როგორ გაებნენ ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში? - კვირის პალიტრა

როგორ გაებნენ ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში?

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან"

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ, 2-4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და მათი 70 პროცენტი - ქალია, რომელსაც სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ და პროსტიტუციას აიძულებენ.

გასულ კვირას აჭარაში ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის ნარგიზბეგიმ რახმანოვა ამხილეს. ძალოვანებმა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლეს, რადგან მან ქვეყნის დატოვება მოასწრო და ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

აჭარის მოსახლეობა კარგა ხანია აპროტესტებს საროსკიპოების არსებობას. გონიოს მცხოვრებლები რწმუნებოდნენ, რომ მათYსოფელში 27 ბორდელი სასტუმროსა და კაფეს სახელწოდებით ინიღბებოდა. იქ ძირითადად, შუა აზიიდან ჩამოსული გოგონები იყვნენ დაკავებული მამაკაცების მომსახურებით. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ განგაში ატეხა და თითქმის ყველა უწყებას განცხადებით მიმართა, მათ შორის - პრეზიდენტსაც, რათა ფაქტებზე რეაგირება მომხდარიყო. ამბობენ, მსგავსი საროსკიპოები ბათუმშიც არსებობს - კონკრეტულად ასახელებენ კაფე-ბარებს, სადაც მეძავები მამაკაცებს ემსახურებიან.

ბრალდებულ ნარგიზბეგიმ რახმანოვას პროსტიტუციაში ჩაბმული 4 უზბეკი ქალი უპირისპირდება.

"ნარგისბეგიმმა 2013 წლის მარტში უზბეკეთიდან იმ პირობით ჩამომიყვანა, რომ ბარში კარგი ანაზღაურებით მამუშავებდა, მაგრამ მომატყუა. აქ რომ ჩამოვედი, წამართვა პასპორტი და მაიძულებდა, პროსტიტუციით დავსაქმებულიყავი. მემუქრებოდა - თუ არ დავემორჩილებოდი, ჩემს თავს აცემინებდა უზბეკი ეროვნების მამაკაცებს. მთელ თანხას, რასაც ამ გზით გამოვიმუშავებდით მე და სხვა გოგონები, ნარგიზბეგიმი თვითონ ითვისებდა", - ასეთი ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მსხვერპლმა. ანალოგიური შინაარსისაა სხვების ჩვენებებიც…

გამოძიებამ ნარგიზბეგიმ რახმანოვა, ტრეფიკინგთან ერთად, უმძიმეს დანაშაულშიც ამხილა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე კურორტ ბეშუმში, ცენტრალური გზიდან მოშორებით, ტყეში ერთ-ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით, ქალის გახრწნილი ცხედარი აღმოაჩინა. ქალი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მხოლოდ თავის ქალაღა დარჩენილიყო. ჯიბეში აღმოაჩნდა რუსული ფული და 30 თეთრი…

მიმდინარე წელს, გონიოში კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: ნაქირავებ სახლში მცხოვრები "სექსმუშაკებიდან" ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. მაშინ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა - იმასაც ამბობდნენ, რომ ქალი მოკლეს და შემდეგ ჩამოხრჩობის სცენა გაითამაშეს. დადგინდა, რომ გარდაცვლილი, ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ოჯახმა უსახსრობის გამო მშობლიურ კუთხეში ცხედრის გადასვენება ვერ შეძლო, ამიტომ ბათუმის მერიამ ის, როგორც უპატრონო მიცვალებული, ისე დაკრძალა. გაირკვა, რომ სახლი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, თურქეთის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები და მან სასწრაფოდ დატოვა გონიო.

უხოეთში სამუშაოდ წასული ბევრი ქართველიც გამხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლი და ხშირად მეზობელ თურქეთში ჩასული გაბმულა ანალოგიურ მახეში…

თეა ხურცილავა

(სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში)