"კვირის პალიტრამ" ჩვენი ცხოვრება შეცვალა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრამ" ჩვენი ცხოვრება შეცვალა

"პატარა მარიამს ღამე  ვირთხამ გადაურბინა.  ეს ხომ სარდაფია, იქ ბავშვების გაჩერება როგორ შეიძლება?!"

ორი კვირის წინ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა". შეგახსენებთ, ქალი, საშვილოსნოს სიმსივნით, დიაგნოზის დასმიდან 9 თვეში გარდაიცვალა. ჟანა მიქოიანის შვილები, უდედმამოდ დარჩენილი 6 და-ძმა, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ქირით, მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მთელი მათი შემოსავალი სოციალური დახმარება - 126 ლარია, საიდანაც 100 ლარს ქირაში იხდიან. "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ, ბავშვების გაჭირვება უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან. სრულიად უცნობი ადამიანები გვიკავშირდებოდნენ და ობლების დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ვინ ფულს ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე, ვის - საჭმელ-სასმელი მიჰქონდა პატარებისთვის, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც მათი შვილად აყვანის სურვილი გამოთქვა, ზოგმა კი საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა.

მარიამობას, საქველმოქმედო ფონდის "საქართველოს მადლი" წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ობლებს. საქველმოქმედო ფონდმა მათ სურსათის მარაგი მიუტანა. იტალიური სახლის ეზოში თავმოყრილი მეზობლები თვალცრემლიანი დაგვხვდნენ: ნუთუ აუცილებელი იყო ჟანას სიკვდილი, რომ ამ ოჯახის გაჭირვება ხალხს გულთან მიეტანაო. "ახლა მთავარია ბავშვები ამ სოროდან გამოვიყვანოთ. გუშინ ღამე, პატარა მარიამს ვირთხამ გადაურბინა თურმე. ეს ხომ სარდაფია, იქ ბავშვების გაჩერება როგორ შეიძლება?! იქნებ ვინმე მადლიანი გამოჩნდეს და აქვე, ჩვენთან ახლოს ერთი ოთახი შეუძინონ. ეს ბავშვები ჩვენი გაზრდილები არიან და შორს ვერ გავუშვებთ. მათაც გაუჭირდებათ ჩვენ გარეშე ყოფნა", - მითხრა მეზობელმა და თვალზე მოწოლილი ცრემლები შეიმშრალა. ბავშვებიც ემადლიერებიან კეთილ მეზობლებს და ამბობენ, რომ აქამდე მხოლოდ მათი დახმარებით გადარჩნენ.

თამუნა ვაშაკიძე, გარდაცვლილი ჟანა მიქოიანის შვილი: "არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება. "კვირის პალიტრამ" ჩვენი ცხოვრება შეცვალა. როგორც კი სტატია დაიბეჭდა, იმ დღიდან ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება, სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ, მოდიან და გვეხმარებიან. ახლაც, სანამ თქვენ მოხვიდოდით, უცნობი მამაკაცი იყო მოსული და ფული მოგვიტანა. გვითხრა, - ჩემს ძმას უცხოეთში წაუკითხავს თქვენ შესახებ, ფული გამომიგზავნა და მთხოვა, მომეტანაო. ამდენი სურსათ-სანოვაგე აქამდე თვალითაც არ გვინახავს. დედაჩემი ძალიან დარდიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. ახლა ალბათ, მშვიდად არის მისი სული, რადგან იცის, რომ მარტო არ ვართ. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენი პუბლიკაციის შემდეგ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" დაინტერესდა ჩვენი ყოფით. ამბობენ, რომ შესაძლოა ერთი ოთახი შეგვიძინონ, სადაც ჩემს და-ძმებთან ერთად ადამიანურად ვიცხოვრებ"(!).

სიუჟეტი იხილეთ Palitra tv.ge -ზე