სხვა ნაპირი - კვირის პალიტრა

სხვა ნაპირი

დევნილის ჩანაწერები

ცხოვრება უაფხაზეთოდ ისევ აფხაზეთზე ფიქრია: ჩემი, მისი და ათასობით ჩვენებურის ფიქრი, დარდი და წუხილი...

სოხუმის სახსოვარი

ფერადნახატებიანი თეფში იმ ნივთებს შორის აღმოჩნდა, სოხუმის დაცემის დღეს, გამთენიისას, გაუაზრებლად რომ ვყრიდი სამგზავრო ჩანთაში.

პირველი ჭურვი სოხუმში, მშვიდობის გამზირზე, საცხოვრებელ სახლს დაეცა და მშვიდობა დაარღვია. მზის ქალაქში ცა ჩამუქდა, მწუხრი გამეფდა, დრო გაჩერდა! იქაურებს სხვა გზებსა და ბილიკებზე ერგოთ სასჯელივით ხეტიალი, წლების შემდეგ ფერადად მოხატული თეფში იქაურობის სამახსოვრო ძვირფას ნივთად იქცა, რომლითაც დროდადრო ჩემს გაღმა ნაპირს ვუახლოვდები. საოცარია, რომ თეფშზე გამოსახულ მოჯირითე წითელ ბედაურს, ჭრელ ფისოს და ყურპანტურა ბათურას წლები ვერაფერს აკლებს, არც ტყდება და არც ფერები უხუნდება. წარმოსახვაში კი დამსხვრეულ ცხოვრებას ამრთელებს -  სოხუმში მიტოვებულ ჩვენს სახლს მერცხლის ბუდესავით აკრული თეთრი აივნით, ქაფურის უზარმაზარ ხეებს და იქვე, სულ ახლოს, მის უდიდებულესობა ზღვას.

ოცი წელი გავიდა. რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვშორდება სოხუმი, როგორც ზღვაში შეცურებული გემი!..

FC GAGRA

შაბათი. მწუხრის ლოცვებია დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარში. საღვთო ლიტურგიას კოდორელი მღვდელი მამა ნიკოლოზ გუგუსიანი აღავლენს.

ტაძარს მრევლი ემატება...

ჩემ წინ ლურჯქურთუკიანი ყმაწვილი დგას, ზურგზე წარწერით - Fჩ GAGღA. ლოცვას ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისთვის  ერთად აღვავლენთ. ბიჭი სპორტსმენი უნდა იყოს, ომის შვილი. პატარა იქნებოდა, ფესვებს რომ მოსწყვიტეს. ამას ისე, ჩემთვის ვფიქრობ, თორემ მას არაფერს ვეკითხები, ან რა უნდა მითხრას იმაზე მეტი, რასაც ქურთუკის წარწერა მეუბნება?!

ხევში ,,ნაპოვნი" აფხაზეთი

აფხაზეთიდან შორს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ერთი მაღალი კორპუსის მაღალ სართულზე ცხოვრობს სოხუმელი ვალერი.

ფანჯრიდან დანახული ხედი არაფრით ჰგავს მის აფხაზეთს, არც ცა ჰხურავს აფხაზური. ცხოვრობს და ვერც ცხოვრობს კორპუსის ერთოთახიან ბინაში. ალბათ, ამიტომ დაეძებდა ყოველთვის უნაპირო სივრცეს და რას იფიქრებდა, რომ კორპუსთან ახლოს, ხევში ,,იპოვიდა" დაკარგულ სამკვიდროს. თბილისელმა მეზობელმა პატარა ხეხილის ბაღი აჩუქა. მას შემდეგ ვალერიმ ცასთან ახლომდებარე ბინა თითქმის დაივიწყა და ბაღს ის ნერგებიც მიუმატა, სუბტროპიკულ ზონაში რომ ხარობს. ტალავერზე ჩვენებური ადესაც გააყოლა. ბაღის შუაგულში, წყალი დააგუბა და პატარა აუზი გააკეთა, რომლის ირგვლივ ტრაფარეტები გააკრა წარწერით შავი ზღვა, სოხუმი, ოჩამჩირე, ბიჭვინთა...

