კერკეტი კაკალი: "ზოგიერთ სკოლაში ობიექტური მიზეზების გამო სწავლა 2 კვირით გადაიდება"
16-09-2013
კერკეტი კაკალი: "ზოგიერთ სკოლაში ობიექტური მიზეზების გამო სწავლა 2 კვირით გადაიდება"
"ასეთი ხასიათი მაქვს და ვერ შევიცვლი"

"წელს პირველკლასელები მიიღებენ განახლებულ პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებიც ადრე უფრო სათამაშოს ფუნქციას ასრულებდა"

"მანდატურებს უწინდელი ფუნქცია ჩამოერთვათ"


"ახალი სასწავლო წელი საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა. ძალიან რთულია, თითქმის ყაზარმულ რეჟიმზე ვართ გადასული", - განაცხადა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ:


- ახალი სასწავლო წლის მთავარი სიახლე უფასო სახელმძღვანელოებია. დაახლოებით 14 მილიონი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოები დაიბეჭდა. სხვათა შორის, გასულ წლებში ამ სახელმძღვანელოების შეძენა
მშობლებს 35 მლნ ლარი უჯდებოდათ. წელს პირველკლასელი მოსწავლეები მიიღებენ განახლებულ პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებიც ადრე უფრო სათამაშოს ფუნქციას ასრულებდა. კომპიუტერები ჩვენ ქსელში ჩავრთეთ და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსად ვაქციეთ. გავაუმჯობესეთ ტექნიკური პარამეტრები, რათა კომპიუტერების გამოყენება შეიძლებოდეს არა მხოლოდ პირველ, არამედ მეორე და მესამე კლასებშიც. წელს ყველა სკოლაში
გვაქვს ინტერნეტი.

სკოლების ტექნიკურ პერსონალს 1-ლი სექტემბრიდან ხელფასი დაახლოებით 45%-ით ეზრდება. გასულ წელს 330 სკოლას ემსახურებოდა სასკოლო ავტობუსი, წელს 900 სკოლას მოემსახურება. ეს კარგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებს ფეხით სიარული არ უწევთ, არამედ იმიტომაც, რომ ავტობუსების დანიშვნის შემდეგ რეგიონებში გაკვეთილებზე დასწრება გაუმჯობესდება. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყობა. პედაგოგები ადგილზე ჩაუტარებენ ბავშვებს გაკვეთილებს. ორ სკოლაში შევქმენით ინტეგრირებული კლასები, სადაც სმენა და მხედველობადაქვეითებული ბავშვები თანატოლებთან ერთად ისწავლიან.

- ითქვა, რომ მოსწავლეებს მეორადი სახელმძღვანელოებიც დაურიგდებათ. წიგნები არასაკმარისი რაოდენობით დაიბეჭდა?
- მას შემდეგ, რაც სკოლებმა 4-ჯერ მოგვაწოდეს ინფორმაცია საჭირო სახელმძღვანელოების შესახებ, განისაზღვრა ტირაჟი, მაგრამ მოსწავლეები სკოლიდან სკოლაში გადადიან (ბოლო რეგისტრაციის შემდეგ 20 ათასმა მოსწავლემ გამოიცვალა სკოლა). სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა სახელმძღვანელოს იყენებს, შესაბამისად, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა, ვინ რომელ სკოლაში გადავიდოდა და რა სახელმძღვანელო დასჭირდებოდა. ამიტომაც საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ მეორად სახელმძღვანელოებს. მთლიანად ამ სახელმძღვანელოების რაოდენობა სკოლებში 0.1%-ს არ აღემატება.

- საკამათო გახდა სახელმძღვანელოების მოხმარების შეფასება ქულებით და დაზიანების გამო დაწესებული სანქციები.
- მშობელს იმ შემთხვევაში მოუწევს წიგნის ჩანაცვლება, თუ ბავშვმა განგებ დააზიანა სახელმძღვანელო. თუ წიგნი გაცვდა ან მოსწავლემ რაღაც ჩაინიშნა, ეს არ იქნება პრობლემა.

