როგორ იკითხება დაშიფრული სიტყვა ანას დღიურში
26-08-2013
როგორ იკითხება დაშიფრული სიტყვა ანას დღიურში
ფრაგმენტები ანა კალანდაძის დღემდე უცნობი დღიურებიდან

"ბედნიერი მაშინ ვიყავი, არავინ რომ არ იცოდა, ლექსებს თუ ვწერდი და ჩემი ლექსები ჩემთან იყვნენ"


მისამართი ადრეც ვიცოდი... მეორე სართულზე ასვლისას, რატომღაც სულ მაღალი რომ მეჩვენებოდა, გული საგულედან მივარდებოდა, რადგან აქ ქართველი კლასიკოსი ქალბატონი ანა კალანდაძე ცხოვრობდა. პოეტის ბინაში ახლა არავინ ცხოვრობს, იქვე, მოპირდაპირე კარია - მისი ძმის ოჯახის.


სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ამ ბინაში გაატარა. აქ, დიდ მაგიდასთან, ანა კალანდაძეს თავისი ადგილი ჰქონდა, მის
სკამს არასოდეს არავინ დაიკავებდა. სუფრის გაშლამდე  აუცილებლად ჰკითხავდნენ, - ოჯახთან ერთად სადილობა ერჩია, თუ თავის სამუშაო გარემოში. ყველაფერი ისე იყო, როგორც ის ინებებდა... მისი სიმშვიდის გარანტი რძალი - თინა ყანდარელი გამხდარიყო. რამდენჯერმე, ანა ავად რომ გახდა და თინა მოხუცი მშობლების სანახავად საგარეჯოში ვეღარ წავიდა, დედ-მამას
მოუბოდიშა, ვერ დავტოვე ავადმყოფიო. ისინი პირიქით დაარიგებდნენ - მთავარია, ანას მიხედოო...
ქალბატონ თინას ვთხოვე, ქართული პოეზიის დედოფალზე გვესაუბრა... საქვეყნოდ საუბარი მიჭირსო, - მითხრა მოკრძალებულად, მაგრამ რაკი პოეტზე ყველაზე მეტის მოყოლა შეუძლია, უარი ვეღარ თქვა...

- "სით მოიფიქრე წისქვილის ქვების ვარდის ტოტებზე ჩამოკიდება", - ანას ამ სტრიქონებს რომ ვკითხულობ, მისი ცხოვრება მიდგას თვალწინ. არავინ იცის, რა სიმძიმე აწვა მხრებზე, რა დარდი...
ძნელად წარმოვიდგინე, რომ ანა კალანდაძე, რომელიც ასე უყვარდა მთელ საქართველოს, რომლის ლექსებსაც ხელით იწერდნენ და უბის ჯიბით დაატარებდნენ, რომელიც ასეთ თბილ ოჯახში ცხოვრობდა, მაინც წისქვილის ქვების სიმძიმეს გრძნობდა მხრებზე... ცხადია, დამეტყო, რომ მაინტერესებდა ამ სიმძიმის მიზეზი, მაგრამ ქალბატონმა თინამ დელიკატურად გადაიტანა სიტყვა:

- ერთხელ ვუთხარი, რა ბედნიერი ხარ, რომ ხალხს ასე უყვარხარ, შენი ლექსები ზეპირად იციან-მეთქი. ბედნიერი მაშინ ვიყავი, არავინ რომ არ იცოდა, ლექსებს თუ ვწერდი და ჩემი ლექსები ჩემთან იყვნენო.  მურმან ლებანიძე მისი ახლო მეგობარი იყო, მოვიდოდა, გამოაღებდა უჯრას, - მომეცი, რაც გაქვს დაწერილი, დავბეჭდოთო. ანა თითო-თითოდ გამოაძვრენდა ხოლმე ფურცლებს და გაჭირვებით გადასცემდა. ერთხელ ნოდარ დუმბაძემ უთხრა, - ორი ინფარქტი მაქვს გადატანილი და ნუ მანერვიულებ, მომეცი ლექსები, მინდა ჩემს სიცოცხლეში წარგადგინო რუსთაველის პრემიაზეო.

- უცნაური ხასიათი ჰქონდაო...
- ძალიან მგრძნობიარე იყო. მისთვის ერთ სიტყვას, მცირე ყურადღებასაც კი ჰქონდა მნიშვნელობა. ისეთ რაღაცასაც მიამბობდა, არავისთვის რომ არ უთქვამს. იცოდა, რომ არასდროს წამომცდებოდა...

