"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია"
30-09-2013
"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია"
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

მარტოდ დარჩენილი გუდამაყარი...


ჩემი სტუმარი - მალხაზ წიკლაური რომ მესტუმრა, თითქოს მთის გრილი და სუფთა ჰაერის შეგრძნება შემოიყოლა. ჩოხში იზრდებოდა  და რაც მეხსიერება ჰქონდა, გოდერძიც სულ ახსოვდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ დადიოდა გუდამაყარში, რას ამბობდაო... ერთზე კი ძალიან სწყდებოდა გული: ამხელა მწერალი ისე როგორ გავუშვით ამ ქვეყნიდან, ერთი ლიტერატურული პრემია არავის მიუციაო. იმით დავამშვიდე, რასაც გულწრფელად ვფიქრობდი: გოდერძის რომ არანაირი პრემია არ აქვს მიღებული,
მისი ყველაზე დიდი ჯილდო შეიძლება იყოს-მეთქი. სიცოცხლეში არც ერთ დაჯგუფებასთან არ ჰქონია მჭიდრო კავშირი (მწერლებმა ხშირად იცოდნენ ჯგუფებად გაერთიანება). იქნებ არც ახსენდებოდათ საკუთარ გარემოცვაში ჩაფლულ კომისიის წევრებს, რომ იყო ასეთი დიდი მწერალი, რომელიც ხალხს უყვარდა, რომლის სიყვარულიც, რაც დრო გადის, უფრო იზრდება. ბოლოს და ბოლოს,
პრემია ვერაფერს შემატებდა გოდერძის და ვერც უიმისობა დააკლებდა რამეს.


მალხაზ წიკლაურს 2 ოქტომბერი არასოდეს დაავიწყდება: - ბებოჩემს და პაპას არაერთხელ უამბნიათ ჩემთვის, როგორ მივიდა გოდერძის დედა, ლელა თავისი მშობლების სახლში, ბურსაჭირში, ორსული იყო და დრო ჰქონდა, შვილი უნდა გაეჩინა. ჩოხი წმინდა მიწაა, იქ მშობიარის გაჩერება კი არა, მიწაზე შეხებაც არ შეიძლება რიდისა და მოკრძალების გარეშე. ჩვენი სახლის ახლოს ასტკივებია მუცელი ლელას. ბებოჩემს ხმა გაუგია და ჩვენთან შემოუყვანია, ბაგაში. იქ გაჩნდა გოდერძიო, - მიამბობდა. ჯერ არავინ იცოდა, გოდერძი რეჟისორი და მწერალი გახდებოდა თუ არა, ჩვენები მაშინაც დიდი სიყვარულით ჰყვებოდნენ ამ ამბავს, მათთვის ძალიან ძვირფასი იყო, რომ კარგი ვაჟკაცი, გოდერძი ჩოხელი მათ სახლში მოევლინა ქვეყანას.

- როგორი გოდერძი გახსოვთ?

- გოდერძი თერთმეტი წლით უმცროსი ვარ. ძალიან ენერგიული იყო. ჩოხში სულ ორი სპორტის სახეობა იყო პოპულარული - ფეხბურთი და თხილამურებით სრიალი. გოდერძი თხილამურებს თვითონ აკეთებდა. = ტყეში იფნის ხეს მოჭრიდა. ხე ცოტა მოხრილი უნდა ყოფილიყო. ხის გულისგან თლიდა თხილამურებს.  ჩემთვისაც გაუკეთებია თხილამურები.

