ვინ ჩაითვლება ღარიბად? - კვირის პალიტრა

ვინ ჩაითვლება ღარიბად?

უმწეოთა სიღარიბეს ახალი ფორმულით დაადგენენ!

"იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, ასეთი ოჯახი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში შეყვანილი არ იყო"

"სიღარიბის დადგენის ფორმულა თავიდან იწერება, რასაც შესაძლოა უმწეოთა ბაზაში მყოფთა რაოდენობის მკვეთრი შეცვლაც მოჰყვეს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ. რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება და იქნება თუ არა სიღარიბის დადგენის ახალი ფორმულა არსებულზე უფრო ეფექტიანი? - ამ და სხვა შეკითხვებს ბატონი ნოე ქინქლაძე უპასუხებს:

- ამჟამად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიას 435 ათასი კაცი განეკუთვნება. ეს დაახლოებით 145 ათასი ოჯახია. დახმარების სახით ასეთი ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს, დანარჩენი წევრი კი 48 ლარს. ჯამში ბიუჯეტიდან მათთვის ყოველთვიურად 24 მილიონი ლარი გაიცემა. სიღარიბის დამდგენი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ეს ოჯახები უმწეოთა ბაზაში შეიყვანეს, 2002 წელს შემუშავდა. როგორც იცით, ოჯახების მდგომარეობას სოციალური აგენტი ამოწმებს, რასაც ქულებით აფასებს. თუკი ქულათა რაოდენობა 57000-ს არ აღემატება, მაშინ ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად ითვლება. მაგრამ ჩვენს რეალობაში დაფიქსირდა დასანანი შემთხვევები, როდესაც ბავშვი უწამლობით ან შიმშილით გარდაიცვალა, ასეთი ოჯახი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში შეყვანილი არ იყო. ამიტომ  მთავრობაში იმსჯელეს იმის თაობაზე, რომ სიღარიბის დადგენის მეთოდოლოგიაში რაღაც უნდა შეცვლილიყო. შევთანხმდით იმაზეც, რომ სოციალური აგენტის ერთხელ მისვლით არ უნდა განისაზღვროს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის თუ არა ოჯახი. სოციალურმა მუშაკებმა მჭიდრო კონტაქტი უნდა იქონიონ ოჯახებთან და ნებისმიერი საეჭვო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (რაც სიღარიბესა და უკიდურეს სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს) აცნობონ თავიანთ სამსახურს. ჩვენ ამჯერად "იუნისეფის" წარმომადგენლებთან ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ, რა მეთოდოლოგიით შეიძლება სიღარიბის დადგენა. იწერება ახალი ფორმულა, ვადგენთ კითხვარს, რომლითაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობაც უფრო დაზუსტდება.

- და მაინც, როგორი იქნება სიღარიბის დამდგენი ახალი ფორმულა?

- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვერც იმას გეტყვით, სიღარიბის განმსაზღვრელად რა ქულათა რაოდენობა იქნება საჭირო. ამ საკითხზე ამჯერად უცხოელი და ქართველი ექსპერტები მუშაობენ. "იუნისეფი" საქართველოს მასშტაბით კვლევას აფინანსებს, რომელიც მოსახლეობის მდგომარეობას დაადგენს. მან ამისთვის ტენდერში გამარჯვებული ფირმები და ფიზიკური პირები მოიწვია. რასაკვირველია, ამისთვის ყველა ოჯახში შესვლა არ დასჭირდებათ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით შეირჩევა გამოსაკვლევი კონტინგენტი, რაც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ამსახველ სრულ სურათს მოგვცემს. ამგვარ შედეგზე დაყრდნობით შემდეგ მოვამზადებთ წინადადებას მთავრობისთვის წარსადგენად, თუ როგორი უნდა იყოს სიღარიბის დამდგენი ახალი ფორმულა.

- გასულ წლებში კონტროლის პალატის აუდიტმა გამოავლინა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში თანამდებობის პირები და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც იყვნენ. ისინი ამოიღეთ სიიდან?

- თუკი პირი არ წარადგენს ინფორმაციას სამსახურის დაწყების შესახებ, ისღა დაგვრჩენია, ეს შემოსავლების სამსახურიდან გავიგოთ. ასეთ შემთხვევაში დახმარება პირს დაუყოვნებლივ შეუწყდება. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, მთავარი ის იყო, რომელიმე მათგანმა თანამდებობის გამოყენებით დაინიშნა თუ არა დახმარება. თორემ ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა სოციალური სააგენტოს მუშაკი ანაზღაურებად 300 ლარს იღებდა, ამ დროს კი ათსულიანი ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ცხადია, ასეთ შემთხვევებში დახმარებას ვერ მოვუხსნიდით.

- ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალურმა მუშაკმა ღარიბი ოჯახი, რაკი მას ერთი ძროხა ჰყავდა, უმწეოთა ბაზიდან ამოიღო.

- იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ ხელახლა შეისწავლეს ასეთი ოჯახების მდგომარეობა და ბევრ მათგანს დახმარებაც აღუდგა.