ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან ოცდასამი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან ოცდასამი წლის შემდეგ

მემუარული ლიტერატურა უაღრესად საინტერესოა მკითხველისთვის, მით უფრო, თუ ის თავადაც მომსწრეა ქვეყნის ცხოვრებაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა. ცნობილია, რომ მემუარები რამდენადმე სუბიექტურია და მასში აღწერილი ქვეყნის აღმშენებლობა თუ მისი განვითარების გზაზე არსებული ტრაგიკული მოვლენები, შესაძლოა, ჩვენ სულ სხვა თვალით გვაქვს დანახული და აღქმული. ამიტომაცაა საინტერესო ქვეყნის გუშინდელ საჭეთმპყრობელთა მონათხრობი, სადაც ბევრ აქტუალურ და მიჩუმათებულ პრობლემას ეხდება ხოლმე ფარდა.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ყოფილი პარტიული ფუნქციონერის, ცკ-ის პირველი მდივნის, რამდენიმეგზის დეპუტატის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ", რომელიც ახლახან დასტამბა გამომცემლობა "პალიტრა L"-მა.

ისინი მოუნელებელ ტკივილად დარჩნენ

ჩემი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ტრაგედიის მომსწრე გავხდი.

შემოდგომის თბილი საღამო იყო. რუსთაველის თეატრიდან გამოვედი და ფეხით ცენტრალური კომიტეტისკენ მიმავალ გზას გავუყევი.

სასტუმრო "თბილისთან" ბავშვობის მეგობარი მიშა კობახიძე შემხვდა. ათეული წლები ერთად მოვდიოდით, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მიშას დანახვამ ისე შემძრა, მასთან შეხვედრას ჩვეული სიხარული არ გამოუწვევია.

მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ მიშამ მითხრა: შენთან სათხოვარი მაქვს და შეხვედრა მინდაო.

დროის გაწელვასა და გადადებას აზრი არ ჰქონდა, შეხვედრა გარდაუვალი იყო. მეორე დღეს დავიბარე და მოსალოდნელ მძიმე წუთებზე ფიქრით შეპყრობილმა ჩქარი ნაბიჯით განვაგრძე გზა.

ჩემი ბავშვობის მეგობარი ორი წლის წინ დახვრეტის განაჩენგამოტანილი გეგა კობახიძის მამა იყო, მე კი ახალი არჩეული ვიყავი ცენტრალური კომიტეტის მდივნად...

კაბინეტში შესვლისთანავე დავურეკე ინაურს.

მიშას მომზადებული უნდა დავხვედროდი და თვითმფრინავის გამტაცებლების იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მქონოდა.

საშინლად დათრგუნვილი ვიყავი.

მთელი სიცხადით გაცოცხლდა ყოველი კადრი, ჩემი და მიშას ყმაწვილკაცობიდან მოყოლებული, იმ ავბედით დღემდე...

1983 წლის 18 ნოემბერი. ამ დროს მე ჯერ კიდევ დარგის მდივანი ვარ, ერთ-ერთ ღონისძიებას ვესწრები. ცენტრალური კომიტეტიდან მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ უნდა მივიდე თბილისის აეროპორტში, სადაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. აეროპორტში, ცენტრალური კომიტეტის წევრებისთვის განკუთვნილ ოთახში, ბიუროს წევრები და შევარდნაძე მხვდებიან. გატაცებული თვითმფრინავი უკვე თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე დგას.

გამტაცებელთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ მათი ულტიმატუმის შესახებ: ისინი საწვავის შევსებასა და თბილისის აეროპორტიდან აფრენას ითხოვენ.

ცნობილია ისიც, რომ ბორტგამცილებელი მოკლულია და თვითმფრინავში სხვა დაზარალებულებიც არიან. მგზავრების ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან გამტაცებლები მოლაპარაკებაზე არ მოდიან.

ამ დროს მოსკოვიდან ჩამოდის სპეცბრიგადა და აეროპორტის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია იწყება. ბიუროს წევრები აეროპორტის შენობაში ვრჩებით. გარეთ გამტაცებელთა მშობლები ტრიალებენ. უკვე ცნობილია, რომ გამტაცებელთა შორის არიან ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე, სოსო წერეთელი, ფეტვიაშვილი და მიქაბერიძე.

სპეცოპერაციის შემდეგ ოთხი მათგანი, მათ შორის ერთი დაჭრილი და ერთიც შავხელთათმნიანი ქალი ჩვენს ოთახში შემოჰყავთ. მიქაბერიძე ამ დროს უკვე გარდაცვლილია.

ათას სიბინძურეს ჰყვებიან დღემდე, თითქოს ბიუროს წევრებმა გამტაცებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მსგავსი არაფერი მომხდარა. სულ რამდენიმე წუთით შემოიყვანეს ჩვენს ოთახში, გვაჩვენეს, ვინ იყვნენ და მალევე გაიყვანეს.

