შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"
21-08-2013
შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"
რა ბედი ეწევა ტელეკომპანია “მე-9” არხს?

ტელეკომპანია "მე-9" არხის დახურვას საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა... ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მას. საინტერესოა, რა ფორმით დაუბრუნდება ეს ტელეკომპანია მაყურებელს, ან დაუბრუნდება თუ არა საერთოდ....


ლუბა ელიაშვილი,
"მე-9" არხის გენერალური დირექტორი: - ყველაფერი გარკვეულია და ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი... არხს საშუალება ჰქონდა 1-ელ სექტემბრამდე ემუშავა, მაგრამ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, გაჩერებულიყვნენ. კი ბატონო, ეს მათი გა
დაწყვეტილებაა. "ინფო-9" განაგრძობს მუშაობას პირველ სექტემბრამდე, შემდეგ კი დაიხურება და გაყიდვის რეჟიმში გადავა. მესმის, რომ თანამშრომლებისთვის მძიმე იყო, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა - ყველამ იცოდა, რომ ტელევიზია დღეებს ითვლიდა. მესმის მათი, მძიმეა, პირდაპირ ეთერში რომ მუშაობ და იცი, ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება… დაველოდოთ ახალ მყიდველებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, არხს დაბალი რეიტინგი ჰქონდა,
რამაც ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია...

- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ჯერ ერთი, ძალიანაც კმაყოფილი იყო, მეორეც - რომელი რეიტინგის მიხედვით ხდება დაჯამება და გამოთვლა?.. რას დავუჯეროთ, ნიუსებს, სადაც სრული სისულელე იწერება?

- სად დაიწერა სისულელე?
- სადაც "მე-9" არხს დაბალი რეიტინი აქვს... ბატონმა ბიძინამ კარგად იცის რეიტინგების ფასი, მას თავისი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეიტინგი უნახავს და იცის, რომ  რეალობისგან 100%-ით შორს არის. ივანიშვილს არხის რეიტინგიც აკმაყოფილებდა და მუშაობის ხარისხიც, უბრალოდ, თავიდანვე თქვა, რომ ეს არხი დისკომფორტს მიქმნის, როგორც მე, ისე ჩემს ოჯახსაცო. მას, როგორც პოლიტიკოსს და როგორც ბიზნესმენს, ტელევიზია არ აინტერესებს. მეტიც, როგორც პოლიტიკოსს, უხერხულობასაც უქმნიდა...

ამ გადაწყვეტილების შესახებ მეც ვიცოდი და ჟურნალისტებმაც, ივანიშვილს მათთანაც არაერთხელ განუცხადებია... ეს სიტუაცია იცით, რას მაგონებს? - ოჯახში რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვარს და როცა გაიყრებიან, მაინც რომ ორივესთვის მოულოდნელია. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.

- რა ფორმით დაუბრუნდება ტელევიზია მაყურებელს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ იყიდის და როგორ... თუ ის იყიდის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეთერში გასვლა უნდა, არხი ისევ დაბრუნდება. უკვე დარეკეს "ინფო-9"-ის დირექტორთან, რათა მისი ბრენდი, ანუ სახელი შეიძინონ...

- არხის საბაზრო ფასი გარკვეულია?
- არა, იმიტომ ვზივარ და ვანგარიშობ, მაგრამ თქვენი კოლეგები ამას არ მაცლიან - ჯერ ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან... თუ დამაცდით, ფასსაც შეიტყობთ.

ია ანთაძე, „სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე: - უკვე იწერება სათანადო მიმართვა ბიძინა ივანიშვილის სახელზე, ინიციატივა ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის. ჯგუფში 3 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრებული, ანუ საზოგადოებაში ათასობით ადამიანია, რომელსაც აქვს სურვილი, თავისი შემოსავლის გარკვეული ნაწილი გაიღოს, რათა საქართველოს ნამდვილად საზოგადოებრივი და თავისუფალი ტელევიზია ჰქონდეს... ეს არის არაჩვეულებრივი სამოქალაქო ინიციატივა. შემდგომში საინიციატივო ჯგუფი გამოიკვეთება და პრემიერთან პირობების შესახებ მოლაპარაკება დაიწყება... პრემიერ–მინისტრის განცხადება არ გულისხმობდა ტელევიზიის გაყიდვას კომერციულად მომგებიანი პირობებით. პირიქით, ის აზრი, რომ შესაძლოა ტელევიზია მესამედ ფასშიც გაყიდულიყო, ნიშნავდა იმას, რომ თუ მყიდველი შეინარჩუნებდა ტელევიზიას და გადაარჩენდა ჟურნალისტებს უმუშევრობისგან, მისაღები იქნებოდა ივანიშვილისთვის. მესამედი ფასიც მან სიმბოლურად დაასახელა... უკვე გარკვეულია მესამედი ფასი - 7 მილიონი დოლარი და ეს თანხა შეიძლება სააქციო საზოგადოებამ 10-წლიანი განვადებით გადაიხადოს. თუ პრემიერი ნამდვილად არის მონდომებული, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს, რაშიც ეჭვი არ მეპარება, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი ამ მოლაპარაკებაზე...

