რა მოხდა ჯიხვაძეების ოჯახში ჩვენი წერილის შემდეგ (თემის გაგრძელება)
14-10-2013
რა მოხდა ჯიხვაძეების ოჯახში ჩვენი წერილის შემდეგ (თემის გაგრძელება)
მკითხველს უთუოდ ეხსომება ჯიხვაძეები ("კვირის პალიტრა" N#40). მათი დავიწყება შეუძლებელია, - ავი სიზმარივით შემომრჩა ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვაბის ნანგრევებში მოთამაშე 6 წლის თავგადახოტრილი და მშიერი ნინო და ნახევრად შიშველი 5 წლის ნიკა - უშვერი სიტყვებითა და ქვებით რომ დასდევდნენ იქ თავმოყრილ ბიჭებს. მერე კი ბნელი და ბინძური "სახლისკენ" წამიძღვნენ. იქ  ჟანგიანი თუნუქით შეკოწიწებულ ხუხულაში მათი დედა, ნატო ბასილაშვილი და ჩვილი ძმა დამხვდნენ.

სიგამხდრისაგან ლამის ჩონჩხად ქცეულმა ქალმა ჩვილს ხელი
დაავლო და ატალახებულ "ეზოში" გამოიყვანა, დამპალ კუნძზე ჩამოჯდა და თავისი თავგადასავალი მიამბო: - მამამ მიმატოვა, დედამ ინტერნატში გამამწესა, ბოლოს სამი დღის გაცნობილ ავადმყოფს გავყევი ცოლად. მასაც არეული ოჯახი ჰქონდა სოფელში, ამიტომ აქ დავსახლდით; ახლა ქმარმაც მიმატოვა. სოცმუშაკები მეუბნებიან, ბავშვები ინტერნატში უნდა ჩააბაროო, მაგრამ ამას ცოცხალი
თავით არ ვიზამ, ვიცი, იქ რა ხდებაო! ბოლოს ისიც დაამატა, - ჭლექიანი ვარ, მაგრამ კავერნა დამეხურა და შვილებისთვის საშიში აღარ ვარო. ვკითხე, - თუ აცნობიერებ, რომ შენი შვილები ამ ნანგრევებში ან გაგიჟდებიან, ან შიმშილით დაიხოცებიან-მეთქი, მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ამ დროს სოციალური მუშაკიც შემეცოდა, - როგორ უნდა მოიქცეს, როცა დედას შვილებთან განშორება არ უნდა, მაგრამ რეალურად  ამ ბავშვებს დაღუპვა ელით-მეთქი. აი, ასე სასოწარკვეთილმა დავწერე ჯიხვაძეების შესახებ, - არ ვიცოდი, ამას რა მოჰყვებოდა, მართალია მრავალჯერ ვყოფილვარ ჩვენი მკითხველის სიკეთის სასწაულის მოწმე, მაგრამ ისიც მრავალჯერ მითქვამს, როდემდე შეიძლება ხალხმა თავისი შვილების პურის ფული სხვებს გაუნაწილოს-მეთქი! თუმცა მრავალჯერ იმაშიც დავრწმუნდი, რომ უფლის მადლი ადამიანურ ლოგიკას არ ემორჩილება - სიკეთემ ამჯერადაც სასწაული ქნა...

რედაქციაში ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. კითხვას აღარ ველოდებოდი, პირდაპირ  ვიწყებდი, - თქვენ ალბათ ჯიხვაძეები გაინტერესებთ, ასე და ასე უნდა მიაგნოთ-მეთქი. ზღაპარივით არის, არა? სიკეთეც ზღაპარია - ხალხი აგროვებდა ყველაფერს, რაც ამ ბავშვებს გადაარჩენდა, - ფულს, პროდუქტს, თბილ ტანსაცმელს, ნივთებს, ფაფებს და სათამაშოებს, რომელიც ბავშვებს არასოდეს ჰქონიათ. როცა პატარების დედას ვკითხე, ამ 2-მეტრიან ხუხულაში ამდენ რამეს როგორ ატევ-მეთქი, მიპასუხა, - "ეზოში" ვალაგებ და ცელოფანს ვაფარებო... 

