ასლარიანი MIA-სგან: "იქნებ არ ვეთანხმები ამ ჯარიმას?"
16-09-2013
ასლარიანი MIA-სგან: "იქნებ არ ვეთანხმები ამ ჯარიმას?"
"გაუმართავი ტექნიკის გამო ხშირად დაუჯარიმებიათ უდანაშაულო მძღოლი"

"შესაძლებელია, რადარმა სხვისი დარღვევა თქვენ მოგაწეროთ"

"დაუშვებელია, საზოგადოებას არ მიაწოდო ინფორმაცია, სად რა შეზღუდვები დაწესდა"


საქართველოში წესების დაცვა არავის უყვარს, ჩვენ უფრო ის გვაღელვებს, როცა დანაშაულზე გვითითებენ და პასუხს გვაგებინებენ. თუმცა არც მოქალაქეა ყოველთვის დამნაშავე. ხშირად წესების დამდგენი უწყებების არცთუ გონივრული დადგენილებები ან ინდიფერენტულობა ხდება მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი. "ბოსი" ყოველთვის მართალია და ეს იმიტომ ხდება, რომ უდანაშაულოდ დაჯარიმებული მოქალაქე საკუთარი უფლებების დაცვისთვის არაფერს
აკეთებს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია დედაქალაქში ბოლო დროს სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლის შესახებაც მძღოლების ერთმა ნაწილმა მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც ტელეფონზე ეს-ემ-ესით 100-ლარიანი ჯარიმის შესახებ მიიღო შეტყობინება. ამ არასასიამოვნო შეტყობინებებს სრულიადაც ვერ ახალისებს გამომგზავნის სასიამოვნო სახელი-აბრევიატურა: MIA. ახალ შეზღუდვებზე მომავალ კვირას მოსმენა გაიმართება საკანონმდებლო ორგანოში.
მანამდე საკითხის შეფასება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს რეზო ველიჯანაშვილსა და პარლამენტის წევრ თემურ მაისურაძეს ვთხოვეთ.


რეზო ველიჯანაშვილი: - თბილისში რადარების დაყენება სწორი გადაწყვეტილებაა. ავტოავარიები უმეტესწილად სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლის დასჯა გაფრთხილების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ჩასაფრების ხარჯზე. დაუშვებელია, საზოგადოებას არ მიაწოდო ინფორმაცია, სად რა შეზღუდვები დაწესდა.

- როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, განხილვის გარეშე შეიძლება მოძრაობის წესების შეცვლა?
- ნორმალურ ქვეყნებში, სანამ საგზაო ნიშანს დადგამენ, ან საგზაო წესებს შეცვლიან, პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია, ეს საზოგადოებას შეატყობინოს. გარდა ამისა, ცვლილებებს დრო და ექსპერტების ჯგუფის მუშაობა სჭირდება. არ შეიძლება საგზაო წესების შეცვლა სპეციალისტთა დაუკითხავად. სწორედ ეს განუკითხაობაა იმის მიზეზი, რომ კანონი საზოგადოების ინტერესებს უპირისპირდება.
როგორც კი საპატრულო პოლიციამ დამატებითი ამკრძალავი ნიშნები დადგა, მაშინვე უნდა დაეწყო მუშაობა საპიარო სამსახურებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური არსებობს თუ არა, მძღოლებმა არც კი იციან. არადა, დეპარტამენტი ვალდებულია, ინფორმაცია რეგულარულად მიაწოდოს საზოგადოებას. თუ არ აფრთხილებ, მაშინ  მოქალაქეს შეგნებულად ძარცვავ.

- მძღოლები იმასაც ჩივიან, რომ დაჯარიმების თაობაზე შეტყობინებას ეს-ემ-ესით იღებენ.
- ეს დაუშვებელია.
უნდა მომიტანო ქვითარი, მოგიწერო ხელი და მერე დამითვალე 30 დღე. იქნებ არ ვეთანხმები ამ ჯარიმას?

ამ გზით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ მძღოლებისგან.

