ზედმეტი მუხტით აფეთქებულ "ბოროტებაზე გამარჯვება" და სამუდამოდ განადგურებული ოჯახი - კვირის პალიტრა

ზედმეტი მუხტით აფეთქებულ "ბოროტებაზე გამარჯვება" და სამუდამოდ განადგურებული ოჯახი

ქუთაისში აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა და კარადების კარებიც გაიღო. ბევრს მიწისძვრაც ეგონა, მაგრამ შინ დარჩენილები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმათთან შედარებით, ვინც პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და ქუჩაში უსაფრთხოების მიზნით გამოვიდა. ხალხი თავისი კორპუსების მახლობლად იყო შეყუჟული. იცოდნენ, რომ აფეთქების ტალღა ძლიერი იქნებოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერც წარმოიდგენდნენ. ბეტონის ნამსხვრევები დაახლოებით 400-500 მეტრზე გადმოფრინდა და რამდენიმე კაცი დააშავა. მათ შორის ერთ მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა.

როგორც გვითხრეს, 11 წლის ნინო ჯინჭარაძეს, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეს, ნამსხვრევი საფეთქელში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. თავში მოხვდა ნამსხვრევი გოგონას დედასაც - ეკა ჯინჭარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა მოგვიანებით.

შემთხვევის ადგილზე მისულებს მხოლოდ ქვების უზარმაზარი გროვა, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი და პოლიციელები დაგვიხვდნენ, რომლებიც არც კომენტარს იძლეოდნენ და არც გადაღების საშუალებას, თუმცა არც იყო გადასაღები რამე ერთიანად აოხრებულ-გადათხრილ ტერიტორიაზე. ადგილობრივი მთავრობის წევრები დაბურულმინიან ძვირფას მანქანებში დაემალნენ ხალხის რისხვას...

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრას" ყოფილი პარლამენტარი გოგი წულაია ესაუბრა: - სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი კიდევაც, რომ რაღაც უბედურება მოხდებოდა. ყველგან იყო მსხვერპლი, სადაც ასე ძალადობით დაანგრიეს შენობა და ხალხის აზრი არ გაითვალისწინეს. ხომ გახსოვთ, რაც მოხდა თბილისში, - თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსის დანგრევამ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა; ან კიდევ "ვარსკვლავების აკადემიის" შენობის უაზრო რეკონსტრუქციას რამდენი მსხვერპლი მოჰყვა?..

- რას ამბობენ, რამ გამოიწვია მსხვერპლი?

- უვიცობამ, სულსწრაფობამ და არაპროფესიონალიზმმა. როგორც ყოველთვის, დაბადების დღე ხომ უნდა მიელოცათ მიშასთვის, 21 დეკემბრისთვის რომ პატაკი ჩაებარებინათ! ზედმეტი მუხტი იყო ჩადებულიო, - სპეციალისტმა თქვა და ასეც იყო ალბათ. ვინ გაიგონა დასახლებული პუნქტის მახლობლად ასეთი ძალის აფეთქება?!

ბატონი გოგის საუბარს ადგილობრივი მცხოვრებლები უსმენდნენ და გამწარებულები აყვირდნენ: "პარლამენტი და ჯანდაბა მაგათ, ყველგან სისხლიან კვალს როგორ ტოვებენ, არ ჩამოესვლებათ ქუთაისში, მთელი ქუთაისი ფეხზე დავდგებით და მაგათ აქ ფეხს არ შემოვადგმევინებთ. პარლამენტი გვინდა მშიერ და დაქცეულ ხალხს?! ჯერ არ აშენებულა ეგ პარლამენტი და უკვე ცოდვიანია".

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა" დაღუპულების ოჯახში მივიდა და მიუსამძიმრა. სოსო ჯინჭარაძე (ნინოს მამა) გაოგნებული იყო. ალბათ, ბოლომდე არც ჰქონდა გააზრებული თავს დატეხილი ტრაგედია: - პოლიციელმა არ გამიშვა, რომ იქნებ ცოლი მაინც გადამერჩინა. სამსახურში ვიყავი, როცა გავიგე, რაც მოხდა და გამოვიქეცი. შუა გზაში დამატოვებინეს მანქანა. ვერ მივეშველე დროზე ჩემს ანგელოზებს, იქნებ ეკა მაინც მენახა ცოცხალი...

ცოტა ხნის წინ სოსო ჯინჭარაძეს მამა გარდაეცვალა და რაჭაში რომ მიასვენებდნენ, ავარია მოხდა, რომლის დროსაც მისი დედა და და დაიღუპნენ. ჯერ ის ტრაგედიაც არ ჰქონდა მონელებული, მაგრამ ცოლ-შვილის სიმწარემ ყველაფერი დაავიწყა.

ზიზი მოსიძე, ჯინჭარაძეების მეზობელი: - დაიქცა ოჯახი, იცი რა გოგო იყო ეკა და როგორ ზრდიდა შვილებს? ამ ტრაგედიას უფალი არავის აპატიებს...

ამის შემდეგ დაღუპულები ოჯახში მოასვენეს და კომენტარისთვის აღარავის ეცალა. იქ დარჩენა ვეღარც ჩვენ შევძელით და მართლაც შეძრულები წამოვედით ჯინჭარაძეების ოჯახიდან.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახს...