"არქიტექტურული ძეგლებით ისტორიული სინამდვილის გადამოწმება შეიძლება" - კვირის პალიტრა

"არქიტექტურული ძეგლებით ისტორიული სინამდვილის გადამოწმება შეიძლება"

"შუშის ხიდი კოაბიტაციის წყალობით დღემდე დგას. "გულივერის ბოტების" მშენებლობა კი შეჩერებულია"

როგორ გავზარდოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია?!

"არ შეიძლება ასეთი საკითხების ხუშტურებით გადაწყვეტა!"

"ისტორიული სინამდვილე არქიტექტურულ ძეგლებში იფილტრება, ამით ვიგებთ, რა არის ყალბი და რა მართალი", - აცხადებს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. რატომ არ აიღეს შუშის ხიდი? რისთვის გააჩერეს "გულივერის ბოტების" მშენებლობა, გამართლებულია თუ არა შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვება? - ამ თემებზე გიგა ბათიაშვილს ვესაუბრეთ:

- ჩვენ ევროპული კულტურის მშენებლობის თანამონაწილენი ვართ. არსებობს ხმელთაშუაზღვისპირული კულტურა, რომელიც ევროპული ცივილიზაციის, კულტურის საფუძველია, სხვა ყველაფერი ეპოქების ზედნაშენია. ქართველები ამ ევროპული კულტურის მშენებლობის თანამონაწილეები ჯერ კიდევ XII საუკუნეში, რუსთაველის იდეოლოგიით გავხდით, რომლის უმთავრესი ასპექტია ჰუმანიზმი. გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას და ხმელთაშუაზღვისპირა არეალში სხვა ქვეყნების კულტურული ღირებულებებიც განვიხილოთ. რუსთაველის იდეოლოგიამ თითქმის ორი საუკუნით გაუსწრო იტალიურ რენესანსს. "კვატროჩენტო" იტალიაში XIV საუკუნეში დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში რენესანსული ხედვით გავრცელდა და გაგრძელდა ისეთი სახელმწიფოების მშენებლობები, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია.…

ეს რენესანსი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოდან სწორედ რუსთაველის ამღერებული იდეოლოგიით აღმოცენდა, რომლის პარალელურად ჩვენი სახელმწიფო განვითარდა - ეს კარგად ჩანს არქიტექტურაშიც. ისტორიკოსებმა რაც უნდა დაწერონ, ყველაფერი მაინც არქიტექტურული შედეგებით იფილტრება, კარგად ჩანს, რა არის ყალბი და რა - მართალი. არქიტექტურული ძეგლებით ისტორიული სინამდვილის გადამოწმება შეიძლება. შეხედავ ბაგრატის ტაძარს, ხახულს, სიონს, სვეტიცხოველს, ანჩისხატს და მიხვდები, რა ეპოქებიც გამოვიარეთ. თუმცა, როცა ჩვენთან მონღოლები გაბატონდნენ, საქართველოში დაკონსერვდა ეროვნული ღირებულებები. მაშინ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ ფესვის ხარჯზე გადარჩა, რომელიც რუსთაველის ეპოქამდეც იყო. მონღოლები გაბატონდნენ რუსეთშიც, დუნაიმდე, ფინეთამდე მივიდნენ. მაშინ რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი მხოლოდ ფორმალურადღა არსებობდნენ. ჩვენ კი ეროვნული და ამავე დროს ევროპული ღირებულებები მაინც შევინარჩუნეთ. ეს გენეტიკისა და ნიჭიერების შედეგია. მაგალითად, XIX საუკუნის საქართველოში აღარ დასჭირდათ მათრახის ქვეშ კოსტიუმის ან ფრაკის ჩაცმა...

პეტრე I-მა კი რუსეთში ძალით გაკრიჭა მამაკაცები, ბოიარებს და ბოიარინებს დაბანა აიძულა... ფილმში "ქეთო და კოტე" ძალიან კარგად არის ილუსტრირებული ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ორი კაცი დგას: ერთს სმოკინგი აცვია, მეორეს - ჩოხა, ჩოხაჩაცმულ კაცს ბაფთა უკეთია, სმოკინგიანი კი ჯიხვის ყანწით ღვინოს სვამს; თბილისური ჰანგები ვერდისეულად არის აჟღერებული, მუხამბაზიც კლასიკის დონეზე ისმის. "სალამი მასპინძლებს" მრავალხმიანად ჟღერდება. ნახეთ, რა დიდებული სიმბიოზია! ის ჩვენს ღირებულებებს წარმოაჩენს და იმას, თუ რანი ვართ. ამიტომაც ვერ მოვწყდებით ევროპულ არჩევანს. მეტიც, დღეს ევროპასაც და რუსეთსაც ჩვენ ძალიან ვჭირდებით და უნდათ, იქითაც ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ჩვენც გვჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთს თავისი საზღვრების გაფართოების სურვილი მუდმივად აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შევეწინააღმდეგოთ. გამოსავალი ქვეყნის ჯანსაღ მართვასა და ეროვნული ღირებულებებით ყველა სიტუაციის შეფასებაშია.

