიზია და მისი ხერხემალი არის რადიოს საავტორო გადაცემები და ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, ტელევიზია მალე შექმნის საკუთარ, ორიგინალურ პროდუქციას.

- ომის დროს რადიოს ეთერში გასვლა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო.

- ცხადია, იმ დროს ეთერში პირველად გასვლა, პროფესიული თვალსაზრისით, სარისკო იყო, მაგრამ ვინც რისკზე არ მიდის, საქმესაც ვერ აკეთებს. არ ვიცოდით, რას შევძლებდით და როგორ. ალბათ, ვიღაცას მარტივად ეჩვენება რადიოს მუშაობა, სინამდვილეში ეს არის უმძიმესი საქმე, რომელსაც უდიდესი რუდუნებით აკეთებს ძალიან მშრომელი და  შემოქმედებითი ჯგუფი.

- როგორი იყო განვლილი ხუთი წელი?

- იოლი ნამდვილად არ იყო. ომი დამთავრდა, მაგრამ დადგა მშვიდობა, რომელიც ძალიან საშიში აღმოჩნდა. რთული იყო ინფორმაციის მოპოვებაც და გავრცელებაც. ჩვენ მძიმე პოლიტიკური რეჟიმის პერიოდში გვიწევდა გვეთქვა ის, რასაც ვერ  გაიგონებდით სხვა რადიოში ან ტელევიზიაში. განვლილი გზა ძალიან რთული იყო, რადგან გადავიტანეთ 2009 წელი, 6 მაისის აქციებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან... ე.წ. "მოდელირებული ქრონიკისგან" მოგვრილი შოკი, 2011 წლის 26 მაისი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია...

ეკა ბურჭულაძე, რადიო "პალიტრის" რედაქტორი: - დღევანდელივით მახსოვს 2008 წლის 17 აგვისტო. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დღე, მე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეკა ვეფხვაძე ძალიან ვნერვიულობდით, ყოველ ნახევარ საათში ახალი ინფორმაციით ვხვდებოდით მსმენელს. მეტიც, ზოგჯერ ყოველ ხუთ წუთში გვიწევდა ეთერში გასვლა. მერე იყო ღამისთევა, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები, ინფორმაციის მოსაპოვებლად, თავგანწირვის ფასად მუშაობდნენ საპროტესტო აქციებზე... ვიმედოვნებთ, მძიმე დრო უკან დარჩა და უფრო მეტად სასიამოვნო და კეთილი სიუჟეტების მომზადება მოგვიწევს... პროფესიონალ ავტორთა გუნდი დილიდან საღამომდე იმუშავებს ხალხისთვის, რათა თითოეულმა იგრძნოს, რომ რადიო "პალიტრა" მისი მუდმივი და საიმედო თანამგზავრია.

დაბადების დღის შემდეგ კი ახალი პროექტების და წარმატებების წლები დაიწყება.