ხმაურიანი ბათუმი დეციბელებს აჭარბებს?! - კვირის პალიტრა

ხმაურიანი ბათუმი დეციბელებს აჭარბებს?!

"მე რომ მუსიკა გამოვრთო, ტურისტი იქნება უკმაყოფილო და თურქეთში გადავა დასასვენებლად"

ოლეგ ზობოვი: "საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი, მაგრამ იმდენად მომეწონა აქაურობა, რომ ორი წელია ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ-რუსული ტურისტული სააგენტო შევქმენი"

ბათუმში დამსვენებლების სიმრავლე თვალში საცემია. მართალია, გარუჯვასა და ზღვაში ბანაობას უამინდობის გამო ყოველდღე ვერ ახერხებენ, მაგრამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ. ბოტანიკურ ბაღში შესვლა უცხოელი ტურისტისთვის 5 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის - 3 ლარი.  ტურისტები აღფრთოვანებული არიან ამ ჯადოსნური ბაღის მცენარეთა განსაცვიფრებელი სილამაზით.

ამ დღეებში გამოიდარა და დამსვენებელიც სანაპიროს მიაწყდა. ზღვის ხმაურთან ერთად, შიგადაშიგ, შეძახილები ისმის: "ცხელი, სიმინდი", "ცივი სასმელები", "გემრიელი ფახლავა" - სანაპიროზე ისევ დადიან მოვაჭრეები: "ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი მყავს და მოუთმენლად ველოდები ზაფხულს. სიმინდს ვყიდი, დამაქვს ბურბუშელა და მზესუმზირა...

აქაც დიდი კონკურენციაა, ხანდახან ერთმანეთს ფეხებში ვედებით. წელს ბევრი უცხოელია, უმეტესად სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი, არიან თურქი და არაბი ტურისტებიც. იმედია, მთელი თვე მზიანი იქნება და ჩვენც ცოტა თანხის მოგროვებას შევძლებთ", - მითხრა ქალბატონმა მაყვალამ, რომელიც გურიიდან ბათუმში სამუშაოდ ჩამოდის.

საღამოს დამსვენებლების სიმრავლეა ბათუმის ბულვარშიც. მეც მოსეირნეებს შევუერთდი და ერთ ირანის მოქალაქესაც გავესაუბრე: "3 წლის წინ ბათუმის ცენტრში მიწა ვიყიდე და ახლა სამშენებლო სამუშაო მიდის. ვფიქრობ, ჩემი ბიზნესი წარმატებული იქნება. დასანანია, რომ ქართულ-სპარსული სასაუბრო ვერსად ვიშოვე, მითხრეს, არ არსებობსო, ამიტომ ჯერჯერობით რუსულად ვლაპარაკობ". ჩემი რესპონდენტი თეირანელი იყო და ბუნებრივია, ირანელი ტურისტის ჩადენილ დანაშაულზეც ვკითხე. ბათუმში 16 წლის მარიამ კოჩალიძის შემზარავი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. "არ ვიცოდი, ეს თუ ირანელმა ჩაიდინა. ძალიან ვწუხვარ, დაიჭირეს? თუ დამნაშავეა, ალბათ, დაისჯება", - მიპასუხა შეშფოთებულმა.

შემდეგ ბულვარში პოპკორნით მოვაჭრე ნანული ჩავლეიშვილს გავესაუბრე: "აქ ბამბუკის პატარა ჯიხურები იდგა, გამაგრილებელი სასმელები იყიდებოდა, მაგრამ 2011 წელს აიღეს. 23 ჯიხური იყო და 23 ოჯახს არჩენდა. ვიხდიდით გადასახადს და ვმუშაობდით. 2012 წელს ახალი ჯიხურები ჩადგეს და გვითხრეს, უკრაინელმა გაიმარჯვა ტენდერში, თქვენ მხოლოდ გამყიდველებად თუ იმუშავებთო. 23-დან 8 კაცი დაასაქმეს, 400-ლარიან ხელფასს დაჰპირდნენ, მაგრამ 200 ლარამდე ჩამოვიდნენ. ობოლ, სტუდენტ ძმისშვილს სწავლის ქირა ძლივს გადავუხადე. 5 წელია ვზრდი. ჩემი ძმის ოჯახის 4 წევრი მეწყერმა შეიწირა. ძმა, რძალი და ორი ძმისშვილი დამეღუპა, მხოლოდ უფროსი ქალიშვილი გადაგვირჩა... შარშან ბევრი ვიდავე, ვიჩივლე, მოეცათ საშუალება, ჯიხური დამედგა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წელს ყველა ჯიხური აუქციონზე დაგვიანებით გავიდა და საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ. ივლისის ბოლოს შევედით ჯიხურში. არც შუქი იყო, არც წყალი...

ცენტრალური ბულვარის გადასასვლელში 7 მაღაზია თურქებისაა. მათთვის შეიძლება ვაჭრობა და ჩვენთვის - არა?! დიდი შრომის ფასად დაგვიჯდა წელს აუქციონზე მოხვედრა. წარმოიდგინეთ, სუვენირების პატარა მაგიდაში 5 000 ლარი გადაახდევინეს ხალხს. მითხარით, იქ რამდენი უნდა ივაჭროს ადამიანმა? ბევრი თურქია, ბათუმის ქუჩებში რომ დავდივარ, თავი რიზეში ან სტამბოლში მგონია. თურქული ენაც ვისწავლე, რადგან ძალიან მჭირდება, ყოველი მეორე თურქულად მელაპარაკება".