- საინტერესოა ანა კალანდაძის არქივი... დღიურს ხომ არ წერდა?
- დღიურების 87 რვეული დარჩა. კარგა ხანს ხელი ვერ მოვკიდე. ახლა დავიწყე კითხვა. ჯერჯერობით არაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებთ, მომავალშიც ალბათ ფრაგმენტების სახით თუ გამოქვეყნდება ეს ჩანაწერები.

- დღიურების წერა რა ასაკიდან დაიწყო?
- საკმაოდ გვიან. ანა ძალიან დაახლოებული იყო სიმონ ჩიქოვანთან, მისი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის დროს გამოჩნდა ანა... 1969 წელს, სიმონის გარდაცვალების შემდეგ ანას სთხოვეს, სიტყვა დაწერეო. უარს როგორ იტყოდა, მაგრამ უცებ გაუჩნდა განცდა, რომ აღარაფერი ახსენდებოდა. მაშინ დაიჩივლა, როგორ არ ვაკეთებდი ჩანაწერებსო. მას მერე ყველაფერს დაწვრილებით წერდა...
ახლა ვკითხულობ და ბევრი რამ მახსენდება, ბევრიც პირველად გავიგე. არ უყვარდა მოეყოლა ისეთი ამბები, რაც მის წარმატებებს უკავშირდებოდა. ერთ ჩანაწერში უწერია, - ჩემი აკადემიკოსობის ამბავი თინამ პურის რიგში გაიგოო. მართლაც, აკადემიკოსი რომ გახდა, არ უთქვამს შინ.
როგორ ღელავდა ხოლმე, როცა კორესპონდენტი უნდა მისულიყო: "ნუთუ სიკვდილმისჯილნი უფრო ღელავენ კარზე მოკაკუნებისას... კითხვარს თვალი გადავავლე, რა წყალს მივცე თავი, არ ვიცი... ღმერთო, ხვალინდელი დღე გადამატანინე! და მოდის ღამე, მიდის დღე ამ ყოფაში", - ჩაუწერია 1997 წელს... მას მერე, რაც აკადემიკოსი გახდა და მეცნიერებათა აკადემიაში სხდომებს ესწრებოდა, ჩაუწერია:

"მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევნებისას: ღმერთო ჩემო, რა ვიცი, ვინ ვინაა"...

- ლექსებზე როდის ან როგორ მუშაობდა?
- ერთ დღეს მასთან შევედი. მკითხა, სადილი რამდენ ხანში იქნებაო. ნახევარ საათში-მეთქი. ნახევარ საათში დავურეკე, რომ მეკითხა, სადილად გამოვიდოდა თუ მასთან შემეტანა. ყურმილი არ აიღო. მივედი კართან, ვაკაკუნებ, არ აღებს კარს. შემოვუარე სახლს. შუქი ანთია. ნამდვილად რაღაც მოხდა-მეთქი. წამოვედი, ნაჯახი ავიღე, კარი უნდა შემემტვრია. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი. ანა იყო - გახედე, ერთი, კარზე ვინ აბრახუნებსო. მე ვაბრახუნებ-მეთქი... ისე იყო ჩაფლული სამუშაოში, ამხელა ამბავზეც კი არ შეუწყვეტია წერა.

- ვიცი, ძალიან მორიდებული იყო, ეუხერხულებოდა, რომ ცნობდნენ...

- ძალიან განიცდიდა, როცა აქებდნენ. იმისიც კი ეუხერხულებოდა, რომ ეს ჩაეწერა... მის დღიურში ერთი ჩანაწერია: "თათია მეუბნება (ხაინდრავა) კონსტანტინემ იტირა ამას წინათ: ამ გოგოში როგორ თავსდება ამდენი სითბო და ......" ბოლოს რაღაც გაურკვეველი სიტყვა ეწერა. გამახსენდა: ერთხელ მითხრა, რაღაც უნდა გითხრაო, მერე კი გადაიფიქრა, - არ გეტყვი, სადაც საჭიროა, იქ ჩავწერო. გამეღიმა, მომავალში რომ ვნახო და წავიკითხო-მეთქი? ვერ წაიკითხავ, დავშიფრავო. იმ გაურკვეველ სიტყვას დიდხანს ვუტრიალე და გავშიფრე - "გენიალობაო" ეწერა. მოერიდა და ეს სიტყვა ვერც კი ჩაწერა...
ერიდებოდა მაღაზიაში შესვლა. სამოსსაც კი მე ვურჩევდი, მაგრამ ფეხსაცმლის საყიდლად ხომ უნდა წამოსულიყო. ბაზრობაზე გამყიდველმა ქალმა იცნო. ქალბატონო ანაო, დაიძახა და დახლზე გადმოხტა. თელავიდან ვარ, აქ რომ გნახეთ, უბედნიერესი ვარო. რაც იმას ჰქონდა, არ მოერგო. გაიქცა, ხუთი წყვილი მოუტანა... მოგვერიდა და ორი ავიღეთ, თუმცა არც ერთი არ მომეწონა.

