"დედამ კი მიმატოვა, მაგრამ არ მძულს"... - კვირის პალიტრა

"დედამ კი მიმატოვა, მაგრამ არ მძულს"...

თუ ფეხზე გავიარე, ყველას დავუმტკიცებ, რომ ბევრი რამ შემიძლია

16 წლის მურმანი სადილსაც ამზადებს, სარეცხსაც რეცხავს და სახლსაც ალაგებს

ბოლო დროს ზედიზედ გიამბეთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე. ამ დღეებში საქველმოქმედო - "სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდის" ვებგვერდიდან შევიტყვე 13 ასევე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფნი, დახმარებას ყველა იღებს, მიზერული შემწეობა ვერაფერში არგიათ. სამწუხაროდ, ეს 13 ოჯახი მხოლოდ მცირე ნაწილია უკიდურესად გაღატაკებულთა არმიიდან. ბევრმა არც იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად და ღვთის იმედად არის...

KvirisPalitra.Ge72 წლის ნაზი გაბედავას ოჯახი ერთ-ერთია იმ ცამეტთაგან. უსინათლო მოხუცი კუკიაზე, ყოფილი მექანიკური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქოხში ცხოვრობს შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. შვილი ავად არის, ორჯერ კუჭის ოპერაციაგადატანილს, მესამედ სჭირდება ოპერაცია, თუმცა ოჯახის მთავარი სადარდებელი 13 წლის ინგაა, რომელიც დაბადებიდან ინვალიდია, ფეხზე ვერ დგება. ერთადერთი ჯანმრთელი წევრი 16 წლის მურმანია, რომელიც კუკიის მიმდებარე ტყეში მიდის ხოლმე, რომ ხმელი შეშა მოაგროვოს და ლოგინად ჩავარდნილი ბებია და და გაათბოს. იმ დღესაც ისეთ დროს მივედით გაბედავებთან, მურმანი მხარზე მორგადებული რომ ბრუნდებოდა ტყიდან. მორი ქოხის უკან, ეზოში დააგდო და შინ შეგვიძღვა. აქ ერთ ოთახშია ყველაფერი თავმოყრილი, საძინებელიც და სამზარეულოც. რკინის ღუმელი კი მხოლოდ მაშინ ანთია, როდესაც "ძალიან ცივა", თუმცა ფარღალალა ოთახებს ვერ ათბობს.

ინგა ცალი მხრით გაულესავ კედელზე მიწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა. ძმამ უსაყვედურა, თავს რატომ არ უფრთხილდებიო. ცივ კედელს გოგონასთვის ფილტვებიც დაუავადებია და წყალი უდგება. მუდმივად მოხრილ ჯდომას კი მისთვის ხერხემალიც გაუმრუდებია. აქ ტელევიზორი ერთადერთი ნივთია, რომელიც ელექტროენერგიას ხარჯავს. მაცივარი უბრალოდ ცარიელი დგას. აქ ყველგან სიღარიბე მეფობს. რა გასაკვირია, ოჯახს ერთი პატარა ბიჭი უვლის, - სადილსაც ამზადებს, სარეცხსაც რეცხავს, სახლსაც ალაგებს, როგორც შეუძლია.

...მეორე ოთახიდან მოხუცი ქალის ხმა ისმოდა. ვიფიქრე, ვიღაცას ელაპარაკება-მეთქი. ბავშვებმა კი ამიხსნეს, რომ მას შემდეგ, რაც თვალში ვეღარ იხედება, ბებია მთელი დღეები თავისთვის ლაპარაკობსო.

ინგა მეოცნებე გოგოა. ბებომ მასწავლა წერა-კითხვა, როცა თვალში კარგად იხედებოდაო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ უვლია, შესანიშნავად კითხულობს. ოცნებობს, ბევრი წიგნი და ჟურნალი ჰქონდეს. მხოლოდ საჭმლისა და წამლისთვის ვიმეტებთ ფულს, მეტი არაფრის ყიდვა არ შეგვიძლიაო, - მშვიდად ამბობს ინგა.

KvirisPalitra.Ge- მშობლები სად არიან? - ვეკითხები ბავშვებს.

ინგა: - დედამ მიგვატოვა. როცა მე ერთი წლის ვიყავი, მაშინ წასულა და შემდეგ აღარც გავხსენებივართ. ისე კი, მინდა იცოდეს, რომ არ მძულს. მეცოდება უჩვენოდ. მამამ წასვლის წინ გვითხრა, სადღაც გუდრონი უნდა დავასხაო. ე.ი. პურის ფული გვექნება. მამა ძალიან კეთილია. არასდროს ბრაზობს, სულ გვეფერება.

- ამ ქოხში როგორ მოხვდით?

მურმანი: - ადრე გურიაში ვცხოვრობდით. მერე ინგას ავადმყოფობის გამო იძულებული გავხდით, სახლ-კარი გაგვეყიდა. სანამ ფული გვქონდა, მასაჟებს ვუკეთებდით და ჩვენი დახმარებით ფეხზე გავლა შეეძლო. როცა ფული გამოილია, ინგაც ისევ ჩავარდა ლოგინად. იმის მერე სულ ნაქირავებში ვცხოვრობდით და მამას ლამის მთელი ნამუშევარი ქირაში მიდიოდა. რამდენიმე წლის წინ, როცა მექანიკურ ქარხანაში მუშაობდა, აქ კედლებს თვითონაც მიამატა რაღაც და სახლის ფორმა მისცა. იმის შემდეგ აქ ვცხოვრობთ.

- სკოლაში არ დადიხარ?

- მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ჩემი დის გამო ვერ ვახერხებ. ამას ვინ მოუვლის, მამა დროდადრო  მუშაობს, პურის ფული გამოუდის. თუ ფიზიკური სამუშაო გამოჩნდა, მეც გავდივარ ხოლმე. რომ ვისწავლო, წესიერ სამსახურს ვიშოვიდი.

- ექიმთან ბოლოს როდის გყავდათ ინგა?

- რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მგონი იმის გამო, რომ ფული აღარ გვქონდა, ყურადღება აღარ მოგვაქციეს. შეგვპირდნენ, მის ანალიზებს გამოსაკვლევად უცხოეთში გავგზავნით და პასუხს გაცნობებთო. არავინ მოსულა ჩვენთან, მამამ თვითონ მიაკითხა და უცნაური პასუხი გასცეს, - შენი შვილი გონებრივად განუვითარებელია და იმდენი აზრი არ აქვს, რომ ფეხზე გაიაროს, თორემ არაფერი სჭირსო.

ინგა: - თუ ფეხზე გავიარე, ყველას დავუმტკიცებ, რომ ბევრი რამ შემიძლია. ვოცნებობ, სკოლაში ვიარო, განათლება მივიღო და მსახიობი გავხდე. სანამ ფეხზე დავდგები, მინდა ეს დაპატარავებული ინვალიდის ეტლი გამოვიცვალო.

- არავინ გეხმარებათ?

- კი, ხანდახან მოდიან კეთილი ადამიანები. "სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდის" ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის განმარტებით, ინგას სახელზე ბანკში სპეციალური ანგარიში გაიხსნა, სადაც უკვე შედის შემოწირულობები. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, სოციალურ მუშაკთა მოსაზრებით, მისი სრულად განკურნება შესაძლებელია. ახლა მთავარია ფული შეგროვდეს - 8000 ლარი, რომ გაბედავების ოჯახში ინგას გამოჯანმრთელების სიხარულმა დაისადგუროს.

ინგა გაბედავას დახმარების მსურველთ შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონებზე:

ჯეოსელი 700 566, მაგთი 200 366.

საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, 220 101 502. მიმღების ანგარიშის ნომერი 149043301. მიმღების დასახელება: "სიღარების დაძლევის ფონდი ქველმოქმედთა სახლი - მომავლის გზა"