მეზობლები ბაღს რომ ჩაუვლიან, ღიმილით ამბობენ: "ეს ჩვენი ვალერის აფხაზეთია!"”

თოლიები, ჩვენ და კატერები

კოლონადოს მიღმა, ზღვის სივრცეში შეჭრილ ნავსადგომს, სოხუმელები პირობითად კატერების ნავსადგურს ვეძახდით. მარცხნივ ყავახანა იყო, ფართოფარფლებიანი ჭრელი ქოლგებით. მთელ სანაპიროს ეფინებოდა მუსიკა, რომელიც კატერების რეპროდუქტორებიდან ისმოდა. მას დროდადრო თიშავდნენ და საზღვაო გასეირნებისთვის უხმობდნენ მსურველებს. კატერებს ქალაქებისა და ტბების სახელები ერქვა: ,,გაგრა", ,,განთიადი", "გუდაუთა", ,,რიწა", ,,ამტყელი"...

ვერავინ იფიქრებდა, რომ კატერებიც ძმათამკვლელი ომის მონაწილენი გახდებოდნენ და მათაც ისევე გამოდევნიდნენ სოხუმის ნაპირებიდან, როგორც იქაურ ქართველებს...

ახლა სოხუმში კატერებიც არსად ჩანან! ომის ბოლო დღეებში  სამხედრო გემებთან ერთად კატერებს ხალხი ევაკუაციისთვის იყენებდა. 27 სექტემბერს უკრაინული ხომალდის გემბანიდან მზირალთ გვახსოვს, როგორ ცდილობდა აფხაზური მხარე რუსული ავიაციის დახმარებით კატერების აფეთქებას და ჩაძირვას.

იმ ავად მოსაგონარ სექტემბრის ღამეს არავის ეძინა... გემბანზე რამდენჯერმე გამოცხადდა საბრძოლო მზადყოფნა. უზარმაზარი ხომალდის ფრთებს შეფარებულნი მიუყვებოდნენ გზას ქართველებთან ერთად სოხუმიდან განდევნილი თეთრი კატერები!..

ფოთის ნავსადგურში შევხვდით მღვრიე განთიადს. იქიდან კი ჩვენი უმისამართო გზა-სავალი იწყებოდა! ბოხჩაგამოკრულები მთელი დღე ვფიქრობდით, რომელ ნათესავს, ახლობელს, ნაცნობს მივდგომოდით კარზე... ვიღაცას უნდა შევეფარებინეთ, ვიღაცას ცეცხლთან ადგილი უნდა გამოენახა ჩვენთვის, ვიღაცას უნდა გავეთბეთ...

როდესაც ფოთის ნავსადგურიდან გამოვდიოდით, ერთხელაც შევავლეთ თვალი ნავსადგურთან ჩამწკრივებულ ,,გაგრას", ,,განთიადს"”, ,,გუდაუთას", ,,ამტყელს", ,,რიწას"... უცხოებივით იდგნენ სხვა ნავსადგურში, სხვა ნაპირთან და ირწეოდნენ!..

90-იანი წლები იდგა.

იწყებოდა ჩვენთვის დიდი ხიზნობა!

მას შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა. იმ კატერებივით ჩვენც სხვა ნავსადგურში დავრჩით, სხვა ნაპირთან...

P.S. ამ ზაფხულს მეგობარმა შეძლო და აფხაზი ნათესავების დახმარებით სოხუმში გადავიდა. თბილისში დაბრუნებული ერთსა და იმავეს იმეორებდა: ცარიელ სანაპიროზე, სადაც კანტიკუნტად მიმოდიოდნენ დამსვენებლები, ადამიანებსა და ჟრიამულს დანატრებული თოლიები გუნდ-გუნდად, უჩვეულოდ მშვიდად ისხდნენ ქვიშაში და თითქოს რაღაცას ელოდნენო...