- ქალბატონ ანას მოეწონა?
- ანას, ოღონდაც ჩაეცვა და არ ჰქონდა მნიშვნელობა.

- ძმისწულებთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
- ძალიან უყვარდა გიორგიც და ქეთიც. ისინიც აღმერთებდნენ მამიდას. ანა მამიდას ნუ მეძახიან, ანამა დამიძახონო. მისთვის კალმებს სულ ქეთი ყიდულობდა. თავად დღეში ორჯერ უხდებოდა შესვლა უნივერმაღ "თბილისში", რადგან იქ იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტისკენ ამავალი კიბე. ამბობდა, ვერ ვახერხებ, რომ მივიდე და კალმები ვიყიდოო... არ ყიდულობდა. იქნებ ერიდებოდა კიდეც...

- როგორი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები?
-"ლეჩკომბინატში სტენტირება გაუკეთეს. კარგად გადაიტანა, თუმცა მერე დაეწყო ანემია. ერთ საღამოს ქეთის დაურეკა... რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ გაურკვევლად... ინსულტი მოსვლოდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში. ამ დღიდან მოყოლებული, 68 დღე იწვალა. დავუჯდებოდი სასთუმალთან და ველაპარაკებოდი. ერთხელ დაიჩივლა: რა მალე თენდება, რა მალე ღამდებაო. მერე გადმომხედა და წყნარად მითხრა, - თინა, არ მინდა სიკვდილიო. სიცოცხლეზე შეყვარებული დარჩა ბოლომდე... უკანასკნელ დღეს, ცუდად რომ იყო, ვუთხარი, ნუ გეშინია, ახალი წამალი გამოსულა და გიორგი საშოვნელად წავიდა-მეთქი. ცოტა ხანში მოვიდა გიორგი. ანამა, როგორ ხარო. ანამ: რა ქენი, იშოვეო... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვა.

"ლამის სახლში შემოიჭრას თუთა..."

ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი "თუთა" უამრავმა ადამიანმა იცის ზეპირად. ალბათ, ისიც იციან, რომ ნამდვილად არსებობდა თუთის ხე, რომელზეც პოეტმა ეს უკვდავი სტრიქონები დაწერა. ის თუთა სოფელ ხიდისთავში იდგა და მართლაც "ლამის სახლში შეჭრილიყო". მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი თუთის ხე - ანას თუთა თბილისში, მის სახლთან. იქ პოეტი საცხოვრებლად 1979 წელს გადავიდა და როგორც ამბობენ, მას მერე მოულოდნელად ამოიყარა და გაიზარდა თუთის ხეც, რომელიც  რამდენიმე წელიწადში იმხელა გახდა, რომ ანა კალანდაძის აივანზე "შეიჭრა". სწორედ აივანზე, თავის თუთასთან აქვს გადაღებული ეს ფოტო. გაზაფხულზე პოეტი თავისი აივნიდან ლამბაქზე აგროვებდა თუთის ტკბილ, შავ ნაყოფს და უსაყვარლეს ძმისწულებს მიართმევდა ხოლმე.

დღეს ანა კალანდაძის სახლს ქუჩის მხრიდან მემორიალური დაფა ამშვენებს: ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი-აკადემიკოსი ანა კალანდაძე. ეზოს მხარეს კი ისევ დგას ანას თუთა, როგორც არანაკლები მემორიალი.
ninos
27 აგვისტო 2017 16:35
შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ, და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა,
თუ... მავანი კვლავ გაიყიდება და დაემხობა მამონას ფეხთან? - ეს ანას შიშია, რომელიც გამართლდა: კვლავ დაემხო მავანი მამონას ფეხთან. "არსით არის ხსნა ფარისეველთაგან". ნინო, ეს პოლიტიკაა?
juli
27 აგვისტო 2017 01:52
წარსულში დავბრუნდი. ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი წმინდა სული.
თემური
26 აგვისტო 2017 11:20
თავმდაბალი ადამიანი,ერის მოსიყვარულე-ესეთი ხალხი სჭირდება დღეს ქვეყანას.უსაყვარლესი პოეტი!

რედაქტორის რჩევით