ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან - ოცდასამი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან - ოცდასამი წლის შემდეგ

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. #N38)

პირველად შევარდნაძის სახელი ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. 1956 წლის მარტში იგი ქუთაისის კომკავშირის ქალაქკომის მდივანი იყო. მახსოვს, როდესაც ჩვენს ოჯახში უფროსები ამ ტრაგედიაზე საუბრობდნენ, მამაჩემმა ახსენა შევარდნაძის სახელი და იგი დადებით კონტექსტში მოიხსენია.

მაშინ, რასაკვირველია, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და ჩემს პარტიულ კარიერასა და ბიოგრაფიაში შევარდნაძე როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლს შეასრულებდა.

პირველად ედუარდ შევარდნაძეს სამოციან წლებში შევხვდი. მაშინ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და ამავე დროს ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი ვიყავი. ჩვენი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი საგასტროლოდ ყამირზე მიემგზავრებოდა. გამგზავრებამდე მიღება გაგვიმართეს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, რომელიც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობდა. მაშინ შევარდნაძე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. გულთბილად მიგვიღო, წარმატებები გვისურვა და გზა დაგვილოცა.

მალე ის მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად გადაიყვანეს. ამ პერიოდისთვის მე უკვე ასპირანტი ვიყავი, მცხეთის რაიონთან საქმიანი შეხება მქონდა და მუხრანის საცდელ მეურნეობაში შევარდნაძესაც ხშირად ვხვდებოდი.

როდესაც მოსკოვიდან დაბრუნებული ჯერ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე, მოგვიანებით კი პირველ მდივნად ამირჩიეს, შევარდნაძე უკვე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და, ბუნებრივია, საქმიანი ურთიერთობა იმ ეტაპზეც გავაგრძელეთ.

პარალელურად ადამიანური, კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. წლების განმავლობაში მე და შევარდნაძე ოჯახებით ერთად ვისვენებდით ლიძავაში, სადაც დავმეგობრდით.

როდესაც 1972 წელს, ვასილ მჟავანაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, მისი რეკომენდაციით მეც მალევე გორის რაიკომის პირველ მდივნად ამირჩიეს.

ორი წლის შემდეგ, 1974 წლის მიწურულს, როდესაც სოფლის მეურნეობის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბორის გიგიბერია გარდაიცვალა, ისევ შევარდნაძემ გამიწია რეკომენდაცია და დარგის მდივანი გავხდი.

ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ შევარდნაძის ნდობას ყოველთვის მადლიერებითა და ერთგულებით ვპასუხობდი. აგრარულ ქვეყანაში წამყვანი დარგის ხელმძღვანელი პოსტის ჩაბარება უბრალო საქმე არ იყო და შევარდნაძის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა კარგად მქონდა გაცნობიერებული.

როგორც ჩანს, მეტისმეტად მოვინდომე სოფლის მეურნეობის განვითარებაც და ამ სფეროში მომუშავე მექრთამეებისა და ფალსიფიკატორების გამოვლენაც.

რასაკვირველია, აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და შევარდნაძეს შორის სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის მოსაზრების მოსმენას და გათვალისწინებასაც.

სამწუხაროდ, ეს დაბალანსებული და კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ანუ მას შემდეგ დაირღვა, რაც სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული დარღვევებისა და მექრთამეების გამოვლენის პროცესში კატეგორიული და პრინციპული პოზიციის დაკავებას შევარდნაძემ ლოიალური პოლიტიკის გატარება არჩია.

საწყის ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ გულწრფელად მჯეროდა, რომ შევარდნაძე არ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ და მის ლოიალურ მიდგომასაც ამით ვხსნიდი, მაქსიმალურად ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში უკომპრომისო ყოფილიყო.

მოგვიანებით, როცა უკვე ყველა ფაქტი და მოვლენა ადასტურებდა, რომ შევარდნაძემ იმაზე მეტიც კი იცოდა, ვიდრე მე წარმომედგინა და წაყრუების პოზა შეგნებულად, გააზრებულად ჰქონდა მორგებული, აღმოჩნდა, რომ მექრთამეებთან ბრძოლაში პრაქტიკულად მარტო დავრჩი.

