ნუგზარ შარია – "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე..." - კვირის პალიტრა

ნუგზარ შარია – "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე..."

"ვინაიდან მე ვარ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, თბილისში რომ მოვდიოდი, ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს ტელეფონით ვესაუბრე. ობამას ვუთხარი, ჩავალ, ვნახავ, რა მდგომარეობაა და საქმის კურში ჩაგაყენებთ-მეთქი. ეს არის ერთი მისია, რომლისთვისაც საქართველოში წამოვედი და მეორე კი გრანდიოზული კინოეპოპეის განხორციელება"... ამბობს მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შარია ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას...

ნუგზარ შარიას უკვე გამზადებული აქვს სცენარი "წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი"... რეჟისორმა ჩვენს შეკითხვებსაც უპასუხა...

- ბატონო ნუგზარ წმინდა ნინოს შესახებ ფილმს იღებს გიორგი კერესელიძე და ძალიან სერიოზული სამუშაოებიც ჩატარდა ამ მხრივ...

- ეგ მე არ მაინტერესებს, მე თქვენ გიკარნახებთ უწმინდესისა და უნეტარესის მიერ, ასე ვთქვათ კურთხევას - "ბატონ ნუგზარ, შევიტყვეთ, რომ გაქვთ სურვილი ინგლისურ ენაზე გადაიღოთ მხატვრული ფილმი წმინდა ნინოსა და ქეთევან წამებულთან დაკავშირებით. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს და მიესალმება თქვენს ინიციატივას. ჩვენის მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია კონსულტანტის გამოყოფა, რომელთანაც შეთანხმდება გადაღების პროცესი და მონტაჟი. სცენარი უკვე წაკითხულია და მოწონებული. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მრავალ საქმეთა აღსასრულებლად" - ღრმა პატივისცემით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე.

- მსახიობები შერჩეული გყავთ?

- ამ გრანდიოზული კინოეპოპეის მთავარსარდალი არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის მუსიკა ფილმში იქნება გამოყენებული ე.წ. "საუნდთრეკად". სამხატვრო ხელმძღვანელი კი გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, ბატონი რევაზ ჩხეიძე. ჯერ ფილმი სრულად დაფინანსებული არ არის და გადაჭრით ვერ გეტყვით, ვინ რა როლს ითამაშებს. სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე, მაგრამ მეგავარსკვლავები 25 მილიონი დოლარი ღირს და არის ვინმე გადამხდელი?! მთავარია, რომ ეს ფილმი დადგმული უნდა იქნას ქართული ძალებით! საუბედუროდ, საქართველოს მოსახლეობა დღეს განახევრებულია და ფილმი დანახარჯებს ვერ აინაზღაურებს, თუ ის იქნება გადაღებული მხოლოდ ქართულ ენაზე. ინგლისურ ენაზე გადაღებულ ფილმს ნახავს მსოფლიო - ინგლისი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, რუსეთი და ფილმის ავტორები მილიონობით მოგებას მიიღებენ... როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი მონახულ უნდა იქნას სოფლებში და არა სამოდელო სააგენტოებში. იგი უნდა იყოს 15 წლის ებრაელი გოგონა, რომ ფლობდეს ენას, რომელზეც ლაპარაკობდა ქრისტე. რაც შეეხება ქეთევან დედოფალს, აქ უწმიდესი და უნეტარესი დაგვთანხმდა, რომ მოწვეულ უნდა იქნას საერთაშორისო კლასის უცხოელი ვარსკვლავი. დანარჩენი პერსონაჟები ძირითადად უნდა იყვნენ ქართველი მსახიობები...

- თქვენ ამბობთ, რომ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან პირდაპირი კონტაქტი გაქვთ, ხართ მისი ოფიციალური წარმომადგენელი, გაუგზავნეთ სცენარები და ისინი დღესდღეისობით თეთრ სახლშია, პირადად ბარაკ ობამას საწერ მაგიდაზე...

- დიახ, ნამდვილად ასეა... ახლავე წაგიკითხავთ წერილს, რომელიც არის პირველი გამოძახილი ბარაკ ობამას მხრიდან ჩემს მიმართ. "თეთრი სახლი, ვაშინგტონი. ნება გვიბოძეთ, შევძლოთ თქვენთან ღრმა თანამშრომლობა და მადლობა გადაგიხადოთ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ შეერთებული შტატების კულტურაში - კინოხელოვნებაში, მუსიკაში, თეატრში, ბროდვეიზე და სხვა... დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გაწეული დაუფასებელი შრომისთვის, რაც თქვენ გაწიეთ შეერთებული შტატების კულტურის განვითარებაში. ღრმა პატივიცემით ბარაკ და მიშელ ობამები... მაქვს მისი მეორე წერილიც, სადაც იგი მადლობას მიხდის მილოცვისთვის – მე მას ნობელის პრემიის მიღება პირადად მივულოცე.

- თქვენ ამბობთ რომ ბარაკ ობამას უნდა მოახსენოთ რა ხდება დღეს საქართველოში. იქნებ გაგვიმხილოთ რას ეტყვით მას. როგორია დღეს თქვენი თვალით დანახული საქართველო?

- მე ამას ვერ გეტყვით, რადგან საქართველო დღეს დუღილის პერიოდშია. ჯერ განაჩენის გამოტანა არ იქნება იქნება სწორი, წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები და ვიმეორებ რომ არის დუღილის პერიოდი. ვიტყვი ხაზგასმით, რომ საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებს საქართველოს. პირველ რიგში, ამ სიტყვებს გავაგზავნი თეთრ სახლში.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)