"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ (თემის გაგრძელება) - კვირის პალიტრა

"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ (თემის გაგრძელება)

უქმნის თუ არა საფრთხეს ესემესით ჯარიმების შეტყობინება მძღოლს?

"ჯარიმის გადახდის ვადის ათვლა იწყება მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ხელზე ჩაბარების შემდეგ"

თუკი ავტომანქანის მფლობელი ბრძანდებით, არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ დღეს ესემესით თუ შეგატყობინეს, კანონი დაარღვიეთო. იცვლება მსოფლიო, იცვლება კანონები. სახელმწიფო ორგანოები მოქალაქეებთან დღითი დღე ნაკლებად შევლენ აქტიურ კონტაქტში, ადამიანის მოვალეობას ციფრული ტექნიკა შეასრულებს. ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები და სპეციალური სარადარო სისტემები მოქალაქეების ყოველდღიურობას გააკონტროლებს, თავად ადამიანი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა. ამგვარი სარადარო სისტემების განლაგება იგეგმება თბილისის 27 ქუჩაზე. თუ უსიამოვნება არ გინდათ, მოგიწევთ კანონის დამორჩილება, რომელიც მკაცრია, მაგრამ... ყოველთვის სამართლიანი არ არის. ახალ ჯარიმებზე, აკრძალვებსა და ქუჩაში დამონტაჟებულ რადარებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გვესაუბრა:

- რადარების წყალობით, სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლი 100 ლარით ჯარიმდება. ამ გადაწყვეტილებამ ხომ არ გაურთულა მდგომარეობა ისედაც შეჭირვებულ მოქალაქეებს? რატომ 100 და არა მაგალითად, პირველ შემთხვევაში 50 ლარი?!

- ასეთი ჯარიმა დისკომფორტს მხოლოდ ურჩ მძღოლებს უქმნის. როცა ერთხელ გადაიხდი 100 ლარს, დაიმახსოვრებ, რომ თუ ისევ არ დაემორჩილები კანონს, კიდევ მოგიწევს ჯარიმის გადახდა და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიეჩვევი წესების დაცვით სიარულს.  რადარის შესახებ მძღოლს აფრთხილებს საგზაო ნიშანი, რომელიც რადარამდე იმხელა მანძილით არის  დაშორებული, რომ მძღოლს შეუძლია სათანადო რეაგირება მოახდინოს და კანონი არ დაარღვიოს.

- მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ არსებული 100-ლარიანი ჯარიმა საკმაოდ მაღალია? პენსიონერმა, რომელიც შემთხვევით რადარის ყურადღების ცენტრში მოექცევა, მთელი პენსია ჯარიმაში უნდა გადაიხადოს?!

- 100-ლარიანი ჯარიმა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა ამ ჯარიმებს შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომაც გადავწყვიტეთ პრობლემურ ადგილებში რადარები დაგვეყენებინა. სიჩქარის გადაჭარბება დაუშვებელი გადაცდომაა, რაზეც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების შესაბამისი ორგანოები საკმაოდ მკაცრად და რადიკალურად რეაგირებენ.

- მაგრამ ბევრ ქვეყანაში გრადაციის პრინციპით ხელმძღვანელობენ. პირველ შემთხვევაზე შეიძლება ჯარიმა არ გასცდეს 15 ევროს, მეორე შემთხვევაზე იზრდება. რატომ არ მოხერხდა ჩვენთან მსგავსი სისტემის დამკვიდრება?

- ასეთი დაბალი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის. გრადაციის პრინციპით კი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჩვენც ვხელმძღვანელობთ. პირველი შემთხვევის დროს ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე 100 ლარით ჯარიმდება დამრღვევი, შემდგომი ჯარიმა 1 წლის განმავლობაში 200 ლარია. ასეთი მიდგომა გაუმართლებელია. ამიტომ ვამჯობინეთ, ღერძულა ხაზის გადაკვეთა 50 ლარით დაგვეჯარიმებინა.

- როგორ და რის საფუძველზე შეარჩიეთ ადგილები, სადაც დაწესდა აკრძალვები და კონტროლი გამკაცრდა?

- წინასწარ შევისწავლეთ ქალაქში ყველაზე საშიში და კრიტიკული წერტილები. თბილისის შემოგარენში ავირჩიეთ 27 ადგილი, 12 ადგილზე უკვე განთავსებულია რადარები. შარშან თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების 65% ზუსტად ამ წერტილებზე მოხდა. რადარების ამუშავებიდან მალევე სხვა სტატისტიკა მივიღეთ. შარშან, როცა რადარები არ იყო, 2 თვეში 22 ავტოსაგზაო შემთხვევა ამ ადგილებში სიკვდილით დასრულდა. დღეს იმავე მონაკვეთებში მხოლოდ 2 ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა სიკვდილით.

- მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრ ადგილზე საცობები შექმნა, მაგალითად, თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში - დიღმის ტრასაზე.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ საცობები რადარების დამონტაჟების შემდეგ შეიქმნა. მანქანები ერთ დონეზე მოძრაობენ და სისწრაფეს მიჩვეული მძღოლები ამას საცობს არქმევენ. როცა მძღოლი ქალაქში შედის, მას ავტობანზე მოძრაობის ინერცია რჩება და ქალაქშიც 130-140 კმ/სთ-ით აგრძელებს გადაადგილებას. რადარების დამონტაჟებით მძღოლების წინასწარი მომზადება შევძელით. როცა ამ ზონას აღწევენ, ისინი აცნობიერებენ, რომ ქალაქში შედიან, სადაც სხვა წესებით უნდა იხელმძღვანელონ.

- ევროპაში მაგისტრალებზე 170 კმ/სთ მოძრაობაა დასაშვები, ჩვენთან - მხოლოდ 110. რას მივაწეროთ ასეთი სხვაობა?

- ჩვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია გზის საფრის მდგომარეობა, მისი სიგანე, დამცავი ჯებირების მდგრადობა, გზის მოხაზულობა და მოსახვევის რადიუსები.

- მძღოლების უმეტესობა იმიტომ დაჯარიმდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა ახალი შეზღუდვების შესახებ.

- ინფორმაცია აკრძალვების შესახებ, კარგა ხნის წინ განთავსდა ჩვენს საიტზე, გაშუქებული იყო პრესით და ტელევიზიით.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მოვალეობაა.

- შესაძლოა, რომ რადარმა შეცდომით სხვას დაუფიქსიროს საგზაო წესების დარღვევა?

- ჯარიმა იწერება მხოლოდ ერთ მანქანაზე, როდესაც კვეთს რადარის მოქმედების არეალს და მასზე ფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება. როდესაც ორი ავტომანქანა გვერდიგვერდ მოძრაობს, ჯარიმა არ იწერება - ამ დროს არ გაქვს მტკიცებულება, რომელმა მანქანამ გადააჭარბა სიჩქარეს. რადარი არის მკაცრი ტექნიკური საშუალება, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ შეუცდომლად ასრულებს მოვალეობას. მას არ აქვს დაღლილობის გრძნობა და არ აწუხებს ემოციები(?!).

- უშეცდომო მსოფლიოში ჯერ არაფერი გამოუგონიათ და თქვენ ასეთი ტექნიკური საშუალება როგორ აღმოაჩინეთ?! რას იტყვით ვიდეოკონტროლზე, რომელსაც ოპერატორები მართავენ. ისინიც არ იღლებიან და არც ემოციები აქვთ?

-  მძღოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთხოვება პასუხი, როდესაც მკაფიოდ ჩანს, რომ მისი მანქანა პირველივე შეხედვით არღვევს გარკვეულ წესს. როცა სურათი ბუნდოვანია, არ იკითხება და ვერ გიხსნით გადაცდომას, მაშინ ვერავინ დაგაჯარიმებთ.

- როგორ გადავამოწმო, დავარღვიე თუ არა კანონი და როგორ დავადგინო ჩემი სიჩქარე ადგილზე, სადაც დამაჯარიმეს?

- ხშირად მოქალაქე იფიცება, - ესა თუ ის წესი არ დამირღვევიაო. ასეთ დროს უკმაყოფილო მძღოლს ვიწვევთ და ვაჩვენებთ ჩანაწერს, რის შემდეგაც რწმუნდება, რომ ნამდვილად დაარღვია წესი.

- რატომ გახდა აუცილებელი ალკოტესტის აპარატების შეცვლა?

- ძველები შეცდომებს უშვებდნენ(?!). მძღოლებს, რომლებსაც თუნდაც კუჭ-ნაწლავი აწუხებდათ ან ძმრიანი საჭმელი ჰქონდათ მიღებული, ტესტირების შემდეგ ხშირად აპარატი ნასვამობას უფიქსირებდა. ახალი ალკოტესტი ზუსტად გვაჩვენებს ალკოჰოლის შემცველობას ორგანიზმში და ადგილზევე იძლევა ამის დამადასტურებელ დოკუმენტს.

- ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არასწორად აჯარიმებდა მძღოლებს ერთ-ერთი მძიმე ბრალდებით?

- შესაძლოა, მაგრამ კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს და ჯარიმების გაბათილება შეუძლებელია.

- რატომ გადაწყდა ესემესებით შეტყობინება ჯარიმების შესახებ, არ გიფიქრიათ, რომ ამან შეიძლება საშიშროება შეუქმნას მძღოლის უსაფრთხოებას - მანქანით მოძრაობის დროს ხომ აკრძალულია მოკლეტექსტური შეტყობინების კითხვა და ზოგადად მობილურის გამოყენება.

- ახალი სერვისი შექმნილია მძღოლის უკეთესი ინფორმირების მიზნით, ჯარიმის გადახდის ვადის ათვლა კი იწყება მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ხელზე ჩაბარების შემდეგ. მძღოლების მეტი კომფორტისათვის შექმნილია მობილური აპლიკაცია "მია გეორგია", ჯარიმის შემოწმება და მისი გადახდა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

უტა ბიწაძე