ანტონ ჩეხოვი - მოთხრობის უბადლო ოსტატი - კვირის პალიტრა

ანტონ ჩეხოვი - მოთხრობის უბადლო ოსტატი

ჩეხოვი თავისი მოთხრობებით გვეუბნება, რომ ჩვენს ბედს ჩვენვე განვსაზღვრავთ, პირადად ვაგებთ პასუხს იმაზე, რასაც ვირჩევთ ცხოვრებაში

მსოფლიო კლასიკოსი ანტონ ჩეხოვი მოთხრობის უბადლო ოსტატია. მწერალი აკვირდება რეალობას, წარმოაჩენს მისი თანამედროვე საზოგადოების უბადრუკობას, ილაშქრებს მეშჩანობის, ფუქსავატობის, უსულგულობის წინააღმდეგ, მოუწოდებს ადამიანს, გააკეთოს სულიერი და ზნეობრივი არჩევანი და ასე იქცეს პიროვნებად. ჩეხოვის მოთხრობების კითხვისას თვალწინ იშლება ადამიანის ბედი - ხშირად დრამატული, ტრაგიკულიც კი. მაგრამ, რაც მთავარია, მწერალი თავისი მოთხრობებით გვეუბნება, რომ ჩვენს ბედს ჩვენვე განვსაზღვრავთ, პირადად ვაგებთ პასუხს იმაზე, რასაც ვირჩევთ ცხოვრებაში - სწორედ ეს არჩევანი ხდება შემდგომ ჩვენი მომავლის საფუძველი.

მისი პიესები სიყმაწვილეში მომწონდა და თან მაღიზიანებდა... საზოგადოდ, ითვლება, რომ პიესების კითხვა უფრო რთულია, ვიდრე პროზაული ნაწარმოებებისა. ვინც ამას ამტკიცებს, მას არც კითხვა უყვარს და არც თეატრი... ერთიც მიყვარდა და მეორეც. მას მერე არაერთხელ მიფიქრია, რა იყო ჩემი ასეთი "რთული" დამოკიდებულების მიზეზი. ახლაღა ვხვდები - ეტყობა, ჩეხოვის გმირებთან არაცნობიერად ვაიგივებდი თავს და მაღიზიანებდა მათი უმოქმედობა, უნიათობა, უუნარობა, რაიმე შეეცვალათ ცხოვრებაში... ჩემი სიყმაწვილე ე. წ. "უძრაობის" პერიოდს დაემთხვა, უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ დიდ ტყუილში, დიდ "ჭაობში" მიწევდა ცხოვრება–და ვერაფერს ვცვლიდი, ჩეხოვის გმირებისა არ იყოს... ამიტომაც ვიყავი "შინაგან ემიგრაციაში" და ამიტომაც იყო ჩემთვის ესოდენ მტკივნეული ჩეხოვის პიესების კითხვა...

კრებულში შეტანილი ნაწარმოებებიდან "ივანოვი" ჩეხოვის პირველი პიესაა, რომელიც სცენაზე დაიდგა. მთავარი გმირი, ივანოვი განათლებული, უნივერსიტეტდამთავრებული აზნაურია, 35 წლისას ყველაფერი მოყირჭდა. იწყებს მიზეზის ძიებას. ვერაფერს პოულობს, არადა, სინდისი ქენჯნის, ოღონდ რატომ, ვერ ხვდება. ცოლად ჰყავს ებრაელი ქალი, რომელმაც მისი სიყვარულის გამო მიატოვა მამა, გამოიცვალა რჯულიც და სახელიც. ივანოვი გრძნობს, ცოლი აღარ უყვარს... არც ის ქალიშვილი უნდა, ვინც სიყვარულში გამოუტყდა... არავინ და არაფერი უნდა... "მე რუსი ჰამლეტი ვარ", - ამბობს და ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს.

"ალუბლის ბაღში" მოქმედება ვითარდება გაზაფხულზე, ლუბოვ რანევსკაიას მამულში. საფრანგეთიდან ქალიშვილთან ერთად დაბრუნებულ რანევსკაიას ვალების დასაფარად მამული, მშვენიერი ალუბლის ბაღითურთ, უნდა გაუყიდონ... ნაცნობი ვაჭარი სთავაზობს, ბაღი გაჩეხონ და ნაკვეთებად დანაწილებული მოაგარაკეებს იჯარით მისცენ. რანევსკაია უარზეა, მაგრამ არც ის იცის, რა გზას დაადგეს.

