"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"
19-08-2013
"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"
როგორ გადარჩა ორჯერ ზაჰესი!..

"წყალი ლამსაქაჩ გემს დაეძგერა და ნაფოტებად აქცია"

"არხი მოწყვეტილიყო, ხევი გაერღვია და 15 მეტრის სიმაღლიდან მტკვრის კალაპოტში მიექანებოდა"

"მეგონა, ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდებოდა..."


ჰესების მშენებლობის გამო ატეხილი ხმაური მხოლოდ დროებით მიწყნარდა, - მოსახლეობის ზრდა საქართველოსაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოს, ალბათ მაინც აიძულებს, ენერგეტიკული შესაძლებლობების გაზრდას. თუმცა, სპეციალისტების თქმით, თუკი მშენებლობის ყველა პარამეტრი ზუსტად გათვლილი არ იქნა, ჰესების ნაჩქარევი აგება დაუშვებელია, რადგან სიცოცხლისთვის უდიდეს რისკს შეიცავს.


-
წყლის სტიქია უეჭველი სიკვდილია მაშინ, როცა მას არაპროფესიონალის ხელი ეხება! თითქოსდა "უწყინარ" ზაჰესსაც რამდენჯერმე ჰქონია "შანსი", ირგვლივ ყველაფერი გაენადგურებინა! ამ ამბების შემსწრე ყოფილმა ენერგეტიკოსმა ვლადიმერ ნაირაშვილმა ზაჰესის არხისაკენ წაგვიყვანა (მტკვარ-არაგვის შეერთებული წყალი სწორედ ამ არხით მიეწოდება ჰიდროელექტროსადგურს).

ვლადიმერ ნაირაშვილი: - ზაჰესზე მუშაობის პერიოდში ხშირად ერთსა
და იმავე სიზმარს ვხედავდი: საშინელი დელგმაა, წვიმას ცა და მიწა მიაქვს,  კაშხალთან ვდგავარ და აბობოქრებულ მორევს ჩავყურებ. ჯერჯერობით ჯებირები წყალს აჩერებს, მაგრამ ვხვდები, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. უცებ აქაფებულმა წყალმა აიწია, კაშხალს დაეძგერა და გადაუარა. ტალღები 7 მეტრამდე სიმაღლისაა, წამში 2000 კუბური მეტრი წყალი მიღმუის და პირველად ზაჰესის დასახლებას უნდა გადაუაროს, მერე კი თბილისისკენ წავიდეს.  მანქანით მივქრივარ და  გამწარებული ვყვირი, - ხალხო, გორაზე გაიქეცით, თავს უშველეთ-მეთქი. ქუჩებში პანიკაა, ზოგს ბავშვები მიჰყავს აღმართებისკენ, ზოგს - მოხუცები. ჩემს მძინარე პატარა დისშვილს ხელში ვიტაცებ, დებს და დედას ვაღვიძებ და მანქანისაკენ მივარბენინებ. უცებ მეზობლის მოხუცი ქალი მორბის, ხელები უკანკალებს და მევედრება, - შვილო, მე სიცოცხლე არ მჭირდება, მაგრამ ჩემი ინვალიდი შვილი ჩასვი მანქანაში და წაიყვანეო. ახლა დებს ვუყვირი, - მანქანიდან გადმოდით, თქვენ სირბილი შეგიძლიათ, ამას კი არა-მეთქი და ინვალიდს მანქანაში ვსვამ. მერე მანქანას ვქოქავ. არ იქოქება... ამ დროს ტალღაც გვეწევა! მეღვიძება... ოფლში ვცურავ. ტანი ისე მაქვს დამძიმებული, თითქოს მთელი დღე ბეტონს ვურევდი...

ეს სიზმარი რამდენჯერმე კინაღამ ამიცხადდა... ახლაც რომ აცხადდეს, არ გამიკვირდება, - მხოლოდ ზაჰესი კი არა, საქართველოს ყველა ჰესი გაუმართავად მუშაობს. ახალი მშენებლობებიც გაუთვლელად დაიწყეს. ვეჭვობ, რომელიმე საიმედო იყოს. ოზურგეთში, ბახვჰესის მშენებლობაზე უკვე მილიონებია დახარჯული და შარშან ერთი სადგური მთლიანად მეწყერმა შთანთქა. მეგონა, ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდებოდა, მაგრამ...

- ბრძანეთ, საშინელი სიზმარი კინაღამ ამიხდაო. როგორ?!

- 1987 წლის ზაფხული იყო. მე და ჩემი მეგობარი შებინდებისას  მტკვარზე ჩავედით სათევზაოდ. ბადე ჩავაგდეთ წყა-ლში და დილამდე თევზის მოსვლას დაველოდეთ. ჩემი მეგობარი მანქანაში დარჩა. მე კი ნავში ჩამეძინა. მალევე გამეღვიძა, ნაპირზე გადავედი და მაღლობზე ავედი წამოსაწოლად. ამ დროს წყლის ღმუილი მომესმა. უცებ 3-მეტრიანი ტალღა დავინახე. წინ უზარმაზარ ხეებს მოაქანებდა. მივხვდი, რომ გადავრჩი, - სულ რამდენიმე წამის წინ წყლიდან რომ არ ამოვსულიყავი, ტალღა ხეებით გამჭყლეტდა და მერე დამახრჩობდა. ვიფიქრე, ალბათ სადღაც მთაში წვიმს, ადიდებული წყალი მოგვაწყდა-მეთქი და მანქანისაკენ გიჟივით გავიქეცი, - კაშხლისაკენ  გავვარდი, იქ მომუშავეებისთვის ეს ამბავი რომ შემეტყობინებინა და კაშხლის ფარები აგვეწია - ამ დროს წყლის უზარმაზარი მორევი ნელ-ნელა გაიწოვებოდა, ეს რომ არა, წყალი კაშხალს გადაანგრევდა და ჩემი სიზმარიც გაცხადდებოდა...

ბედად, კაშხლის შესასვლელი კარი ღია დამხვდა, მაგრამ დარაჯმა ტელეფონთან არ მიმიშვა, რომ კაშხლის ფარების აწევის ნებართვა ამეღო - წყალს საგანგაშო არაფერი ეტყობა, წადი, ისევ შეამოწმე ყველაფერიო. სხვა რა გზა მქონდა, მანქანის ფარები ავანთე და არხის განაპირა მოხრეშილ გზაზე გავვარდი. უკუნეთი სიბნელე იდგა, მხოლოდ წყლის ღმუილი ისმოდა. არხში მანქანის ფარების ანარეკლს ვაკვირდებოდი და ამით თავს ვიზღვევდი, რომ სადმე არ გადავჩეხილიყავი. უეცრად ანარეკლი დაიკარგა. მანქანა გავაჩერე და წყლის გრიალს მივყევი. ფარების შუქზე გავარჩიე, რომ არხი მოწყვეტილიყო, ხევი გაერღვია და 15 მეტრის სიმაღლიდან მტკვრის კალაპოტში მიექანებოდა. იქ კი გზად ხეებიანად ყველაფერი მიჰქონდა. მანქანა მოვაბრუნე და ისევ კაშხლისაკენ გავქანდი.  კაშხალზე რომ მივედი, გაგიჟებული წყლის მორევი უკვე ჯებირების დანგრევას ლამობდა. მაშინ ფარების აწევას რამდენიმე კაცი სჭირდებოდა, მაგრამ ახლა მათ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. არ მახსოვს, როგორ, მაგრამ ფარები მარტომ ავწიე და მორევი გავუშვი.

ეს რომ ვერ გამეკეთებინა, წამში 10-15 მეტრის სიმაღლიდან თავისუფლად გადავარდნილი 400 კუბმეტრი წყალი ჯერ კაშხალს, მერე კი გზაზე ყველაფერს წალეკავდა.

იმ დღეს მტკვარში ჩატანილი რკინაბეტონის 200-ტონიანი ნაჭერი ახლაც მტკვარშია. აი, რა ძალა აქვს წყალს!..

- ხალხი და ჰესი გადაგირჩენიათ. დაგიფასათ ვინმემ?

- მეტყობა რამე?! სმენით რომ დავინვალიდდი, პენსია მომცეს და ეგ არის. მაგრამ რაც მოხდა, განგების ნება იყო, ეტყობა, ეს მე უნდა გამეკეთებინა. მეორედ, 80-იანი წლების დასაწყისში, მაისის თვეში დადგა უბედურების წინაშე ხალხი. ის დრო იყო, როცა წყალდიდობებმა იკლო და კაშხლის ფარები ჩაიკეტა. ერთ დღეს საშინელი დელგმა წამოვიდა - მტკვარში წამში 200 კუბური მეტრი წყალი შემოდიოდა და კაშხლის საგუბარი 1300 კუბური მეტრით იყო მომატებული. ამ დროს არხის წყლის შესასვლელ გისოსებზე წყლისგან ფესვებიანად მოთხრილი წიფლის ხეები მიიხერგა და გაიჭედა. ფარების გაღება არ კმაროდა, საჭირო იყო, ფარებით ისეთი მანიპულირება ჩაგვეტარებინა, ხეები როგორმე არხის გისოსებიდან მოგვეშორებინა.  მთელი ღამე ვწვალობდით. დილისკენ წვიმამ იკლო, ხეებიც აღარ მოჰქონდა, მაგრამ უცებ  წყლის ზედაპირზე კედელივით ტალღა აღიმართა, რომლის წვერზე ლამსაქაჩი გემი დავინახე. ეს გემი  არაგვზე იდგა და ორივე ნაპირას ტროსებით იყო მიბმული. ამის დანახვაზე დირექტორმა შეშლილივით შეჰყვირა, - გაიქეცითო და ტელეფონს მივარდა, - მორიგეს უყვიროდა, ყველა ფარი აწევაზე ჩართეთო. კაშხლის შაშხანიანი დარაჯი ლენინის ძეგლისაკენ გაიქცა, ფეხებზე შემოეხვია. მეც აქეთ-იქით ვიყურებოდი, - საით გავიქცე-მეთქი. ამასობაში გემმა ცხვირი შუა ფარს გლიჯა და კაშხალი მიწისძვრასავით შეაზანზარა. წამით გამიელვა, ახლა მთელი კაშხალი დაინგრევა, მორევში დაინთქმება-მეთქი, მაგრამ სასწაული მოხდა, - გემმა ცხვირი  ასწია, ფარს აეფარა და კუდით მორევში ჩაიძირა.

