სიყვარულის ქალაქის უმწეო ბინადარნი - კვირის პალიტრა

სიყვარულის ქალაქის უმწეო ბინადარნი

ნინო ვაშაკიძე: მათ ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ

იან ბორგსი: უმწეოებმა ამ ლამაზ სახლში უნდა იცხოვრონ

სიღნაღი სიყვარულის ქალაქიაო. ახლა ამ კოხტა ქალაქის პატარა შუკებში უცხოელსაც მრავლად შეხვდებით, ხელგადახვეულები რომ დასეირნობენ... სიღნაღელები კი ბუზღუნებენ - სიყვარული ქუჩაში არ გაგვიგიაო. მე მათ ნათქვამზე მეღიმება და თეატრის შენობისკენ მივდივარ. იქ სპექტაკლია - ინვალიდი და ჯანმრთელი ბავშვები ერთად თამაშობენ პიესაში, რომელსაც  "შეშაქალა" ჰქვია. პატარები ანგელოზებივით არიან, - ინვალიდების ხელი ჩაუბღუჯავთ და როცა რამე ეშლებათ, ჩუმად ეფერებიან, მერე კარნახობენ. ჩემ უკან, ჩაბნელებულ დარბაზში კი რომელიღაც მაყურებელი დროდადრო ხვნეშის - თქვენ გენაცვალეთ, თქვენაო! გვერდით უცხოელი მიზის. ის რას იგებს არ ვიცი, მაგრამ ისიც იცრემლება. ბოლოს ინვალიდები "ელია-გოგო, ელიას" იწყებენ და მთლად მიჩუყდება გული.

- ეგ სიმღერა ჩვენ არ გვისწავლებია, თავად წამოიწყესო,- მეუბნება ლალი მასწავლებელი (ხანდოლიშვილი). ის  ინვალიდებს ათი წლის წინ სიღნაღში, ქუჩა-ქუჩა ეძებდა, რომ სახლში - ქმართან და ორ ვაჟთან ერთად მოევლო, ხელსაქმე ესწავლებინა და ფეხზე დაეყენებინა...

მერე კი მისმა ბიძაშვილმა, ნინო ვაშაკიძემ უცხოეთიდან ორი კეთილი უცხოელი ჩამოიყვანა სიღნაღში. მათ ერთ დაცლილ სოფელში, ქედელში, ჭაც გაუჭრეს და სახლიც აუშენეს ინვალიდებს - უმწეომ სწორედ ლამაზ სახლში უნდა იცხოვროს, რომ თავი ადამიანად იგრძნოსო.

KvirisPalitra.Ge- ქალბატონო ლალი, ინვალიდების ოჯახებში როგორ გხვდებოდნენ, როცა სთხოვდით, შვილები მომაბარეთ და ვასწავლიო...

- უმეტესობა უნდობლად, - სად უნდა წაიყვანოთ, რისი მსწავლელია ჩვენი შვილიო. არ დამავიწყდება, ერთი გოგონა სულ სახლში იყო. საწოლზე გაუნძრევლად იწვა. რომ მივდიოდით, წამოხტებოდა, უხაროდა - სტუმრები მოვიდნენ და წამიყვანენო. არ გამოგვატანეს. ახლაც ასე ჰყავთ ჩაკეტილი... ვინც დავითანხმე, სახლში მომყავდა, ერთად ვშრომობდით, ერთად ვსწავლობდით. ჩემი შვილებიც მათთან ერთად იზრდებოდნენ. მერე გადავწყვიტეთ ინვალიდებისთვის სოფელი გაგვეშენებინა, რომ ჰქონოდათ სამუშაო - მოეწველათ ძროხები, გამოეცხოთ პური, მოექსოვათ, შეეკერათ, თავი ადამიანებად ეგრძნოთ... ოჯახს პატარა ნაკვეთი გვქონდა ქედელში, ეს ულამაზესი სოფელია, მაგრამ უწყლობით დაიცალა. იქ უცხოელების დახმარებით ავაშენეთ პირველი სახლი, უკვე მეორეც შენდება და ათი უნარშეზღუდული ადამიანი ცხოვრობს. ამათ ქვეყნად არავინ გააჩნიათ.

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა...

- უცხოელები ხარჯავენ უშურველად ფულს უცნობი უმწეოებისთვის და ჩვენ გულზე ხელი როგორ დავიკრიფოთ!..

- იცით რა მიკვირს, უცხოეთში უნარშეზღუდულებს ცნობილ ფირმებშიც კი ამუშავებენ და გასამრჯელოსაც უხდიან... ვერაფრით ამიხსნია, ჩვენთან რატომ მალავენ მათ სახლებში...

- ვერ გეტყვით... ხანდახან დახმარებას აღარ ვჩივი და ისე ვნატრობ, - ნეტავ ვინმე მოვიდეს და გამამხნევოს-მეთქი, მაგრამ ასეთიც კი არ ჩანს. პროექტის პრეზენტაცია გვქონდა და ვინც დავპატიჟეთ, ნახევარი არ მოვიდა. თუმცა ესეც მიღწევაა, ერთმა ბანკირმა რომ მითხრა, - გმადლობთ, რომ დამპატიჟეთ, პირველად შევხედე მათ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებსო...

KvirisPalitra.Geჩვენი, უფროსი თაობის ცნობიერებას ახლა ვერაფერი შეცვლის, ამიტომ ვცდილობთ, ახალი თაობა მაინც იყოს სიყვარულით სავსე,  - სიღნაღის საჯარო სკოლიდან 20 მოსწავლე კვირაობით ქედელში დამყავდა და მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ ინგრეოდა მათსა და ინვალიდებს შორის კედელი... ერთად ძერწავდნენ, ერთად ხატავდნენ, თამაშობდნენ და ბოლოს, იცით, რა დაწერეს მათზე - არასდროს შეხედოთ სხვანაირად ამ ადამიანებს, მათში ჩვენი თავი აღმოვაჩინეთო... სპექტაკლის შემდეგ ხალხმა კი ის დაინახა, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. ჩვენთან ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და მალე ალბათ სხვა ინვალიდებიც დაგვემატებიან - 18 წელს ვინც გადასცდება, სახელმწიფომ აღარ იცის,  უნარშეზღუდულთა სკოლიდან სად წაიყვანოს...

- რით არჩენთ?

- მათ არავისზე ნაკლები შრომა არ შეუძლიათ, ოღონდ შესაფერისი საქმე უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, მაინც უცხოელების იმედი გვაქვს, აი ახლაც აქ არის ერთი ჩვენი უცხოელი დამფინანსებელი იან ბორგსი.

...იან ბორგსი კი თავისი აშენებულ სახლიდან ალაზნის ულამაზეს ველს გადაჰყურებდა და ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ... შემშურდა! ოღონდ მისი ბედნიერებისა კი არა, - მომინდა, ჩემს თანამემამულეებშიც ბევრი იყოს სიკეთის გაღებით ასე გახარებული...