რამდენადაც თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა, მათ, ვისაც სამართლიანად ვებრძოდი, ამ აპრობირებულ მეთოდს მიმართეს და ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებისა და ცილისწამების ისეთი კამპანია გააჩაღეს, რომ უკვე სერიოზულად ვფიქრობდი: დამეტოვებინა ცენტრალური კომიტეტიც, დარგის მდივნის პოსტიც და ჩემი სპეციალობით გამეგრძელებინა მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში მოვლენები კიდევ უფრო წარმოუდგენლად განვითარდა: შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, ხოლო მე - საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.

ჩემი პარტიული ბიოგრაფიის ამ ეტაპზე წიგნის დასაწყისში დეტალურად ვისაუბრე. ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებ და გავიმეორებ, რომ შევარდნაძეს ცკ-ის პირველ მდივნად ჩემი არჩევისთვის ხელი არც შეუწყვია და არც შეუშლია.

მას ჩემთვის კრემლში პროტექცია არ გაუწევია, თუმცა ჩემი კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, პოლიტბიუროზე უთუოდ მოახდენდა გავლენას და, ალბათ, ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნადაც არ ამირჩევდნენ.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შევარდნაძე ჩემი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს პირდაპირ და ღიად არასდროს ჩარეულა საკადრო ცვლილებებში; თუმცა კრემლშიც მუდმივად ფლობდა საქართველოდან ყველაზე კონსპირაციულ ინფორმაციებსაც კი, რომელთაც, ბუნებრივია, მისივე ფავორიტები და არაოფიციალური "კადრები" აწვდიდნენ.

რა როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ 9 აპრილის ტრაგედიაში, რა დაიგეგმა კრემლში, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მას თანამემამულე პარტიულ ფუნქციონერებთან და ე.წ. ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

რასაკვირველია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა! ვიცი, რომ ბევრს გააკვირვებს ჩემგან ამის მოსმენა... მაგრამ ფაქტია: თუკი 80-იანი წლების მიწურულს შევარდნაძე ისევ იქნებოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ მას აღარ დასჭირდებოდა კრემლიდან საქართველოში დასაბრუნებელი იმ სისხლიანი ტრამპლინის გავლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილით დაიწყო და 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომით დაასრულა...

...1988 წელს სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა და ბოლოს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.

ამ ყველაფერს, ბუნებრივია, თავისი წინა პირობა ჰქონდა: ერთი მხრივ, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა დისიდენტებმა ჯერ ერთად დგომა, შემდეგ კი ე.წ. ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მოძრაობაში ჩართვა შეძლეს; მეორე მხრივ კი - აფხაზურმა სეპარატიზმმა იჩინა თავი.

ამ ყველაფერს "ლოგიკურად" მოჰყვა მოვლენების ესკალაცია. დედაქალაქში პირველი სტუდენტური მღელვარება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულმა პოლიგონმა გამოიწვია.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ოდითგან დაუსახლებელი იყო. უდაბნოში გზის მშენებლობა ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო ჯამში არა მარტო გზა, არამედ სასმელი წყალი და სარწყავი არხებიც გავიყვანეთ და ოთხასკომლიანი სოფელიც ავაშენეთ. ახლად აშენებულ სოფელში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვასახლეთ ხალხი და "გარეჯობის" დღესასწაულიც დავაწესეთ.

ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ბევრს დღესაც ჰგონია, თითქოს გარეჯა ღვთისა და კაცთაგან მიტოვებული ტერიტორია იყო და მისი "აღმოჩენაცა" და მასზე მეურვეობაც ე.წ. ეროვნული მოძრაობის დამსახურებაა.

არადა, როგორც უკვე გითხარით, გარეჯისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განაშენიანება შევარდნაძის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს დაიწყო, ჩემი პირველი მდივნობის პერიოდში დასრულდა და არავისგან, მათ შორის არც არაფორმალებისა და არც სტუდენტებისგან მითითებები, მით უფრო "ზეწოლა" არ მჭირდებოდა.

...ოქტომბრის თვე არანაკლებ მღელვარე პროცესებით დაიწყო.

საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც შრომით კოლექტივებს უნდა განეხილათ; ხოლო ნოემბერში უმაღლესი საბჭოს სესიაზე განხილვის შემდეგ უკვე გადაწყდებოდა კონსტიტუციაში რესპუბლიკებისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭების დატოვება-არდატოვების საკითხი.

კონსტიტუციიდან რესპუბლიკების თვითგამორკვევის უფლების ამოღების საშიშროებას ბუნებრივად მოჰყვა მღელვარების ახალი ტალღა. ამ ტალღამ მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა და პროტესტი მეტ-ნაკლებად ყველა რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)