ვინ გვწამლავს?! - კვირის პალიტრა

ვინ გვწამლავს?!

სურსათის კონტროლი 2015 წლამდე შეაჩერეს(?!)

ამას წინათ რატომღაც ტრანსპორტში გაგონილი საუბარი გამახსენდა. "რატომღაც"-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ეს ისეთი თემა გახლავთ,  ყოველდღე საკუთარ ჯანმრთელობაზე რომ ვიწვნევთ, მაგრამ თითქოს არაფერი ხდებაო, ისე ვიქცევით. იმ ორი ქალბატონის საუბარი ჩვენი ცხოვრების სურათს ისე მკაფიოდ ასახავდა, მწარედ ჩამრჩა გულში. ისინი ჩემ წინ სკამზე დაბრძანდნენ. ერთმა სავსე ჩანთა თავისკენ მიიწია, მეორეს ადგილი დაუთმო და თანაც ამოიოხრა, - დღეს ხელფასი ავიღე და რაც მქონდა, სუპერმარკეტში დავხარჯეო. მეორემ, - ასეთი რა იყიდეო... ისეთი არაფერიო, - უპასუხა აშკარად შეწუხებულმა პირველმა და თითებზე სკოლის მოსწავლესავით დაიწყო ჩამოთვლა: შებოლილი ძეხვი, კარაქი, ბურღულეულობა  და კიდევ ტომატი... მეორემ კი, რომელსაც როგორც ჩანდა, შეეცოდა თანამოსაუბრე, დამრიგებლურად და თანაც თანაგრძნობით უთხრა: - კი მაგრამ, სუპერმარკეტში რომ დადიხარ და 3-4 ჯერ მეტ ფულს იხდი, იმავე პროდუქტს ხომ ჩვეულებრივ მაღაზიებსა თუ არა, ქუჩაში გარე მოვაჭრეებთანაც იყიდი, მე მასე ვყიდულობ და იმიტომ მყოფნის ფული თვის ბოლომდე, შენსავით რომ მოვიქცე, შიმშილით მოვკვდებიო... სამაგიეროდ, შენსავით შვილების ჯანმრთელობას არ ვდებ სასწორზე, - გაწიწმატდა პირველი, - თანაც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ძვირი ღირს პროდუქტი, იმდენად ნაკლებსაშიშია. ქუჩაში კი, ვინ იცის, რა შეუმოწმებელ ნაგავს ყიდიანო!

ამ საუბარმა ერთხელ კიდევ ჩამაფიქრა ჩვენს რეალობაზე -  რეალობა კი სამწუხაროდ, ხელისუფლებას საერთოდ არ ადარდებს. სწორედ ამის დასტურია, რომ სასურსათო ბაზარზე არსებული სიტუაცია ქაოსს დაემსგავსა. საქართველოს კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ", რომელიც პარლამენტმა 2005 წლის ბოლოს მიიღო, ქაღალდზე დარჩა, რადგან სრულყოფილად ამოქმედება არ ეღირსა. მისი მთავარი მუხლების (სახელმწიფო კონტროლი და ინსპექტირება) მოქმედება 2006 წელს შეჩერდა, შემდეგ კი ორჯერ გადაიდო. ეს მუხლები 2010 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ვისაც ამის იმედი ჰქონდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ქვეყანაში სურსათის კონტროლი კიდევ ერთხელ შეაჩერეს. ცნობილი გახდა, რომ კანონის ყველა მუხლი მხოლოდ 2015 წლიდან ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქართველ ექსპერტთა შორის, რომლებიც ჩვენს სასურსათო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ისედაც სავალალოდ მიიჩნევდნენ.

