ისინი ჩვეულებრივ ბავშვებს არ ჰგვანან...
23-09-2013
ისინი ჩვეულებრივ ბავშვებს არ ჰგვანან...
"ჩვენ დონ კიხოტები ვართ, ქარის წისქვილებს ვებრძვით"

ეზოში ახალი "ბინადარი"  დავინახე, - ბებოს პატარა მოეყვანა და  მასთან ჩახუტებული ელოდა ახალი ცხოვრების დაწყებას

"დიდმოხელეებს ჩვენს გასაჭირზე რომ ველაპარაკებით, ცარიელი თვალებით გვიყურებენ -  ფული არ გვაქვსო"


ჩემს ახლობელს ანგელოზივით შვილი ჰყავს. "ნატალია უკვე 13 წლის არის და საკუთარი თმის მოვლაც არ შეუძლია. რა ეშველება, როცა აღარ ვიქნებიო", - წუხს დედამისი. ვერაფერს ვეუბნები. ნატალია ფიზიკურად არის მშვენიერი, თორემ გონებრივად ძალიან ჩამორჩება თანატოლებს... ალბათ
ასე არ იქნებოდა, რომ დედას შვილის შესაძლებლობები თავიდანვე შეეფასებინა, - ცოცხალი თავით არ იჯერებდა, რომ გოგონა სხვებისნაირი არ იყო. ნატალიასავით არავის შეუძლია გაგრძნობინოს, რომ ამქვეყნად სიყვარული არსებობს და გიშველის.  ნატალიასნაირი დღეს დაახლოებით 300 000 ოჯახშია. ბევრია, არა? მაგრამ უფალმა, რომელმაც მათი სახით ამოუწურავი სიყვარული მოგვივლინა,
ასე ინება და ეს არ შეიცვლება. უბრალოდ, ჩვენ რომ მოგვეხერხებინა და მათ მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ვერ დავიჯერებ, რომ ეს ყველას არ გვინდა. იმიტომაც წავედი ავჭალაში, სადაც ერთ დროს გაუდაბურებულ ბავშვთა სანატორიუმში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი "აისი" გადავიდა.

ეზოში შევედი თუ არა,  ბავშვებიც გამოლაგდნენ. ერთი ძალიან სერიოზულად მომესალმა, ხელზე მეამბორა და შენობისკენ გამიძღვა, სადაც ცენტრის დირექტორი და ფსიქოლოგი ქალბატონი ნანა ცარციძე  და სხვა მასწავლებლები დამხვდნენ. გულმა არ მომითმინა და ვიკითხე, - ის ბიჭი ვინ იყო, ჯენტლმენურად ხელზე კოცნით რომ შემეგება-მეთქი. ეგ ლუკაა. 12 წლის იყო, აუტიზმით დაავადებული რომ მოიყვანეს, მიპასუხა  მასწავლებელმა.

ნანა ცარციძე: - ლუკა თავის თავში ჩაკეტილი იყო.  სკოლაში  ტოლებთან ურთიერთობა რომ ვეღარ მოახერხა, სკოლა მისი ოჯახისთვის სასჯელად იქცა. ჩვენთანაც პირველად ისე წიოდა, მთელ უბანს ესმოდა - იმ დროს ერთ-ერთი მშობლის ბინაში  უსასყიდლოდ ვიყავით, შეკედლებული. მერე ლუკას გამო აუტიზმზე უამრავი ლიტერატურა წავიკითხე. და თუ პირველად ჩემს დანახვაზე, - ეს ქალი მომაშორეთო! ყვიროდა, მერე დავიმალებოდი და ნელ-ნელა ვჩნდებოდი, თან ვეუბნებოდი, - აი, მოვედი. თუ გინდა, ვიქნები შენთან-მეთქი! ასე გადავალახვინე ის პერიოდი.

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრი როგორ ჩამოაყალიბეთ?

-  ერთ ოჯახში ბიჭი დაიბადა, მშვენიერი ბავშვი, მერე თანდათან პრობლემები გამოაჩნდა.   სკოლაში რომ შეიყვანეს, დარწმუნდნენ, რომ სკოლა ვერ იქნებოდა ის დაწესებულება, რაც მათ შვილს სჭირდებოდა. ასეთი დაწესებულება კი არ არსებობდა. ეს იყო 2001 წელი. დავსხედით მე და დედამისი, შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, მოვძებნეთ 30 შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი და მათი აღზრდის ცენტრი შევქმენით. ასე გადავარჩინეთ  ეს ბავშვები იმ კატასტროფას, რაც მათ მიმართ ოჯახებს მოსდით, - იმის ნაცვლად, რომ თავიდანვე ასწავლონ, თავიანთი შესაძლებლობებით როგორ იცხოვრონ, პირიქით, ყველა უნარს უხშობენ. საქმე იქამდე მიდის, რომ 15-17 წლის შვილებს საპირფარეშოშიც მიჰყვებიან. არადა, უცხოეთში ასეთ ბავშვებში ცხოვრების უნარის გაღვიძებას უკვე სამ წლამდე იწყებენ.

