"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..
02-09-2013
"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..
"ხელმოცარული მონადირეები ელექტროგადამცემი ხაზის იზოლატორების მსხვრევითა და სადენებზე დამიზნებით სროლით ერთობიან"(?!)

ალბათ დედამიწაზე არ მოიძებნება მეორე ქვეყანა, სადაც მოქალაქეები დივერსიულ აქტებს გართობის მიზნით სჩადიან, მაგრამ საქართველოში წარმოუდგენელიც წარმოსადგენია, - ნადირობაში ხელმოცარული მონადირეები გზად შინისკენ, მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროანძების იზოლატორებზე სროლაში ვარჯიშობენ. გმირობად ითვლება რაც შეიძლება მეტი იზოლატორის დამსხვრევა და ჩამოგდება. ვიმედოვნებთ, მონადირეები ვერ ხვდებიან, რა საფრთხეს ქმნიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის დაზიანების შედეგად, და რომ მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.
მეტიც, შესაძლებელია დივერსიად დაკვალიფიცირდეს. ეს ადამიანები ანძებს მხოლოდ სამიზნეებად როდი იყენებენ, ძარცვავენ კიდეც. კომპანია "საქრუსენერგოს" განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ანძიდან ათზე მეტი კუთხოვანა, ე.წ. უგოლნიკები იკარგება. სამწუხაროდ, დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე საზოგადოებისგან ანძების დაცვის ეფექტური მეთოდი ჯერ არ არსებობს. უზარმაზარ ტერიტორიებზე გაბნეულ ანძებს დაცვას
ვერ დაუნიშნავ. ერთადერთი დაცვა დამნაშავეების დასჯაა.

რომეო მიქაუტაძე, "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი: - ანძის გაძარცვის ფაქტს პოლიციას ვატყობინებთ, მაგრამ ამაოდ... ძნელია ტრიალ მინდორში ჩადენილი დანაშაულის მოკვლევა. პრევენციის სახით ჭანჭიკებს უბრალოდ კი აღარ ვამაგრებთ, ვადუღებთ, რომ ვეღარ მოხსნან, მაგრამ შეცვლა რომ დაგვჭირდეს, ძალიან ძნელია მიდუღებულის მოჭრა. არადა, იძულებული ვხდებით მივადუღოთ. საზოგადოებას არ ანაღვლებს, რომ სხვის ქონებას აზიანებს, იმაზეც არ ფიქრობს, რომ ეს ქონება მის სამსახურშია. ანძებიდან კუთხოვანების მოხსნის შედეგად მნიშვნელოვნად სუსტდება კონსტრუქციის მდგრადობა, რაც შეიძლება ანძის წაქცევით დასრულდეს.

- სამიზნეებადაც ხშირად იყენებენ ანძებს და მაღალი ძაბვის ელექტროხაზებს?
- სამწუხაროდ, ხელმოცარული, მაგრამ ტვინგაცხელებული მონადირეები ელექტროგადამცემი ხაზის იზოლატორების მსხვრევითა და სადენებზე დამიზნებით სროლით ერთობიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო ხაზის ავარიული გამორთვის თავიდან ასაცილებლად, რამდენჯერმე დაგვჭირდა ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი) "იმერეთის" თითოდღიანი გამორთვა... ამის ჩამდენს არ ესმის, რომ ეს იზოლატორები ზედმეტი სამშვენისი არ არის ანძებზე. ის უზრუნველყოფს იზოლაციას სადენსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის. დაზიანებები ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გარემო პირობებმა, ჭექა-ქუხილმა, წვიმამ, სეტყვამ და ა.შ. მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა და ამ დროს ანძასთან ტყვიის ცარიელი მასრები არ გვხვდება.

ხაზი რომ არ გაითიშოს და არ მოჰყვეს აბონენტების ჩაბნელება, ვაწარმოებთ შემოვლა-დათვალიერებებს. ძნელია დროულად აღმოაჩინო 900 კილომეტრზე გადაჭიმულ ხაზზე დაზიანებები. თანაც ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი ცალი იზოლატორი 40 ლარი ღირს. ეს ბოროტმოქმედებაა. რომ ვხედავდე, ვინმე იპარავს, ან აზიანებს, ავუხსნი, რას სჩადის... მაგრამ აბა, სად წააწყდები ასე დაბარებულივით?

- იქნებ გამგეობებისთვის მიგემართათ, ხალხს აუხსნან, რომ არ შეიძლება ანძების დაზიანება, რომ ეს ისევ მათ ვნებს.
- მივმართეთ, მაგრამ ხალხს მაინც ვერაფერი შეაგნებინეს. ვერც ის, რომ არ შეიძლება ანძების მიმდებარედ სახნავ-სათეს მიწებზე ბალახისთვის ცეცხლის წაკიდება.

მოსავალს რომ აიღებენ, ნარგავების ნარჩენებს ცეცხლს უკიდებენ, რათა ჩაიწვას და მიწა გაანაყოფიეროს. არადა, ხანძარი და კვამლი სახიფათოა, როგორც ენერგოსისტემის მდგრადობის, ისე ადამიანების სიცოცხლისთვის. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ხანძრის გაჩენის შედეგად ავარიულად გამოირთო ეგხ "იმერეთი". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ტერიტორიაზე ეგხ-ს დაცვის ზონაში 5 ჰექტარზე ცეცხლი ეკიდა ჩაის პლანტაციას. ხანძარს 4 სახანძრო ეკიპაჟი 5-6 საათის განმავლობაში აქრობდა. ამ დროში ეგხ "იმერეთი" გამორთული იყო. მაგრამ კოკა ყოველთვის ხომ არ მოიტანს წყალს?
ELEKTRIKOSI
08 იანვარი 2016 12:30
ტყეებში აყენებენ ვიდეოთვალს და რა გახდა ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე ვიდეოკონტროლის დამონტაჟება.
pui
04 სექტემბერი 2013 11:39
ამის ჩამდენს ის ხელი უნდა მოკვეტო რომ მტელი სიცოცხლე ახსოვდეს რიტსვის
dodo
04 სექტემბერი 2013 07:59
ისე, ვერ ატყობთ რომ ხალხი დაჩლუნგდა?

რედაქტორის რჩევით