"განძის კუნძული"- დიდი თავგადასავალი
23-09-2013
"განძის კუნძული"- დიდი თავგადასავალი
მოულოდნელი განცხადებით უნდა დავიწყო - მეკობრე ვარ. ბავშვობიდან. გულის სიღრმეში. ჯიმ ჰოკინზივით, რომელიც მეკობრეებს ებრძვის და ამარცხებს, მაგრამ თვითონაც მეკობრეა, ოღონდ - გულის სიღრმეში. ჩემსავით. უფრო სწორად, მე, - მასავით. მეკობრე ანუ თავგადასავლების მაძიებელი.

"განძის კუნძული" ჟრუანტელის მომგვრელი წიგნია. ეს ჟრუანტელი ორგვარია - მღელვარებისაცაა და სიხარულისაც; ერთდროულად. სცენა, სადაც აღწერილია, თუ როგორ ჩაძვრება ჯიმი კასრში ვაშლის ამოსაღებად და თავისდა უნებურად როგორ მოისმენს მეზღვაურების ლაპარაკს, მეზღვაურებისა, რომლებიც თურმე მეკობრეები ყოფილან. ლიტერატურის
ნამდვილი შედევრია, ისეთი, რომ დაგბურძგლავს. ისევე, როგორც მთელი რომანი.

ეს განცხადება არც გაზვიადებაა და არც გადაჭარბება, რადგან "განძის კუნძული" არა მარტო მხატვრული პროზის შედევრია, არამედ კიდევ რაღაც, ამაზე მეტი. ეს წიგნი კაცობის, ღირსების, ცხოვრების მასწავლებელია, ოღონდ, შეფარული, ძალდაუტანებელი „მასწავლებელი,  ყველაზე საუკეთესო, ქმედითი, ალალი...

"განძის კუნძული",
ამავე დროს, საოცრად მომხიბლავი,„უგემრიელესი“ საკითხავია, უდიდესი სიამოვნების მომგვრელი, ისეთი სიამოვნებისა, სიცოცხლის ბოლომდე რომ გაგყვება, მუდმივად შენთანაა, არ გავიწყდება... ისეთი სიამოვნებისა, სიცოცხლეს რომ მოგაწყურებს და ამ წყურვილის ძალითვე გადაგატანინებს ყველა ჭირსა და უბედურებას, ყველა სენსა თუ ავადმყოფობას...
ამ გაგებით, "განძის კუნძული" ერთგვარი წიგნი-წამალია, რომელიც ავტორმა ჯერ საკუთარ თავს გამოუწერა და მერე - მკითხველს...

რობერტ ლუის სტივენსონმა მხოლოდ 44 წელი იცოცხლა. ის ჭლექით იყო დაავადებული და როგორმე უნდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს სენს.
პატარა რობერტი ძალზე მგრძნობიარე ბავშვი გახლდათ, თავისი გამოგონილი სამყარო ჰქონდა, ყოველღამე, დაძინების წინ, სხვადასხვანაირ ისტორიას იგონებდა, საკუთარ თავს უყვებოდა ხმამაღლა და ისე განიცდიდა თავისივე შეთხზულ ამბებს, რომ დაძინებას ვეღარ ახერხებდა, სანამ მშობლები არ დაამშვიდებდნენ...

უმძიმესი სენის მიუხედავად,  ზრდასრულ ასაკში ბევრი იმოგზაურა საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში, სამხრეთის ზღვებში. წყნარი ოკეანის კუნძულებზე დედამიწის ზურგზე ეძებდა ადგილს, სადაც ჰავა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას მისცემდა. ასეთი ადგილი წყნარი ოკეანის შუაგულში იპოვა, სამოაზე, სადაც დასახლდა და გარდაიცვალა კიდეც...
მისი ავადმყოფობა იყო, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მამაპაპეულ, საგვარეულო საქმიანობას არ გაჰყვა. სტივენსონის წინაპრები მამის მხრიდან შუქურების მშენებლები იყვნენ. შოტლანდიის ნაპირებთან ვერ ნახავდით ერთ შუქურასაც კი, რომელიც მისი მამის, პაპის ანდა ბიძების დაპროექტებული და აგებული არ იყო.

