როცა სიყვარულს ხელ-ფეხი არ სჭირდება - კვირის პალიტრა

როცა სიყვარულს ხელ-ფეხი არ სჭირდება

ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის უჩვეულო სიყვარულის ამბავი

ომის კვალმა სიყვარული ვერ წაშალა

თაკო ფსუტური: "ღმერთს მადლობას ვუხდიდი, ცოცხალი რომ დამიბრუნდა. ამ განსაცდელმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული"

ცოტა ხის წინ, "კვირის პალიტრის" საიტზე, "დუდანას ბლოგში", ამერიკელი წყვილის ემოციური ფოტოისტორია გამოქვეყნდა. ჯარისკაცი ტეილორ მორგანი 2011 წელს ავღანეთში თვითნაკეთი ნაღმით აფეთქდა და ოთხივე კიდური დაკარგა. შეყვარებულმა არ მიატოვა - ხეიბარს ცოლად გაჰყვა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება შეჰფიცა.

ამ საოცარ ამბავს მკითხველთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ამერიკელი წყვილი ჩვენი დროის გმირები არიან და მხოლოდ ასეთი სიყვარული გადაარჩენს სამყაროსო. თუმცა იმასაც წერდნენ, ქართველებს ასეთი სიყვარული და ერთგულება არ შეგვიძლიაო.

უნდა გავაწბილო ამ გზავნილების ავტორები და მსგავსი სიყვარულისა და სამაგალითო ერთგულების ამბავი ქართულ სინამდვილეშიც დავანახო(!).

2010 წლის აპრილში, ავღანეთის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. სამშვიდობო მისიის შესრულებისას მე-3 ქვეითმა ბრიგადამ დიდი დანაკარგი განიცადა - დაიღუპა 16 სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე), ათეულობით დაიჭრა და დასახიჩრდა. იმ დროისთვის მქონდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ჰილმენდის პროვინციაში ნაღმით აფეთქებული და უხელფეხოდ დარჩენილი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოიყვანეს... ისინი ამერიკაში პროთეზისთვის გამგზავრებას ელოდნენ.

საფუძვლიანად შიშობდნენ, რომ თუ პროთეზი დროულად არ გაკეთდებოდა, ამპუტირებულ კიდურებზე დარჩენილ ძვლებში კალციუმი განილეოდა და პროთეზირება შედეგს ვერ გამოიღებდა.

თავდაცვის სამინისტროდან, რომელსაც ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დაჭრილებთან გასაუბრება კი - წარმოუდგენელი, მაგრამ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეძებნა დაჭრილი ჯარისკაცები - სოციალური ქსელებით ვთხოვდი დახმარებას ყველას, ვისაც სამხედრო ფორმაში გადაღებული ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.

სწორედ ასე გავიცანი კაპრალი მორის საბაშვილი, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. დაჭრილი და დასახიჩრებული ჯარისკაცების შესახებ მისგანაც ვერაფერი გავიგე და ჩვენი ნაცნობობა ცხარე კამათით დასრულდა. რა თქმა უნდა, განზრახვაზე უარი არც ამის შემდეგ მითქვამს. გორის ჰოსპიტლის ერთ-ერთი ექიმის ვინაობა დავადგინე და მიღებაზე ჩავეწერე. როგორც კი შენობაში შევაღწიე, ჯარისკაცების ძებნა დავიწყე. სამედიცინო პერსონალმა გვერდიგვერდ მდებარე პალატებისკენ მიმითითა. პირველსავე კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.

ოთახში კაპიტანი ალუდა სეთურიძე დამხვდა. სწორედ ის, ვინც გერმანიის სამხედრო კლინიკაში ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ მოინახულა. ალუდასაც ნაღმმა ორივე ფეხი და ხელების თითები მოსწყვიტა. დიდხანს ვისაუბრეთ... ისიც ვუამბე, რომ ვინმე კაპრალ მორის საბაშვილთან კამათი მომივიდა, რადგან მე მხოლოდ ექსკლუზიური ინფორმაციის მაძიებელი არ ვიყავი, მართლა მსურდა დასახიჩრებულ ბიჭებს დავხმარებოდი.