- ევროპულ ღირებულებებზე საუბრობთ, ამავე დროს თქვენთვის მიუღებელია შუშის ხიდი და გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორის, ფუქსასის შემოქმედება. ეს როგორ ავხსნათ?

- მე თავხედობა გამოვიჩინე და პრესაში დავწერე, აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და თუ ცოცხალი ვიქნები, შუშის ხიდს ნამდვილად ავაღებინებ-მეთქი. ის შეურაცხმყოფელია ჩემი ისტორიული ღირებულებებისა, მან ძველი თბილისის პანორამა დაჩაგრა, მისი მხატვრულობა და მასშტაბი დააზარალა. ასევე, უადგილოდ მივიჩნიე ამ ხიდის მახლობლად ფუქსასის შემოქმდება (საკონცერტო და საგამოფენო დარბაზი), რომელსაც '"გულივერის ბოტები" შევარქვი. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა სადღაც გაქრა, თურმე იტალიაში იყო და ფუქსასს შესჩივლა, საქართველოში სიბნელეა, თქვენი შემოქმედების არაფერი გაეგებათ, იქნებ ჩამობრძანდეთ და ქართველ არქიტექტორებს აუხსნათ თანამედროვე ხელოვნების ფასეულობებიო. საპასუხოდ ფუქსასს გაზეთების მეშვეობით შევუთვალე (ვიცი, რომ საელჩოებმა გადასცეს ეს ინფორმაცია): "რანაირი დაკვეთაც უნდა მოგცენ, რამდენად სარფიანიც უნდა იყოს, მისცემდით თქვენს თავს რომში, კოლიზეუმთან, ვენეციაში ან ფლორენციაში ასეთი შენობის დადგმის უფლებას? დარწმუნებული ვარ, არ მისცემდით! და რატომ გგონიათ, რომ რაც იქ არ შეიძლება, ჩვენთან დასაშვებია?!" - ამის შემდეგ ფუქსასი საქართველოში არ ჩამოვიდა, ან თუ ჩამოვიდა, არ გამოჩნდა და ჭკუის დარიგება არ დაგვიწყო. მესიამოვნა, როცა ივანიშვილმა ბრძანა, შუშის ხიდს ავიღებთო. მართალია, არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ხიდი კოაბიტაციის წყალობით დღემდე დგას. "გულივერის ბოტების" მშენებლობა კი შეჩერებულია.

- რკინიგზის პროექტის დაკონსერვება გამართლებულად მიგაჩნიათ?

- შემოვლით რკინიგზას ალტერნატივა არ გააჩნია. მან თბილისს უნდა შემოუაროს, მაგრამ როგორ? თავის დროზე, უკრაინის საპროექტო ორგანიზაციამ სამი ალტერნატიული მიმართულება დააპროექტა, საქართველოს მთავრობამ კი ყველაზე უარესი აირჩია. ამ პროექტით ცენტრალური სვლაგეზი ხლეჩს ქალაქის განვითარებისთვის პერსპექტიულ ფერდობს (გლდანი-საჯეირნოს ტერიტორიას), სადაც საქმიანი ქალაქი-სითი უნდა აშენებულიყო, ასევე ქმნის თბილისის ზღვის ეკოლოგიური დაბინძურების საშიშროებას. ჯერ კიდევ 70-იან წლებში თბილისის ზღვის გარშემო საავტომობილო შემოვლითი გზის გაკეთებისას სწორ გეზს ჩაეყარა საფუძველი. ჩაფიქრებული იყო, რომ ეს დერეფანი მომავალში რკინიგზის გასატარებლადაც გამოდგებოდა. დერეფანი კი ასეთია: მთელი ფერდი დახრილია თბილისის ზღვის საპირისპირო მხარეს, რაც ბუნებრივ არხს წარმოადგენს და სოფლის მეურნეობისთვის უვარგის მიწებზე გადის. ამრიგად, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეც (ვთქვათ, ნავთობის ჩაღვრა თბილისის ზღვაში) გამორიცხულია... ასე რომ, პროექტის დროებითი დაკონსერვება ჩემთვის მისაღებია, არ შეიძლება ასეთი საკითხების ხუშტურებით გადაწყვეტა. ყველაფერს პროფესიონალურად გააზრება სჭირდება.