ზურაბ ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ექსპერტი: - ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. პარლამენტში მთელი თვის განმავლობაში ბჭობდნენ ზოგიერთი მუხლის გადავადებისა და მხოლოდ ზოგიერთის ამოქმედების შესახებ. თითქოს მეწარმეთა კეთილდღეობისთვის აკეთებენ ამას, მაშინ, როცა მოსახლეობა უყურადღებოდ და უპატრონოდაა დარჩენილი. რით ვიკვებებით, რა პროდუქცია შემოდის, რა გზით და როგორ, არავინ ამის გამკითხავი არ არის. განუკითხაობაა საბაჟოზეც, სადაც ევალებათ სერტიფიკატების შემოწმება და იმის დადგენა, თუ როგორი პროდუქცია შემოდის და შეესაბამება თუ არა სტანდარტებს. სხვას რომ თავი დავანებოთ, გენმოდიფიცირებულმა პროდუქციამ წალეკა მსოფლიო. ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის ამ სახის საკვები ჩვენთან, შემმოწმებელი კი არავინაა. მეწარმეთა დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა და როგორ უნდა აწარმოოს უსაფრთხო კვების პროდუქტები. თუმცა, მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ურჩევნიათ მეტი იშოვონ სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე. ზოგიერთს ჰგონია, ქვეყანაში მოწამვლათა რიცხვი მცირეაო, მაგრამ ასე არ არის. ყველამ ვიცით, რომ დღეს საავადმყოფოს ადამიანი იშვიათად მიმართავს და ოჯახურ პირობებში არჩევს მკურნალობას. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორიც: შეიძლება კაცი საკვების მიღების შემდეგ მალევე არ მოიწამლოს, მაგრამ უხარისხო საკვებმა მისი ჯანმრთელობა წლების განმავლობაში, თანდათან დაანგრიოს. საინტერესოა, ვინ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე და იმაზე, რომ ქართულ სასურსათო ბაზარზე სრული ქაოსი და დომხალია? რატომ მიიღო პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს? საკვირველი იცით, კიდევ რა არის? - ცალ-ცალკე ნებისმიერ პარლამენტარს რომ ჰკითხოთ, ყველა თანახმაა, რომ ეს კანონი სრულყოფილად ამოქმედდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ხმას არავინ იღებს.

