ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან ოცდასამი წლის შემდეგ
23-09-2013
ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან ოცდასამი წლის შემდეგ
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. N38)

პირველად შევარდნაძის სახელი ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. 1956 წლის მარტში იგი ქუთაისის კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო. მახსოვს, როდესაც ჩვენს ოჯახში უფროსები ამ ტრაგედიაზე საუბრობდნენ, მამაჩემმა ახსენა შევარდნაძის სახელი და იგი დადებით კონტექსტში მოიხსენია.

მაშინ, რასაკვირველია, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და ჩემს პარტიულ კარიერასა და ბიოგრაფიაში შევარდნაძე როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლს შეასრულებდა.
პირველად ედუარდ შევარდნაძეს სამოციან წლებში შევხვდი. მაშინ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის
დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და ამავე დროს ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი ვიყავი. ჩვენი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი საგასტროლოდ ყამირზე მიემგზავრებოდა. გამგზავრებამდე მიღება გაგვიმართეს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, რომელიც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობდა. მაშინ შევარდნაძე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. გულთბილად მიგვიღო, წარმატებები გვისურვა და გზა დაგვილოცა.

მალე ის
მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად გადაიყვანეს. ამ პერიოდისთვის მე უკვე ასპირანტი ვიყავი, მცხეთის რაიონთან საქმიანი შეხება მქონდა და მუხრანის საცდელ მეურნეობაში შევარდნაძესაც ხშირად ვხვდებოდი.

როდესაც მოსკოვიდან დაბრუნებული ჯერ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე, მოგვიანებით კი პირველ მდივნად ამირჩიეს, შევარდნაძე უკვე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და, ბუნებრივია, საქმიანი ურთიერთობა იმ ეტაპზეც გავაგრძელეთ.

პარალელურად ადამიანური, კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. წლების განმავლობაში მე და შევარდნაძე ოჯახებით ერთად ვისვენებდით ლიძავაში, სადაც დავმეგობრდით.

როდესაც 1972 წელს, ვასილ მჟავანაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, მისი რეკომენდაციით მეც მალევე გორის რაიკომის პირველ მდივნად ამირჩიეს.
ორი წლის შემდეგ, 1974 წლის მიწურულს, როდესაც სოფლის მეურნეობის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბორის გიგიბერია გარდაიცვალა, ისევ შევარდნაძემ გამიწია რეკომენდაცია და დარგის მდივანი გავხდი.

ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ შევარდნაძის ნდობას ყოველთვის მადლიერებითა და ერთგულებით ვპასუხობდი. აგრარულ ქვეყანაში წამყვანი დარგის ხელმძღვანელი პოსტის ჩაბარება უბრალო საქმე არ იყო და შევარდნაძის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა კარგად მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ჩანს, მეტისმეტად მოვინდომე სოფლის მეურნეობის განვითარებაც და ამ სფეროში მომუშავე მექრთამეებისა და ფალსიფიკატორების გამოვლენაც.

რასაკვირველია, აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და შევარდნაძეს შორის სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის მოსაზრების მოსმენას და გათვალისწინებასაც.
სამწუხაროდ, ეს დაბალანსებული და კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ანუ მას შემდეგ დაირღვა, რაც სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული დარღვევებისა და მექრთამეების გამოვლენის პროცესში კატეგორიული და პრინციპული პოზიციის დაკავებას შევარდნაძემ ლოიალური პოლიტიკის გატარება არჩია.

საწყის ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ გულწრფელად მჯეროდა, რომ შევარდნაძე არ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ და მის ლოიალურ მიდგომასაც ამით ვხსნიდი, მაქსიმალურად ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში უკომპრომისო ყოფილიყო.

მოგვიანებით, როცა უკვე ყველა ფაქტი და მოვლენა ადასტურებდა, რომ შევარდნაძემ იმაზე მეტიც კი იცოდა, ვიდრე მე წარმომედგინა და წაყრუების პოზა შეგნებულად, გააზრებულად ჰქონდა მორგებული, აღმოჩნდა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში პრაქტიკულად მარტო დავრჩი.