"თოლიაში" მოქმედება ხდება სორინის მამულში, სადაც მისი დისშვილი, კონსტანტინ ტრეპლევიც ცხოვრობს. აქ სტუმრად არიან მსახიობი ირინა არკადინა  და მისი საყვარელი, ბელეტრისტი ტრიგორინი... ტრეპლევი მათ აცნობს თავის პიესას, რომელშიც ერთადერთ როლს ნინა ზარეჩნაია, მდიდარი მემამულის ქალიშვილი თამაშობს. ტრეპლევს ნინა თავდავიწყებით უყვარს... მაყურებელი პიესას არ მიიღებს... ორი დღის შემდეგ ტრეპლევი ნინას მოკლულ თოლიას მიუტანს და ეტყვის, რომ მალე ასევე მოიკლავს თავს. ნინა გაღიზიანდება. ახლა მისი კერპი ტრიგორინია... პიესის გმირებს დრამატიზმით აღსავსე ურთიერთობა აქვთ, თოლია კი სიმბოლოა - ტრაგიკული სიმბოლო.

ახლა ჩეხოვის ბიოგრაფიაზეც ვთქვათ: ანტონ ჩეხოვი დაიბადა 1860 წელს, ტაგანროგში, ვაჭრის ოჯახში. 1864 წელს ანტონი გიმნაზიაში შეიყვანეს. მალე მამამისი გაკოტრდა. ოჯახი ფარულად გადავიდა მოსკოვში. ანტონი მარტო დარჩა, სწავლობდა და თავს რეპეტიტორობით ირჩენდა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და პროვინციაში გაემგზავრა სამუშაოდ. სამედიცინო პრაქტიკასთან ერთად წერდა და ჟურნალებში აქვეყნებდა იუმორისტულ მოთხრობებსა და ფელეტონებს. 1888 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ვრცელი მოთხრობა "სტეპი". 1890 წელს იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. მოსახლეობის აღწერაც კი ჩაატარა. მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცა წიგნში "კუნძული სახალინი", რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ტუბერკულოზის გამძაფრების გამო დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ მელიხოვოში. დაუახლოვდა გლეხებს, შეძლებისდაგვარად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქ ჩეხოვმა 42 ნაწარმოები შექმნა.

ჩეხოვის შემოქმედებაში მთავარი ადგილი დრამატურგიას უჭირავს (პირველი პიესა, "უმამობა", 18 წლისამ დაწერა). სხვათა შორის, მისი დრამატურგიის სიახლე მაყურებელმა თავიდან ვერ გაიგო. ტრაფარეტულად მოაზროვნე კრიტიკოსები საყვედურობდნენ, რომ მის პიესებში მოქმედება არ ვითარდება დრამატურგიის წესებისამებრ, რომ მისი დიალოგი წყვეტილია, კომპოზიცია - დაქსაქსული, ფაბულა - სუსტი. დიდმა რეჟისორებმა, სტანისლავსკიმ და ნემიროვიჩ-დანჩენკომ, დაინახეს ჩეხოვის პიესების დრამატურგიული მოქმედების არსებითი პრინციპი - ე.წ. "წყალქვეშა დინება", რომ ყოფითი სცენების, დიალოგებისა და დეტალების მიღმა იმალება შინაგანი ლირიკულ-ინტიმური ნაკადი... ჩეხოვი სცენაზე დეტალურად წარმოსახავს რეალური ცხოვრების ატმოსფეროს, მის პიესებში წინ წამოწეულია ყოველდღიური, ყოფითი სიტუაციები, რომელთა სიღრმეში, ისევე, როგორც მარგალიტი ნიჟარაში, იმალება მთავარი: სულიერი ტკივილი, პერსონაჟების გრძნობები, განცდები, ურთიერთობანი...

1901 წელს ჩეხოვმა ცოლად შეირთო მოსკოვის სამხატვრო თეატრის წამყვანი მსახიობი ოლგა კნიპერი,  რომელიც 1898 წელს გაიცნო "თოლიას" რეპეტიციებზე. მათ შორის დაიწყო მიმოწერა, რომელიც ჩეხოვის სიკვდილამდე არ შეწყვეტილა.

სიცოცხლის ბოლო წლები ჩეხოვმა იალტაში გაატარა ტუბერკულოზის გართულების გამო. გარდაიცვალა 1904 წელს ბადენვაილერში (გერმანია). ჩამოასვენეს და  ნოვოდევიჩის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ირაკლი ლომოური