რობერტ ლუის სტივენსონმა ამ ერთდროულად რომანტიკულსა და ძალზე საჭირო პროფესიაზე (შოტლანდიის კლდოვან ნაპირებზე რიგიანი შუქურა ზღვაოსანთა მშვიდობიანი ნაოსნობის აუცილებელი პირობა გახლდათ) თავიდანვე თქვა უარი. ინჟინრობა არც უცდია. უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა, ადვოკატის წოდებაც კი მიიღო, თუმცა ცხოვრებაში ვექილად წამითაც არ უმუშავია. მისი მოწოდება მწერლობა იყო (წერა 5 წლისამ დაიწყო, ბეჭდვა - 16 წლისამ).
1850 წელს დაიბადა ედინბურგში, თომას სტივენსონისა და მარგარეტ იზაბელ ბელფურის ოჯახში. მისი სრული სახელია რობერტ ლუის ბელფურ სტივენსონი. ბელფურების საგვარეულო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული იყო... მწერალი ავტობიოგრაფიულ ნარკვევში - "მოგონებები საკუთარ თავზე" აღნიშნავს, რომ დედის მხრიდან იგი ენათესავება შესანიშნავ შოტლანდიელ მწერალ უოლტერ სკოტსა და ასევე შოტლანდიელ პოეტ რობერტ ბერნსს.

საფრანგეთში ყოფნისას რობერტ ლუის სტივენსონი შეხვდა ამერიკელ ქალს, ფრენსის მატილდა ვანდერგრიფტ ოსბორნს, რომელიც ორ შვილთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და ათი წლის შემდეგ, 1880 წელს, ჯვარი დაიწერეს (როდესაც ფრენსის ოსბორნი ოფიციალურად გაეყარა პირველ ქმარს). რობერტ ლუისი დაუმეგობრდა გერებს. ერთი მათგანი, სემუელ ლოიდ ოსბორნი, მოგვიანებით მისი ლიტერატურული მდივანი და თანაავტორიც კი გახდა - მათ სამი რომანი დაწერეს ერთად.

რობერტ ლუის სტივენსონის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი სიცოცხლის ბოლო ოთხი წელი იყო, რომელიც საყვარელ ცოლთან, დედასა და გერთან ერთად სამოაზე, კუნძულ უპოლუზე გაატარა (1890 წელს იქ სახლ-კარი შეიძინა). იმ დროისთვის იგი უკვე მეტად პოპულარული მწერალი იყო, სიღარიბესაც თავი დააღწია (ძალიან კარგ ჰონორარს იღებდა), კუნძულის ჰავა მოუხდა, აბორიგენებს დაუმეგობრდა, იქაურები არათუ პატივს სცემდნენ, არამედ ლამის აღმერთებდნენ,– "ტუზიტალა" შეარქვეს, რაც მათ ენაზე "მეზღაპრეს" ნიშნავს. სტივენსონი ძალიან ბევრს მუშაობდა და უეცრად, 1894 წელს, სისხლი ჩაექცა... დაკრძალეს იქვე კუნძულზე, მთის წვერზე...

რობერტ ლუის სტივენსონი არაერთი მშვენიერი ნაწარმოების ავტორია, თუმცა ორი მათგანი მაინც გამორჩეულია. გარდა ზემოხსენებული რომანისა, ეს არის "დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი" (მთავარი გმირი, ჯეკილი/ჰაიდი ისეთივე საკულტო ფიგურა გახდა თანამედროვე მასობრივი კულტურისა, როგორიცაა ფრანკენშტაინი და გრაფი დრაკულა).

მაგრამ მოდი, "განძის კუნძულზე" ორიოდ სიტყვა კიდევ ვთქვათ... ფსიქოლოგიურად ეს საოცრად დამაჯერებელი წიგნია, კითხულობ და არათუ ხედავ პერსონაჟებს, არამედ თითქოს მათ გვერდით ხარ, მათთან ერთად განიცდი, იბრძვი, თავს აღწევ სასიკვდილო ხიფათს, სძლევ მტერს და აღწევ მიზანს... რომანის ყოველ პერსონაჟს  განუმეორებელი ხასიათი აქვს (განსაკუთრებით არაორდინარული, დაუვიწყარი ფიგურაა ცალფეხა ჯონ სილვერი). ყველაფერი, რაც წიგნში ხდება, თითქოს შენ გემართება, უფრო სწორად, შენ თვითონ ხარ მთავარი გმირი... თანამყოფობის ესოდენ ძლიერი განცდა მხოლოდ ნამდვილი ლიტერატურის კითხვისას შეიძლება გაჩნდეს და, ამ მხრივ, „"განძის კუნძული" შეუდარებელია.

ირაკლი ლომოური
nuka
25 ოქტომბერი 2013 19:57
სიტყვა-სიტყვით ვეთანხმები ავტორს

რედაქტორის რჩევით