რამდენადაც თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა, მათ, ვისაც სამართლიანად ვებრძოდი, ამ აპრობირებულ მეთოდს მიმართეს და ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებისა და ცილისწამების ისეთი კამპანია გააჩაღეს, რომ უკვე სერიოზულად ვფიქრობდი: დამეტოვებინა ცენტრალური კომიტეტიც, დარგის მდივნის პოსტიც და ჩემი სპეციალობით გამეგრძელებინა მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში მოვლენები კიდევ უფრო წარმოუდგენლად განვითარდა: შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, ხოლო მე - საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.
ჩემი პარტიული ბიოგრაფიის ამ ეტაპზე წიგნის დასაწყისში დეტალურად ვისაუბრე. ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებ და გავიმეორებ, რომ შევარდნაძეს ცკ-ის პირველ მდივნად ჩემი არჩევისთვის ხელი არც შეუწყვია და არც შეუშლია.

მას ჩემთვის კრემლში პროტექცია არ გაუწევია, თუმცა ჩემი კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, პოლიტბიუროზე უთუოდ მოახდენდა გავლენას და, ალბათ, ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნადაც არ ამირჩევდნენ.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შევარდნაძე ჩემი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს პირდაპირ და ღიად არასდროს ჩარეულა საკადრო ცვლილებებში; თუმცა კრემლშიც მუდმივად ფლობდა საქართველოდან ყველაზე კონსპირაციულ ინფორმაციებსაც კი, რომელთაც, ბუნებრივია, მისივე ფავორიტები და არაოფიციალური "კადრები" აწვდიდნენ.

რა როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ 9 აპრილის ტრაგედიაში, რა დაიგეგმა კრემლში, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მას თანამემამულე პარტიულ ფუნქციონერებთან და ე.წ. ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

რასაკვირველია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა! ვიცი, რომ ბევრს გააკვირვებს ჩემგან ამის მოსმენა... მაგრამ ფაქტია: თუკი 80-იანი წლების მიწურულს შევარდნაძე ისევ იქნებოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ მას აღარ დასჭირდებოდა კრემლიდან საქართველოში დასაბრუნებელი იმ სისხლიანი ტრამპლინის გავლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილით დაიწყო და 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომით დაასრულა...
...1988 წელს სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა და ბოლოს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.

ამ ყველაფერს, ბუნებრივია, თავისი წინა პირობა ჰქონდა: ერთი მხრივ, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა დისიდენტებმა ჯერ ერთად დგომა, შემდეგ კი ე.წ. ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მოძრაობაში ჩართვა შეძლეს; მეორე მხრივ კი - აფხაზურმა სეპარატიზმმა იჩინა თავი.
ამ ყველაფერს "ლოგიკურად" მოჰყვა მოვლენების ესკალაცია. - დედაქალაქში პირველი სტუდენტური მღელვარება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულმა პოლიგონმა გამოიწვია.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ოდითგან დაუსახლებელი იყო. უდაბნოში გზის მშენებლობა ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო ჯამში არა მარტო გზა, არამედ სასმელი წყალი და სარწყავი არხებიც გავიყვანეთ და ოთხასკომლიანი სოფელიც ავაშენეთ. ახლად აშენებულ სოფელში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვასახლეთ ხალხი და "გარეჯობის" დღესასწაულიც დავაწესეთ.
ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ბევრს დღესაც ჰგონია, თითქოს გარეჯა ღვთისა და კაცთაგან მიტოვებული ტერიტორია იყო და მისი "აღმოჩენაცა" და მასზე მეურვეობაც ე.წ. ეროვნული მოძრაობის დამსახურებაა.

არადა, როგორც უკვე გითხარით, გარეჯისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განაშენიანება შევარდნაძის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს დაიწყო, ჩემი პირველი მდივნობის პერიოდში დასრულდა და არავისგან, მათ შორის არც არაფორმალებისა და არც სტუდენტებისგან მითითებები, მით უფრო "ზეწოლა" არ მჭირდებოდა.
...ოქტომბრის თვე არანაკლებ მღელვარე პროცესებით დაიწყო.

საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც შრომით კოლექტივებს უნდა განეხილათ; ხოლო ნოემბერში უმაღლესი საბჭოს სესიაზე განხილვის შემდეგ უკვე გადაწყდებოდა კონსტიტუციაში რესპუბლიკებისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭების დატოვება-არდატოვების საკითხი.

