სიბრძნის სიმფონია - სიბრძნეც და მოტივაციაც
16-09-2013
სიბრძნის სიმფონია - სიბრძნეც და მოტივაციაც
გამოცემა ყველა ოჯახის  ბიბლიოთეკას დაამშვენებს

"ეს ათი ტომი ჩემთვის მთელი ბიბლიოთეკის ტოლფასი იქნება"

"სიბრძნის ენციკლოპედია" არის კომპაქტური, მოხერხებული წიგნი, რომელიც დროსაც დაგიზოგავთ და დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ"


სულ მალე მკითხველი ძალიან საინტერესო გამოცემას შემატებს თავის ბიბლიოთეკას. გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად ამიერიდან გამოვა "სიბრძნის ენციკლოპედია" - მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანების ბრძნული გამონათქვამების, ფრთიანი ფრაზების კრებული.

ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: - "სიბრძნის ენციკლოპედია" ათ ტომად გამოვა. მოაზროვნეთა ნაწარმოებებში მარცვალ-მარცვალ არის
გაბნეული ის, რასაც ადამიანის გონებამ მიაღწია, რაც შეიცნო და სიბრძნედ აღიარა.

ჩვენს ათტომეულში ცნობილი გამონათქვამები და ფრთიანი ფრაზები თემატურადაა დალაგებული და ანბანის მიხედვით განაწილებული. მკითხველი იოლად მიაგნებს სასურველ თემას.

- კაცობრიობის არსებობის მანძილზე უმდიდრესი ლიტერატურა შეიქმნა, ცხადია, სრულად ვერავინ ამოკრეფს ბრძნულ აზრებს მათგან, მაგრამ მცირე
ნაწილის დამუშავებასაც კი ძალიან დიდი დრო სჭირდება. ვინ მუშაობდა "სიბრძნის ენციკლოპედიის" შექმნაზე?

- ჩვენთან მოვიდა ბატონი გივი კალანდაძე, რომელიც თურმე ბავშვობიდან აგროვებდა ასეთ გამონათქვამებს. მოგვეწონა მისი იდეა და გადაწყდა ათტომეულის გამოცემა. მას მოყვანილი ჰყავს ძალიან ცნობილი ავტორებიცა და შედარებით უცნობებიც... წიგნში შედის სხვადასხვა ერის ხალხური სიბრძნის ნიმუშები.

ვფიქრობ, ეს გამოცემა ყველა ოჯახის  ბიბლიოთეკას დაამშვენებს. 

- საინტერესოა, თანამედროვე მოაზროვნეების გამონათქვამებიც თუ შედის "სიბრძნის ენციკლოპედიაში."..
- შედის როგორც თანამედროვე, ცოცხალი, ასევე უძველესი დროის მოაზროვნეების გამონათქვამები. აქ ნახავთ როგორც ქართველების ნააზრევს, ისე, უცხოელებისას. საინტერესოა, რომ ხშირად ერთსა და იმავე თემაზე რამდენიმე გამონათქვამი სხვადასხვა გზით, მაგრამ ერთსა და იმავე აზრს ავითარებს. შეიძლება შეადაროთ, რას ფიქრობს მაკიაველი, ბალზაკი, პლატონი და მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი. მსგავსი ტიპის ლიტერატურას ბევრი მოყვარული ჰყავს და დარწმუნებული ვარ, "სიბრძნის ენციკლოპედია" დიდი საჩუქარი იქნება მათთვის.

- მკითხველისთვის ფასიც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ეღირება თითოეული ტომი?
- თითო ტომი 180-იდან 200-გვერდიანი იქნება და გაზეთთან ერთად 4 ლარი ეღირება.
"სიბრძნის ენციკლოპედია" მეტად საჭირო წიგნი იქნება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მას მერე, რაც ისტორიკოსს, სკოლის პედაგოგს მარინა გაგოშიძეს ვესაუბრე:

- "სიბრძნის ენციკლოპედიის" გამოსვლის შესახებ ინფორმაცია გაზეთში წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი. მსგავსი ტიპის წიგნები ადრეც იბეჭდებოდა. ბავშვებთან მუშაობისას ისინი ძალიან მადგება ხოლმე. მაგალითად, ვლაპარაკობთ სამშობლოს დაცვაზე. შემიძლია გადავშალო და ვნახო, ვის რა აქვს ნათქვამი თავის სამშობლოზე. ხშირად მივიწყებული გამხსენებია, ხშირად სრულიად ახალი რამ გამიგია და მერე ბავშვებისთვის უკვე მითითებულ ავტორზეც ბევრი მიამბია. ჩემი გაკვეთილები განსხვავებული და საინტერესო გამოდის, პატარები კი მოტივირებულები არიან, რაც შეიძლება მეტი გამონათქვამი დაიმახსოვრონ. ასე ხალისიანად ვსწავლობთ.

