მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?..
26-08-2013
მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?..
უზარმაზარი ტყის მასივების გაჩანაგების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური პრობლემები სარჩო-საბადებელს და თავშესაფარს უსპობს ფაუნას - ცხოველები საცხოვრებლად უვარგის გარემოს ტოვებენ და გარბიან, თუმცა მძიმე პირობებს გადარჩენილები ბრაკონიერების სისასტიკეს ეწირებიან. პერიფერიებში არსებული რესტორნები კვლავაც სავსეა ერთი ციდა გალიებში გამომწყვდეული მხეცებით. მომვლელებმა კი თავი დაცულად რომ იგრძნონ, ბელებს და მგლის ლეკვებს ადრეულ ასაკში კბილებს აძრობენ(!), - თუ აიშვეს, ასე ნაკლებად საშიშნი არიან, ვერ დაგვგლეჯენო. სამწუხაროდ, ამ ბოროტების ჩამდენები დღემდე დაუსჯელნი არიან. არადა, კანონი
კატეგორიულად კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას!


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი (რომელიც მალევე გააქრეს), სადაც საქართველოს ერთ-ერთ მთიან სოფელში გლეხების მიერ დათვის მოკვლის კადრებია ასახული. კანონი კი დათვზე ნადირობას კრძალავს! 

ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბელს თაკარა სიცხეში კისერზე ჯაჭვმობმულს და ალიკაპით პირაკრულს დაატარებენ
მასთან ფოტოს გადაღების მსურველთათვის. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბიზნესიც დასჯადია!
ევროპის ქვეყნებში ამის ჩამდენი გვარიან ფულად ჯარიმას და პატიმრობასაც კი გამოჰკრავდა ხელს. ჩვენთან კი... სად არიან კანონის და სამართლის აღმასრულებლები? ან სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო?!

...რამდენიმე წლის წინ, იმერეთისა და ქართლის სოფლებში ძროხებს უცნაური დაავადება შეეყარათ. იმის გამო, რომ გლეხებმა ვერ გაიგეს, პირუტყვს რა სჭირდა, იძულებული გახდნენ საქონელი დაეკლათ. ეს კი მომაკვდინებლად მოქმედებდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართე (ბაკურ კვეზერელის მინისტრობის დროს) კითხვით, რა ეშველებათ პირუტყვს და გლეხებს? ჩვენ არაფერი ვიცით, ძროხებს არ მოუმართავთო(?!).

იმდენად დამაბნია პასუხმა, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც პასუხისმგებელი პირი ერქვა, კიდევ ერთხელ ვთხოვე დაეზუსტებინა, რას ამბობდა. მანაც გამიმეორა, - პრობლემა არ არსებობს, რადგან ძროხებს ჩვენთვის არ მოუმართავთო. დღემდე ვცდილობ დავიჯერო, რომ შეეშალა, მაგრამ...

ეს ამბავი მხეცების პრობლემაზე გამახსენდა, ნუთუ ამ საწყალმა დათვებმა და მგლებმა საჩივარი უნდა დაწერონ, რომ ახლა მაინც დაინტერესდნენ გაწამებული ცხოველების ბედით?! დაობლებული ბელებით არის სავსე მონასტრები. იმის გამო, რომ ზოოპარკი გაუბედურებულ მხეცებს ვეღარ იტევს, პრობლემას მონასტრები შეეხიდნენ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი.

რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიღომში გზაზე მობანცალე პატარა "ბურთი" შენიშნეს. მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ შიმშილისგან მილასლასებული დათვის ბელი იყო. დიღომში ბელი ტყიდან შემთხვევით ვერ მოხვდებოდა, საქმეში აშკარად ბრაკონიერის ხელი ერია. ალბათ დედა მოუკლეს და ბელი წამოიყვანეს, რომ მერე რესტორნისთვის ან სხვა ისეთი დაწესებულებისთვის მიეყიდათ, სადაც ამ ბიზნესით ხელს მოითბობდნენ. "დიღმელი" ბელი ზოოპარკში მოაძლიერეს და დაიწყეს ისეთი პატრონის ძებნა, რომელიც ტყესთან ახლოს ცხოვრობს და ბელს ბუნებრივ გარემოში გაზრდასა და ტყესთან ადაპტირებაში დაეხმარებოდა. "დიღმელი" ბელი წაიყვანეს ერთ-ერთი მონასტრის ბერებმა, რომლებმაც თურმე კიდევ ერთი დასაღუპად განწირული ძუ ბელიც იხსნეს ბრაკონიერებისგან. უკვე ორივე გაზრდილა, მაგრამ სრულფასოვან გარეულ ცხოველებად ვერ ჩამოყალიბდნენ. დღისით ტყეში დარბიან, ღამით კი შინაური პირუტყვივით ბრუნდებიან შინ საკვების მისაღებად.
გარეულ მხეცებსაც კი ისე ათვინიერებს სიყვარული, რომ ადამიანთან ახლოს ყოფნას ამჯობინებს ტყეში გაქცევას. ჩვენ? ჩვენ სიყვარულის უნარს ვკარგავთ და სადიზმი გვიტაცებს. თანაც არა მხოლოდ ცხოველების მიმართ.
datiko48
29 აგვისტო 2013 08:18
ნელ-ნელა ადამიანი კარგავს სულს,ცხოველი კი არა გაჭირვებულ კაცს რომ დაინახავს,არ ადარდებს.ერთი ბოროტება გამახსენდა,93-ში მხედრიონელმა ცოცხალ ირემს ბარკალი მოაჭრა ზოოპარკში,მოენატრა მაგ ნაძირალას ბარკალი,და ისე მიატოვა სასიკვდილოთ,წამებაში ამოხდა სული ირემს,და შეიძლება იმ ვითომ ადამიანს,ადამიანი ვუწოდოთ?
anuki
28 აგვისტო 2013 15:22
ქობულეთში ადამიანისმაგვარი "მხეცი" ყოველ წელს ასეთ პირაკრულ პატარა ბელებს დაათრევს თაკარა და აუტანელ სიცხეში, კი არის ეს ქმედება დასჯადი მაგრამ რად გინდა, ყველა ხედავს ამ საცოდავი ბელების წამებას მაგრამ ხელს არავინ ანძრევს მათ დასახმარებლად. საერთოდ ეს ხომ უპატრონო ქვეყანაა, ადამიანების ბცდი არავის ადარდებს და ცხოველს შეიბრალებენ?!
nat
27 აგვისტო 2013 16:46
დგეს ადამიანები ბევრად საშიშნი გახდნენ ვიდრე ცხოველები

რედაქტორის რჩევით