მადონა კოიძე, "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელი: - ჩვენმა ორგანიზაციამ მთელი წლის განმავლობაში ჩაატარა ლაბორატორიული კვლევები სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე (ყავა, მაიონეზი, რამდენიმე სახეობის კარაქი, ნაყინი და ძეხვი). აბსოლუტურად ყველა სეგმენტში აღმოვაჩინეთ დარღვევათა ძალზე მაღალი პროცენტი, განსაკუთრებით ხშირია ფალსიფიკაციისა და მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემთხვევები. ყველაზე აღმაშფოთებელ მაგალითსაც მოგიყვანთ: სომხეთიდან 25 მაისს შემოტანილი ძეხვი, რომლის შენახვის ვადა მხოლოდ 15 დღე იყო, სამი-ოთხი თვის შემდეგ იყიდებოდა ღია ცის ქვეშ, ანტისანიტარიაში, 30-გრადუსიან სიცხეში, მაშინ, როცა ეს პროდუქტი უნდა შენახულიყო -4-დან -5 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. რამდენად შეუქმნის მომხმარებელს საფრთხეს ასეთი პროდუქტები, თვითონ განსაჯეთ. მსგავსი ფაქტების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. მეტსაც გეტყვით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად გავალ სამომხმარებლო ბაზარზე და მერწმუნეთ, - ნახევარ საათში 5-6 უხარისხო პროდუქტს ნებისმიერ დახლზე აღმოვაჩენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ნებისმიერ მარკეტში შევალ და აღმოვაჩენ უხარისხო, ფალსიფიცირებულ პროდუქციას. სულ სხვა პრობლემაა არასწორი შენახვის პირობები, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელს. შედით მაღაზიებში და ნახეთ, როგორი ნამცხვრები იყიდება. საერთოდ, ყველა ნამცხვარს აქვს საათობრივი შენახვის ვადა. ჰკითხეთ გამყიდველს, როდის არის შემოტანილი ესა თუ ის ნამცხვარი და ისიც მაშინვე გიპასუხებთ, - ახალია, 3-4 დღის წინ მოგვიტანესო. ეს განცხადება უკვე აბსურდია. პროდუქტი თუ არ არის სწორად შენახული ან ვადაგასულია, შეიძლება სერიოზული მოწამვლის მიზეზიც კი გახდეს. ხოლო რა შედეგებამდე მიგვიყვანს მუდმივად უხარისხო საკვების მიღება, ეს უკვე ადამიანის ჯანმრთელობასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, ჩემთვის ძალზე მტკივნეულია, როცა შევდივარ მაღაზიაში და ვირჩევ ისეთ პროდუქციას, რომელიც ჩემი შვილისათვის უსაფრთხო იქნება და ამ დროს ვხედავ, რომ სხვა ყიდულობს ისეთ პროდუქტს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მისი ოჯახის წევრებს, ბავშვებს. ხშირად მირჩევია მყიდველისთვის, ეს პროდუქტი არ შეიძინოთ-მეთქი და გამყიდველთან თუ მაღაზიის მფლობელთან კონფლიქტიც მომსვლია. ჩვენს სამომხმარებლო ბაზარს სახელმწიფოს მიერ კონტროლი მართლა ჰაერივით სჭირდება. არც იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ მეწარმე არ იყო ამგვარი ცვლილებისათვის მზად და ადგილი ექნებოდა კორუფციულ გარიგებებს. მერწმუნეთ, თუკი დასახურია, ჯობია დაიხუროს რამდენიმე საწარმო და დარჩეს რამდენიმე კაცი უმუშევარი, ვიდრე ათასობით და ათიათასობით მოქალაქის ჯანმრთელობა დავაყენოთ ეჭვქვეშ. ამიტომ, სურსათის უვნებლობის სამსახური უნდა ასრულებდეს თავის პირდაპირ ფუნქციას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე!

მარინე ჟორდანია, ბიოლოგი, "მწვანეთა მოძრაობის" საბჭოს წევრი: - "არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ უხარისხო საკვები ხელს უწყობს ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადებების გავრცელებას, აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს კუჭ-ნაწლავის და სხვა სახის დაავადებებს. განსაკუთრებით მოქმედებს გამრავლების ფუნქციაზე. თუ არ იქნება კონტროლი და არ ჩატარდება ლაბორატორიული ანალიზი, როგორ გავიგებთ, საკვები ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელია თუ არა? კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს როგორც იმპორტულ პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივი წარმოების საქონელზეც. აბა, ერთი სცადეთ და შეიტანეთ ევროპაში საქონელი, თუ ის არ მიესადაგება ევროსტანდარტებს. რატომ ხდება ასე? - ისინი ზრუნავენ თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჩვენთან კი ზოგიერთები მოგებას ნახულობენ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს მართლაც შემაშფოთებელი უსინდისობაა!

განსაკუთებული ყურადღება მსურს გავამახვილო გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე, რომელიც საბოლოოდ არ არის გამოკვლეული და არ ვიცით, რა "შედეგს" მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას. ექსპერიმენტები რატომ უნდა ვატაროთ საკუთარ ხალხზე? საზღვარგარეთ ამგვარ პროდუქტს უკეთდება სპეციალური ეტიკეტი და ვისაც უნდა მისი ყიდვა, ყიდულობს, მაგრამ ვისაც არ უნდა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენას ამჯობინებს. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს და მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მაინც მივცეთ.

P.S. შევეცადეთ ამ საკითხის შესახებ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის" წარმომადგენელთა მოსაზრებაც გაგვეგო, მაგრამ თავაზიანი უარი და ლაკონიური პასუხი მივიღეთ, - იმას გავაკეთებთ, რასაც დაგვავალებენო(?!).

ხათუნა ჩიგოგიძე