ერთი მძიმე ამბავი მახსენდება: 1977 წელს მთის ერთ მხარეზე იყო პატარა სოფელი საქორე. იქ ერთადერთი მოსახლე იყო - ცხოვრობდნენ დედა-შვილი და ჩვილი შვილიშვილი. წამოვიდა მსუბუქი ზვავი - ფუფქარს ვეძახით - მოპირდაპირე მთიდან, ავიდა მთის მეორე მხარეს. დედა-შვილი ამ დროს გარეთ ყოფილა გამოსული შეშისთვის და ორივე იქვე ჩაუმარხავს. ბავშვი დარჩა აკვანში... გავიდა დრო. ჩაჩა წიკლაურმა ათნოხიდან გახედა საქორეს - წაშლილი იყო სოფელი. იმ ერთადერთ სახლს სამი მეტრი თოვლი დასდებოდა. დაიძახა, - ხალხო, საქორე არ ჩანსო. ჩემი ბიძაშვილი წავიდა საქორეში ამბის გასაგებად. გარეთ არავინ ჩანდა. სახლში ზემოდან რომ ჩაიხედა, აკვანში გარდაცვლილი ჩვილი დაინახა. თოვლი ჩაცვენოდა ყელში. ეს ამბავი გოდერძისაც უზომოდ სტკენდა გულს...
ზამთარში დიდი თანადგომა  და ყურადღება სჭირდება მთის სოფელს. ხმაურზე ყველა გაფაციცებულია: აბა, რომელი მთა ჩამოვიდა, რომელი - ჩამოსასვლელია.\  ჩვენი სახლი უფრო უსაფრთხოდ იდგა, ზვავი არ უდგებოდა, არც გოდერძის ბიძის სახლს ემუქრებოდა ზვავი. იქ დღესაც სითბო ტრიალებს!

- გოდერძის ძალიან უყვარდა ჩოხში ასვლა...
- უყვარდა! და ჩვენ როგორ გვიყვარდა მისი მოსვლა! სტუდენტი რომ გახდა, ამოდიოდა. ბავშვებს გვამოწმებდა: აბა, როგორ სწავლობთ, თხილამურით თუ სრიალებთ, თუ თამაშობთ ფეხბურთს, ხომ არაფერი გჭირდებათო. სტუმრები რომ ამოჰყავდა ჩოხში, ზეიმი იყო. ბავშვები ვტრაბახობდით - გოდერძის სტუმრები გავიცანითო.
გოდერძი დედას  სულ მხარში ედგა, სათიბი, თივის მოგროვება, ჩამოტანა - მისი საქმე იყო. მისი შრომა სულ არ გვიკვირდა. საოცარი ის გახლდათ, როგორ შეეძლო, რომ სამყარო შეეყვარებინა ჩვენთვის. მახსოვს, წამოწოლილი იყო ბალახზე, ცაში იყურებოდა და გვეუბნებოდა: ღრუბლებს ახედეთ, აბა, წარმოიდგინეთ, რომ ღრუბელზე ზიხართ და მაღლიდან დაჰყურებთ ყველაფერს, ღრუბლით ქანაობთო. ჩვენც ავხედავდით და წარმოვიდგენდით. ვარსკვლავებზე გველაპარაკებოდა, ყვავილებზე, ხეებზე...

განა მარტო სიტყვით ამბობდა, თვითონაც სჯეროდა, რომ ისინი ადამიანებივით ცოცხლები იყვნენ. ერთხელ ზვავით ჩამოტანილი ფესვებიანი ხე შეინახა,  წაიღო და დარგო მდინარის პირას. გაიხარა ხემ. ორი წელი შევხაროდით გოდერძის დარგულ ხეს. მერე ერთ გაზაფხულს წამოვიდა ადიდებული არაგვი  და წაიღო ის ხე... ერთხელ კიდევ არაგვის მოგლეჯილი ხე იპოვა, გაღვერილი - ქერქგაცლილი. აიღო, მთამსვლელის თოკებით აიტანა და ხოსროკლდის პატარა, გამოკვეთილ ადგილზე დადო. მთელი ხეობა ჩანდა იმ ადგილიდან. ჩვენ გვითხრა,  მართალია, ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ კაცისგან შეხედვაც გაუხარდებაო.

გოდერძი ხშირად დადიოდა მწვერვალებზე. ჩოხში გვყავდა მთამსვლელი - ვანო წიკლაური, თვითნასწავლი გერმანულის მასწავლებელი იყო.  მას სულ სამი კაცი მოჰყავდა ჩოხიდან ჭიუხების დასალაშქრად: ვიქტორ ჩოხელი, ნოდარ წიკლაური და გოდერძი. 3 370 მეტრია ზღვის დონიდან, კლდოვანი ქანებია. წრიაპებით ადიოდნენ. იქ, როგორც წესია, სხვა მთამსვლელების დატოვებულ წერილს აიღებდნენ და თავისას დატოვებდნენ, გოდერძიც უთუოდ დატოვებდა წერილს.

