ბორის ბედია: "ვინ მოიგონა ეს იდიოტური უნარები?!" - კვირის პალიტრა

ბორის ბედია: "ვინ მოიგონა ეს იდიოტური უნარები?!"

ივანე კიღურაძე: "სისტემა, რომელიც ნიჭიერ ბავშვს უმაღლესი სასწავლებლის გარეთ ტოვებს, შესწორებას საჭიროებს"

თამარ სანიკიძე: "ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვით აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში ჩავაყენებთ"

დავით ზურაბიშვილი: "არა მგონია, ყველა განსაკუთრებული ნიჭით იყოს დაჯილდოებული"

განათლების კომიტეტის ახალ კანონპროექტზე პარლამენტში შესული ინიციატივა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩარიცხვას ითვალისწინებს. კანონპროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. განსაკუთრებით კრიტიკულად ფასდება ის, რომ ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ კანონს უკუქმედების ძალა მიენიჭება. აბიტურიენტების ნაწილი, რომლებმაც 2013 წლის მისაღებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, სტუდენტები გახდებიან.

ივანე კიღურაძე, კანონპროექტის ავტორი, პარლამენტარი: - ეს გავრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში გაიმარჯვებენ ან სახელოვნებო დარგში განსაკუთრებული ნიჭი აქვთ.

- პროექტს ეწინააღმდეგება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. იდეას განათლების სამინისტროც არ იწონებს.

- მიმინოშვილი ამბობს, რომ ოლიმპიადა ბევრია და ვერ გაარჩევ, რომელია საერთაშორისოო. საერთაშორისო ოლიმპიადა 1958 წლიდან ტარდება და საქართველო 1993 წლიდან მონაწილეობს. 21 წლის განმავლობაში სულ 126 მოზარდი მონაწილეობდა. ყველა მათგანის სახელი და გვარი შეტანილია ინტერნეტში და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. ოლიმპიადებს თავად განათლების სამინისტრო უჭერს მხარს და მიმინოშვილმა ეს კარგად უნდა იცოდეს.

- თუ დადგენილი წესი რამდენიმე აბიტურიენტისთვის შეიცვლება, ეს განათლების სისტემას არ დააკნინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, შერჩევით ჩარიცხვაზე?

- სისტემა, რომელიც ნიჭიერ ბავშვს უმაღლესი სასწავლებლის გარეთ ტოვებს, შესწორებას საჭიროებს. მათემატიკოსი ილია ვეკუა ფიზიკის გამოცდაზე ჩაიჭრა, მაგრამ მათემატიკის ჩაბარების დროს გამომცდელების ყურადღება მიიქცია. უნიჭიერესი იყო მათემატიკაში და ამის გამო ჩარიცხეს. წარმოიდგინეთ, საგამოცდო კომისიას რომ მხოლოდ ფიზიკის გამოცდით ეხელმძღვანელა, რამხელა ნიჭი დაიკარგებოდა!

- როგორც ვიცი, სახელოვნებო ფაკულტეტებზე აბიტურიენტების მიღების წესიც შეიცვლება.

- კონსერვატორიამ მომმართა ოთხი უნიჭიერესი ახალგაზრდის შესახებ. მათ უნარებში ზღვარი ვერ გადალახეს. მძიმედ განვიცდი ასეთ შემთხვევებს - როცა ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გყავს, როგორიც ბორის ბედია და ირმა გიგანია, უნდა იამაყო.

დავით ზურაბიშვილი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე: - თუ პარლამენტმა ამ კანონს მხარი დაუჭირა, ეს პრინციპულად არასწორი იქნება. ამ ცვლილების შეტანა ისევე დაუშვებელია, როგორც საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ახალგაზრდების გამოცდების გვერდის ავლით სასწავლებლებში ჩარიცხვა... იდეალური არაფერია ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს სფერო არსებობს და აქამდე მუშაობდა. გამოცდების ალტერნატივა და მსგავსი კანონების მიღება არ უნდა დავუშვათ!

- ამბობენ, რომ ასეთი ნიჭიერი ბავშვები ცოტანი არიან და გამონაკლისი დიდ ძვრებს ვერ გამოიწვევს სისტემაში.

- როგორც თქვეს, 17 ნიჭიერ აბიტურიენტზეა ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ყველა განსაკუთრებული ნიჭით იყოს დაჯილდოებული. შეიძლება ვიღაც ნიჭიერია, მაგრამ მისთვის თამაშის წესების შეცვლა მაინც არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ კანონი მათ უნდა მოვარგოთ.

- საინტერესოა, როგორ რეგულირდება ასეთი შემთხვევები დასავლეთის ქვეყნებში?

- დასავლეთზე ვერ ვიმსჯელებთ, როგორც ერთიან მოდელზე. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემაა. უნდა შევიმუშაოთ ისეთი მოდელი, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები... კონკრეტული პირებისთვის ასე მარტივად კანონები არ უნდა იცვლებოდეს.

თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრი: - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვით აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში ჩავაყენებთ. ამიტომ ამ პროექტის დახვეწის რეკომენდაცია გაეგზავნა პარლამენტის განათლების კომიტეტს.

ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება კარგი იდეაა, მაგრამ საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებებისთვის არასაკმარისი მიზეზია. ამ საკითხს დაწვრილებით შესწავლა, დამუშავება და დარეგულირება სჭირდება.

ბორის ბედია, მომღერალი: - ნიჭიერ ადამიანს ყველა ქვეყანაში აფასებენ და ხელს უწყობენ. კანონპროექტს მივესალმები. აბა, მომღერალმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა?! ეს დეგენერატული პრინციპი არ არის?! ჩემს საქმეში ხომ ავიღე 100 ქულა, მათემატიკის გამო რატომ უნდა დავრჩე გარეთ?!

- თქვენთვის გამონაკლისის დაშვების შემდეგ, შეიძლება, ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულმა სხვა ახალგაზრდებმაც სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვა მოითხოვონ. გამოდის, გამოცდებს აზრი დაეკარგება...

- ასეთი მიღწევებიც ჩვენი ქვეყნის სახელია. უცხოელები აფასებენ და ჩვენ თუ არ დავაფასეთ, რა გამოვა?

- თქვენზე გამონაკლისის დაშვება რის გამო უნდა მოხდეს?

- იმიტომ, რომ პერსპექტიული ვარ. ღმერთმა ნიჭი მომცა და  კმაყოფილი ვიქნები, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უნარ-ჩვევები ჰქონდეთ?

- მე თუ მკითხავთ, რაში მჭირდება უნარ-ჩვევები, ალგებრისა და გეომეტრიის იდიოტური კითხვები?

- უნარ-ჩვევების გამოცდა ლოგიკურ კითხვებზეა აგებული. რატომ ვერ გადალახეთ მინიმალური ზღვარი?

- უნარებში 3 ქულა დამაკლდა...  ბევრი მათემატიკური კითხვა მოვიდა, რაღაცები გამოვიცანი... რა ვქნა, ყველაფერში მაგარი ვერ ვიქნები! მთავარია, ქართველი ვარ და ქართულში გადავლახე...

- კანონპროექტს თუ არ მიიღებენ, რას აპირებთ?

- იქ ჩავაბარებ, სადაც ამ იდიოტურ უნარებს არ აბარებინებენ... ჩემთვის ფასეული იქნება, კარგად რომ ვიმღერებ, საქართველოს გამოვაჩენ და ბორის ბედიას ტაშს დაუკრავენ... ხმამაღლა ვამბობ: ვინ მოიგონა ეს იდიოტური უნარები და კრეტინიზმი?!

უტა ბიწაძე

ეკა აბაშიძე