- შეიძლება რადარმა სხვის მაგივრად დაგაჯარიმოს?
- მსოფლიომ ჯერ ვერ მოიგონა რადარი, რომელიც უშეცდომოდ იმუშავებს.
მაგალითად, თუ თქვენ უკან ან გვერდზე სხვა მანქანებიც არის, შესაძლებელია, რადარმა სხვისი დარღვევა თქვენ მოგაწეროთ. გაუმართავი ტექნიკის გამო ხშირად დაუჯარიმებიათ უდანაშაულო მძღოლი.

- რას გულისხმობთ ტექნიკის გაუმართაობაში?
- მაგალითად, მძღოლს აჩერებენ და ალკოტესტზე ამოწმებენ. საპატრულო პოლიციის ზოგი თანამშრომელი თურქულ აპარატურას ხმარობს, ზოგიც ჩინურს. თურქული აპარატები არ ვარგა, ჩაჰბერავ და აღმოჩნდება, რომ "ნასვამი" ხარ. სამწუხარო ის არის, რომ ამის გამო არავინ გიხდის ბოდიშს. ვიღაც უცოდინარი და შეუგნებელი, რომელიც ასე აწვალებს ხალხს, დაუსჯელი რჩება.

- წინაც და ახალი შინაგან საქმეთა მინისტრიც თავგამოდებით იცავენ საკუთარ თანამშრომლებს.
- კადრების დაცვა ცუდი არ არის, მაგრამ როცა სამსახურებრივი გადაცდომის წინაშე გაყენებს ცუდი თანამშრომელი, ხელის დაფარება მავნებლობაა.

- ალბათ, პრობლემა საზოგადოებაშიც არის, საკუთარი უფლებების დაცვა არ ვიცით.
- როცა არ ვეთანხმებით რომელიმე გადაწყვეტილებას, უნდა ვისწავლოთ კანონით მოქმედება. არ უნდა შევარჩინოთ უფლებების დამრღვევს თავხედობა.
უცხოეთში არავინ აპატიებს პოლიციელს ცუდად მოქცევას, ქართველები კი მხოლოდ გავბრაზდებით, ეს არის და ეს.

პარლამენტში საგზაო წესების დარღვევისთვის საურავების შემცირების ინიციატივის ავტორი, პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე:

- საქართველოში ხშირად ჯარიმდებიან მძღოლები და შემდეგ გადაუხდელობის გამო საურავები უორმაგდებათ. ამიტომ შევიტანე ინიციატივა პარლამენტში, საურავების განახევრებას ვითხოვთ. ერთი თვის ნაცვლად გვინდა მძღოლს 3 თვე ჰქონდეს ჯარიმების გადასახდელად.

- ალბათ, იცით ახალი შეზღუდვის შესახებ, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, სწორად არის ადგილები შერჩეული?

- ბევრს აინტერესებს, რატომ არის დიღმის ტრასაზე ან აეროპორტის გზაზე ეს შეზღუდვა. სხვათა შორის, სანამ ამ აკრძალვას დააწესებდნენ, დიღმის გასასვლელში საცობები არ იყო, მას შემდეგ, რაც აკრძალვითი ნიშანი დადგეს, გზა გადაიტვირთა. თუ შეზღუდვა მოძრაობას აფერხებს, მაშინ რატომ ვაწესებთ გაუაზრებლად ახალ წესებს?
ამ ყველაფერზე პასუხებს მომავალ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაგვცემენ. 

- ამბობთ, რომ ჯერ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს არ გადაუწყვეტია და ისე შევიდა ძალაში?
- პარლამენტში განიხილება ჯარიმის ოდენობის საკითხი. როცა ჯარიმის ოდენობა შეიცვლება და ახალი კანონი შევა ძალაში, მაშინ მოქალაქეები სხვა ტარიფით დაჯარიმდებიან.

- როცა შეზღუდვები დაწესდა, მძღოლების უმეტესობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეს დარღვევა არ არის?
- ამ შეკითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს როგორც დეპუტატს და როგორც მძღოლს.

