რას უკავშირდება კაკო ასათიანის გამოსახლება - კვირის პალიტრა

რას უკავშირდება კაკო ასათიანის გამოსახლება

"სახელმწიფო პოლიტიკა იყო დანაშაულებრივი, როცა მთელი ქვეყანა იქცა მევალეებად და მოვალეებად"

"მინდოდა სასტუმრო გამეკეთებინა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ჩანაფიქრი ჩამეშალა"

პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი, "ტრადიციონალისტების" ლიდერი კაკო ასათიანი თბილისში, სულთანიშვილის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიანი სახლიდან გამოასახლეს. მისივე განმარტებით, დაემართა ის, რაც უამრავ ოჯახს დაემართა საქართველოში.

"ბანკიდან ვალი მქონდა გამოტანილი და იმის გამო, რომ სესხი ვერ დავფარე, სახლი ჩამომერთვა. მიზეზი ბანკის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესუსრულებლობაა და სხვა არაფერი." - აცხადებს ასათიანი.

მიუხედავად ამისა, ასათიანის ოჯახის საკუთარი სახლიდან გამოსახლების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა ეს ფაქტი "ტრადიციონალისტთა" ლიდერის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. ამბობენ, რომ ასათიანს კარგა ხანია ბანკის ვალი აქვს და სახლს ყადაღა ედო, მაგრამ მაინც აცლიდნენ სახლში ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც გაახმოვანა პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სურვილი, სახლიც ჩამოართვეს(?!) იმასაც ამბობენ, რომ ასათიანს კარგა ხანს აცადეს სახლის გაყიდვა, რათა არა მხოლოდ ბანკის, არამედ კერძო მევახშეების ვალებიც დაეფარა, მაგრამ ამაოდ. სახლი არ გაიყიდა და ბანკმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უკიდურეს ფორმას მიმართა.

გამოსახლების პროცესში გაირკვა, რომ აკაკი ასათიანს ბანკის გარდა კერძო მევახშეების ვალებიც ჰქონია. მათ პრეზიდენტობის კანდიდატს ვალების გასტუმრება მოსთხოვეს.

აკაკი ასათიანი - ბინა დავცალე, რასაც პოლიცია ესწრებოდა. ეს ბინა ამჟამად ბანკს ეკუთვნის. მაქვს კიდევ სხვა პრობლემები კერძო ადამიანებთან ვალის სახით. ვარ მძიმე მდგომარეობაში, რაშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება ათასობით ადამიანი. მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ამ თემის გადადება-გადმოდების აღსრულების შეჩერება ვერ ხერხდება. სახელმწიფო პოლიტიკა იყო დანაშაულებრივი, როცა მთელი ქვეყანა იქცა მევალეებად და მოვალეებად.

- განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თქვენი ვალი თითქმის მილლიონ დოლარს აღწევს. რისთვის გინდოდათ ეს ფული, თქვენს კერძო ბიზნესზე აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

- არანაირი ბიზნესი არ მქონია და რომ გადავწყვიტე მქონოდა, ეგ იყო შეცდომა. ფული სწორედ მაგ სახლის აშენებას მოვახმარე. მინდოდა სასტუმრო გამეკეთებინა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ჩანაფიქრი ჩამეშალა. აბა, რა სასტუმროს გავაკეთებდი, აირია ქვეყანა.

- ამბობენ, რომ შესაძლოა სახლიდან გამოსახლება უკავშირდებოდეს თქვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?

- ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, ეს ვივარაუდო. შემდეგში მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რა დავასკვნა.

- შეცვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ ისევ ეცდებით მონაწილეობა მიიღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში?

- არა, არანაირად არ შევცვლი გადაწყვეტილებას. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ვიბრძოლებ.

- კერძო მევახშეების ვალიც გქონიათ. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი თქვენს სახლთან…

- დიახ, მაგრამ მათი ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილისთვისაც გადასახდელი მაქვს თანხა.

- სულ რა რაოდენობის თანხა გაქვთ დასაფარი?

- არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ახლა ვანგარიშობ. ეს ძალიან დიდი თანხაა. სახლის გაყიდვა რომ შემძლებოდა, ყველაფერს გავისტუმრებდი. სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ახლობელთან. შემდეგ ალბათ ქირით გადავალთ.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)