რომ იცოდეთ, რა ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში გადადიან. მაგალითად, ჩვენი ლელუკა... ცხადად მახსოვს  დაუნის სინდრომით ფერიასავით ლამაზი პატარა გოგონა რომ მომიყვანეს. დედამისს მის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა. ასეთი ბავშვების აღზრდის დროს მშობლის თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის უნდა მოგყვეს.  ბავშვი მალე მსახიობად იქცა, - როცა ყურს მოჰკრავდა, რომ ვინმეს ველოდებოდი, თმას დაივარცხნიდა, გაიპრანჭებოდა და გარბოდა შესახვედრად. როცა ცენტრში "პატარა უფლისწული" დავდგით, მთავარი როლი ითამაშა. ახლა ჩვენი ლელუკა ჩვეულებრივ სკოლაში მეხუთე კლასში სწავლობს.

მრავალ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვს შეუძლია თანატოლების გვერდით სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი. შესაძლოა სწავლის ხარისხში განსხვავება იყოს, მაგრამ მერე რა? დაუნის სინდრომით კიდევ ერთი ბავშვი გავზარდეთ. როცა ამ ბავშვს მამა გარდაეცვალა, დედამ იმდენი ყურადღება ვეღარ მიაქცია და ბიჭი ქუჩაში დარჩა. დღეს დამოუკიდებლად შეუძლია საქმის გაკეთებაც და გადაადგილებაც.

- თქვენი აღზრდილების დასაქმება თუ არის შესაძლებელი?
- ძნელად. ანდა შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის არა. ძალიან მცირე სახსრები აქვს ჩვენთვის სახელმწიფოს გამოყოფილი, ნახევარზე მეტი ბავშვების კვებაში გვეხარჯება. ჩვენი მასწავლებლები კი, რომლებსაც უმძიმესი შრომა უწევთ, ფაქტობრივად ენთუზიაზმით მუშაობენ. დიდმოხელეებს ჩვენს გასაჭირზე რომ ველაპარაკებით, ცარიელი თვალებით გვიყურებენ - ფული არ გვაქვსო. არ ესმით, რომ თუ ასეთ ბავშვებს დავასაქმებთ, მათი შენახვა სახელმწიფოს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე პენსიების გადახდა. ჩვენ კი გვინდა, რომ მათ ვასწავლოთ ხელობა, ჩვენთანვე გავუხსნათ საამქროები, რათა დასაქმდნენ. ჯანმრთელობის სამინისტროს რომ მივმართეთ, დაგვეხმარეთო,  გვიპასუხეს - უნარშეზღუდულებზე უამრავ ფულს ვხარჯავთო და სია გადმოგვცეს რამდენი იხარჯება ეტლებსა და სმენის აპარატებზე.

კი მაგრამ, ვისაც სხვა სახსრები და საშუალებები სჭირდებათ, რაღა ქნან! თანაც იჩემებენ, ჩვენგან რა გინდათ, უნარშეზღუდულებს ხომ უკვე ვასაქმებთო?!  ერთი-ორი ასეთი მართლაც ჰყავთ გაფორმებული, მაგრამ სინამდვილეში, ისინი იქ სამუშაოდ არ დადიან, მხოლოდ ხელფასს იღებენ. რატომ? იქ თავს გარიყულად გრძნობენ. მაგრამ დუმან ხელფასის დაკარგვის შიშით. ერთი ჩვენი აღზრდილი გვყავდა დასაქმებული რესტორანში, ყველანაირად ვეხმარებოდით, რომ ახალ გარემოში ბედნიერი ყოფილიყო. ასეც იყო, მაგრამ რესტორანს მეპატრონე შეეცვალა და ჩვენი აღზრდილი გამოგვიგდო.
ჩვენ დონ კიხოტები ვართ, ქარის წისქვილებს ვებრძვით, მაგრამ მაინც გვაქვს იმედი, რომ ამ ხალხს ეშველება...

P.S. შენობიდან გამოსულმა ეზოში ახალი "ბინადარი"  დავინახე, - ბებოს პატარა მოეყვანა და  მასთან ჩახუტებული ელოდა ახალი ცხოვრების დაწყებას. მეც დაიმედებული წამოვედი. მინდა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, იმის მიუხედავად, რომ ჩვეულებრივნი არიან თუ "არაჩვეულებრივები"...
niniko
01 ოქტომბერი 2013 00:18
ეს ბავშვები ყველაზე სუფთა სულის,უცოდველი და უბოროტო ადამიანები არიან.ხალხო შეხედეთ მათ მხოლოდ სიყვარულით და არა სინანულით,არა დაცინვით!...მათ მშობლებს, და- ძმებს ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს და სიკეთეს.
ირინე
25 სექტემბერი 2013 13:35
დადებითია, როცა სტატია არსებულ პრობლემებს ასახავს,მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ვისწავლოთ, რომ ტერმინი "უნარშეზღუდული" არ გამოვიყენოთ!
lola
23 სექტემბერი 2013 12:25
რა ღვთისნიერი ხალხი ხართ, ღმერტმა გაძლება მოგცეთ

რედაქტორის რჩევით