გამტაცებლები გაბრუებულები იყვნენ, გაურკვეველ, აბსურდულ ფრაზებს ამბობდნენ, თავი უცხოეთში ეგონათ. არანაკლებ გაოგნებულები და დათრგუნვილები ვიყავით ჩვენ, იმ დროისთვის თვითმფრინავის გატაცება ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტი იყო, რომელმაც უმძიმესი ტრაგიკული შედეგი მოიტანა.

დღეს, როდესაც ყოველივე საბჭოურის გაქილიკება და ნეგატიურად შეფასება ცხოვრების წესად იქცა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ლამის გმირებად შერაცხა "თვითმფრინავის ბიჭები", იმავე აზრზე ვდგავარ, რაზედაც სამი ათეული წლის წინ, ტრაგედიის პირველ დღეებში ვიდექი:

ეს ბიჭები მართლაც იყვნენ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ნიჭიერი ადამიანები და რომ არა ის საბედისწერო შეცდომა, ალბათ, ბევრ სიკეთესა და წარმატებას მოუტანდნენ ქვეყანასაც და საკუთარ ოჯახებსაც.

თუ უცხოეთში ცხოვრება სურდათ, არც ეს იყო პრობლემა, ნებისმიერ მათგანს დაუბრკოლებლად შეეძლო ქვეყნიდან გასვლა... თვითმფრინავის გატაცება კი იყო დანაშაული... დანაშაული, რომელმაც მხოლოდ საბჭოეთის იმიჯი კი არ შელახა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა და იქ, სადაც არსებობს დაზარალებული მხარე, ლოგიკურია, უნდა არსებობდეს სასჯელიც დამნაშავეთათვის. სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატურია იგი, რამდენად ადამიანური და ჰუმანურია. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმფრინავის გამტაცებლები სასჯელის უმაღლესი ფორმით, დახვრეტით უნდა დასჯილიყვნენ.

სასამართლო პროცესი ზაფხულში გაიმართა.

ბიუროს ყველა წევრი თბილისში გამოგვიძახეს.

ინტელიგენციის წარმომადგენლებმა სასჯელის შეცვლის თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს... მალევე გახდა ცნობილი, რომ შევარდნაძის უშუალო დავალებითა და მითითებით დაიწყო ხელმოწერების უკან გამოტანის პროცესიც. ნაწილმა მართლაც მოახდინა საკუთარი ხელმოწერის ანულირება. ნაწილმა ბოლომდე შეინარჩუნა პრინციპულობა.

სასამართლო პროცესი 1984 წლის 23 აგვისტოს დასრულდა.

ტელევიზიით მიმდინარეობდა განაჩენის გამოტანის ეპიზოდის პირდაპირი ტრანსლაცია. სასჯელი უმაღლესი იყო - დახვრეტა...

განაჩენი იყო არა მხოლოდ მკაცრი და არაჰუმანური, არამედ აბსურდამდე უსამართლოც, რადგან დახვრეტა მიესაჯა მღვდელმსახურს, რომელიც ყველამ იცოდა, რომ თვითმფრინავის გატაცების მომენტში თვითმფრინავში არ იმყოფებოდა.

ტრაგედია კი მხოლოდ ტრაგიკული ფაქტით არ სრულდება, იგი მთელი ცხოვრება გრძელდება, თუნდაც ემოციური თვალსაზრისით. და იმ დღესაც, მიშა კობახიძესთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ოთახში ადგილს ვერ ვპოულობდი, რადგან ის, რაც ინაურმა მითხრა, ყოვლად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო:

- არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მათ შორის არც გეგა კობახიძე, ისინი მალევე დახვრიტეს, ბატონო ჯუმბერ!

კითხვებზე: რატომ, როდის და როგორ? ინაურს პასუხი არ ჰქონდა.

- ეს არ იყო უშიშროების საქმე. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰკითხეთ, - მითხრა ინაურმა და კაბინეტი დატოვა.

იმ ღამესვე გამოვიძახე აკაკი კარანაძე.

მართალია, ინაური არასდროს ცდებოდა, მაგრამ კარანაძის მოსვლამდე ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდა.

ყოვლად დაუჯერებელი იყო, რომ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი და ამის შესახებ არავინ, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებმაც, არაფერი იცოდა. როდესაც კარანაძემაც დამიდასტურა ინაურის ნათქვამი და დახვრეტის ზუსტი თარიღი მითხრა, ყველაფერი კიდევ უფრო აბსურდულად მომეჩვენა.

სასამართლომ განაჩენი 23 აგვისტოს გამოიტანა. რამდენიმე კვირაში, 4 ოქტომბერს კი, ანუ მაშინ, როცა ყველა შანსი ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული და საქმე საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში უნდა განხილულიყო, განაჩენი აღასრულეს.

