მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა

"დედა ჩვენი იმედი იყო. ახლა რა გვეშველება უმისოდ?"

"სამადაშვილმა ახალ წელს იცით, რა მოუტანა ღარიბ ოჯახს? უსახური ნაჭრის თოჯინა და წითელი ვაშლები!"

"ჟანას სიკვდილით ჩემი სიკვდილიც დავინახე"

ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ ქართული რეალობა უკვე ამ ანდაზის სიბრძნესაც გასცდა. შიმშილით, გაჭირვებითა და უსახლკარობით სიკვდილი ჩვენს ქვეყანაში ჩვეულ ამბად იქცა. სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთისთვის ტალახის სროლით არიან დაკავებული, სიღარიბე ძალას იკრებს და სულ უფრო მეტი ოჯახის კარზე აკაკუნებს. ცოტა ხნის წინ თბილისში 6 შვილის დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა.

ავლაბარში, იტალიური ეზოს ერთ-ერთ კუთხეში, კიბეს მიწის ქვეშ, სარდაფში მივყავართ. შესვლისთანავე ისეთი უჰაერობა გახრჩობს, რომ წარმოდგენაც გიჭირს, როგორ შეიძლება ამ მიწურში ადამიანი ცხოვრობდეს. აქ უდედმამოდ დარჩენილი 6 და-ძმა ცხოვრობს. კედლებში, ჭერსა და იატაკში ნესტი ისეა გამჯდარი, ხელის შეხებისას ნალესი ცვივა. ნაპრალებსა და ბზარებს გახუნებული შპალერიც ვეღარ ფარავს. ოთახი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სახლის სარდაფია, იქ მობინადრეთა საკანალიზაციო მილები გადის. მიწურს ერთადერთი სარკმელი აქვს, ძლივს აცდენილი მიწის პირს, საიდანაც ავდარში წვიმის წყალი ღვარად შემოდის.

"სახლში" ახლა მხოლოდ 19 წლის თამუნა და 11 წლის თინა არიან. დედის გარდაცვალების შემდეგ პატარა და-ძმებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა ცოტა ხნით თბილისიდან დასასვენებლად გაიყვანა. ობლად დარჩენილი და-ძმების დედობა ახლა თამუნას მოუწევს. დედის გარდაცვალებიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა. გოგონები დედის იმ ფოტოს ეფერებიან, რომელიც დაუძლურებულმა ქალმა შვილებთან გარდაცვალების წინ გადაიღო.

თამუნა ვაშაკიძე, ჟანა მიქოიანის შვილი: "9 წელია ამ სარდაფში ვცხოვრობთ. ზამთარში ისე ცივა, როგორც გარეთ. 9 თვის წინ დედას ექიმებმა საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, მაგრამ დედა დღედაღამ მუშაობდა, ჩვენი რჩენა რომ შესძლებოდა. ნავთლუღის ბაზარში, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და სიცივეში გარეთ იდგა და ჭურჭელს ყიდდა... 22 ივლისს დედა 48 წლის გახდებოდა. ის ჩვენთვის დიდი იმედი იყო. ახლა რა გვეშველება უმისოდ?

მშობლები უკვე წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ. ჩემი უფროსი ძმა 24 წლისაა, უმცროსი და კი 9 წლის. ჩემი ძმა ყოველდღე ეძებს სამსახურს, მაგრამ... ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რაც ჯამში 126 ლარია. ამას ემატება 75 ლარი, რომელსაც დედა სახელმწიფოსგან არასრულწლოვანი შვილების სარჩენად იღებდა. 100 ლარს ამ სარდაფის ქირაში ვიხდით... ხშირად პურიც არა გვაქვს. მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ ყოველთვის მათაც ვერ შეაწუხებ.

რაც თავი მახსოვს, დედა  დახმარებისთვის სულ სახელმწიფო უწყებებში დადიოდა, მაგრამ ჩვენი გაჭირვებით არავინ დაინტერესებულა".

ირინა ვეფხვაძე, ჟანა მიქოიანის მეგობარი: "უნდა ინატრო, ყოველთვე არჩევნები იყოს, პოლიტიკოსებისგან ერთჯერადი დახმარება მაინც რომ მიიღო.

თბილისის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ახალ წელს მოვიდა და იცით, რა მოუტანა ღარიბ ოჯახს? უსახური ნაჭრის თოჯინა და წითელი ვაშლები! ეს ამ გაჭირვებული ოჯახის მასხრად აგდება იყო...

მეც 6 შვილის დედა ვარ, გაუსაძლის პირობებში ქირით ვცხოვრობ, ჟანას სიკვდილით ჩემი სიკვდილიც დავინახე. მიყრილები და მიტოვებულები ვართ სახელმწიფოსგან, კეთილი ადამიანების ანაბარა გვყავს შვილები. ჟანა ხომ საოცრად გაჭირვებული იყო, მაგრამ სხვებზე მაინც ზრუნავდა. 6 შვილიდან ხუთი მისი ღვიძლი შვილია, მეექვსე კი მეგობრის 4 წლის ბიჭი იშვილა, რომელსაც დედა  სიმსივნით გარდაეცვალა.

ერთად დავდიოდით დახმარების სათხოვნელად. როცა მერიამ სოციალური სახლების მშენებლობა დაიწყო, ჟანას იმედი ჰქონდა, მის შვილებს მაინც ეღირსებოდა ნორმალური პირობები, მაგრამ ეს ჯავრი  საფლავში ჩაიყოლა. სოციალური საცხოვრისით რომ დაგაკმაყოფილონ, მერიას აბსურდული კრიტერიუმები აქვს დაწესებული: ქმარი არ უნდა გყავდეს, ოჯახში ერთი ბავშვი აუცილებლად შეზღუდული შესაძლებლობების უნდა იყოს, ან დავრდომილი მოხუცი უნდა გყავდეს.

ამ ბავშვებს დედა მაინც ჰყოლოდათ. ნუთუ აუცილებელია სიკვდილი, რომ ყურადღება მოგაქციონ? თუმცა, ამის შემდეგაც არავინ ფიქრობს მათზე. მეც არ მაქვს სახლი, თორემ ჩემს ექვს შვილთან ამ ბავშვებსაც წავიყვანდი და ვუპატრონებდი".

P.S. ობლები ქეთევან წმაებულის #10-ში, სომხურ თეატრთან ცხოვრობენ. 5 98707203 ეს თამუნას ნომერია, გარდაცვლლი ქალის უფროსი შვილის. მკითხველების თხოვნით ბავშვებმა ანგარიშის ნომერიც მოგვაწოდეს, რომელსაც ასევე ვუთითებთ:

მიმღები ბანკი: LYBERTY Bank

ანგარიშის ნომერი: GE36LB0211182934631000

თამარ ვაშაკიძე

(სიუჟეტი იხილეთ: www.palitratv.ge )