გოდერძი ცხვარსაც არასდროს დაკლავდა. სტუმრები რომ ჰყავდა, მეზობლები თუ დაუკლავდნენ და ხორცს მიუტანდნენ... ცოცხალი არსება კი არა, უსულო საგანიც ეცოდებოდა. გატეხილ უღელს რომ ნახავდა, გული ეწურებოდა...

- გოდერძი ჩოხელმა თავისი მეზობლების სახელები უკვდავყო მოთხრობებში: ბერი, ჯღუნა ახლა ყველამ იცის, ვინ იყვნენ. ალბათ, სოფელში უკვირდათ კიდეც, მათზე მოთხრობები რომ იწერებოდა.
- უხაროდათ. უყვარდათ გოდერძი. ისიც გამოვიდოდა, დაჯდებოდა და საუბრობდა ბერთან, ჯღუნასთან. ბერი ძალიან შარიანი იყო, ჯღუნაც არ იყო ნაკლები.

- ოღონდ შარიანობა თქვენში ნაკლად არ ითვლებოდა, მგონი..

- უსამართლობას ვერ იტანდნენ, შარიანობაც აქედან მოდიოდა. გოდერძის მამაც შარიანი იყო, მოჩხუბარი. გოდერძი - არა...  რომ ჩამოვიდოდა, გვკითხავდა: ხომ არ გჩაგრავენ ქვემოთი მხარეო... ჩვენი დამჩაგრავი ჯერ არ დაბადებულაო, - ვეტყოდით და უხაროდა. 

ჩემს მეხსიერებაში გოდერძი ყოველთვის ძლიერი კაცი იყო. თბილისში ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე რომ ვნახე, გავოცდი, რაღაცნაირად სუსტად იყო... რა დაემართა, ვერ გავიგე. მერეღა,  მისი "წერილი ნაძვებს" რომ წავიკითხე, მივხვდი, თავის თავში კი არ იყო, გადასული იყო ბუნებაში. ეს იყო ადამიანის დიდი გადასვლა მარადიულში და იქიდან ცქერა...

P.S. ვიდრე ბატონ მალხაზს დავემშვიდობებოდი, კვნესასავით წამოსცდა, ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი გუდამაყარიო. გოდერძის სკოლა ხომ დაინგრა და აღარაფერი ეშველება, სოფლებიც ნასახლარებად გადაიქცაო... სწორედ ეს უხეთქავდა გულს გოდერძის,  ამისი დაჯერება არ შეეძლო, რომ ჩოხი დაცარიელებულიყოო. გოდერძიმ იმდენი გააკეთა, საქართველო გუდამაყრისკენ მოახედა, მაგრამ... ცოტა ხანს გაჩუმდა... ისედაც ყველამ იცის, რა დღეშია ჩვენი მთა, რა სიდუხჭირეში, სიმარტოვეში, მკაცრ პირობებში რჩებიან იქ ჩვენი მართლაც გმირების ტოლი მთიელები. კანტიკუნტად, თითო-ოროლა კაცი შერჩენია ჩაუქრობელ კერას. მალხაზ წიკლაურმა - ისინიც მოთხრობები არიან, მაგრამ აბა, ვინღა დაწერს მათზეო...
თეონა
10 ოქტომბერი 2013 21:33
და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი.....
zviadi
08 ოქტომბერი 2013 00:46
ნოდარ დუმბაძის შემდეგ არ გვყოლია ამხელა ჰუმანისტი ლიტერატურაში. გვიხაროდეს რომ ის ჩვენი თანამედროვე იყო.
nata
06 ოქტომბერი 2013 09:54
გოდერძი ჩოხელი დიდი ქართველი მოაზროვნე და ერისკაცი იყო. ასეთი ადამიანები ძნელი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათთან ერთად მათი ოჯახებიც ინაწილებენ მძიმე ყოფის ტვირთს. სამწუხაროდ, უმძიმეს პერიოდში მოუწია გოდერძი ჩოხელს მისი გზის გავლა. უდიდესი პატივისცემის ღირსია მისი შესანიშნავი მეუღლე

რედაქტორის რჩევით