ვისი ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ნათელი იყო, მაგრამ რატომ აჩქარდნენ ასე, მაშინ, როცა უამრავი სიკვდილმისჯილი ადამიანი ცოცხალი იყო და წლობით ციხეში იხდიდა სასჯელს, ამაზე პასუხი არ მქონდა.

- რატომ არ შეატყობინეთ ოჯახს, ან ოფიციალურად რატომ არ განაცხადეთ, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანეთ? - ვკითხე კარანაძეს, რადგან როცა დახვრეტის განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც ვრცელდებოდა და ოჯახსაც ატყობინებდნენ.

მახსოვს, წლების წინ, როდესაც აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე იუზა კობახიძე დახვრიტეს, ოჯახის წევრებს ოფიციალურად აცნობეს ამის შესახებ, გარდაცვლილის პირადი ნივთებიც მიუტანეს და ცხედრის გარეშე ოჯახში სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა. ჩვენ მეზობლები ვიყავით და ამ ყველაფრის უშუალო თვითმხილველი გახლდით. რამდენად ეკუთვნოდა იუზა კობახიძეს უმაღლესი სასჯელი, ეს იმის კისერზე იყოს, ვინც იგი სასიკვდილო განაჩენისთვის გაიმეტა... მაგრამ ფაქტია, "თვითმფრინავის ბიჭების" შემთხვევაში სცენარი სხვაგვარად განვითარდა: ოჯახის წევრები ციხეში ფულსა და პირად ნივთებს გზავნიდნენ, იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ, და რაც მთავარია, ციხის ადმინისტრაცია მათგან ორივეს იღებდა.

- რატომ არ შეატყობინეთ ოჯახებს? - კიდევ ერთხელ გავუმეორე თავჩაქინდრულ და მდუმარე უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

- შევარდნაძემ მითხრა, რომ ამისი გახმაურება საჭირო არ იყო, რადგან ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, - მიპასუხა კარანაძემ.

მასთან დიალოგსა და მისგან თავის მართლების მოსმენას აზრი არ ჰქონდა.

წინ უმძიმესი ღამე და კიდევ უფრო მძიმე დღე მელოდა. ჩემთან მიშა კობახიძე უნდა მოსულიყო, რომელიც, სავარაუდოდ, შვილის შეწყალებას მთხოვდა. შვილის, რომელიც ერთი წლის წინ დახვრიტეს... არ ვიცოდი, სიმართლე როგორ მეთქვა, არც ის - როგორ დამემალა...

მეორე დღეც გათენდა.

მიშა მოვიდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და როდესაც თხოვნაზე ჩამოვარდა სიტყვა, აღმოჩნდა, რომ პირადი სათხოვარი ჰქონდა.

კარგა ხანს არ ვუჯერებდი ყურებს, რასაკვირველია, თხოვნის შესრულებას დავპირდი. მადლობა გადამიხადა, დამემშვიდობა და წავიდა.

საკმაოდ გრძელი კაბინეტი მქონდა და იმ დღეს ყველაზე გრძელი მომეჩვენა. ვუყურებდი კარისკენ მიმავალი მიშას ზურგს და ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მეგონა, უფრო სწორად, მეშინოდა, რომ შემობრუნდებოდა და გეგაზე მკითხავდა...

არ შემობრუნებულა. მასაც ცოცხალი ეგონა...

თხოვნისგანაც, ალბათ, იმიტომ შეიკავა თავი, იცოდა, იმ ეტაპზე ვერაფერს შევძლებდი. ის მთხოვა, რაშიც დარწმუნებული იყო, დავეხმარებოდი. ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს...

ბიჭების გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა თვითმფრინავის გატაცების მონაწილე თინათინ ფეტვიაშვილი, რომელსაც თოთხმეტწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მიშას სტუმრობიდან მალევე დამირეკა ზურაბ წერეთელმა და მთხოვა, ფეტვიაშვილის დედა შეხვედრაზე მიმეღო.

შეხვედრა შედგა. ბუნებრივია, ფეტვიაშვილის დედა შეწყალების თხოვნით მოვიდა. მისივე თანდასწრებით დავურეკე რესპუბლიკის პროკურორ ვახტანგ რაზმაძეს.

მან მითხრა, რომ დედას შეწყალების თხოვნა წერილობით უნდა დაეწერა და პროკურატურისთვის მიემართა, რომელიც შეწყალებაზე იზრუნებდა.

ასეც მოხდა, თინათინ ფეტვიაშვილი მალევე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

რაც შეეხება ბიჭებს, ისინი მოუნელებელ ტკივილად დარჩნენ...

წლების შემდეგ, როცა შევარდნაძემ სინანულნარევი ტონით თქვა: ვნანობ, მოსკოვში რომ არ ჩავედი და ბიჭების შეწყალება არ ვითხოვეო, სიმწრით გამეღიმა. რა უნდა ეთხოვა, ან ვისთვის, როცა განაჩენი სისრულეში რამდენიმე კვირაში მოაყვანინა?!

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)