გუჯა ბურდული: "ათას ჭირ-ვარამ გადამხდარ ნინოს პირველი ვინც დახმარების ხელს გაუწვდის, ჩემი გმირია" - კვირის პალიტრა

გუჯა ბურდული: "ათას ჭირ-ვარამ გადამხდარ ნინოს პირველი ვინც დახმარების ხელს გაუწვდის, ჩემი გმირია"

”წმინდა ნინოს ცხოვრება ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის მაცხოვრისადმი ერთგულების მაგალითია”

"ეს ფილმი ეხება კეთილშობილებას, სიყვარულს, ჩემს საქართველოს... საინტერესო და დროული ფილმი იქნება"... ამბობს ცნობილი მსახიობი გუჯა ბურდული, რომელსაც წმინდა ნინოზე მიძღვნილ ფილმში გადაიღებენ...

- რთულია სიტყვებით იმ ემოციიის გადმოცემა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი ამ პროექტის მიმართ განიცდის. გიორგი კერესელიძე ნიჭიერი რეჟისორია, დიდი შრომა და ენერგია აქვს გაღებული ამ უნიკალური პროექტისათვის. კადრირებული ჩანახატები საკუთარი ხელით აქვს შექმნილი, სცენარიც მის მიერ მაღალ დონეზეა შესრულებული. გია მორწმუნე ადამიანია და ფილმის გადაღებას კანონიკური წესების ზუსტი დაცვით აპირებს.…ფილმის მიზანია მაყურებელს დაანახოს, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის თავდადებისა და მაცხოვრისადმი ერთგულების მაგალითია.

- ბატონო გუჯა, თქვენ რა როლს განასახიერებთ?

- მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან როლის ვთამაშობ. ფილმში სამი მწყემსია. ერთ-ერთი გზას უჩვენებს წმინდა ნინოს. რეჟისორის თხოვნით მეტს ვერ გაგიმხელთ... ფილმის გმირები რამდენიმე ენაზე ლაპარაკობენ და საინტერესოა, ჩვენ რომელს შეგვირჩევს რეჟისორი... ათას ჭირ-ვარამ გადამხდარ ნინოს პირველი ვინც დახმარების ხელს გაუწვდის, სწორედ ჩემი გმირია, რომელმაც დიდი სითბო და სიყვარული უნდა დაანახოს დამფრთხალ და შეშინებულ გოგოს. სწორედ ჩემმა გმირმა უნდა დააკვალიანოს და იმედის ნაპერწკალი აუნთოს ნინოს, ქართული სტუმარ-მასპინძლობის მადლს აზიაროს და გზა უჩვენოს. ვაცნობიერებ, რომ ღვთის მადლით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მერგო.

- თუ არ ვცდები, წმინდა ნინოზე ადრეც გადაიღეს ფილმი...

- დიახ, რეჟისორმა ომარ გვასალიამ 30 წლის წინ გადაიღო, სადაც მე მეფე მირიანი განვასახიერე. შემდეგ თქვეს, ფირი დაიკარგაო... მაშინ სხვა დრო იყო და ფილმზე დიდი ამბავი ატყდა. კომუნისტების დროს არ გინდოდა ასეთი თემის გადაღება?! იმდენად მწირი თანხები გამოყვეს, კოსტიუმებზე ძლივს ეყოთ ფული. მე გრძელი წვერი მოვუშვი და მაშებით, რომელსაც ცეცხლზე ვაცხელებდით, ვიხვევდი. ყოველდღე აცხელებდა გრიმიორი მაშებს და წვერს მიხვევდა. ხან წვერი მეტრუსებოდა, ხან - კანი მეწვებოდა, მაგრამ მეფე მირიანის ‘ხათრით" ყველაფერს ვითმენდი... ბოლოს ისე ხდება, რომ მდინარეში შევდივარ და არაგვის წყალს თავზე ვისხამ, რომელიც წვერზეც ჩამოდის და ასწორებს, მე კი ხელით ვეხმარები. ახვეული წვერი ხომ წარმართულ გავლენად ითვლებოდა და არაგვის წყლით მისი გასწორება, შესანიშნავი მიგნება იყო -  მირიანმა რელიგიასთან ერთად სახეც იცვალა... ეს იყო პირველი წმინდანი, რომელიც განვასახიერე. მახსოვს, სულ შევიცვალე, სიარულის მანერაც კი შემეცვალა, გამოხედვა და იერი, ვარცხნილობა და წვერი... ცხენზე ჯდომის მანერაც დავხვეწე, მეფე მირიანს რომ შეეფერებოდა, ისე.

- როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა თაობას დააინტერესებს წმინდა ნინოზე გადაღებული ფილმი?

- როგორ შეიძლება ამ ფილმმა ახალგაზრდა არ დააინტერესოს?! ფილმი ეხება კეთილშობილებას, სიყვარულს, ჩემს საქართველოს. ზოგიერთი ფილმის ნახვას  სჯობს ერთხელ ნახო და კარგი... ძალზედ საინტერესო და დროული ფილმი იქნება! მოგეხსენებათ, ბოლო დროს ქართული საზოგადოება არ არის განებივრებული მაღალი დონის ქართული კინოპროდუქციით. ახლაც არის საფრთხე ამ ფილმზე უფლებები სხვა ქვეყნებმა წარადგინონ, თუ არ გამოჩნდებიან ნამდვილი მეცენატები, ჩვენი დროის სარაჯიშვილები, რომლებიც ღრმა ეროვნულ საქმეს მხარს დაუჭერენ და დააფინანსებენ. მწამს, რომ ეს ფილმი თაობებს დარჩება და გიორგი კერესელიძე, ქართული კინემატოგრაფიის ტრადიციების გამგრძელებელი, ნიჭიერი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, შეძლებს ქართული გენის სათანადოდ წარმოჩენას. ჩვენც, მთელმა ქართულმა საზოგადოებრიობამ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი უნდა შევუწყოთ ამ მამულიშვილური საქმის წარმატებით დაგვირგვინებას.