უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული (ექსკლუზივი)

მიმდინარე წლის აგვისტოში 39 წლის წინ დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნენად ჩულიჩის ქვრივს ტელეფონით შეატყობინეს, რომ საქართველოში, უშბის კალთებზე სავარაუდოდ, მისი მეუღლის ნეშტი იპოვეს. ლილი აკანკალდა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა. ნენად, ნუთუ დაბრუნდი? დაუჯერებელია - ჩურჩულებდა ქალი. მალევე მოეგო გონს და ყურმილს დასწვდა. კიდევ კარგი, რომ მიპასუხეთ, ქალბატონო ლილი, თორემ შემეშინდა, - ღრმად ამოისუნთქა ხორვატიის ალპინისტთა ფედერაციის წარმომადგენელმა. ნენადი ნახეთ? სად? როგორ იცანით? - სულმოუთქმელად მიაყარა ქალმა... უნდა დაგვეხმაროთ ამოცნობაში, ფოტოებს გადმოგიგზავნით, დაათვალიერეთ მისი ნივთები, იქნებ რამე გეცნოთ, - სთხოვეს ალპინისტთა ასოციაციიდან... ბეჭედი, ბეჭედი უნდა ეკეთოს მარცხენა ხელის არათითზე. ნახეთ შიდა მხრიდან წარწერა: ლილი 2.3.72 - ხმა უკანკალებდა ქალს.

ლილი ჩულიჩს მალე ხორვატი ალპინისტები ესტუმრნენ და ის ფოტო აჩვენეს, რომელზეც ბეჭედი იყო აღბეჭდილი, მითითებული წარწერით...

"როდესაც დავქორწინდით, გადავწყვიტეთ, ჩვენს ბეჭდებზე ერთმანეთის სახელები და ქორწინების თარიღი ამოგვეტვიფრა. დღემდე ვატარებ... ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სადღაც ნენადის ბეჭედიც გამოჩნდებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს მანამდე მოხდებოდა, ვიდრე იმ ქვეყნად ვნახავდი მას" - თვალცრემლიანი დაჰყურებდა ქალი ფოტოს. ლილი 39 წელი, ორ შვილთან ერთად ელოდა ქმრის გამოჩენას, რომელიც საქართველოს Mმთებში დაიკარგა. შვილებს არ ახსოვთ მამა. პატარები ყოფილან, როდესაც ნენადი 15-კაციან ალპინისტთა დელეგაციასთან ერთად საბჭოთა კავშირის მთიანეთში სამოგზაუროდ წამოსულა. ექსპედიცია რამდენიმე ჯგუფად დაყოფილა და დასალაშქრავ მარშრუტებზე წილი უყრიათ. ნენადს (ხორვატიაში ცნობილ ალპინისტს) სამ მეგობართან ერთად უშბა ხვდა წილად. ხარობდნენ თურმე ახალგაზრდები, საქართველოს მთებზე საარაკო ამბები ჰქონიათ გაგონილი. ისიც სცოდნიათ, რომ სანაქებო ალპინისტები საბჭოთა კავშირში ქართველები ყოფილან. იქნებ ჩვენც არ დავუდოთ ტოლი და უშბის მწვერვალზე მოვექცეთო, აიმედებდნენ ერთმანეთს. მესტიაში სტუმრებისთვის საკადრისი პატივი უციათ, უშბის ვერაგობაზეც ბევრი უთქვამთ, დაურიგებიათ კიდეც, მაგრამ საბედისწერო ზვავმა ყველაფერი თოვლქვეშ დამარხა, სვანებისგან განმტკიცებული შემართება, გამარჯვების იმედი და ოთხი ახალგაზრდას სიცოცხლე.

ტრაგიკულად დაღუპული ანტე ბედალოვისა და ურსო ვდორჟალსკის გვამები მალევე უნახავთ, მაგრამ ვიქტორ ტაბაკოვიჩს და ნენად ჩულიჩს თითქმის 40 წელი ეძებდნენ. ძებნას აზრიც არ ჰქონდა. თოვლში ღრმად ჩამარხულ გვამებს თუ თვითონ არ გამოაჩენდა მთა, ვერავინ შეძლებდა მათ ამოთხრას. ვიქტორი 2012 წლის ზაფხულში დააბრუნა უშბამ. ერთი წლის შემდეგ "ხორვატი ხერგიანის" ნენადის დაბრუნებაც ინება... ჯერ ნივთები გამოჩნდა, შემდეგ ნეშტი... ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე, თოვლში ჩამარხულისგან ჩონჩხიღა დარჩენილიყო. მხოლოდ ნივთები შენახულიყო პირვანდელივით. მაშველებმა ფრთხილად აკრიფეს ნეშტი, გარდაცვლილის ნივთები და მესტიაში ჩამოასვენეს.

"დავიწყეთ ძიება, ვისი უნდა ყოფილიყო ნეშტი. ქურთუკზე წარწერისა და ემბლემის მიხედვით, გარდაცვლილი იუგოსლავიელი უნდა ყოფილიყო. დავუკავშირდით ხორვატიის ალპინისტთა ასოციაციას, საიდანაც გადმოგვიგზავნეს მასალები ნენად ჩულიჩის შესახებ... ბეჭედმა გარდაცვლილის ვინაობა დაადასტურა... მალე ჩულიჩის ნეშტს ისევე დავაბრუნებთ სამშობლოში, როგორც მისი მეგობრის, ვიქტორ ტაბაკოვიჩის ნეშტი დავაბრუნეთ ხორვატიაში", - გვითხრა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არჩილ ნიჟარაძემ.

საქართველოს შსს-ს და ხორვატიის ალპინისტთა ფედერაციის მიერ მოწოდებული მასალებით, ანტე ბედალოვი, ნენად ჩულიჩი, ვიქტორ ტაბაკოვიჩი და ურსო ვდორჟალსკი 1974 წლის 23 ივლისს დილით შეუდგნენ აღმართს. 24 ივლისს, ღამით, მათი მარშრუტიდან დაინახეს ორი წითელი შუქურა, ალპინისტები დახმარებას ითხოვდნენ. ამინდის გაუარესების გამო სიგნალის ადგილამდე მიახლოება 26 ივლისამდე ვერ მოხერხდა. მაშველებმა მოყინული ფერდობზე ორი ცხედარი ნახეს. ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ ალპინისტები ზვავმა იმსხვერპლა.