ლადო კოტეტიშვილი - ”ლიტერატურული პალიტრის” აღმოჩენა - კვირის პალიტრა

ლადო კოტეტიშვილი - ”ლიტერატურული პალიტრის” აღმოჩენა

კოტეტიშვილთა ოჯახმა არაერთი ქვეყნის ერთგული ადამიანი მისცა საქართველოს, მაგრამ ბოლშევიკებმა დიდ მეცნიერს, ვახტანგ კოტეტიშვილს, სიცოცხლის ფასად დაუსვეს ქართული ფოლკლორის, ქართული სულის აღორძინებისთვის გაწეული ღვაწლი, მისმა ვაჟმა, მეცნიერმა, მთარგმნელმა და პოეტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ხალხური პოეზიის საღამოებით, პოეზიის ნიმუშების ჩაწერითა და შეგროვებით მამის გზა გააგრძელა. საქართველოში მხოლოდ სახელით ხალხი რჩეულებს მოიხსენიებს, ეს საკმარისია იდენტობის დასადგენად. ასეთთაგანი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი - ვახუშტი!

ვახუშტის ბიძას, ვახტანგ კოტეტიშვილის უმცროს ძმას, ლადოს, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობს საზოგადოება. არადა, იყო კარგი ექიმი-მკურნალი, მეცნიერი, რომელმაც უძველესი სამედიცინო ტექსტები დაამუშავა და დღეს თუ ”იადიგარ დაუდი” და ”კარაბადინი” გვაქვს მაღალ დონეზე დამუშავებულ-გამოცემული ქართველებს, მისი დამსახურება გახლავთ. ეს მცირედია მრავლისაგან...

ლადო კოტეტიშვილი საბჭოთა ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული სიძულვილით იყო გამსჭვალული, აღიზიანებდა უპასუხისმგებლო, ანგარებიანი დამოკიდებულება საქმისადმი, სისასტიკე და იდეოლოგიური ფარსით შენიღბული აღვირახსნილობა... ცხადია, ეს ყველაფერი მის ძმასაც სტკენდა გულს, მაგრამ ბუნებით ლაღი, მხიარული და კონტაქტური ვახტანგი სათქმელს არქაულ ქართულ სამყაროს უკავშირებდა და ქართულ სულზე აუდიტორიიდან ზრუნავდა, ლადოს კი, სპეციალობიდან გამომდინარე, აუდიტორიის წინ ენამზეობა არც ეხერხებოდა და ამის საშუალება არც მიეცემოდა. ამიტომ სხვაგვარად ცდილობდა ”ახალი ჭირისაგან” თავდაცვასა და საკუთარი მაგალითით სხვათა პიროვნული რღვევის შეჩერებას. გაითვალისწინეთ, რომ შვილები ლადომ სკოლაშიც კი არ მიიყვანა - შინ მივცემ განათლებას, რომ სული არ დაუმძიმონ პიონერულ-კომკავშირული ლაყბობითო, თავის ოჯახში კი ყველას აუკრძალა მისვლა, ვინც კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა და ამ სამსახურით მოარულ სტრიქონებს - ”მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას” განახორციელებდა. საკვირველია, დახვრეტას როგორ გადაურჩა? მისი ქალიშვილები: იათამზე და ნანა კოტეტიშვილები ფიქრობენ, რომ მამას დამბეზღებელი არ გამოუჩნდა. იმდენად გამიჯნული იყო ყველაფრისა და ყველასაგან, რომ თვალში არავის მოხვდა, მაშინ როცა მისი ძმა კოლეგამ დააბეზღა...

ლადო კოტეტიშვილი, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ექიმი იყო, წერდა, ხატავდა, აქანდაკებდა... შარშან ”ლიტერატურულ პალიტრაში” დაიბეჭდა მისი მოთხრობა ”კეთროვანთა ზღაპრები”, მას მოჰყვა ”გოჩმანა”, ”მიმქრალი ჩრდილები”. მკითხველი აღფრთოვანებით ხვდებოდა ლადო კოტეტიშვილის ყოველ ახალ მოთხრობას და სიამოვნებით ეცნობოდა მწერალს, რომელიც ამდენი წლის მანძილზე ელოდა თავის დროს - თავის აღიარებას...

ამ შემთხვევაში ”ელოდა” გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი, რადგან თავად მწერალს, თურმე, არასდროს ნდომებია მისი მოთხრობები გამოქვეყნებულიყო.

ნანა კოტეტიშვილი, ლადო კოტეტიშვილის ქალიშვილი: - დედა გვიამბობდა, რომ მამა ყოველთვის თავისთვის წერდა და ამბობდა, ეს ჩანაწერები არასდროს გამოაქვეყნოთო, ალბათ იმიტომაც, რომ ძალიან სძულდა კომუნისტური ხელისუფლება, მოთხრობებში კი წერდა იმას, რასაც განიცდიდა, დაუფარავად ამოჰქონდა სულიდან თავისი სატკივარი. მამა 45 წლისა გარდაიცვალა, მას მერე კარგა ხანს ხელს ვერც ვკიდებდით მის ჩანაწერებს. ასე, ოცი წლის წინ კი მოვინდომეთ, რომ გამოგვექვეყნებინა, თუმცა, რატომღაც ყველამ თავი შეიკავა... საბედნიეროდ, შარშან ”ლიტერატურული პალიტრა” შეგვეხმიანა და გამოაქვეყნა მამას მოთხრობები. გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ ძალიან ძნელად გადავიტანეთ, ხომ გესმით, როგორც დიდი მწუხარება, ისე დიდი სიხარულიც რთული გადასატანია. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ჩრდილში იდგა, ჩვენ ”მტრის შვილები” ვიყავით და არავისგან ველოდით აღიარებას, ვერასდროს ვერაფერს მოვითხოვდით. ახლაც მამას მოთხრობების გამოქვეყნება მხოლოდ იმიტომ გავბედეთ, რომ ვინმეს გაეცნო ის, როგორც მწერალი, თორემ ასეთ დიდ შეფასებაზე ვერც კი ვიოცნებებდით... ახლა იბეჭდება ”გველიანდარის მოდგმა”, 30-იან წლებში დაწერილი რომანი, რომელშიც ნათლად იკვეთება ლადო კოტეტიშვილის განცდები... პირველივე ფრაზიდან შემაძრწუნებლად იშლება სურათი - როგორ მოქრის დინოზავრთა ჯოგი...

მამა რთული კაცი იყო... საოცრად განიცდიდა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, თუ ვინმე კომუნისტი იყო, შინ არ უშვებდა, ოჯახში რუსულად სიტყვის თქმა გვეკრძალებოდა ყველას, მათ შორის დედასაც, რომელსაც განათლება რუსულად ჰქონდა მიღებული... ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ტკივილის ფასად უჯდებოდა ყოველი დღე, როგორ გადაჰქონდა ეს ტკივილი ფურცლებზე...

პ.ს. მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ მკითხველმა გაიცნო ლადო კოტეტიშვილი, დიდ ქართულ ლიტერატურას შეემატა კიდევ ერთი დიდი სახელი მწერლისა, რომელმაც, როგორც ცხოვრების წესით, ისე თავისი შემოქმედებით, შეძლო ღირსეულ სიმაღლეზე ასვლა და დარჩენა...