კონსტიტუციიდან რესპუბლიკების თვითგამორკვევის უფლების ამოღების საშიშროებას ბუნებრივად მოჰყვა მღელვარების ახალი ტალღა. ამ ტალღამ მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა და პროტესტი მეტ-ნაკლებად ყველა რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
რასაკვირველია, არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ არაფორმალებს გარეჯის თემით უკვე წინა პლანზე ჰქონდათ წამოწეული ეროვნული საკითხები და საზოგადოების ემოციურად განწყობილი ნაწილიც იმ დროისათვის საკმაოდ აჟიტირებული იყო. ამ პერიოდში ინტენსიურად ვხვდებოდით შრომით კოლექტივებს, ინტელიგენციასა და სტუდენტობას.
სამედიცინო ინსტიტუტში შეხვედრის დროს სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მოულოდნელად თემურ ქორიძესთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა. მათ აინტერესებდათ, მართლა გამომიგზავნა თუ არა ქორიძემ მსგავსი შინაარსის წერილი და რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ეს წერილი საკუთარი თვალით ენახათ.

მე ვუპასუხე, რომ წერილი "ცეკას" კანცელარიაში ინახებოდა და სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში უპრობლემოდ შეეძლოთ მას გასცნობოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა სურვილი გამოხატა და მეც უარი არ მითქვამს, შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო ცენტრალურ კომიტეტში. როდესაც ის ჩემს ავტომობილში ჯდებოდა, კიდევ ერთი მეგობარი მიუჯდა გვერდით და ის ფაქტი, რომ ორივე ჩემთან ერთად წამოვიდა ცენტრალურ კომიტეტში ქორიძის წერილის წასაკითხად, აუდიტორიიდან ეზოში გამოსულმა სტუდენტებმაც დაინახეს.

ცენტრალურ კომიტეტში მივედით თუ არა, საერთო განყოფილების ხელმძღვანელს დავავალე, სტუდენტები კანცელარიაში აეყვანა და მათთვის ქორიძის წერილი გაეცნო, შემდეგ კი ჩემთან შემოეყვანათ.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიკითხე ორივე და აღმოჩნდა, რომ ისე წავიდნენ, ჩემთან აღარ შემოუვლიათ. ხოლო წერილი, რომლის არსებობაც ასე ძალიან აეჭვებდათ, სამჯერ წაუკითხავთ. როგორც ჩანს, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ.
სამწუხარო ისაა, რომ ისინი არა მარტო ჩემთან გამოუმშვიდობებლად წავიდნენ ცენტრალური კომიტეტიდან, იმ დღეს ამბის მისატანად საკუთარ მეგობრებთანაც არ მისულან, რომლებიც ამაოდ ელოდნენ ინსტიტუტში.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცენტრალური კომიტეტიდან პირდაპირ ზვიად გამსახურდიასთან წასულან, რომელსაც ასეთი ფრაზით დაუმშვიდებია ქორიძის წერილით შეშფოთებული სტუდენტები:

- არა უშავს, ასეთი რამეები ხდება ხოლმე.
...28 ნოემბერს ჯერ ისევ მოსკოვში ვიყავი, როცა თბილისიდან ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მტკვრის სანაპიროზე, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანკები გამოჩნდნენ.
სასწრაფოდ დავუკავშირდი როდიონოვს, რომელიც იმჟამად მოსკოვში იმყოფებოდა და ვცადე გამერკვია, საიდან ან რატომ მოხვდნენ ტანკები დედაქალაქის ცენტრში.

როდიონოვი თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა და მეუბნებოდა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და არც შეიძლება მომხდარიყო. ათ წუთში კი თვითონ დამიკავშირდა ტელეფონით და დამიდასტურა, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც გამოჩნდა ტანკები, ოღონდ ეს არ იყო განზრახ დაგეგმილი. ტანკების კოლონას გზა შეეშალა და პოლიგონიდან დისლოკაციის ადგილისკენ მოძრაობის დროს ორთაჭალის ხიდზე გადასვლის ნაცვლად სიონისკენ გაიარა.
რამდენად შეესაბამებოდა როდიონოვის ახსნა-განმარტება რეალურ სურათს, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია - სიონთან ტანკების თუნდაც შეცდომით გადაადგილებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
28 ნოემბრის საღამოა.

