პუტინი ზევსია?! - კვირის პალიტრა

პუტინი ზევსია?!

ანუ ცივი ზაფხულის ნამდვილი მიზეზები

"დღეს მსოფლიოში ღრუბლებზე ზემოქმედების ტექნოლოგია კომპიუტერიზებულია"

საქართველოსთვის უჩვეულოდ გრილი და წვიმიანი ზაფხულის გამო საზოგადოების ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ქვეყანა მეტეოროლოგიური დივერსიის მსხვერპლია - სოჭში ოლიმპიური სოფლის მშენებლობის გამო, პროცესი რომ უამინდობამ არ შეაფერხოს, პუტინის განკარგულებით კრასნოდარის მხარეში ღრუბლებს სისტემატურად ფანტავენ, ამიტომაც მეზობლისგან გამორეკილმა ღრუბლებმა წაგვლეკესო?! რამდენად შესაძლებელია პუტინი ზევსიც იყოს და ღრუბლებიდანაც გვიტევდეს, ამის დასადგენად ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტს მივმართეთ.

ბაკურ ბერიტაშვილი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი: - ღრუბლების გაფანტვა ყველგან შეიძლება. ამაში ახალი და წარმოუდგენელი არაფერია. ეს ტექნოლოგია 1946 წლიდან დაინერგა. არსებობს ორი ტიპის ღრუბელი - ფენა, რომელიც სუსტ და ხანგრძლივ წვიმას იწვევს და კონვექციური ღრუბელი, რომელსაც თქეში და ხანმოკლე წვიმა ახასიათებს. ორივე მათგანის გასაფანტად ღრუბლებში შეგვყავს ქიმიური რეაგენტი, რომლის ზემოქმედების შედეგად ღრუბელი ხელოვნურად კრისტალდება, ცივდება - 40 გრადუსამდე. ქარი დაუბერავს, გაწეწავს და წვიმის საფრთხეც ქრება.

ფენა ღრუბლებზე ზემოქმედება უფრო იოლია. ღრუბლების დიდ ველს თვითმფრინავი ზიგზაგისებურად გადაუფრენს და მოაყრის რეაგენტს. ცოტას თუ ჩაყრი, წვიმა ან თოვლი მოვა, ბევრი დააკრისტალებს და გაიფანტება. კონვექციურ ღრუბლებს თვითმფრინავით ვერ მიეკარები. იქ ძლიერი აღმავალ-დაღმავალი ნაკადებია და თვითმფრინავს დაანარცხებს მიწაზე. ამიტომ შორიდან, 7-8 კილომეტრიდან რაკეტებით უტევენ ღრუბელს.

- შესაძლებელია სოჭშიც ფანტავდნენ ღრუბლებს, რათა წვიმა მეზობელ ქვეყნებში მოვიდეს...

- შეუძლებელი არაფერია, თუ სოჭის თავზე მუდამ კარგი ამინდი გინდა... ქარი დაკრისტალებულ ღრუბლებს ნაწილ-ნაწილ გაფანტავს ზღვის აკვატორიაში, ჩრდილო კავკასიაში და ნაწილი ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ეს ვერ იქნება მასშტაბური ხასიათის.

ზაფხულს ქმნის დიდი მასშტაბის სინოპტიკური პროცესები. გრენლანდიიდან ან ისლანდიიდან შემოჭრილი ჰაერის ცივი მასები ათასეულ კილომეტრებს შეადგენს. შენ რომ ათასი ატომური ბომბი ააფეთქო ერთდროულად, მაშინ მოერევი სრულად მათ, თუ დედამიწა გადარჩება, თორემ არარეალურია იმის მტკიცება, რომ ვიღაცამ ღრუბელი გაფანტა სოჭში და ჩვენთან ამიტომ აცივდა. ეს გამოიწვია ატლანტის ოკეანიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასების ზემოქმედებამ.

თუ წვიმის გამოწვევა გინდა და რეაგენტით ტვირთავ ღრუბლებს, უნდა გაითვალისწინო, რომ მაღლა ძალიან ძლიერი ქარებია და ღრუბელი სწრაფად იფანტება, იწეწება, გადადის ერთი ტერიტორიიდან მეორეზე, ერთი ქვეყნიდან მეორეში, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი...

გასული საუკუნის 80-იან წლებში საინტერესო სამუშაოებს ვატარებდით სიონის წყალსაცავის აუზში. ხელოვნურად გამოვიწვიეთ ნალექი წყალსაცავში, რათა წყალი საგარეჯოს რაიონში არსებული სარწყავი სისტემებისთვის მიგვეწოდებინა. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში შეწყდა ეს სამუშაოები. წვიმის გამოწვევა და ღრუბლების გაფანტვა არის სეტყვასთან ბრძოლის საშუალებაც.

- მაქვს ინფორმაცია, რომ ღრუბლებთან ბრძოლას კვლავ აპირებს საქართველო...

- დიახ, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ სეტყვასთან ბრძოლა აინტერესებს ხელისუფლებას, რადგან ეს უფრო პოპულისტურია. მიხოს ეზოში თუ მოვიდა სეტყვა, ქვეყანა იქცევა, თითქოს ადრე არ ხდებოდა ეს. მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ვენახები კოლმეურნეობას ეკუთვნოდა და დასეტყვასაც არავინ აღიქვამდა ასე ემოციურად.

- ალბათ, ძვირად ღირებული ტექნოლოგიაა.

- მხოლოდ ლოკატორი ღირს სამი მილიონი ევრო. ერთი რაკეტა კი რამდენიმე ასეული ევრო. საბჭოთა კავშირის დროს რაკეტები რუსეთიდან ჩამოგვდიოდა, "ალაზანი" ერქვა. 150 მანეთი ღირდა და შეუზღუდავად ვხარჯავდით.

1960-იან წლებში ბულგარელები და უნგრელები ჩამოდიოდნენ სეტყვასთან ბრძოლის ჩვენგან სასწავლად. სამწუხაროდ, ბოლო 25 წელი აღარაფერი გაგვიკეთებია, ევროპულმა ქვეყნებმა კი გააგრძელეს მუშაობა, სრულყვეს ზემოქმედების ტექნოლოგია და რაც მთავარია, კომპიუტერიზებული მართვა აქვთ. ამჯერად მათგან შევიძენთ საბრძოლო არსენალს, მაგრამ ჩვენც გვაქვს სიურპრიზები.

ღრუბლებთან ბრძოლას ცოდნა უნდა, რომლითაც ახალი ხელისუფლების მოსვლამდე არავინ დაინტერესებულა.

ამიტომაც "კოკა-კოლას" პატრონს, თემურ ჭყონიას სასაცილო ამბავი დაემართა - ქობულეთში სასტუმრო რომ გააკეთა, იყიდა მხოლოდ ერთი გამშვები დანადგარი და რამდენიმე ასეული რაკეტა (ლოკატორი არა), სასტუმროს გარშემო ღრუბლებს არ გავაჭაჭანებ და მეტი სტუმარი მომივაო. წარმოიდგინეთ, შავი ზღვიდან მოდის 500 კმ სიგრძის ღრუბლები. ჭყონიას ერთი დანადგარი როგორ დაიცავს სასტუმროს არეალს? ან ქობულეთს? ერთი რაკეტა ამდენ ღრუბელთან იგივეა, რაც ის, რომ კოღომ უკბინოს სპილოს.  ასე რომ, ტყუილად გაიხარჯა ჭყონიას ფინანსები. ხმები დადიოდა, ბათუმში სააკაშვილი რომ რაიმე ღონისძიებას ესწრებოდა, ღრუბელი არ უნდა გაჭაჭანებულიყოო... ბათუმი ყველაზე წვიმიანი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაშიც კი. შავი ზღვიდან იმდენი ნალექი მოდის, რომ ვერ მოერევი. ფიზიკურად შეუძლებელია, თორემ კი ბატონო, დახვდი თვითმფრინავით და ყარე შიგ რეაგენტი, როდემდე გააკეთებ ამას...

- იყო ამის რეალური მცდელობა?

- შესაძლოა იყო, მაგრამ ჩვენგან კონსულტაცია არ მიუღია სააკაშვილს...

როგორ წეწავდნენ ღრუბლებს

ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ გაიცა ბრძანება, რომ წვიმა შეეკავებინათ და რადიოაქტიური ნაგავი შავ ზღვაში არ ჩასულიყო. მხოლოდ ასე შეიძლებოდა შავი ზღვის აუზის გადარჩენა კატასტროფისგან. ამიტომაც ერთი წლის განმავლობაში თვითმფრინავებით ყრიდნენ დიდი რაოდენობით რეაგენტს და ღრუბლებს წეწავდნენ, შლიდნენ. ღრუბლების დაფანტვის ტექნოლოგიას იყენებდნენ მოსკოვში პირველი მაისის და შვიდი ნოემბრის პარადების ჩატარების დროსაც. ამიტომაც იმ დროს ყოველთვის იყო მზიანი, კაშკაშა ამინდები მოსკოვში. არ არის გამორიცხული, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტიც იყენებდეს მსგავს ტექნოლოგიებს, რათა ოლიმპიადისთვის მზადებას უამინდობამ არ შეუშალოს ხელი...