გიორგი ბაკურაძე, სტუდენტი:
- "სიბრძნის ენციკლოპედია" ძალიან საინტერესო გამოცემაა ჩემთვის. არის შემთხვევა, რომ ვამზადებ თემას, სადაც სულ მცირე შტრიხები მაკლია, რომ დავასრულო, უფრო საინტერესო გავხადო. ხშირად ვიქექები ჩემს ჩანაწერებში, მახსოვს, რომ ოდესღაც ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც ამოწერილი უნდა მქონოდა, მაგრამ ვერ ვპოულობ. ასეთი რამ ორჯერ ნამდვილად დამემართა. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება, თუ შინ ათტომეული მექნება, სადაც ყველაფერი თემატურად იქნება თავმოყრილი!

ნაირა აბაიშვილი, ფარმაცევტი:
- ცხადია, მირჩევნია, ჩემმა შვილებმა წიგნები იკითხონ და თავად ამოწერონ ყველა ბრძნული გამონათქვამი, მაგრამ... ასეთი წიგნის არსებობა ყველას ძალიან დაგვეხმარება. როგორც ჩემმა მეუღლემ დამარწმუნა, ხშირად ვიღაცისგან მოსმენილი ციტატა გამხდარა მისთვის იმის საბაბი, რომ წასულიყო, წიგნი მოეძიებინა და ხსენებული ავტორის ყველა ნაწარმოები გაეცნო. ეს ხომ არაჩვეულებრივია... მაშინ ამ წიგნებს ყველაზე ხელმისაწვდომ, გამოსაჩენ ადგილზე დავუწყობ ბავშვებს. იმედია, ეს კიდევ ერთი გზა იქნება მათთვის დიდ ლიტერატურასთან მისასვლელად.

ნიკა ცქიფური, ეკონომისტი:

- რაც უნდა ბევრი ვიტრაბახო, კითხვა მიყვარს-მეთქი, ფაქტია, იმისი დრო არ მრჩება, რომ დავჯდე და ყველა ის წიგნი წავიკითხო, რომლის გაცნობაც მინდა. ვინც ლიტერატორი არ არის, ვერც მოსთხოვ, აუცილებლად ყველაფერი წაკითხული ჰქონდეს.

"სიბრძნის ენციკლოპედია" საშუალებას მომცემს, იმ ავტორებზეც შევიქმნა შთაბეჭდილება, რომლებიც არ წამიკითხავს. ბევრი რამ შეიძლება დავიმახსოვრო და გამოვიყენო კიდეც საუბარში თუ მიმოწერაში. იცით, რას ვფიქრობ? ეს ათი ტომი ჩემთვის მთელი ბიბლიოთეკის ტოლფასი იქნება.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და გაზეთ "ყველა სიახლის" წამოწყება მართლაც ბევრ ადამიანს გაახარებს. "სიბრძნის ენციკლოპედია" არის კომპაქტური, მოხერხებული წიგნი, რომელიც დროსაც დაგიზოგავთ და დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. აქ არის სიბრძნეცა და იმის მოტივაციაც, რომ რაც შეიძლება ხშირად ეზიაროთ კაცობრიობის მონაპოვარს - იკითხოთ წიგნები...

P.S. 25 სექტემბრიდან კი "პალიტრა L" გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად კიდევ ერთ სიურპრიზს გიმზადებთ...

ლეილა გაგუა
lela
18 სექტემბერი 2013 16:59
ძალიან კარგი იდეაა. სიამოვნებით შევიძენ.არსებობს აკაკი გელოვანის "სიბრძნის სიმფონია".რომელსაც ხშირად ვიყენებ. ის ავტორებადაა დაყოფილი,ეს თუ თემების მიხედვით დაიყოფა მთლად უკეთესი.
Irma
18 სექტემბერი 2013 16:35
Mე მაქვს წიგნი სიბრზნის სიმპონია, საკმაოდ სქელტანიანი Aსე 550 ფურცლიანი, შესანიშნავი წიგნია, ეს წიგნი Dაიყოფა 10 ტომად? Dა კიდევ ტუ სხვა GამოცეMA იკნება სხვა შინაარსიტ როგორ შეიზლება Vიყიდოტ ემიგრანტებმა ( 15 სელია ამერიკაში Vცხოვრობ )

რედაქტორის რჩევით