გაოცებულმა შემომხედა: მორისი ჩემ გვერდით პალატაში წევს, ნაღმმა ორივე ფეხი და მარჯვენა ხელი წააცალაო. ძნელია სიტყვებით იმის გადმოცემა, რას ვგრძნობდი იმ წუთებში... რამდენიმე წუთში ალუდას პალატაში საბაშვილიც გამოჩნდა, ახლობლებმა ინვალიდის ეტლით შემოიყვანეს. ვერ მიცნო. გაკვირვებული მიყურებდა. შემდეგ მკითხა, - როგორ მომაგენი, მე ხომ დაგიმალე, რომ თავად ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეძებდიო. მე ის არ მიძებნია, ეს ბედისწერა იყო(!).

იმ დროს გორის ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი 18 ჯარისკაცი ელოდა ამერიკაში პროთეზირებისთვის გამგზავრებას. მათ შორის ყველაზე უმცროსი, 24 წლის მორის საბაშვილიც... გავიგე, რომ მორისს კლინიკაში ყოველდღე შეყვარებული აკითხავდა და პროთეზირების შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინებას აპირებდნენ. ამის შემდეგ "კვირის პალიტრაში" სტატიაც დაიბეჭდა - "თუ გინდათ, რეალურად ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის ჰოსპიტალში უნდა მიხვიდეთ"... მალე გავიგე, რომ ბიჭები პროთეზირებისთვის ამერიკაში გაემგზავრნენ, სადაც წელიწადნახევარი გაატარეს. ცოტა ხნის წინ კი მორისმა და თაკომ იქორწინეს....

მაშინ, გორის ჰოსპიტალში მორისი დამპირდა, რომ ამ სიყვარულზე მხოლოდ მას შემდეგ მიამბობდა, როცა ის ბედნიერებით დაგვირგვინდებოდა. სამი წლის შემდეგ ეს დღეც დადგა და ახალგაბედნიერებულ წყვილს გორში ვესტუმრე.

მორის საბაშვილი: - "შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან ვმსახურობ. 2006-ში სამშვიდობო მისიით ერაყში ვიყავი. ერთ-ერთი პატრულირებისას კამიკაძე-ტერორისტმა ხიდზე თავი აიფეთქა... ღვთის წყალობით, გადავრჩი. ამერიკელებს უკვირდათ, რომ ქართველები ასეთი სიტუაციებიდან უვნებელი გამოვდიოდით. ამბობდნენ, -  უთუოდ ცხრა სიცოცხლე გაქვთო. ერაყიდან 2007 წელს დავბრუნდი და თაკო გავიცანი. მაშინვე მოვიხიბლე, მაგრამ მალევე ქუთაისში მომიწია წასვლამ, რადგან იქ ვმსახურობდი. შვიდი თვის განმავლობაში დროდადრო ჩამოვდიოდი ქუთაისიდან გორში თაკოს სანახავად, მაგრამ არ მხვდებოდა. შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით და ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა... მერე იყო აგვისტოს ომი. ჩემი ბატალიონი წინა ხაზზე იბრძოდა. ორჯერ დაბომბვაში მოვყევი და ფეხი დავიზიანე...

როცა ჩვენი ბატალიონი ავღანეთში წასასვლელად მოამზადეს, თაკოს არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ თუ ფორმა გაცვია, უნდა გეცვას, თუ ჯარისკაცი ხარ, ბოლომდე უნდა იყო. ამას ემატებოდა საქართველოს ინტერესები სამშვიდობო მისიაში და, რა თქმა უნდა, ფინანსური დაინტერესებაც... ავღანეთში ჩვენი ბატალიონის მისიის დასრულებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. 2010 წლის 6 სექტემბერი იყო... წინადღეს ჩემი ასმეთაური, მუხრან შუკვანი აფეთქდა. პატრულირება გვიწევდა ჰილმენდის პროვინციის ერთ-ერთი სოფლის შუაგულში. საპატრულო ჯგუფში ოთხი ქართველი, ოთხი ამერიკელი და ოთხიც ავღანელი ჯარისკაცი ვიყავით. შემოვტრიალდი პერიმეტრის გასაკონტროლებლად და როგორც კი მარცხენა ფეხი დავდგი, ნაღმიც აფეთქდა. გონი არ დამიკარგავს, ლაპარაკიც შემეძლო. ფეხებზე არ დამიხედავს, მაგრამ ხელს რომ დავხედე, მხოლოდ ზედა კუნთიღა შემრჩენოდა.