ის იყო, გადავრჩით-მეთქი, ამოვიხავლე, რომ მეორე უბედურება დაიწყო - გემაფარებულმა ფარმა წყალი აღარ გაატარა და მორევი კაშხლის ქონგურებს მიახეთქა. ახლა კი დადგა აღსასრული-მეთქი, გამიელვა, მაგრამ ისევ სასწაული მოხდა, - წყალი გემს დაეძგერა, ნაფოტებად აქცია, ფარებში წამოიღო, თან გემის კორპუსის ნაფლეთებს აქეთ-იქით ისროდა. ასე გადავრჩით.

დღეს  სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ზაჰესი (ასევე ყველა ჰესი) საფრთხეშია. თავს ვერავინ დადებს, რომ  მსგავსი თუ განმეორდა, წყალი  გარშემო ყველაფერს არ წალეკავს.

- რატომ?
- იმიტომ, რომ ის 1923-27 წლებში აშენდა. ეს დიდი დროა, ბოლო წლებში  ჰესის გამართვაზე აღარავინ ზრუნავს. ეს რომ ასეა, კაშხლის ფარებსაც ეტყობა, - როცა ჰესი გამართულად მუშაობს, თუ ფარები აწეული არ არის, იქიდან წყალი  არ უნდა გადმოდიოდეს. ამჟამად კი ზაჰესის ფარებში წყალი ჩანჩქერივით "იპარება". გარდა ხიფათისა, ასე ყოველდღიურად უზარმაზარი ელექტროენერგია იკარგება.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დღეს უკვე ეს ფარები თვითნებურად იმართება - 2011 წელს ერთ-ერთი მათგანი თავისით ჩაირთო, საბედნიეროდ, აწევაზე. წყალდიდობა რომ ყოფილიყო და ჩაკეტვაზე ჩართულიყო, უბედურება დატრიალდებოდა. ამასთანავე, კაშხლის ბეტონი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი დანგრევა ძალიან ადვილია.
ენერგეტიკოსის კვალიფიციური განათლება მოსკოვში მივიღე. ამიტომ სამწუხაროდ, ამ საფრთხეების შესახებ ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე სხვამ, შესაძლო ტრაგედიის შეEსახებ ყველა ოფიციალურად მყავს გაფრთხილებული, თუმცაღა, ამაოდ. არადა, იაპონიის კატასტროფამ ხომ მთელი კაცობრიობა დაარწმუნა, რომ არაფერია გამორიცხული, - თუ მიწისძვრამ ჟინვალჰესი დაანგრია (საეჭვო ნაყარ ქანებზე დგას), მისი წყლის გაწოვა ზაჰესმა უნდა მოახდინოს - ჟინვალჰესამდე 10 კმ-ია და ვიდრე წყალი მცხეთამდე მოაღწევს, ზაჰესი უნდა დაიცალოს, ჟინვალის წყალი შემოუშვას და გაანეიტრალოს... მაგრამ ზაჰესი ისე გაუმართავია, შეძლებს კი ამას...
adamiani
23 აგვისტო 2013 09:54
ისე ხო ცოტას გვაშინებენ!?
მოსკოვში განათლება მიიღო კაცმა და უფრო მეტი რომ ეცოდინება ამას რაღა განმარტება სჭირდება ))))))

beso
20 აგვისტო 2013 14:14
მადლობა უთხარით იმას ვინაც ნიშადურის სპირტი დადო,
მასზე პასუხისმგებელ პირებს კი განმარტება მოსთხოვე.
თუ ამის თავი არა გაქვს კომენტარის გაგეთებისგან თავი შეიკავე, დამატებით ცოდვას ნუ აიკიდებთ!
grigori
19 აგვისტო 2013 12:38
ეს წერილი არის აშკარად ტენდენციური.ზოგადად ყველა თანამედროვე ტექნიკა თუ მოწყობილობა რა თქმა უნდა რისკს შეიცავს,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ყვლაფერზე უარი ვთქვათ. ასე შეიძლება აბსურდამდე მივიდეთ.მაგალითად ბავშვის გაჩენაზე ვთქვათ უარი, რადგან ის შეიძლება მკვლელი გამოვიდეს.

რედაქტორის რჩევით