- მძღოლი რომ ტელეფონით იღებს შეტყობინებას, დაჯარიმებული ხარო, ეს მართებულია?
- ამ ეს-ემ-ესებს ბევრჯერ მოჰყოლია გაუგებრობა. შეიძლება კაცმა ეს-ემ-ესი ვერ წაიკითხოს ან წაეშალოს. ბევრი დეპუტატი ფიქრობს, რომ მძღოლს შეტყობინება პირადად უნდა გადაეცეს. ეს საკითხიც დაისმება პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

უტა ბიწაძე
idiotizmi
23 სექტემბერი 2013 15:10
აქ ვინც წერთ რო სიჩქარის გადაჭარბებაზე კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ჯარიმებიო, ეგეთი ხალხი საჭესთან ჯდომის ღირსნი არ ხართ და ველოსიპედის მეტი არ გაღირსოთ ღმერთმა ბორბლიანი :) ეს ავარიები იმის ბრალია რო ყველა იდიოტკას მართვის მოწმობა უბოძეს და არა იმის რო 91-ის სანაპიროზე გავლით თურმე რო ქვეყანა დამიქცევია ან სიმონეთში 110 გავიარე ან კიდე ავტობანზე 127 ით. 2 დღეში 300 ლარი გადამახდევინეს სმს ით, ამაზე უარესი ყაჩაღები სადმე არსებობს? დამპალი სახელმწიფოა მყრალი ნაგვის ურნიდან ამოქექილი ხელისუფლებით.
daviti
22 სექტემბერი 2013 10:28
სმს-თ დაჯარიმების შეტკობინება დაუსვებელია, რადგან ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის მოთხოვნაა, რომ დადგენილების ასლი დაჯარიმების შესახებ უნდა ჩაბარდეს დამრღვევს ხელის მოწერით. ამის შემდეგ იწყება 30 დღის ათვლა. ხშირია საპატრულო პოლიციის მუშაკების მუშაკების მხრიდან ტელევიზიით არასწორი განმარტებების მოსახლეობისთვის მიწოდება, რითაც შეცდომაში შეკავთ მძღოლები და შესაბამისად იზრდება მათი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვავების რიცხვიც. მაგალითისთვის: მარჯვენა სანაპიროზე "ლუკოილის" ოფისთან დააყენებუ"რადართან" და 70- კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით პატრულის თანამშრომელი განმარტავდა, რომ მართალია სიჩქარე შეზრუდულია 70 კმ/სთ-მდე, მაგრამ მძღოლებს შეუძლიათ იმოძრაონ 85 კმ/სთ სიჩქარით, ამ განმარტების შემდეგ იქმნება შთაბეჭდილებ, რომ საპატრულო პოლიციაში არ იციან რას ნისნავს ადმ. კოდექსში არსებული ჩანაწერი იმის ტაობაზე, რომ დადგენილი სიცქარის 15კმ/სთ-ში მეტით გადაჭარბების შემთხვევაში დგება დამრღვევის ადმ. პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთი არაკომპოტენტური განმარტებების მძღოლებისათვის მიწოდება დაუშვებელია. ამასთან, წინა მოწვევის პარლამენტის მხრიდან ადმ. კოდექსის საგზაო მოძრაობის ნაწილში შეტანილია ცვლილებები, რომლის კანონში არსებობა უბრალოდ სირცხვილია, რადგან ადასტურებს კანონზე მომუშავე პირთა ამ სფეროში არაკომპოტენტურობას. მართალია ქართველებს არ გვიყვარს კანონების კითხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ კანონებს ეცნობიან უცხოელები და არ არის ალბათ ძნელი წარმოსადგენი რა შთაბეჭდილება შეექმნებათ ჩვენ განსწავლულობაზე, თუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში ასეთ შეცდომებს უშვებენ. დღეს მოქმედი ადმ. კოდექსი ამ სფეროში ისეა გაუბედურებული, რომ ალბათ მის გამოსწორებას ერთიმოწვევის პარლამენტი არ ეყოფა. სასურველია, როდესაც ხდება კანონში ცვლილებების შეტანა არ არის სირცხვილი მოიწვიოთ სპეციალისტები ამ სფეროში. უკიდურეს შემთხვევაში ის ადამიანები ვის მიერაც იქნა მომზადებული 1996-97წლებში ეს კანონი.
ბესიკ დუღაშვილი
22 სექტემბერი 2013 00:08
საინტერესოა, აგვისტოს თვეში მე და ჩემს 12 ნაცნობს სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა რომ მოგვივიდა, ყველას 83 კმ/სთ-ში რატომ გვქონდა დაფიქსირებული?
ხომ შეიძლებოდა 84 ან 82 ყოფილიყო? :-)

რედაქტორის რჩევით