ბულვარიდან გამოსულმა ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე, რომელიც დამსვენებლებს სხვადასხვა ტურს სთავაზობდა: "საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი, მაგრამ იმდენად მომეწონა, ორი წელია ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ-რუსული ტურისტული სააგენტო შევქმენი. უმეტესად თურქეთში ვისვენებდი, შემთხვევით მოვხვდი ბათუმში და მას მერე აქ დავდივარ. მინდა, ქართველებისა და რუსების მეგობრობის ნიშნად მარათონი მოვაწყო. თუ მომიძებნით ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი ჩემთან ერთად გაცუროს ბათუმიდან ქობულეთამდე, კარგი იქნება. ეს ერთგვარი ჟესტი იქნება ორი მეზობელი ქვეყნის მეგობრობის", - მითხრა ოლეგ ზობოვმა, რომელიც ვოლგოგრადიდან ჩამოვიდა საქართველოში...

მოკლედ, ამ ულამაზეს ქალაქში გვიანობამდე არ წყდება მუსიკა და დამსვენებელთა ჟრიამული, ხმაურით შეწუხებული მოსახლეობა კი აღშფოთებას ვერ მალავენ.

ტარიელ გვალია, ბულვართან მცხოვრები: "შარშან სასტუმრო "შერატონთან" ბინა ვიყიდე. ღამის 12 საათიდან დილის ხუთ საათამდე ბულვარში ელექტრონულ კლუბურ მუსიკას უკრავენ, მთვრალები ჩხუბობენ და ყვირიან. პოლიციაში განცხადება დამაწერინეს. რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, ვინც ამ საქმეს კურირებდა, ავად გახდა, მაგრამ არ ინერვიულოთ, თბილისში რომ ჩაბრძანდებით, პასუხს გამოგიგზავნითო. ბოლოს გამომიგზავნეს, პროკურორმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ეს არ არის სისხლის სამართლის საქმეო. შემდეგ გარემოს დაცვის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, კლუბი "სოჰო" 500 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა. მას შემდეგ შეიცვალა მთავრობა, სიტუაცია კი იგივეა".

სერგო ნაზაროვი, კლუბ "სოჰოს" დირექტორი: "ჩვენ ზღვრულ ნორმას, 25 დეციბელს არ ვაჭარბებთ. ძირითადად, 04:00 საათამდე ვმუშაობთ, ტურისტული ზონისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომ არ ვიმუშაო, ბიუჯეტში ფულს ვერ შევიტან. ეს ერთი თვე მოსახლეობამ იმ ადამიანებზეც იფიქროს, ვინც ამ კლუბშია დასაქმებული. 15 აჭარელს ვამუშავებ. მუსიკა რომ გამოვრთო, უკმაყოფილო ტურისტი თურქეთში გადავა დასასვენებლად".

"აჭარაბეთის" გვერდით მცხოვრებლები კაზინოდან გამოსული ხმაურით შეწუხებულები არიან.

მერი ჭანუყვაძე: "ძილის საშუალება აღარ გვაქვს. ამ სიცხეში კარ-ფანჯრებს ხომ არ დავხურავთ?"

ესმა კომახიძე: "ძილი აღარ გვაქვს და მოსვენება. მერიას მივწერეთ და გარემოს დაცვის სამსახურს გადასცეს წერილი. მოვიდნენ, გაზომეს და გვითხრეს, ხმაური ზღვრის ფარგლებშიაო".

ალიკა ინწკირველი,  სასტუმრო "ალიკის" მეპატრონე:„"აჭარაბეთის" სახურავზე დამონტაჟებული სავენტილაციო ტექნიკა აუტანლად ხმაურობს. დამსვენებელს ნომერში არ უნდა კონდიციონერის ჩართვა, სუფთა ჰაერი ურჩევნია, ამიტომ გვსაყვედურობენ, დასვენება შეუძლებელიაო".

ნატალია კურტანიძე, "აჭარაბეთის" თამაშების მენეჯერი: "გამწოვი სისტემა და კონდიციონერი მართლაც იწვევს ხმაურს. მივიღეთ ზომები და სახურავზე დამონტაჟებულ ტექნიკას დამხშობი სისტემა

გავუკეთეთ. გენერატორი, რომელსაც ღამით ვრთავთ, გუგუნებს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, რადგან შუქი აღარ ითიშება".

სოფიო ლაზიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: "ბათუმსა და ქობულეთში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. გასაგებია, რომ ზოგჯერ დამსვენებელს თუ ადგილობრივ მოსახლეს ხმაური აწუხებს, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ტურისტები ზღვისპირეთში გასართობად ჩამოდიან და თუ ეს არ ექნებათ, უკმაყოფილონი წავლენ და მერე სულაც აღარ ჩამოვლენ. ღამით ქალაქში რომ გაიაროთ, ნახავთ, რესტორნებსა და ღამის კლუბებში როგორი ხალხმრავლობაა, რაც ცხადყოფს  მათ დიდ ინტერესს. როგორც ვიცი, დაწესებულია რეგულაციები, რომელთა დაცვაც რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებს ევალება. ეს უკვე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეროგატივაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ წელს სეზონი ძალიან დინამიკურად მიმდინარეობს, შარშანდელთან შედარებით ჩამომსვლელთა პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. აჭარაში აშკარად თვალში საცემია ტურისტების სიმრავლე, რასაც ყველა მივესალმებით".

ლანა კიკავა, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის მთავარი სპეციალისტი: "ხმაურის დადგენა გარემოს ხარისხობრივი ნორმების მიხედვით ხდება. სპეციალისტები კონკრეტულ ობიექტზე ზომავენ ხმაურს. თუ იქნება გადამეტება, ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდება, ჯარიმა კი 500-დან 1.000 ლარამდეა".

თეა ხურცილავა

ნინო ხოზრევანიძე