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:
- მეც "მე-9" არხის თანამშრომელი ვიყავი და ბუნებრივია, ძალიან დამწყდა გული, ეს ტელევიზია იმ ფორმით რომ არ იარსებებს, როგორც იყო. თუმცა, ვფიქრობ, ეს არხი ძალიან მალე იპოვის თავის ნიშას.

- შალვა, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი...

- დიახ, მესმის, მაგრამ ისინიც მალე იპოვიან ახალ სამსახურს... მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტს. გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ წინა ხელისუფლების დროს -  ხურავდნენ ოპოზიციურ ტელევიზიებს და ხსნიდნენ მათ კონტროლქვეშ მყოფ არხებს.

- თუმცა, გახსოვთ ალბათ, ადრე ბიძინა ივანიშვილმა "მე-9" არხის დახურვას შეცდომა უწოდა...

- ივანიშვილმა თქვა, რომ ეს არხი ხელს უშლიდა და გამარჯვების შემდგომ, გამარჯვებული ადამიანის მფლობელობაში მყოფი პირის ტელევიზიას წარმოადგენდა. დიახ, ეს იყო მისთვის მტკივნეული, მაგრამ ქვეყნისა და დემოკრატიისთვის საჭირო გადაწყვეტილება... რაც შეეხება მის გარშემო გავრცელებულ ხმებს, ვინმემ თუ იცის სატელევიზიო ბიზნესი, ისიც ეცოდინება, რომ ტელევიზია მოკლე დროში მომგებიანი ვერ გახდება. მიუხედავად იმისა, რომ "მე-9"-ზე პროფესიონალები მუშაობდნენ და არხს პოპულარობის პრობლემა არ ჰქონდა.

- როგორ ფიქრობთ, ვის უნდა გადაეცეს მისი მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოებას თუ ბიზნესმენებს?
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა მართოს სამოქალაქო საზოგადოებამ ტელევიზია. მსოფლიოში არც ერთი ტელევიზია ასე არ იმართება... ყველა ტელევიზია სახელმწიფო ან საქველმოქმედო გრანტების ბიუჯეტზე, ან კომერციულად იმართება. სამოქალაქო საზოგადოება აბსტრაქტულად როგორ მართავს ტელევიზიას, ეს უტოპია ჩემთვის ამოუხსნელია...

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, "მე-9" არხზე თქვენი და თეა სიჭინავას ძალიან მაღალი ხელფასების შესახებ...

- ჰო, აღფრთოვანება ვერ დავმალე, თურმე 38 ათას ლარს ვიღებდი. არადა, "მე-9" არხზე 4 ათასი ლარი მქონდა ხელფასი და ოფიციალურად "ბანკი ქართუში" მერიცხებოდა. ძალიან მინდა ამ ინფორმაციის ავტორი გავიცნო, ხელი ჩამოვართვა და მეგობრულად ვკითხო, სად "მოტეხა" დანარჩენი 34 ათასი ლარი. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ...

ლალი პაპასკირი
gia
24 აგვისტო 2013 20:13
აუდიტორებმა უნდა შეაფასონ 9 არხი და რაა ლუბამ
люба братцы люба нашим атаманам не приходиться тужить
გია
24 აგვისტო 2013 20:09
დაგვარეგისრირეთ სააქციო საზოგადოებაში, სად და როგორ ხდება რეგისტრაცია?
bugalteri maroi
23 აგვისტო 2013 11:03
ლუბა, ერთი კალკულატორი ჩემზე იყოს.....

რედაქტორის რჩევით