ეს ყველაფერი თავადაც ვნახე, როცა საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს მადლმა" დამირეკა - წაგვყევით, ბავშვებისთვის რაღაცების ყიდვას ვაპირებთ და თქვენ უკეთ იცით, რა უფრო სჭირდებათო. დავთანხმდი და არც მინანია. ადამიანი ისეთი ბედნიერი ყოველთვის ვერ იქნება, როგორიც მე იმ დღეს ვიყავი, - სოლიდური ასაკის ადამიანებთან შეხვედრას მოველოდი და ლამის თინეიჯერები შემრჩნენ ხელში. სულ პირჯვარი ვიწერე, - რადგან თქვენნაირი თაობა მოდის, ჩვენს ქვეყანას მომავალი ექნება-მეთქი... ხოლო მაშინ, როცა პატარა ჯიხვაძეები პროდუქტის წასაღებად ნანგრევებიდან გამოცვივდნენ და სტუმრებს დაუწყეს კოცნა, სულ ცრემლად დავიღვარე. მთავარი კი წინ დამხვდა: როცა ბავშვების დედას ვკითხე, როგორ არის საქმე, ჩვენი წერილის შემდეგ პირადად შენს ანგარიშზე (საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000307741900 მიმღები: ბასილაშვილი ნატალია), იმდენი თანხა თუ მაინც აღმოჩნდა, რომ ზამთარი გადაიტანო-მეთქი, ისეთი რიცხვი დამისახელა,  მან ტირილი დაიწყო, მე კი ჟრუანტელმა დამიარა - ეს 20 000 ლარია! მართალია, ნატო ბასილაშვილი ამ ფულით სასახლეს ვერ იყიდის, მაგრამ ისეთი საცხოვრებლის შეძენა მაინც შეუძლია, რომელშიც სიცივით არ დაიხოცებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედას შვილები არ დაშორდებიან, - ჩვენი წერილის შემდეგ ამ ამბავს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები დამპალი "ჟეშტების" ხუხულაში დარჩნენ, შეიძლება გამოსაზამთრებლად ბავშვთა სახლში გადაიყვანონ. ამიტომაც ვთხოვთ მათ, ვისაც ამ თანხის შესაბამისი ფართი გეგულებათ (განსაკუთრებით ვაშლიჯვარში, - რადგან აქ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათთვის უკეთესი კვლავ ამავე დასახლებაში ცხოვრება იქნება), შეგვატყობინონ. გამომშვიდობებისას ნატომ დამაბარა, - მე ვერ გამოვხატავ, მაგრამ გთხოვთ, თქვენ დაწეროთ
- ვინც გადამარჩინა, დაჩოქილი ვუხდი მადლობასო.

მეც მასთან ერთად უმდაბლეს მადლობას მოგახსენებ ყველას ამ ტკივილისა და განცდის გაზიარებისთვის...

გთავაზობთ იმ კომენტარებიდან ზოგიერთს, რაც ამ მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა:

...ღმერთო, შენ უშველე... ხალხო, თუ არის საშუალება, გაიხსნას ანგარიში, იქნებ ყველამ გავიღოთ ცოტაოდენი თანხა და სამღვდელოებამ მიხედოს ამათ.

...გუშინ ვიყავი იქ. საცოდაობაა, რაც იქ ვნახე. დავეხმაროთ ჯიხვაძეების ჩვილს, რისი საშუალებაც გვაქვს. პატარას საჭმელი და პამპერსი სჭირდება...

...იქნებ რამდენიმე ადამიანმა შევკრიბოთ თანხა ყოველთვე და ვუქირავოთ ბინა ამ ხალხს. მგონი, საკვებსა და ტანსაცმელზე მეტად ეს პრობლემა აწუხებთ; გარეუბანში სუფთა, პატარა ბინის დაქირვება ძალიან ძვირი არ უნდა დაჯდეს...

...დედასთან ყოფნა არ არის პრიორიტეტი ამ ბავშვებისთვის, ელემენტარული გარემო სჭირდებათ. თუ არსებობს კარგი ბავშვთა სახლი, უნდა ჩაიბაროს პატარები და დედასაც მისცენ იქ ყოფნის, მუშაობის საშუალება. მაგრამ უპირველესად, სამკურნალოა, უნდა გაერიდოს დროებით შვილებს...

...ცრემლები ღვარად წამომივიდა, რა საშინელებაა, შევძრათ მთელი საქართველო, ვისაც რისი საშუალება აქვს, დავეხმაროთ.

რუსო
10 ნოემბერი 2013 19:24
ამდენი ტყუილის დაწერა და სხვისი გაკეთებული საქმის მითვისება არ შეიძლება რა.

მარი ნაკანმა გააკეთა ყველაფერი და ეს ქალი კიდე ქულებს იწერს გაურკვეველია ვის თვალში.

დაეწერა, რომ ასეთ რამ მოხდა და მარი ნაკანმა, მისმა ქმარმა და მათმა მეგობრებმა ნატოს დახმარება გადაწყვიტეს და ამდენ რამე მიაღწიეს. ბინის ასაშენებლი თანხა კი მათმა პოლონელმა მეგობრმა გაიღო.

აგერ მარი ნაკანის გამოქვეყნებული ინფორმაცია 28 აგვისტოს! https://www.facebook.com/photo.php?fbid=10151801576742768&set=a.219406572767.135149.840242767&type=3&theater

"კვირის პალიტრა" N40 კი 30 სექტემბერს გამოვიდა, საიტზე 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. http://www.kvirispalitra.ge/public/18810-kachigariashi-mckhovreb-sam-mciretslovans-gagizheba-mere-ki-shimshilith-sikvdili-emuqreba-eqskluzivi.html?add=1

სინდისიც კარგი საქონელია რა !
ინგა
01 ნოემბერი 2013 16:54
იოანე,შეიხედეთ ნატოს დახმარების ჯგუფში და შეამოწმე ინფორმაცია,კოტეჯი თითქმის აწყობილია უკვე ,ალბათ ორიოდე დღეში დამთავრდება კიდევაც,.ვინც საქმეს აკეთებს ,ის ჩუმადაა და თქვენ რამდენს ლაპარაკობთ,ვერ გავიგე?რამეში ამოდგომიხართ ნატოს,თუ რაშია საქმე?ესაა ნატოს ჯგუფის ლინკი და გაეცანით თავადვე:

https://www.facebook.com/groups/721502394542573/758653984160747/?comment_id=759014987457980¬if_t=like
იოანე
24 ოქტომბერი 2013 08:38
მადლობა ეთერ ერაძეს!
ხოლო, ქეთა შენი არ მჯერა! ქეთა გამოაქვეყნე საკრებულოს მიერ მიწის დაკანონების დოკუმენტი.

რედაქტორის რჩევით