უმაღლესი საბჭოს სესიაზე გამოსასვლელ ტექსტს ვამუშავებ.
ღამის თორმეტ საათზე "ვეჩე" რეკავს. ტელეფონს ჩემმა უმცროსმა ვაჟმა უპასუხა, მერე ჩემთან მოირბინა და მითხრა:

- მიხეილ სერგეევიჩი გელოდება ტელეფონთან...
გამეცინა. ვიფიქრე, რომ რაღაც სწორად ვერ გაიგო, რადგან "ვეჩეთი" მხოლოდ თბილისიდან მიკავშირდებოდნენ და გორბაჩოვს სატელეფონო კომუნიკაციისთვის "ვეჩეთი" ნამდვილად არ უნდა ესარგებლა.

აღმოჩნდა, რომ შევცდი. ტელეფონთან მართლაც გორბაჩოვი დამხვდა. მითხრა, აგარაკიდან სახლში მივდივარ და მანქანიდან გირეკავო.
გამიკვირდა, მაგრამ ამაზე მეტად ზარის მიზეზმა გამაკვირვა:
- სწორედ ახლა ვესაუბრე ედუარდ შევარდნაძეს. მაინტერესებს თქვენი აზრიც: როგორ ფიქრობთ, თბილისში მომიტინგეებს დეპეშა რომ გავუგზავნო, დადებით შედეგს ხომ გამოიღებს? - მეკითხება გორბაჩოვი.

დავიბენი, რა უნდა მეთქვა... აშკარა იყო, რომ ეს იდეა გორბაჩოვს თავისით არ გასჩენია, ვიღაცამ ჩააწვეთა, ვისთან ერთადაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
ჩემთან განხორციელებულ ზარს კი, კითხვითი ფორმის მიუხედავად, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.

ამ ყველაფრის წარმოდგენაზე გულმა რეჩხი მიყო, რადგან არსებობდა მწარე გამოცდილება: გორბაჩოვმა რამდენიმე ხნით ადრე ასევე დამამშვიდებელი შინაარსის დეპეშა ბაქოსა და ერევანშიც გაგზავნა. თუმცა ყარაბაღის თემით აღშფოთებულ მომიტინგეებში, როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, ამას დადებითი შედეგი არ გამოუღია. პირიქით - საპროტესტო აქციაზე გორბაჩოვის დეპეშის წაკითხვას ორივე რესპუბლიკაში საპასუხოდ სტვენა მოჰყვა.

ათი წუთის შემდეგ უკვე შევარდნაძე მირეკავს.
იმეორებს იმას, რაც გორბაჩოვმა მითხრა და ისე, ყასიდად, ისიც აზრს მეკითხება.
- ნება თქვენია, - ზუსტად იგივე გავუმეორე შევარდნაძეს, რაც ათი წუთის წინ გორბაჩოვს ვუთხარი.
მეორე დღეს, უმაღლესი საბჭოს სესიის დაწყებამდე, თბილისში ვრეკავ.
მეუბნებიან, რომ სიმშვიდეა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და "მანუგეშებენ" - სანერვიულო არაფერია, როდესაც მომიტინგეებს გორბაჩოვის დეპეშას წავუკითხავთ, ისინი დაიშლებიან.

(დასასრული შემდეგ ნომერში)
nana
01 მაისი 2015 22:02
ბატონ ჯუმბერს მხნეობას,ჯანმრთელობას ვუსურვებ ქართველები სამწუხაროდ ერთმანეთს ვეომებით მტერს კი არა
marine
27 აპრილი 2015 03:07
ხალხი ჭრელიაო,მართლაც .მე მინდა ბატონ ჯუმბერს დიდი პატივისცემით შევეხმიანო.თქვენთვის ბევრი რამის დაბრალება შეძლო შევარდნაძემ-ქართველთა მტერმა. ბატონო ჯუმბერ ცუდი ამბავი ნამდვილად მოხდა 9 აპრილს,მაგრამ თქვენ რა შეგეძლოთ? შევარდნაძე რომ პირველობას არც თქვენ და არც ზნიადს არ დაუთმობდა ეს ნათელია-აიყოლია ჯიბგირები და დღემდე მოსვენება არ მიეცა ერს.მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა.
kako
20 აპრილი 2015 22:59
არავის არ გაუხარია ვისაც ჯუმბერიზე ცუდი უტკვია ასეტი წესიერი არავინ არ იყო აფერისტებმა ის მიიგეს რაც ეკუტვნოდატ ენები დაიმოკლეტ ქვეყნის გამყიდველებო

რედაქტორის რჩევით