- მას შემდეგ, რაც უარი ითქვა ლოტოტრონზე, სკოლის დირექტორები რა კრიტერიუმებით შეირჩევიან?
- სკოლის დირექტორობის მსურველმა უნდა მიიღოს დირექტორობის სერტიფიკატი. სერტიფიცირების პროცესი შედგება ტესტირებისა და სამინისტროში არსებულ კომისიასთან გასაუბრებისაგან. მას შემდეგ, რაც პირი მიიღებს სკოლის დირექტორის სერტიფიკატს, კონკრეტულ სკოლაში დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უნდა გაიაროს, წარმოადგინოს ამ სკოლის განვითარების გეგმა. თუ გეგმას კომისია მოიწონებს, დირექტორობის კანდიდატს მიავლენენ სკოლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად. თუ ერთ სკოლაში რამდენიმე კანდიდატია, საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.

- მანდატურები უწინდელივით გავლენიანები იქნებიან სკოლაში, როდესაც დირექტორებიც კი ძრწოდნენ მათ წინაშე?
- მანდატურებს უწინდელი ფუნქცია ჩამოერთვათ და პედაგოგის საქმიანობაში ჩარევის უფლება არა აქვთ. მანდატურის ფუნქცია გახდება ბავშვის უსაფრთხოების დაცვა.

- საინგილოს სოფელ ალიაბადიდან გვაცნობეს, რომ ოთხ სკოლაში იყო ქართული სექტორი და ახლა  ერთი დარჩა. თუ გეგმავთ ამ თემაზე აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარს?

- საინგილოში 11 ქართულენოვანი სკოლა გვაქვს, რომელთაც სახელმძღვანელოებით ვამარაგებთ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით აუცილებლად დავინტერესდები და შესაბამის ზომებსაც მივიღებ.

- როგორც ვიცი, 16 სექტემბერს ყველა სკოლაში არ დაიწყება სწავლა.
- 600-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში ობიექტური მიზეზების გამო ეს პროცესი ვერ დასრულდა და ამიტომაც იქ მაქსიმუმ 2 კვირით გადაიდება სწავლის დაწყება.

- როდესაც მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეთ დავით ზურაბიშვილი, პრემიერმა კერკეტი კაკალი გიწოდათ.  ასეთი ხასიათი პრობლემას ხომ არ შეგიქმნით მუშაობაში?
- ასეთი ხასიათი მაქვს და ვერ შევიცვლი. ვფიქრობ, საზოგადოებას  უნდა მოსწონდეს პრინციპული ადამიანი, რომელიც ყოველ წუთში არ იცვლის შეხედულებას. აბა, სხვანაირი როგორ უნდა იყოს საჯარო მოხელე?
manana
19 სექტემბერი 2013 19:08
ძალიან კარგია რომ ბავშვებს წიგნები დაურიგეს,გაახარებთ ღმერთი...
ჩვენი სკოლის დირექტორს გამოცდა ჩაუბარებია, მარა ისეთი უტაქტოა, სულ წივის და კივის, მშობლებთანაც და თანამშრომლებთანაც,მინისტრი ჩემი ახლობელია და ვერაფერს დაამაკლებთო...
lia
19 სექტემბერი 2013 11:14
მე ბებია ვარ და ძალიანაც მომეწონა ჩემ პირველკლასელ შვილიშვილს მაგიდაზე წიგნების კომპლექტი და კომპიუტერი რომ დახვდა.ყველაფრის პოლიტიზირება ხომ არ შეიძლება! ხომ შეიძლება მშვიდად მივიღოთ როგორც ზრუნვის გამოვლენა და პოზიტივი დავინახოთ! ისე სამედიცინო სამსახური სკოლაში აუცილებელია.
marina
19 სექტემბერი 2013 09:12
ჩემს ირგვლივ ყველამ მიიღო ახალი წიგნები,ყველას გვიხარია ეს ამბავი. მე პირადად 150 ლარი დავზოგე!მადლობა ბსახელმწიფოს!!!

რედაქტორის რჩევით