თანამებრძოლებს ვუთხარი, ჩემი მოწყვეტილი ხელი გვერდზე გადაედოთ. ჯავშანჟილეტს არ მხდიდნენ, ეგონათ, ძვლები მქონდა დამტვრეული, ამიტომ მე თვითონ გავიხადე. ხუთ წუთში შვეულმფრენიც მოფრინდა და ქალაქ ბაგრამში, ამერიკელების მიერ მოწყობილ საველე ჰოსპიტალში გადამიყვანეს. რამდენიმე დღეში კი გერმანიაში წამიყვანეს, სადაც ამერიკის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ მომინახულა... რთული ოპერაციები ჩამიტარდა, ამიტომ სამი კვირა მეძინა... როცა გავიღვიძე და ლაპარაკი შევძელი, მაშინვე თაკოს დავურეკე. მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს... თავიდან წელის მართვაც მიჭირდა და სავარძელში ჯდომას მაჩვევდნენ. თბილისში 18 ნოემბერს დავბრუნდი".

თაკო ფსუტური: - "ავღანეთში რომ მიდიოდა, დამპირდა, - როგორიც წავალ, ისეთი ჩამოვალო. მორისისა ყოველთვის  მჯეროდა, ამიტომ არ დავიჯერე, როცა მისმა ძმამ დამირეკა და მითხრა, დაიჭრაო. მერე მორისმა გერმანიის სამხედრო კლინიკიდან დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ტიროდა. მითხრა, - ნუ გეშინია, საქართველოში ჩემი ფეხით ჩამოვალო. არც ამ სიტყვებისთვის მიმიქცევია ყურადღება... კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჩამოიყვანეს... პალატაში რომ შევედი, საწოლზე იწვა. თავზარი დამეცა, როცა დავინახე, ხელი არ ჰქონდა. მივედი, ჩავეხუტე, სახეზე ვეფერებოდი...

ამასობაში შევნიშნე, აღარც ფეხები ჰქონდა. ვერ გადმოგცემთ, რას განვიცდიდი, მაგრამ თან ღმერთს მადლობას ვუხდიდი, ცოცხალი რომ დამიბრუნდა. ვფიქრობ, ამ განსაცდელმა უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული. მორისი რამდენიმე თვე იწვა გორის ჰოსპიტალში. მახლობლად უნივერსიტეტია, სადაც ვსწავლობდი. ამიტომ ლექციების შემდეგ, ყოველდღე მის სანახავად მივდიოდი. ზოგჯერ ლექციებს შორის შესვენებაზეც მივსულვარ. არ შემეძლო, რომ არ მენახა. ძალიან ძლიერი ადამიანია და თან ძალიან მხიარული, მიზანდასახული და ბრძოლისუნარიანი. ვიცი, მასთან ერთად ყველა სირთულეს გადავლახავ!".

მორის საბაშვილი: - "წელიწად-ნახევარი ამერიკაში გავატარე, სადაც კიდურების პროთეზირება ჩამიტარდა. ეს არის მექანიკური, ტიტანის ფეხები, რომლითაც დამოუკიდებლად გადაადგილება შემიძლია და ავტომობილსაც ვმართავ. ასე რომ, თაკოსთან ავღანეთიდან ვერა, მაგრამ ამერიკიდან მაინც ჩემი ფეხით დავბრუნდი. მე და თაკომ 15 ივლისს ვიქორწინეთ. იპოთეკური სესხი ავიღეთ და ბინაც შევიძინეთ. ჩვენი ხელით გავაკეთეთ რემონტი, მყუდრო და თბილი ოჯახი შევქმენით.

ავღანეთში დასახიჩრებულ ჯარისკაცებს თავდაცვის სამინისტრო გვიშენებს თბილისში ბინებს და ოქტომბერში გადმოგვცემენ. მე და თაკოს უკვე 6 წელია, გვიყვარს ერთმანეთი. ამდენი განსაცდელის შემდეგ  ლოდინი აღარ ღირდა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამასვე ვუსურვებ ყველას".

ასევე იხილეთ: ერთი სიყვარულის ისტორია უკომენტარო კადრებად

სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე