"სიწმინდეებთან უწმინდურებას რა უნდა?!." - კვირის პალიტრა

"სიწმინდეებთან უწმინდურებას რა უნდა?!."

როცა ქაღალდებად ვჭირდებით, მაშინ ხომ კარგად გვიყენებენ?

ქართველებს საამაყოდ და სათაყვანებლად შემოგვრჩა ჩვენი სიწმინდეები და კულტურული ტრადიციები, რომელთა სიდიადე აოცებს უცხოელებს. დღეს ხმლითა და შუბით აღარ ვიბრძვით მათ დასაცავად, მაგრამ მძვინვარე მტერი და უგუნური მოყვარე ყოველ თაობას ჰყავდა და დასაცავია ყოველივე, რაც კი წინაპარმა, საკუთარი სისხლის ფასად, ეროვნულ საუნჯედ დაგვიტოვა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქართველს ჩირადაც არ უღირს მამა-პაპის ანდერძი და გაუაზრებლად თუ შეგნებულად ცდილობს, სხვათა საამებლად მივიწყების მტვერი მიაყაროს ჩვენს წარსულს.

მარტყოფის ველზე, ნორიოს ნაქალაქარის ადგილას, იქ, სადაც გიორგი სააკაძემ და ქართველმა ხალხმა ხარება-დღეს გადაშენებისგან იხსნეს საქართველო სპარსთა მძლავრებისაგან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნაგავსაყრელის(?!) მოწყობა დაიგეგმა. წინაპრების ძვლებზე და წმინდა ნამონასტრალების ადგილას ნაგავსაყრელის მოწყობა, რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა და ეს კარგად უნდა ესმოდეთ ამ პროექტის ავტორებს. ამჯერადაც, ხალხის პროტესტის მიუხედავად, ნაგავსაყრელის მშენებლობა ჯიუტად გააგრძელეს ნორიოს ნაქალაქარზე. ადგილობრივი მოსახლეობა, ტაძრების წინამძღვრებთან ერთად, არაერთხელ გამოვიდა სიწმინდეების დასაცავად. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტიდან დაწყებული ეროვნული მუზეუმით დამთავრებული, არქეოლოგიური კვლევისა და ანალიზის დამთავრებამდე ყველა ეწინააღმდეგება აქ ნაგავსაყრელის მოწყობას, პროექტის ავტორები თავისას არ იშლიან(!).

შევეცადეთ, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა აქაურების გულისტკივილი, რათა მავანთ შეიგნონ, რომ ნებისმიერ საქმეში საჭიროა კეთილგონიერება და, უპირველესად, ხალხის აზრის გათვალისწინება:

"ნორიოს, მარტყოფის, სააკაძის, ნასაგურის ხალხია გამოსული. აგერა, სერზე გადადგებით თუ არა, გლდანის ნაგავსაყრელი მოჩანს. ახლა ქარი რომ იყვეს, ვერ გავჩერდებოდით აქა, დაგვახრჩობდა კვამლი, ღრუბელი დგას ხოლმე კვამლისა. იქიდან წამოსული ნამწვი, ქარი რომ შემოუბერავს, სულ ჩვენს სოფლებზე გადადის. ყურისძირში რომ გააკეთებენ ნაგავსაყრელს, მერე ხომ სულ დაგვახრჩობენ. ამ ადგილიდან ერთ კილომეტრშია სკოლა, სადაც 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ის არ გვეყოფოდა, მარტყოფისა და ნორიოს მიჯნაზე, ლეკთახევის თავზე, ჩერნობილის რადიაციული ნარჩენები რომ დაგვიმარხეს და სიკვდილის სარკოფაგი აგვიშენეს... გაიკითხონ ონკოლოგიურში, პროცენტულად რამდენი ადამიანია დასნებოვნებული ამ სოფლებიდან, ერთხელ მაინც მიიტანონ გულთან ჩვენი გასაჭირი...

აქედან მიდის სოფლებში სასმელი წყალი. ჭებიც ბევრს აქვს, მათაც საფრთხე ემუქრებათ. აი, დაბლა, ნორიხევში, სამი სამხედრო ბაზაა, აქედან გამავალი წყლით მარაგდება სამივე. როგორ გგონიათ, ხეირს დააყრით ეს მათ, არ მოიწამლება წყალი?..

ოდესღაც აქ 125 ტაძარი და სალოცავი იყო. ამ ადგილს VI საუკუნის ღვთაების მონასტერი გადმოჰყურებს, იქვეა მამა ანტონ მარტყოფელის სვეტი... აქეთ წმინდა გიორგის ტაძარი - ესეც VI საუკუნის ძეგლია, ცოტა გვერდზე - ღვთისმშობლისა, მთის წვერზე ხარაზაულის წმინდა გიორგის სალოცავია, - ეს, რაც ჩანს და რაც არ ჩანს? აქვე, სულ 20 მეტრში არის წმინდა კოზმას და დამიანეს სახელობის ნატაძრალი, რომლის აღდგენასაც ვაპირებთ. სიწმინდეებთან უწმინდურებას რა უნდა?!.