- რას ფიქრობთ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომლის პერსპექტიულობაზე უკვე პრემიერი ივანიშვილიც ლაპარაკობს?

- როგორც ვიცი, მან თქვა, რომ ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც სიმძლავრით რამდენჯერმე დიდია და ამავე დროს, ჭაობის ამოშრობა არ გვირჩიესო. სწორედ ამას გავიძახოდი იმ დღიდან, რაც სააკაშვილმა ლაზიკის მშენებლობაზე საუბარი დაიწყო. თავის დროზე სტალინსა და ბერიას ჰქონდათ კოლხეთში ჭაობების ამოშრობის აკვიატებული იდეა. მოგვიანებით ასეთი შეხედულებები შეიცვალა, რადგან ჭაობები ჟანგბადის გამომუშავების გამო მსოფლიო საკუთრებად ჩაითვალა. ანაკლიის პორტი იმით არის მომგებიანი, რომ ბუნებრივად ზღვაში ჩაღრმავებულ ადგილზე აშენდება, ე.ი. ფორვატერის შექმნა (ფსკერის გაღრმავება) თითქმის არ იქნება საჭირო. ამ ადგილზე პორტის გაკეთება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ლაზიკის ზონაში. როგორც იცით, ფოთის პორტს განვითარების შანსი არა აქვს და სატრანზიტო ფუნქციის გასაზრდელად დამატებითი პორტების მშენებლობა აუცილებელია. ჩემს წიგნში აღვწერე, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.

მოგეხსენებათ, შავ ზღვაზე სულ რაღაც 100 კმ-იანი ზოლი გვაქვს. ბედის უკუღმართობით დავკარგეთ ზღვის აკვატორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ერთი მხრივ, ტრაპიზონის, მეორე მხრივ კი, სოჭის მიმართულებით. ის ასკილომეტრიანი მონაკვეთი კი, რომელიც შავ ზღვაზე შემოგვრჩა, უძვირფასესი ტერიტორიაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად ფოთის ნავსადგური არ კმარა, თუ არ გავაფართოეთ და არ გავაძლიერეთ, მაშინ ვერ გავყვებით იმ გზას, იმ ნაკადს, რომელმაც ევროკავშირის მოთხოვნათა დონეზე უნდა გაგვიყვანოს. ფოთი არის ქვეყნის სასიცოცხლოდ აუცილებელი კარიბჭე, რომლითაც ვუკავშირდებით გარე სამყაროს, მაგრამ მისი მნიშვნელობა საქართველოს საზღვრებს სცილდება, იგი რეგიონის - შუა აზიით დაწყებული ჩვენი მეზობლებით დამთავრებული - სასიცოცხლო არტერიაა.

საერთოდ, პორტმა ნორმალურად რომ იმუშაოს, ჯამურად 80 კილომეტრი პირსი, ხმელეთი არ ეყოფა იმ ტვირთბრუნვისთვის, რაც პერსპექტივაშია მოსალოდნელი. ამიტომ პორტების პერსპექტივა არის კონტინენტში სავარცხლისებურად შესვლა, ე.ი. მდინარეთა კალაპოტების გამოყენება, რათა, ხაზს ვუსვამ, ნაკლებად დავიკავოთ ზღვის სანაპირო ტერიტორია. მოგეხსენებათ, ქალაქი სამტრედია მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია. თუ მოვახერხებთ და რიონის მეშვეობით სამტრედიამდე შევქმნით საზღვაო გემებისთვის აუცილებელ ფორვატერს (მანძილი 70-75 კილომეტრია), მაშინ შევძლებთ ტვირთების ბარჟებით გადმოტანას და რკინიგზით საჭირო მიმართულებით გაგზავნას. ამრიგად, სამტრედია სატვირთო პორტიც გახდება. თანაც გავითვალისწინოთ, რომ მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს საკმაოდ გრძელი მონაკვეთი (ფოთის მიმდებარედ) დაუსახლებელია. ასეთი პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოში. ამგვარად, პორტების განვითარებით ეკოლოგიურად არ მოვსპობთ ზღვის მნიშვნელოვან მონაკვეთს და მას კულტურულ-დასასვენებელ ზონად გამოვიყენებთ.