მთავრობაში რომ გაიძახიან, ტურისტები მოვლენო და უხარიათ, ზედ ამ ნაგავსაყრელის ძირში რომ გადის ეს გზა, რას იტყვის ის ტურისტი, მოუნდება კიდევ აქ მოსვლა?..

კომუნისტებს აქ გაზსადენის გაყვანა უნდოდათ. თითო ბარის დაკვრას თითო ისტორიული ნიმუში მოჰყვებოდა მიწიდან. სასწრაფოდ შეწყვიტეს მუშაობა. ეს ნორიოს ნაქალაქარია. საპატრიარქოდან იყვნენ არქეოლოგები, მეცნიერები - არაფრის დიდებით არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთებაო. აქ ჩვენი წინაპრების საფლავებია, ნამოსახლარებია, ნატაძრალებია, რომლებიც მტერთა შემოსევებმა იავარქმნა. დროთა განმავლობაში უნდა აღვადგინოთ, ეგენი კი ნაგავსაყრელს აკეთებენ...

კაციშვილი არ დაჰკითხვია სოფელს, თვითონ გადაწყვიტეს და მორჩა(?!). რამდენჯერ მივმართეთ თბილისის მერიას, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს. არადა, ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის საქართველოს პარლამენტმაც. მარტო ჩვენ კი არ მივწერეთ, საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძემ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ, ეკონომიკის სამინისტრომ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, რომლებიც მოითხოვენ, შეისწავლონ ადგილი და კეთილგონივრულად გადაწყვიტონ საკითხი. ამ წერილებში ნათლად იყო მინიშნებული, რომ ვიდრე ამ ტერიტორიას არ გამოიკვლევდნენ და დასკვნა არ გამოქვეყნდებოდა, სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო. მაინც მოვიდნენ, ტექნიკა მოიყვანეს და მუშაობა დაიწყეს. დასკვნა და კვლების შედეგები თვალით არავის გვინახავს. ეს არის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა?..

მოვიდნენ და მუზეუმი მაინც ნახონ სოფელში, აქედან ამოღებული 800-მდე ექსპონატია დაცული. II-III საუკუნის ნიმუშებია. აქ არქეოლოგიური გათხრები უნდა მიმდინარეობდეს და არა საწამლავის ბუდის მშენებლობა...

მაგათთვის, ეტყობა, ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ! შევახსენებთ მთავრობას, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი. როცა ქაღალდებად ვჭირდებით, მაშინ ხომ კარგად გვიყენებენ? ახლა ჩვენ გვიჭირს და მოგვხედონ. გაიკითხონ და გაიგონ, რა ხდება ამ ადგილებში, ხალხი ჩერნობილის ნარჩენებით იხოცება და ახალი საწამლავი აღარ გვინდა...

მოვკრეფამთ ხალხსა, ჩავიყვანთ სააკაშვილთანა და იქ დავაყენებთ, სანამ არ მოგვხედავს და ჩვენს სატკივარს არ გაიგებს. გვიპასუხოს, ხო დაგვპირდა, აქ რო იყო ჩამობრძანებული, - მოგხედავთო... ეგ არის მაგის მოხედვა? თვითონ ნაგავს იშორებენ და ჩვენ გვაყრიან თავზე? ხალხად არ გვთვლიან? მოვიდნენ, დაგველაპარაკონ ადამიანურად და გულიანად, თუ რამე მზაკვრული არ აქვთ ჩაფიქრებული... 500 მეტრის რადიუსში ამ ნაგავსაყრელის გარშემო კიდევ ცარიელი ზონა უნდა იყოსო, ჩაკვდება აქაურობა და საქართველოს ლტოლვილებს კიდევ მიემატება აქაურების ნაკადი. ავიყრებით და ეგ იქნება..."

P.S. მამა კახაბერის და მამა იერემიას ლოცვა-კურთხევით, ნორიოს ნაქალაქარის ადგილას, სწორედ იქ, სადაც მავანთ წმინდა ადგილებზე ნაგვის მიყრა განუზრახავთ, ჯვარი აღიმართა  ნიშნად იმისა, რომ აქ არსებული ყველა ნატაძრალი, ღვთის შეწევნით, ხელახლა აშენდება უფლის სადიდებლად! გარდა ამისა, წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულის მეორე დღეს ამ ადგილზე ნორიოობა გაიმართა...

ასეა, ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, - უთქვამთ ჩვენს სულკურთხეულ წინაპრებს!